გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
130340017002200656
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-118-2017

(130340017002200656)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე

განმცხადებელი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ი-----–- კ---–--ე

დაინტერესებული პირი - ტ--–--- კ-----------ე

დავის საგანი - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ზემოქმედების ზოლში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე - ტ--–--- კ-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ 1785.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი 69.04.67.0--) პროექტისთვის საჭირო ფართზე - 238.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნარგავებზე;

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს.

 

განცხადებაში მითითებულია, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისათვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება E-60 და E-70 სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალების მოდერნიზაციას, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სეგმენტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. სწორედ ამ სამუშაოების ფარგლებში იგეგმება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 საავტომობილო-სატრანზიტო კორიდორის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს. მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ გაივლის ყველა ის სატრანზიტო ავტოტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს ევროპიდან, თურქეთიდან, ბათუმის, ფოთისა და ანაკლიის პორტებიდან თბილისის, აზერბაიჯნის, სომხეთის, ირანის, შუა აზიისა და რუსეთის მიმართულებით. საავტომობილო გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა მკვეთრად გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, სიჩქარესა და გზის გამტარუნარიანობას. ასევე, დადებითი ეფექტი ექნება მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც. პროექტის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კონკურენტუნარიანობის გაზრდას სხვა კორიდორებთან მიმრთებით. გაიზრდება შავი ზღვის პორტების მეშვეობით შემომავალი ტვირთის, რომელიც მოძრაობს ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით და პირიქით, გამტარუნარიანობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.

 

გზის მშენებლობისას გათვალისწინებულია ახალი ოპტიმალური ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის პროექტირება ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთამდე, რომელიც იქნება ტექნიკურად უსაფრთხო და ეკონომიკურად უპირატესი ვარიანტი ტექნიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ანალიზიდან და შეფასებიდან გამოდინარე.

 

პროექტის გამხორციელების მიზნით დეპარტამენტის მიერ მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. შეთანხმება მიღწეულია მესაკუთრეთა ნაწილთან. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ტ--–--- კ-----------ესთან, რის გამოც დაიწყო ექსპროპრიაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის N1-1/495 ბრძანებით დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე, განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. ეს ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. დეპარტამენტის მიერ ეს ბრძანება გამოქვეყნებულ იქნა გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“.

 

განმცხადებელი უთითებს, რომ მან განახორციელა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. განმცხადებელი ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

 

2. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

2.1. დაინტერესებული პირი ტ--–--- კ-----------ე არ დაეთანხმა მოთხოვნას საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრაციის უფლების მინიჭების თაობაზე, იმ მოტივით, რომ თანხმობის მიცემის შემთხვევაში იგი დაკარგავს მოცემულ ტერიტორიაზე მდებარე მის კუთვნილ ნაკვეთს, რომელიც არასწორად არის სხვა პირზე დარეგისტრირებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. პროექტის ძირითადი მიზნებია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის, სიჩქარისა და გზის გამტარუნარიანობის გაზრდა. გაუმჯობესდება, ასევე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ყოველივე ეს გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას (ს.ფ. 2-6, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, ასევე, E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის დეტალური პროექტის დასკვნითი ანგარიში. დაინტერესებულ პირს პროექტის მიზნები და მისი მასშტაბურობა სადავოდ არ გაუხდია).

3.2. პროექტის ფარგლებში, დაბა სურამში შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭიროა ტ--–--- კ-----------ის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა. ნაკვეთის მესაკუთრესა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა (იხ. ს.ფ. 2-6; 17, ასევე, სხდომის ოქმი, მოსარჩელის წარმომადგენლის და ტ--–--- კ-----------ის ახსნა-განმარტებები).

 

3.3. ის ფაქტი, რომ ტ--–--- კ-----------ე არის იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის ნაწილის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმევასაც საავტომობილო გზემის დეპარტამენტი ითხოვს, დასტურდება საქმეზე დართული პროექტის ნახაზით, ორთო-ფოტოთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-16; 18-20).

 

3.4. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2017 წლის 7 სექტემბერს, 15 სექტემბერს და 6 ოქტომბერს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესთავაზება მიწის ნებაყოფლობით მიყიდვა 1749 ლარად და მისცა შესაბამისი განმარტება, რომ თუ მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე არ დათანხმდებოდა, გამოყენებული იქნებოდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ექსპროპრიაციის შესახებ, თუმცა მესაკუთრემ განაცხადა უარი (ს.ფ. 7-10; 17, ასევე, იხ. სხდომის ოქმი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება).

