გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
080210017002202599
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3675-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

მოსარჩელე - ა-–---------- ი-----–---ი

მოპასუხე - ლ--–- ფ------ე

წარმომადგენელი - ადვოკატი ხ---- თ----ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ლ--–- ფ------ეს (პირადი №-----------) თავისი არასრულწლოვანი შვილის 2002 წლის 27 აგვისტოს დაბადებული ნ--- ი-----–---ის სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხე ლ--–- ფ------ესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში 1998 წლიდან 2011 წლის 11 ნოემბრამდე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, მ------ და ნ--- ი-----–---ები. 2000 წლის 23 სექტემბერს - მ------ ი-----–---ი, ხოლო 2002 წლის 27 აგვისტოს - ნ--- ი-----–---ი. მხარეთა განქორწინების შემდეგ ნ--- ი-----–---ი ცხოვრობს მოსარჩელესთან ქ.ქუთაისში, მ----------ს ქ. მე-3 ჩიხი №8-ში. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე და არავითარ მონაწილეობას არ იღებს მისი აღზრდისა და მკურნალობის ხარჯებში. ნ---ს ზრდის მარტო მოსარჩელე, ამასთან ერთად მეორე შვილის მ------ის აღზრდაში მაქსიმალურად იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ნ--- ი-----–---ს, მას აქვს ასთმა და საჭიროებს მედიკამენტოზურ და კლიმატოთერაპიას, რაც დაკავშირებულია სოლიდურ თანხებთან. ვინაიდან მოპასუხე ნებაყოფლობით არ ღებულობს მონაწილეობას შვილის აღზრდა-განვითარებაში, ამიტომ მოითხოვს ლ--–- ფ------ეს დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა ნ--- ი-----–---ის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, თუმცა იგი სასამარლოს მიერ არ იქნა მიღებული, როგორც საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, დაგვიანებით წარმოდგენილი და დარჩა განუხილველად.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ადვოკატმა მიუთითა, მოპასუხეარ გაურბის ვალდებულებას შვილის წინაშე, იგი ზრუნავს მასზე, მაგრამ არის სოციალურად დაუცველი და მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამო მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე. მანვე განმარტა, რომ მეორე შვილი მ------ ი-----–---ი ცხოვრობს მოპასუხესთან, მოსარჩელეს დაკისრებული აქვს მ------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 120 ლარის გადახდა, რასაც თავს არიდებს ა-–---------- ი-----–---ი.

(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა-–---------- ი-----–---ი და ლ--–- ფ------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას და განქორწინებული არიან 2011 წლის 11 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განქორწინების მოწმობა (ს/ფ -13);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე ა-–---------- ი-----–---ს და მოპასუხე ლ--–- ფ------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2000 წლის 23 სექტემბერს შეეძინათ შვილი მ------ ი-----–---ი, ხოლო 2002 წლის 27 აგვისტოს - ნ--- ი-----–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ქუთაისის სარ N 2 განყოფილების მიერ 2002 წლის 02 სექტემბერს გაცემული ნ--- ი-----–---ის დაბადების მოწმობა ს.ჩ. №0------ (ს/ფ -14);

 

3.1.3. არასრულწლოვანი ნ--- ი-----–---ი ცხოვრობს მამასთან, მოსარჩელე ა-–---------- ი-----–---თან ერთად მის ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მ------ ი-----–---ი აღსაზრდელად იმყოფება მოპასუხესთან და მოსარჩელეს მისი სარჩოს სახით დაკისრებული აქვს ალიმენტი 120 ლარის ოდენობით.

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. ნ--- ი-----–---ი დაავადებულია დიაგნოზით: ასთმა I 45.9.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს „აკადემიკოს ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა №05/23/06 (ს/ფ -15);

 

3.1.6. მოსარჩელე ა-–---------- ი-----–---ი არის შრომისუნარიანი. თუმცა მუდმივი სამუშაო ადგილი არ აქვს და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს/ფ -1-12);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.7. ლ--–- ფ------ე შრომისუნარიანია, თუმცა დასაქმებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 120 (ასოცი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია,-გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1979 წლის 18 დეკემბრის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია’’,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1231-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) შვილები ნ--- და მ------ ი-----–---ები.

 

დადგენილია, რომ ა-–---------- ი-----–---ს და ლ--–- ფ------ეს ერთად ცხოვრების პერიოდში, 2000 წლის 23 სექტემბერს შეეძინათ შვილი მ------ ი-----–---ი, ხოლო 2002 წლის 27 აგვისტოს - ნ--- ი-----–---ი.

 

დადგენილია, რომ ა-–---------- ი-----–---ს მ------ ი-----–---ის სასარგებლოდ მხარეთა მორიგების საფუძველზე დაკისრებული აქვს ალიმენტი 120 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ნ--- ი-----–---ი ცხოვრობს და იზრდება მამასთან, ა-–---------- ი-----–---თან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამდენად, არასრულწლოვანი შვილის მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-–---------- ი-----–---ი და მოპასუხე ლ--–- ფ------ე 1998 წლიდან 2011 წლის 11 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ნ--- ი-----–---ი ცხოვრობს მამასთან - ა-–---------- ი-----–---თან, ხოლო მ------ ი-----–---ი დედასთან - ლ--–- ფ------ესთან ერთად. მხარეები განქორწინებული არიან. მშობლები შეთანხმდნენ მ------ ი-----–---ისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ნ--- ი-----–---ისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე.

 

სასამართლო, შვილების სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს როგორც შვილების, ისე მშობლის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. მშობლები ვალდებულნი არიან თანაბრად იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე და გარკვეულწილად გაინაწილონ მათი რჩენისათვის აუცილებელი ხარჯები. ამასთან, გასათვალისწინებელია როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება, მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხის რეალური ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის ოდენობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ორივე მშობელი ვალდებულია არასრულწლოვანი შვილები უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით, ამასთან არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-–---------- ი-----–---ი არის შრომისუნარიანი, შესაბამისად, მასაც შესწევს უნარი, შეუქმნას არასრულწლოვან შვილს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობები.

 

არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ლ--–- ფ------ე დაუსაქმებელია და არ აქვს სტაბილური შემოსავალი. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი მ------ ი-----–---ი ცხოვროს დედასთან, ხოლო ასევე არასრულწლოვანი ნ--- ი-----–---ი - მამასთან ა-–---------- ი-----–---თან, რომელსაც არ აქვს მუდმივი სამსახური და სტაბილური შემოსავალი, რის გამოც არასრულწლოვანთა აღზრდისათვის, მათი ასაკისათვის საჭირო პირობების შექმნა ზრდის ბავშვებისთვის აუცილებელ ხარჯს.

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვების ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-18 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1979 წლის 18 დეკემბრის ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ კონვენციის (რატიფიცირებულია 1994 წლის 22 სექტემბერს) თანახმად, ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცთა და ქალთა და მთლიანად საზოგადოების ერთობლივ პასუხიმგებლობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და ალიმენტის ოდენობა არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. შრომისუნარიანმა მშობელმა, რომელსაც აქვს გარკვეული შემოსავალი, თუნდაც ის არ იყოს საკმარისი ოდენობის, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები იმ ოდენობის თანხით, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ნორმალურ აღზრდა-განვითარებას, მათი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ლ--–- ფ------ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის ნ--- ი-----–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 06 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ა-–---------- ი-----–---ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ხოლო ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხე ლ--–- ფ------ეს, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა-–---------- ი-----–---ის (პირადი №-----------, სარჩელი ლ--–- ფ------ის (პირადი №-----------) (ადვოკატი ხ---- თ----ე) მიმართ ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ :

 

1.1. მოპასუხე ლ--–- ფ------ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2002 წლის 27 აგვისტოს დაბადებული ნ--- ი-----–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 06 დეკემბრიდან, მის სრულწლოვანებამდე;

 

2. მოპასუხე ლ--–- ფ------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით(მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11);

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე