გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002208928
საქმე № 3/341-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: დ----- ღ-----–---–-
მოპასუხე: მ-----– მ---ი
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პირგასამტეხლოს - 28 000 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი მ-----– მ---ი (პირ. № 4----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; აკადემიური მოუსწრებლობის გამო მას შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, ხოლო შემდეგ დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 1-ლი კურსიდან მისი დათხოვნის მიზეზი იყო საცეცხლე მომზადებაში, კერძოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანში სროლაში არადამაკმაყოფილებელი შეფასება; იუნკერებს სრულიად მოულოდნელად განუცხადეს, რომ მიზანში სროლის წარმატებით ჩაბარება იყო გამოცდებზე დაშვების წინაპირობა, რაც მანამდე მათთვის ცნობილი არ იყო.
მასთან გაფორმებული კონტრაქტით საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობის შემთხვევაში ჯარიმის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული არ არის.
სროლის ჩატარებისას არ იყო უზრუნველყოფილი დახურული სივრცე; სროლა ხდებოდა უსწორო რელიეფზე; სროლის ადგილი იყო მოუწესრიგებელი; ცეცხლსასროლი იარაღი და სამიზნე ნიშნები იყო გაუმართავ მდგომარეობაში, რაც ხელისშემშლელი იყო მიზანში სროლის სიზუსტესთან მიმართებაში; ,,აკადემიაში” სწავლის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ქონდათ ჩატარებული ამგვარი ტიპის საცეცხლე მომზადება და ისიც უხარისხოდ, რა დროსაც ინსტრუქტორისგან არ ეძლეოდათ სათანადო მითითებები, და შეუძლებელია, არასათანადო მომზადების პირობებში იუნკერს იარაღის მოხმარების შესაბამისი გამოცდილება ჰქონოდა.
იუნკერებს სრულიად მოულოდნელად, მხოლოდ მე-2 სემესტრის დასაწყისში განუცხადეს, რომ მიზანში სროლის გამოცდის ჩაბარება იყო სხვა გამოცდებზე დაშვების წინაპირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ,,გაუშვებდნენ სახლში”.
ამასთან, ,,აკადემიაში” დამაკმაყოფილებელი ქულების დაუგროვებლობის შემთხვევაში, უკვე მიღებულ ქულათა რაოდენობა ნულდება.
აქედან გამომდინარე, მას პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ-----– მ---ი სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანება № MOD 6 16 00001130.
3.2.2. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი მ-----– მ---ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი;
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანება № MOD 816 00003347, 2016 წლის 11 სექტემბრის კონტრაქტი № 1096.
3.2.3. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3 და 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება, შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში;
იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
მტკიცებულება: კონტრაქტი.
3.2.4. მ-----– მ---მა 2017 წლის 26-29 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის დადგენილება № 51.
3.2.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 1-ლი კურსის იუნკერი მ-----– მ---ი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანება № MOD 0 17 00002817.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა კონტრაქტით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა მ-----– მ---მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;
დადგენილია, რომ მ-----– მ---მა 2017 წლის 26-29 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 1-ლი კურსის იუნკერი მ-----– მ---ი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და მ-----– მ---თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა 1-ლი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით - აკადემიური საფუძვლით გარიცხვის გამო).
კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა შესაბამისი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 28 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;
კონტრაქტის მიხედვით, 28 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო ,,აკადემიის” სამხედრო მოსამსახურეს (იუნკერს), რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.
როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული; მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხე დათხოვნისას იყო მხოლოდ პირველი კურსის იუნკერი (18 წლის), სწავლობდა სულ 10 თვე, და შეუძლებელია, ამ პერიოდში სწავლის იმგვარი კურსი გაევლო, რაც საკმარისი იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან (მათ შორის მიზანში სროლა).
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
მოცემულ შემთხვევაში, 1 000 ლარის 3%-ი 30 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე მ-----– მ---ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 1 000 (ერთი ათასი) ლარი.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე მ-----– მ---ზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მ-----– მ---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 100 (ასი) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი