გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
130310017002149798
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-105-2017

(130310017002149798)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ბარბაქაძე

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნ--- ბ--–--ე

მოპასუხე - გ------- ა------–---–ი

დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე გ------- ა------–---–ს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დაბრუნება 156 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობას) 2012 წლიდან.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი გახდა, რომ გ------- ა------–---–ი დასაქმდა შპს „ქრეათივ იმპრაშენს კავკასუსში“, ხოლო ოჯახის წევრი გ------ ა------–---–ი შპს „რომპეტროლში“ და დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი. მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოპასუხის ოჯახს ზედმეტად დაერიცხა 2017 წლის აპრილის თვის შემწეობის თანხა 156 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) გ------- ა------–---–ის ოჯახს დაენიშნა 2012 წლიდან. უკანასკნელი დეკლარაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შევსებულ იქნა 2014 წლის 02 ოქტომბერს და ოჯახს 01 ნოემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 46510. ოჯახი ირებდა სოციალურ დახმარებას 156 ლარის ოდენობით თვეში (იხ. დეკლარაცია, ასევე, ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან ს.ფ. 14).

 

3.2. გ------- ა------–---–ი დასაქმდა შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსში“ და 2017 წლის მარტში დაერიცხა ხელფასი 2300 ლარის ოდენობით (ს.ფ. 19).

 

3.3. გ------ ა------–---–ი დასაქმდა შპს „რომპეტროლში“ და 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით იღებდა ხელფასს (ს.ფ. 18).

 

3.4. ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი არ არის დაფიქსირებული ოჯახის მიერ შედგენილ დეკლარაციაში (იხ. დეკლარაცია).

 

3.5. მოპასუხეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ არ უცნობებია სააგენტოსათვის და გრძელდებოდა ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაცემა 2017 წლის ივნისის ჩათვლით თვეში 156 ლარის ოდენობით (ს.ფ. 14, ასევე, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

 

3.6. 2017 წლის 12 აპრილს სოციალური აგენტის მიერ შედგენილ იქნა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, რადგან სამჯერ ვიზიტის მუხედავად, ვერ მოხერხდა ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეხვედრა, რის შედეგად ოჯახს შეუწყდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და სოციალური დახმარების გაცემა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი; ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. იმავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 57001. ამ ნორმებიდან გამომდინარე გ------- ა------–---–ის სამწევრიანი ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 156 ლარის ოდენობით.

 

6.2. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.

 

6.3. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის „ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.4. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების შესახებ განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. დადგენილია, რომ გ------- ა------–---–ის ოჯახმა გ------- ა------–---–ის და გ------ ა------–---–ის მიერ მუშაობის დაწყებისა და შემოსავლის მიღების შესახებ არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც ზედმეტად ჩაერიცხათ 2017 წლის აპრილის თვის სოციალური დახმარება 156 ლარი.

 

6.5. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის - შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე არსებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში - ,,ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)'' დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე. დადგენილია რომ მოცემულ შემთხვევაში სხვაობა აღემატებოდა 150 ლარს.

 

6.6. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-181 მუხლის თანახმად, თუ ოჯახს ზედმეტად დაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

 

6.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს ავსებს იმ შემთხვევებში თუ ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა. რადგან სამჯერ ვიზიტისას ვერ მოხერხდა შეხვედრა ოჯახის წევრებთან, სოციალურმა აგენტმა შეადგინა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------- ა------–---–ს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 156 (ას ორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი