გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
130310017002195437
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-115-2017

(130310017002195437)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ბარბაქაძე

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნ--- ბ--–--ე

მოპასუხე - გ------- ლ------ე

დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე გ------- ლ------ეს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 320 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ დახმარებას (საარესო შემწეობას) 2015 წლიდან.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი, კერძოდ, გ------- ლ------ე დასაქმდა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფში“, ხოლო მისი ოჯახის წევრი ს--- ლ------ე - შპს „სერვის ნეტ გრუპში“. მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

 

მოპასუხის ოჯახს ზედმეტად დაერიცხა 2017 წლის მარტის თვის შემწეობის თანხა 320 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) გ------- ლ------ის ოჯახს დაენიშნა 2015 წლის ოქტომბრიდან 6 წევრზე (ს.ფ. 14).

 

3.2. უკანასკნელი დეკლარაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შევსებულ იქნა 2015 წლის 04 ივლისს და ოჯახს 03 აგვისტოს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 53950 (იხ. ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან ს.ფ. 21).

 

3.3. გ------- ლ------ე 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფში“ და ერიცხება ხელფასი (ს.ფ. 19).

 

3.4. ს--- ლ------ე 2015 წლის ნოემბრიდან მუშაობს შპს „სერვის ნეტ გრუპში“ და ერიცხება ხელფასი (ს.ფ. 20).

 

3.5. მოპასუხეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ არ უცნობებია სააგენტოსათვის და გრძელდებოდა ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაცემა 2017 წლის მარტის ჩათვლით თვეში 320 ლარის ოდენობით (ს.ფ. 21, ასევე, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

 

3.6. 2017 წლის 11 აპრილიდან ოჯახს შეუწყდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და სოციალური დახმარების გაცემა (ს.ფ. 25).

 

3.7. გ------- ლ------ემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების წინაშე აღიარა დავალიანების არსებობა და თანხმობა განაცხადა დაეფარა იგი თვეში 30 ლარის გადახდით, თუმცა ეს ვალდებულ;ება არ შეუსრულებია (ს.ფ. 15, ასევე, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. საარსებო შემწეობის ოდენობა ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას. ამ ნორმებიდან გამომდინარე გ------- ლ------ის ექვსწევრიანი ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 320 ლარის ოდენობით.

 

6.2. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.

 

6.3. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის „ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.4. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების შესახებ განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. დადგენილია, რომ გ------- ლ------ის ოჯახმა გ------- ლ------ის და ს--- ლ------ის მიერ მუშაობის დაწყებისა და შემოსავლის მიღების შესახებ არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც ზედმეტად ჩაერიცხათ 2017 წლის მარტის თვის სოციალური დახმარება 320 ლარი.

 

6.5. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის - შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე არსებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში - ,,ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)'' დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე. მოცემულ შემთხვევაში სხვაობა აღემატებოდა 150 ლარს.

 

6.6. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-181 მუხლის თანახმად, თუ ოჯახს ზედმეტად დაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

6.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ. ამავე დროს მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე აღიარა ვალდებულების არსებობა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------- ლ------ეს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 320 (სამასოცი) ლარის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი