გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2018
საქმის ნომერი
080310017002011121
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/902-2017 16 იანვარი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

მოსარჩელე – ე------–--–--ე.

წარმომადგენელი - ზ---–---------ე.

მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

წარმომადგენელი - მ-----------------ე.

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

წარმომადგენელი - მ--------------ე.

მესამე პირი - ტ------–---------ე.

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.

წარმომადგენელი - ნ------–--–-----------------------ა.

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული, იხ. სხდომის ოქმი 19.12.2017).

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №068117005172 გადაწყვეტილება ე-----ი ც--–--ის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №01/157109/გ გადაწყვეტილება ე-----ი ც--–--ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე.

1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ----- დ-----ი თ------ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 2016 წლის 13 ოქტომბერს) დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილი იქნება დამატება. მამის გრაფაში მამად მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამა დ----- თ------ე (პ/ნ 6----------), სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი (დედის გრაფა დარჩეს ცარიელი).

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არის მესამე პირის ტ------–---------ის მეუღლე. მათი აწ. გარდაცვლილი შვილი დ----- თ------ე დაავადებული იყო ავთვისებიანი სიმსივნით და მკურნალობისთვის საჭირო გახდა ქიმიო-თერაპიის კურსის ჩატარება. ვინაიდან ასეთი მკურნალობის შემდეგ მოსალოდნელი იყო განაყოფიერების უნარის დაქვეითება და ვინაიდან დ----- თ------ე იყო დაუოჯახებელი, ექიმის რჩევით, სამედიცინო კლინიკაში შპს ,,მ--------’’-ში გაიყინა მისი ბიოლოგიური მასალა, შემდგომი გამოყენების მიზნით. დ----- თ------ე გარდაიცვალა 2015 წლის 4 ოქტომბერს, რის შემდეგაც ე------–--–--ემ და ტ------–---------ემ მიმართეს კლინიკა შპს ,,ი----------------------------–------ს’’, რომ მომხდარიყო გარდაცვლილი დ----- თ------ის გაყინული ბიოლოგიური მასალით ხელოვნური განაყოფიერება. აღნიშნულის გამო კლინიკასთან გაფორმდა ხელშეკრულება ხელოვნური განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის შესახებ. 2015 წლის 19 ოქტომბერს კი გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სუროგატი დედის მოძიებისა და შერჩევასთან დაკავშირებით. სამედიცინო კლინიკის მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელე და მისი მეუღლე ტ------–---------ე დარეგისტრირდნენ წყვილად. 2015 წლის 19 ოქტომბერს შპს ,,ნ--------’’-სა და ე------–--–--ეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს გააქვს კლინიკიდან ბიოლოგიური მასალა, ხოლო 2016 წლის 6 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება სუროგატ დედას, დონორს, ე------–--–--ესა და ტ------–---------ეს შორის. იმავე წლის 13 ოქტომბერს ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაიბადა მამრობითი სქესის ბავშვი - დ----- დ-----ი თ------ე.

 

2016 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დ----- დ----- თ------ის სახელზე დარეგისტრირდა დაბადების სააქტო ჩანაწერი, რომლის სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტები: სუროგატი დედის მშობიარობის თაობაზე შპს ,,ჰ---ა’’-ს მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა, 2016 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულება გაფორმებული სუროგატ დედას, დონორს, ე------–--–--ესა და ტ------–---------ეს შორის, რომლის თანახმად სუროგატი აცხადებს თანხმობას იყოს პოტენციური მშობლების ბიოლოგიური შვილის სუროგატი დედა. ი--------ო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში გადატანილი ემბრიონის განაყოფიერებისას გამოყენებული გენეტიკური მასალის თაობაზე, სუროგატი დედის 2016 წლის 6 თებერვლის თანხმობის ხელმოწერის დამოწმების თაობაზე შედგენილი სანოტარო აქტი. ბავშვის დაბადების მოწმობაში დედად მიეთითა ე------–--–--ე, რომელიც რეალურად არის ბავშვის ბებია, ხოლო მამად მიეთითა ტ------–---------ე, რომელიც რეალურად არის ბავშვის ბაბუა. 2017 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ცვლილება შესულიყო დ----- დ----- თ------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში სადაც მამად მიეთითებოდა გარდაცვლილი დ----- თ------ე, ხოლო დედის გრაფა დარჩებოდა ცარიელი. 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამავდროულად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და ვინაიდან ირკვეოდა, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლებად რეგისტრირებული პირები არ იყვნენ რეალურად ბავშვის მშობლები, ადმინისტრაციულმა ორგანომ ნაწილობრივ ბათილად ცნო დაბადების სააქტო ჩანაწერი, კერძოდ, დედისა და მამის მონაცემების ნაწილში. სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, მაგრამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ივნისის №01/1572246 გადაწყვეტილებით ე-----ი ც--–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის და კმაყოფილებაზე.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მესამე პირების პოზიცია.

3.1. მესამე პირებმა ტ------–---------ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირეს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ ტ------–---------ე და ე------–--–--ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა;

 

4.1.2. დადგენილია, რომ ტ------–---------ის და ე------–--–--ის შვილი დ-----ი თ------ე გარდაიცვალა 2015 წლის 4 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დ----- თ------ის გარდაცვალების მოწმობა.

- დ----- თ------ის დაბადების მოწმობა.

 

4.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებულია დ----- დ-----ი თ------ის დაბადების სააქტო ჩანაწერი №0---------- შემდეგი მონაცემებით: დ----- დ-----ი თ------ე დაბადებული 2016 წლის 13 ოქტომბერს, მამა - ტ------–---------ე, პ/ნ 60001051532, დედა - ე-----ი ც--–--ე, პ/ნ 60001051530. დაბადების აქტის რეგისტრაციის დროს წარდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტები: 1. 2016 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულება გაფორმებული სუროგატ დედას, დონორს, ე------–--–--ესა და ტ------–---------ეს შორის; 2. შპს ,,ი--------ო’’-ს მიერ 2016 წლის 6 თებერვალს გაცემული ცნობა №49, რომლის თანახმად 2016 წლის 6 თებერვალს შპს ,,ი-----------------------------–------ში’’ შესრულდა ექსტრაკორპოლარული განაყოფიერება: სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში გადატანილი იქნა წყვილის, პოტენციური მშობლების, საქართველოს მოქალაქეების ე------–--–--ისა და ტ------–---------ის ემბრიონები; 3. შპს ,,ი--------ო’’-ს მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს გაცემული ცნობა №2345/10, რომლის თანახმად, სუროგატი დედის - საშვილოსნოს ღრუში გადატანილი ემბრიონების განაყოფიერებისას გამოყენებული იყო საქართველოს მოქალაქეების ე------–--–--ის და ტ------–---------ის კუთვნილი გენეტიკური მასალა. განაყოფიერების დროს განხორციელდა კვერცხუჯრედის დონორის კვერცხუჯრედისა და ტ------–---------ის სპერმატოზოიდების გამოყენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დ----- დ-----ი თ------ის დაბადების მოწმობა.

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №068117005172 გადაწყვეტილება;

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 თებერვალს ე------–--–--ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა დ----- დ-----ი თ------ის დაბადების აქტის ჩანაწერში, მამის მონაცემებში დ----- თ------ის მითითება, ხოლო დედის მონაცემების ამორიცხვა (დედის გრაფის მონაცემების მითითების გარეშე დატოვება). ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,ი--------ო’’-დან მიღებული წერილით დადგინდა, რომ სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში გადატანილ იქნა ე------–--–--ისა და ტ------–---------ის კუთვნილი გენეტიკური მასალა (ემბრიონები), განაყოფიერების დროს განხორციელდა კვერცხუჯრედის დონორის კვერცხუჯრედისა და ე------–--–--ისა და ტ------–---------ის გარდაცვლილი შვილის დ----- თ------ის სპერმატოზოიდების გამოყენება, ე------–--–--ისა და ტ------–---------ის გარდაცვლილი შვილის დ----- თ------ის სპერმა კრიოპრეზერვირებულ (გაყინულ) მდგომარეობაში წარდგენილ იქნა ე------–--–--ის და ტ------–---------ის მიერ, დ----- თ------ის სპერმის გაყინვა განხორციელდა სხვა კლინიკაში. სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში ე------–--–--ისა და ტ------–---------ის კუთვნილი გენეტიკური მასალის (ემბრიონის) გადატანა განხორციელდა 2016 წლის 6 თებერვალს.

 

ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 6 თებერვალს გადატანილი გენეტიკური მასალა ეკუთვნოდა გარდაცვლილ დ----- თ------ეს, რისი გაყინვაც მოხდა 2015 წლის 14 სექტემბერს და 2015 წლის 19 ოქტომბერს გაყინული სპერმა შპს ,,ნ--------’’-დან წაიღო დედამ ე------–--–--ემ.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განმარტა, რომ დ----- დ----- თ------ის დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ბავშვის მშობლებად განისაზღვრა ხელშეკრულებაში მითითებული პოტენციური მშობლები დედა - ე------–--–--ე და მამა ტ------–---------ე და აღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 20 აპრილის №068117005172 გადაწყვეტილებით ე------–--–--ის 2017 წლის 20 თებერვლის განცხადება არ დააკმაყოფილა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №01/157109/გ გადაწყვეტილებით ე-----ი ც--–--ის ადმინისტრაციული საჩივარი 2017 წლის 20 აპრილის №068117005172 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, დ----- დ----- თ------ის დაბადების აქტის ჩანაწერში მამად დ----- თ------ის მითითებისა და დედის გრაფის ცარიელი დატოვების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №068117005172 გადაწყვეტილება;

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №01/157109/გ გადაწყვეტილება;

 

4.1.5. დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2017 წლის 5 მაისს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება დ----- დ----- თ------ის სახელზე თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №0---------- დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ (მშობლების მონაცემების ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე. 2017 წლის 2 ივნისის №001117080978 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დ----- დ----- თ------ის მიმართ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებულ დაბადების აქტის №0---------- ჩანაწერი დედისა და მამის მონაცემების ნაწილში.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დ----- დ----- თ------ის მიმართ დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვით, შემდგომში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება ფაქტი, რომ დ----- დ----- თ------ის მიმართ რეგისტრირებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მშობლების მონაცემები არაკანონიერია. აღნიშნული დასტურდება სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციით, რომლის თანახმად განაყოფიერებისას გამოყენებული იქნა გარდაცვლილი დ----- თ------ის (ე------–--–--ის და ტ------–---------ის გარდაცვლილი შვილის) გენეტიკური მასალა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის დ----- თ------ის გენეტიკური მასალის გამოყენების მიზნით დადებული რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი.

 

თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია, რომ დ----- დ----- თ------ის მიმართ დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის არ იყო ცნობილი, რომ სუროგაციისას გამოყენებული იქნა გარდაცვლილი დ----- თ------ის გენეტიკური მასალა, რაც დ----- დ----- თ------ის მიმართ 2016 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებული დაბადების აქტის №0---------- ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 2 ივნისის №001117080978 გადაწყვეტილება.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №068117005172 გადაწყვეტილება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №01/157109/გ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ----- დ-----ი თ------ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 2016 წლის 13 ოქტომბერს) დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილი იქნება დამატება. მამის გრაფაში მამად მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამა დ----- თ------ე (პ/ნ 6----------), სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი (დედის გრაფა დარჩეს ცარიელი).

 

7.3. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს: ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე; ბ) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება: ბ.ა) ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის,ან; ბ.ბ) ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის, ან ; ბ.გ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან: ა) გენეტიკური მშობლები; ბ) გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი; გ) წყვილი.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ დ----- დ----- თ------ის მიმართ დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას მშობლებად ე------–--–--ის და ტ------–---------ის მითითება განხორციელდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებისა და სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვინაიდან მშობლების გრაფაში წყვილის მითითება დადგენილია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებით. გარდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებისა, წყვილის მშობლებად რეგისტრაციის შესახებ მიუთითებს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან "სუროგატულ დედას" არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. ამასვე მიუთითებს 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც წყვილი განმარტებულია როგორც ქალი და მამაკაცი, რომლებიც ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად, განისაზღვრებიან ბავშვის მშობლებად.

 

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- დ----- თ------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მამად უნდა მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამა დ----- თ------ე (პ/ნ 6----------), ხოლო დედის გრაფა დარჩეს ცარიელი, კერძოდ: პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა რა, რომ დ----- დ----- თ------ის დაბადების სააქტო ჩანაწერი შესრულებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, მიუხედავად ამისა 2017 წლის 2 ივნისის №001117080978 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად ცნო სააქტო ჩანაწერი და განმარტა, რომ დ----- დ----- თ------ის მიმართ რეგისტრირებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მშობლების მონაცემები არაკანონიერია. აღნიშნული დასტურდება სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციით, რომლის თანახმად განაყოფიერებისას გამოყენებული იქნა გარდაცვლილი დ----- თ------ის (ე------–--–--ის და ტ------–---------ის გარდაცვლილი შვილის) გენეტიკური მასალა. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია, რომ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის არ იყო ცნობილი, რომ სუროგაციისას გამოყენებული იქნა გარდაცვლილი დ----- თ------ის გენეტიკური მასალა, რაც დ----- დ----- თ------ის მიმართ 2016 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებული დაბადების აქტის №0---------- ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ხოლო ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;

 

ამავე კანონის 20-ე მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი დაბადების ფაქტს უკავშირებს მოქალაქის უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შესაბამისად, მოითხოვს, რომ სამოქალაქო აქტი უნდა ასახავდეს რეალურ მონაცემებს მოქალაქის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებული იყო დ----- დ-----ი თ------ის დაბადების სააქტო ჩანაწერი №0---------- შემდეგი მონაცემებით: დ----- დ-----ი თ------ე დაბადებული 2016 წლის 13 ოქტომბერს, მამა - ტ------–---------ე, პ/ნ 60001051532, დედა - ე-----ი ც--–--ე, პ/ნ 60001051530.

 

ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2017 წლის 5 მაისს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება დ----- დ----- თ------ის სახელზე თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №0---------- დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ (მშობლების მონაცემების ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე. 2017 წლის 2 ივნისის №001117080978 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დ----- დ----- თ------ის მიმართ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებულ დაბადების აქტის №0---------- ჩანაწერი დედისა და მამის მონაცემების ნაწილში.

 

ამდენად დადგენილია, რომ ამჟამად დ----- დ-----ი თ------ის დაბადების №0---------- სააქტო ჩანაწერში ბავშვის მშობლები მითითებული არ არის.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახამდ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებელად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი,ამავე კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. ხოლო კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებათა განხორციელებას საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ უპირველეს მიზანს. შესაბამისად თითოეული ბავშვის ყველა უფლება, მათ შორის უფლება მისი დაბადების რეგისტრაცია განხორციელდეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაცული არის როგორც სახელმწიფოს მხრიდან - სასამართლოების, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების სახით, ასევე კერძო დაწესებულებების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება.

 

ამავე კანონის მე-80 მუხლის თანახმად სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას მონაცემების გამორჩენის ან არასრულად მითითების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია შეიტანოს დამატება ამ აქტის ჩანაწერში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა დადგენილია, რომ დ----- დ-----ი თ------ის დაბადების №0---------- სააქტო ჩანაწერში ბავშვის მშობლები მითითებული არ არის. ამავე დროს მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2016 წლის 6 თებერვალს სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში გადატანილი გენეტიკური მასალა ეკუთვნოდა გარდაცვლილ დ----- თ------ეს, რისი გაყინვაც მოხდა 2015 წლის 14 სექტემბერს.

 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან გენეტიკური მშობლები.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან „სუროგატული დედის“ მითითება დაუშვებელია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემადგენლობას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ე-----ი ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №068117005172 გადაწყვეტილება ე-----ი ც--–--ის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

3. ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №01/157109/გ გადაწყვეტილება ე-----ი ც--–--ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე.

4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ----- დ-----ი თ------ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 2016 წლის 13 ოქტომბერს) დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილი იქნება დამატება. მამის გრაფაში მამად მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამა დ----- თ------ე (პ/ნ 6----------), სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი (დედის გრაფა დარჩეს ცარიელი).

5. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე