გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2018
საქმის ნომერი
200310018002244173
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2003100180022441

N3/3-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11იანვარი, 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე- თა------------ე

სხდომის მდივანი- ფი------------ე

 

მოსარჩელე- ირ---–------–---–---–ი (პ/ნ1---------- ) ;

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--

 

წარმომადგენელი - ვლ-----------------–---–ი

 

დაინტერესებული პირი (მსხვერპლი) -- ნი--------–---–---–ი (პ/ნ2---------)

 

წარმომადგენელი - ზუ----------–---–ი

 

დავის საგანი - 2018 წლის 01 იანვარს გამოცემული N000159 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2018 წლის 01 იანვარს გამოცემული N 000159 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

სარჩელის თანახმად, 2018 წლის 01 იანვარს ირ---–------–---–---–ი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან-ნი--------–---–---–თან ერთად. სახლთან მისულს ეზოს ჭიშკარი და სახლის კარი დაკეტილი დახვდა, რამაც გააღიზიანა. მან ჯერ მაღალი ხმით დაიძახა, შემდეგ დაიყვირა, რომ კარი გაეღოთ. მისმა ცოლ-შვილმა უპასუხეს, რომ არ შეუშვებდნენ სახლში. მან გაბრაზებულმა ეზოს კარს ფეხი მიარტყა და ეძახდა, რომ პოლიციას გამოიძახებდა, თუ არ შეუშვებდნენ. მაგრამ მათ თვითონ გამოიძახეს პატრული და მათი განმარტებების მიხედვით შეუდგინეს შემაკავებელი ორდერი. მოსარჩელის მხრიდან არანაირი ფსიქოლოგიური ძალადობა არ განხორციელებულა, ამას ვერავინ ვერ დაადასტურებს. საპატრულო პოლიციამ ისე გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რომ არა მიუთითა თუ რაში გამოიხატა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ირ---–------–---–---–მა განმარტა: რომ ცხოვრობს ქ. თე-–--–ი, ტ------ ქ. N 1ა-ში, მეუღლესთან და სრულწლოვან ქალიშვილთან- ნი--------–---–---–თან ერთად. მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული იქნა მისი ქალიშვილის ნი--------–---–---–ის სახელზე, ასევე, ვინაიდან მის ქალიშვილს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ძმასთან, და ნი--------–---–---–ი მას, როგორც მამას არ ეკითხებოდა არაფერს, იქცეოდა მისი შეხედულებისამებრ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და კონფლიქტური გახდა. მართალია, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მის შვილს ნი--------–---–---–ს, თუმცა, ეს გამოწვეული იმით, რომ ამის პროვოცირებას თავად ნი--------–---–---–ი ახდენს. 2018 წლის 01 იანვარს ნასვამი მივიდა სახლში და სახლის და ეზოს კარი დახვდა დაკეტილი. მას კარი არ გაუღეს, რის გამოც თავი ვერ შეიკავა და აგინა ნი--------–---–---–ს. ნი--------–---–---–მა გამოიძახა პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც მას შეუდგინეს შემაკავებელი ორდერი.

 

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ირ---–------–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნას, განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, რადგან 2018 წლის 01 იანვარს მართლაც ჰქონდა ადგილი კონფლიქტს და შემაკავებელი ორდერი არის კანონის შესაბამისად გამოცემული.

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია;

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირი(მსხვერპლი) ნი--------–---–---–ი და მისი წარმომადგენელი ზუ----------–---–ი არ დაეთანხმნენ ირ---–------–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნეს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია სწორად, არსებული კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვისათვის და მოითხოვეს მისი ძალაში დატოვება.

 

სასამართლო სხდომაზე ნი--------–---–---–მა განმარტა, რომ მამამისს- ირ---–------–---–---–ს და მას შორის დიდი ხანია არის დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია. კონფლიქტი გამოწვეულია იმით რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახის წევრები ცხოვრობენ, დედამისმა აჩუქა მას. მამამისი ხშირად მიმართავს მის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიხატება ლანძღვა-გინებაში, შეურაცხმყოფელ სიტყვებში, რაც ამცირებს მის იმიჯსა და რეპუტაციას. ამას აქვს მასიური ხასიათი. აღნიშნულს არაერთხელ შესწრებიან მისი არასრულწლოვანი- შვიდი და რვა წლის ქალიშვილებიც. 2017 წლის დეკემბრის თვეშიც მოხდა მათ შორის კონფლიქტი და შეტყობინების საფუძველზე იყო გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 2018 წლის 01 იანვარს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–------–---–---–მა მას კვლავ დაუწყო ლანძღვა-გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, დაიძაბა სიტუაცია და ამის გამო საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--- პატრულ ინსპექტორის გი----------–-----–----ის 2018 წლის 01 იანვრის შეტყობინებით, 2018 წლის 01 იანვარს 18 საათსა და 00 წუთზე რადიოსადგური ,,ალაზანი"-ს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თე-–--–ი, გ. ტ------ ქ. N1ა-ში, ნი--------–---–---–ს ჰქონდა კონფლიქტი მამასთან - ირ---–------–---–---–თან

 

საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--- პატრულ ინსპექტორის გი----------–-----–----ის 2018 წლის 01 იანვრის ოქმის თანახმად, 2018 წლის 01 იანვარს 18:00 საათზე გამოცხადდა ქ. თე-–--–ი, გ. ტ------ ქ. N1ა-ში, დამხამრება ითხოვა ნი--------–---–---–მა . მისი გადმოცემით მამასთან- ირ---–------–---–---–თან ჰქონდა კონფლიქტი, ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში იგინებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ძალადობდა ფსიქოლოგიურად. ნი--------–---–---–ი მოითხოვდა გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი.

 

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--- მიერ 2018 წლის 01 იანვარს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი N000159, სადაც მიეთითა: ძალადობის სახე: ფსიქოლოგიური ძალადობა- ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, მოძალადის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ წნეხს. მსხვერპლის აღქმა: მსხვერპლი ითხოვს კანონით გათვალისწინებულ დაცვას; მსხვერპლი ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას;

 

საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--- პატრულ ინსპექტორის ვა------–-–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვარს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N000159 ირ---–------–---–---–ის მიმართ, მსხვერპლი -ნი--------–---–---–ი. ძალადობის ფორმა- ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: 1. მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2, მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდება.. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ ქ. თე-–--–ი, ტ------ ქ.N1ა-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით 2017 წლის 15 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ნი--------–---–---–ის სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი ნი--------–---–---–ის წერილობითი ახსნა -განმარტების თანახმად, დადგენილია, რომ მას აქვს კონფლიქტი მამასთან-ირ---–------–---–---–თან, რომელიც მას აყენებს სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, მის მიმართ ყოველთვის არის აგრესიული და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს გამოიწვიოს. ნი--------–---–---–მა საპატრულო პოლიციის მხრიდან მოითხოვა შესაბამისი ზომების გატარება იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისივე ჯანმრთელობა და სიმშვიდე, ვინაიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე აღნიშნული მდგომარეობა არის აუტანელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 01 იანვრის შეტყობინება. (ს.ფ.58)

 

- 2018 წლის 01 იანვარს პატრულ-ინსექტორ გი----------–-----–----ის მიერ შედგენილი ოქმი (ს.ფ.57).

 

- 2018 წლის 01 იანვარს შედგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმი ნ000159 (ს.ფ.54, 55)

 

-2018 წლის 01 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N000159. (ს.ფ. 14, ს.ფ. 53)

 

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15, 16)

 

- ნი--------–---–---–ის წერილობითი ახსნა-განმარტება ( ს. ფ. 56)

 

3.2. სასამართლო სხდომაზე ირ---–------–---–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. თე-–--–ი, ტ------ ქ. N 1ა-ში, მეუღლესთან და სრულწლოვან ქალიშვილთან- ნი--------–---–---–თან ერთად. მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული იქნა მისი ქალიშვილის ნი--------–---–---–ის სახელზე, ასევე, ვინაიდან მის ქალიშვილს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ძმასთან, და ნი--------–---–---–ი მას, როგორც მამას არ ეკითხებოდა არაფერს, იქცეოდა მისი შეხედულებისამებრ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და კონფლიქტური გახდა. მართალია, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მის შვილს ნი--------–---–---–ს, თუმცა, ეს გამოწვეული იმით, რომ ამის პროვოცირებას თავად ნი--------–---–---–ი ახდენს. 2018 წლის 01 იანვარს ნასვამი მივიდა სახლში და სახლის და ეზოს კარი დახვდა დაკეტილი. მას კარი არ გაუღეს, რის გამოც თავი ვერ შეიკავა და აგინა ნი--------–---–---–ს. ნი--------–---–---–მა გამოიძახა პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც მას შეუდგინეს შემაკავებელი ორდერი. მოსარჩელემ დაადასტურა მასა და ნი--------–---–---–ს შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტი. ასევე, დაადასტურა მის მიერ მსხვერპლისათვის სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე ნი--------–---–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მამამისს- ირ---–------–---–---–ს და მას შორის დიდი ხანია არის დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია. კონფლიქტი გამოწვეულია იმით რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახის წევრები ცხოვრობენ, დედამისმა აჩუქა მას. მამამისი ხშირად მიმართავს მის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიხატება ლანძღვა-გინებაში, შეურაცხმყოფელ სიტყვებში, რაც ამცირებს მის იმიჯსა და რეპუტაციას. ამას აქვს მასიური ხასიათი. აღნიშნულს არაერთხელ შესწრებიან მისი არასრულწლოვანი- შვიდი და რვა წლის ქალიშვილებიც. 2017 წლის დეკემბრის თვეშიც მოხდა მათ შორის კონფლიქტი და შეტყობინების საფუძველზე იყო გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 2018 წლის 01 იანვარს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–------–---–---–მა მას კვლავ დაუწყო ლანძღვა-გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, დაიძაბა სიტუაცია და ამის გამო საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--- პატრულ ინსექტორმა გი----------–----–----მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 01 იანვარს ის და მისი მეწყვილე- პატრულ ინსექტორი ვა------–-–---–ი ნი--------–---–---–ის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მისმართზე, სადაც ადგილი ჰონდა კონფლიქტს ნი--------–---–---–სა და ირ---–------–---–---–ს შორის. მოწმემ განმარტა, რომ სიტუაციაში გარკვევისას ნი--------–---–---–მა მათ განუცხადა, რომ მამამისი ირ---–------–---–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ირ---–------–---–---–ს, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, არ უარყვია მისი შვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. თუმცა, როდესაც მან გაიგო, რომ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რადგან ეს კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ იყო, ირ---–------–---–---–მა დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მოწმემ დაადასტურა, რომ მისმა მეწყვილემ ვა------–-–---–მა გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მან ასევე დაადასტურა მისი და მისი მეწყვიელ- პატრულ-ინსპექტორ ვა------–-–---–-ს მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ირ---–------–---–---–ის ახსნა - განმარტება;(იხ.სხდომის ოქმი).

 

- ნი--------–---–---–ის ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

- მოწმე გი----------–-----–----ის ჩვენება( იხ. სხდომის ოქმი).

 

3.3. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებითა და ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--- თანამშრომლები ნი--------–---–---–ის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს ნი--------–---–---–ს, მის მამას- ირ---–------–---–---–ს და მის ძმას დი------------–---–---–ს შორის ქონებრივი დავიდან გამომდინარე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ თითოეული მათგანი იქნა გაფრთხილებული, რომ არ შესულიყვნენ ერთმანეთთან კონფლიქტში და ერთმანეთისათვის არ მიეყენებინათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 22 დეკემბრის შეტყობინება (ს.ფ.74).

 

-2017 წლის 22 დეკემბრის ოქმი (ს.ფ.75)

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, და წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ირ---–------–---–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილით ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე ნორმის 38 ნაწილის მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

ამ კანონის 12-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს:

 

ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლო განმარტავს: ზემოთმითითებული ნორმის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა ისეთ ქმედებებს მოიცავს, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.

 

სიტყვიერი შეურაცხყოფა განიმარტება როგორც პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა), რაც შეეხება პირის ზნეობრივ თუ გონებრივ თვისებებს, ფიზიკურ თავისებურებას თუ საქმიანობას, მნიშვნელობა არა აქვს, შეესაბამება თუ არა ნათქვამი სინამდვილეს.

 

ადამიანის ღირსება უკავშირდება ადამიანის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სულიერ იდენტობის პასტივისცემას, პიროვნების შეფასებას გარშემომყოფი ადამიანების მიერ და არა მის ობიექტურად არსებულ პირად თვისებებს ან თვითშეფასებას. პატივი კი- პირის რეპუტაცია, მორალური თვისებები და პრინციპებია, რომელიც საზოგადოების, ნებისმიერ ადამიანის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. პატივი ილახება იმით, რომ გარკვეული გარემოებების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია პირის იმიჯის შელახვა ან დისკრედიტირება, ხელმისაწვდომი, ცნობილი ხდება სხვა პირებისათვის. პატივი და ღირსება ხელშეუხებელი ღირებულებებია. ადამიანის ღირსება ილახება თუნდაც იმითაც, როცა დამცირებით ეპყრობიან პირს. დამცირება კი დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენაა პირისა. მაშასადამე, ფსიქოლოგიური ძალადობა უკავშირდება მსხვერპლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფასა და ისეთი ქმედებების განხორციელებას, რაც იწვევს პატივისა და ღირსების შელახვას და შესაბამისად, ემოციურ ტკივილს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მისი შვილის ნი--------–---–---–ის მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ ძალადობის განხორციელებას სიტყვიერი შეურცხყოფის, დამცირების მიყენების გზით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ირ---–------–---–---–ი შეურაცხმყოფელი, ბილწსიტყვაობით გამოხატული, რეპუტაციისა და იმიჯის შემლახველი სიტყვებით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 01 იანვარს მოსარჩელესა და მის ოჯახის წევრებს შორის, კერძოდ კი მსხვერპლს შორის კვლავ ჰქონდა ადგილი კონფლიქტს და მოსარჩელემ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გზით განახორციელა მსხვერპლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ, დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, მით უფრო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თავად მოსარჩელე ადასტურებს და არ უარყოფს კონფლიქტური სიტუაციის არსებობისა და მის მიერ მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს ირ---–------–---–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა, მათ შორის სარჩელის ავტორის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ირ---–------–---–---–სა და ნი--------–---–---–ს შორის არსებობს დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, და მოსარჩელის მხრიდან სიტყვიერ შეურცხყოფას, რაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის კანონით გათვალისწინებული საფუძველია, რამდენადაც შემაკავებელი ორდერის მიზანი სწორედ დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა და ძალადობის თავიდან აცილებაა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

მოსარჩელე ირ---–------–---–---–ის სარჩელი შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–--- მიერ 2018 წლის 01 იანვარს გამოცემული N000159 შემაკავებელი ორდერი.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე- ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე- ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის ქ. N41) .

 

მოსამართლე თა------------ე