 

3.5. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2017 წლის 11 ოქტომბერს მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მოთხოვნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შუამდგომლობის თაობაზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 16 ოქტომბერს შესაბამისი წერილით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (იხ. ს.ფ. 21-24).

 

3.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის N1-1/495 ბრძანებით განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საწიროებისათვის ტ--–--- კ-----------ის მიწის ნაკვეთის ნაწილის 238კვ.მ. და მასზე არსებული ნარგავების ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება (იხ. მინისტრის ბრძანება, ს.ფ. 25-28).

 

3.7. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელების ფარგლებისა და ტერიტორიის მოკლე აღწერის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონებისა და მათი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“. მითითებული გაზეთიდან, ასევე, დეპარტამენტის წერილით მესაკუთრეს ეცნობა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი აპირებდა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვას, რათა მოიპოვოს ექსპროპრიატორის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ს.ფ. 31-51; 53).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საქართველოს კონსტიტუცია“, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმი, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

6.2. საკუთრების ჩამორთმევის დროს განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად, ასევე, მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

6.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ასე განმარტავს საკუთრების უფლების არსს და მნიშვნელობას: „საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, ის როგორც უფლება და როგორც ინსტიტუტი, სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქმე №1/3/611, „??? „?????“ ?? ??? „?????????? 2004“ ??????????? ???????????? ?? ??????????? ???????? ?? ????????? ?????????? ??????????? ???? ??????? ???????? ????????? ??????? ?????????? “, 30.09.2016წ.).

6.4. საკონსტიტუციო სასამართლო, ამავე დროს განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან ჩანს, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. შესაბამისად, უფლების შეზღუდვის შემთხვევებში, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, რამდენად არსებობს შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება. „საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას“. „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქმე №3/1/512, „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26.06.2012წ.).

 

6.5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.

6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.

 

6.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

6.8. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, დადასტურებულად მიიჩნევს საჯარო (ლეგიტიმურ) მიზანს (გზის გაყვანა-მშენებლობა), ასევე იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ტ--–--- კ-----------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის ამ პროექტის განხორციელებაში ჩართვის გარეშე შეუძლებელია იქნება პროექტის განხორციელება (აუცილებელი საზოგადოებრივ საჭიროება);

6.9. კონვენციის ზემოაღნიშნული რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზედ ზოგადად არის ფორმულირებული.

6.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე. ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ საკუთრებაში ჩარევის შეფასებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ბალანსი პირის უფლებასა და საზოგადოების ზოგად ინტერესს შორის, რაც მოითხოვს იმის შეფასებას, პირს მოუხდა თუ არა „არაპროპორციული ტვირთის“ ტარება (იხ. საქმე „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ 23.09.1982წ). მოცემულ საქმეში სასამართლო იხილავდა საკუთრებით დამოუკიდებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდის ვალდებულების საკითხს და მიიჩნია, რომ ეს არის აუცილებელი ელემენტი, რათა დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივი და კერძო პირის ინტერესების დაცვას შორის.

6.11. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის.

6.12. სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ავტომაგისტრალი წარმოადგენს მგზავრთა გადაადგილებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად და არსებით სოციალურ ინფრასტრუქტურას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

6.13. ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე, საფუძვლიანია. ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ტ--–--- კ-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ 1785.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი 69.04.67.0--) პროექტისთვის საჭირო ფართზე - 238.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნარგავებზე.

 

6.14. `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;

 

6.15. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №1-1/495 ბრძანებით განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი - საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელსაც მიენიჭა E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.

 

6.16. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.

 

6.17. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან დაცული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

 

6.18. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.

 

6.19. სასამართლო განუმარტავს დაინტერესებულ პირ ტ--–--- კ-----------ეს, რომ იმ გარემოებას, რის გამოც იგი არ ეთანხმება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას, საქმის გადაწყვეტისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მას უფლება აქვს იდავოს ცალკე სარჩელით იმ პირის მიმართ, ვის მიერაც, თვლის, რომ დაირღვა მისი უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „სახელმწფიო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 268-269-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნა;

 

2. მიენიჭოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეული შემდეგი უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება: ტ--–--- კ-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ 1785.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი 69.04.67.0--) პროექტისთვის საჭირო ფართზე - 238.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნარგავებზე;

 

3. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია, რომელზეც მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება;

 

4. გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) გადაწყვეტილებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №15) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №15) მეშვეობით;

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი