განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002275811
N1/491-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24.01.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნათია კიკალია
დაცვის მხარე
ადვოკატი - მარინა ჯობავა
ბრალდებული - გ--–- გ--ს ძე გ---–---------, დაბადებული 19-- წლის 31 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჩ-------–----------------------–------–--.
კვალიფიკაცია
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ--–- გ---–---------მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 00:45 საათზე, კ-----------------------–-----–---–--–ი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი - გ------------–----–---–ი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გ--–- გ---–---------მ გ------------–----–---–ს, საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გაუწია წინააღმდეგობა და სახის არეში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც გ------------–----–---–მა მარცხენა წარბის არეში მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის გ--–- გ---–--------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ--–- გ---–---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოცხრილი, მოწმეების - გ-------------–---–------------------–---–----------–--------–---–-----------------–---–-------------------–---–--------------------–---–--------------–-–---–----------------------–------–----–---–--, გ------------–----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ტანსაცმლის ამოღების ოქმები, სამსახურებრივი მოწმობა, ამოღებული ნივთმტკიცებები.
გ--–- გ---–---------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ--–- გ---–---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გ--–- გ---–---------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რომელმაც შესაძლოა, იმავდროულად, პოლიციის მუშაკის პირადი უსაფრთხოების დარღვევაც გამოიწვიოს.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--–- გ---–---------ს მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის მუშაკის - გ------------–----–---–ის კანონიერი ქმედებით უსაფუძვლოდ გაღიზიანებული გ--–- გ---–--------- არ დაემორჩილა მის ლეგიტიმურ მოთხოვნას, შეეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქცევა და წინააღმდეგობის გაწევისას სახის არეში მუშტის დარტყმით მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას გ--–- გ---–---------ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, მისი ძალადობრივი ქმედების მიზანს პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტა წარმოადგენდა, რაც მან გ-------------–----–---–ისათვის სახის არეში უშტის დარტყმით სისრულეში მოიყვანა. მოწმეთა დაკითხვის ოქმებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ გ--–- გ---–---------ს განზრახი ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია გ--–- გ---–---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–- გ---–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.
რაც შეეხება გ--–- გ---–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
გ--–- გ---–---------ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განეკუთვნება მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივ დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად არღვევს ადამიანის (მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელის) ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--–- გ---–---------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. იგი სრულად დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წინასასამართლო სხდომაზე ყველა მათგანი მიიჩნია უდავოდ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, წინასასამართლო სხდომაზე იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან. გ--–- გ---–---------მ საქმის არსებითი განხილვისას თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. სასამართლო სხდომაზე გ--–- გ---–---------მ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს: გ--–- გ---–--------- 22 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დასაოჯახებელია, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაკავებულია სპორტით, სადაც არაერთი მიღწევა აქვს, ხასიათდება დადებითად.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს გ--–- გ---–---------ს საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ასაკის, წარსული ცხოვრების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მისი თავისუფლების კვლავ შეზღუდვამ, დამნაშავის რესოციალიზაციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, ინკრიმინირებული დანაშაულისადმი მისი უარყოფითი დამოკიდებულების, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–- გ---–---------ს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ადეკვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს სამი წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა მინიმალური ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი სასჯელის მოხდის ამგვარი წესი შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 63-ე-65-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ--–- გ---–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ გ--–- გ---–---------ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 ნოემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.
4. მსჯავრდებულ გ--–- გ---–---------ს დაევალოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
5. მსჯავრდებულ გ--–- გ---–---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
6. მსჯავრდებულ გ--–- გ---–---------ს მიმართ დაწესებული ვალდებულება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გამომძიებლის ან პროკურორისათვის ჩაბარების შესახებ გაუქმდეს და აღნიშნული დოკუმენტები დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - გ--–- გ---–---------ს.
7. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· გ------------–----–---–ის სამსახურებრივი ჯემპრი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ------------–----–---–ს;
· გიორგი სუხაშვილის სამსახურებრივი ჯემპრი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გიორგი სუხაშვილს;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე