განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115793292
საქმე #1-524/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
პროკურორის _ დ--------------–ის
დამცველის _ ნ---------------–--ის
მონაწილეობით, განსასჯელ ს---–---- ს---------ის დასწრების გარეშე _ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
განსასჯელ ს---–---- ს---------ის მიმართ,მამის სახელი: ი-----
დაბადებული: 1--- წლის 01 იანვარს,მოქალაქეობა: საქართველოს
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელის,განათლება: ს-–----–--
საცხოვრებელი მისამართი – ხ---–------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტები (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, განსასჯელ ს---–---- ს---------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. ს---–---- ი-----ს ძე ს---------ე, გ------ ს---------ესთან ერთად, 2004 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 01 საათზე, ქ. ბათუმის ცენტრალურ ავტოსადგურში არსებული, რ-----------ის სატელეფონო სალაპარაკო ჯიხურიდან, სარკმლის გატეხვის შედეგად შეღწევის გზით დაეუფლა მობილური ტელეფონების 60 ცალ საკრედიტო ბარათს. ხმაურზე მოსულ დაცვის თანამშრომელს მ--–---- უ-----–---–ს, ს---–---- ს---------ემ და გ------ ს---------ემ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის (დანის) მუქარითა და ძალადობის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და დაეუფლნენ მის კუთვნილ ფანარს და გასაღებს (სხვა ჯიხურებიდან ნივთების დაუფლების მიზნით), რა დროსაც დაკავებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.
3. აღნიშნული ქმედებისთვის, ს---–---- ს---------ე 2004 წლის 24 აპრილს მიცემული იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) .
სასამართლომ დაადგინა:
4. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ს---–---- ს---------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ს---–---- ს---------ემ გ------ ს---------ესთან ერთად, მ--–---- უ-----–---–ს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარითა და ძალადობით მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და დაეუფლა მის კუთვნილ ფანარს და გასაღებს, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
5. დაზარალებულმა მ--–---- უ-----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ წლების წინ მუშაობდა ბათუმის ცენტრალური ავტოსადგურის ღამის მორიგედ. 2004 წლის 11-12 თებერვლის ღამით იყო ცვლაში და მეწყვილე გ------ უ-----–---–თან ერთად, ღამის დაახლოებით პირველ საათზე, ახორციელებდა შემოვლას სამოქმედო ტერიტორიაზე. გ------ი შენობის მეორე სართულის შესამოწმებლად წავიდა, თავად კი - შენობის გარეთ მდებარე სავაჭრო ობიექტების დასათვალიერებლად. სატელეფონო სალაპარაკო ჯიხურთან მისვლისას შემოესმა ხმაური და რაღაცის მტვრევის ხმა. ჯიბის ფარნით გაანათა ტერიტორია, სადაც ეს ჯიხური იყო განთავსებული და დაინახა ჯიხურის პატარა ფანჯარა, ე.წ. "ფორტოჩკა" მოგლეჯილი და ძირს დაგდებული. ჯიხურის მოპირდაპირედ დაინახა ადამიანის სილუეტი, ხელში რკინის ნაჭრით. ამ ადამიანმა მოუქნია რკინა და ცდილობდა დაერტყა, თუმცა შეეწინააღმდეგა და ხელი დაუკავა, ამ დროს იგრძნო კისერში დანის მიბჯენა, დაინახა პირველზე უფრო სუსტი აღნაგობის მამაკაცი. ორივემ შემოჭა, ძირს დააგდო, შემდეგ ცემა დაუწყეს, თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს, ეუბნებოდნენ, რომ ფული უნდოდათ და ეჩვენებინა სად ინახებოდა. გაუჩხრიკეს ტანსაცმელი და ამოაცალეს ჯიბიდან გასაღებების აცმა, ჰკითხეს რომელი გასაღები აღებდა დარბაზის კარს. ამ დროს მეორე სართულიდან ჩამომავალი გ------ უ-----–---–ი დაინახეს და გაიქცნენ, გამოჩნდა პოლიციის მანქანაც. პოლიციის თანამშრომლები გაქცეულებს დაედევნენ და როგორც იცის, დააკავეს კიდეც. თავდამსხმელთა ამოცნობა არ შეუძლია, მათი სახეები ვერ გაარჩია სიბნელის გამო.
6. მოწმე გ------ უ-----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2004 წლის 11-12 თებერვლის ღამით მ--–---- უ-----–---–თან ერთად მორიგეობდა ბათუმის ავტოსადგურში, სადაც დაცვის სამსახურში მუშაობდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ორივენი გავიდნენ შემოვლაზე, თვითონ ავიდა მეორე სართულზე, ხოლო მ--–----ი გარე ტერიტორიის დასათვალიერებლად წავიდა. როდესაც მეორე სართულზე დაასრულა შემოვლა და კიბით უკან ბრუნდებოდა, დაინახა დარბაზის კართან უცხო პირი, რომელიც ცდილობდა კარის ბოქლობის გაღებას. ამ პირმაც შენიშნა უ-----–---–ი და გაიქცა, მას მიჰყვა მეორეც. მ--–----ისგან შეიტყო, რომ ეს პირები თავს დაესხნენ და ცდილობდნენ გაეგოთ მისგან სად ინახებოდა ფული.
7. დაზარალებულმა რ-----------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2004 წელს მუშაობდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ სატელეფონო ჯიხურში. 12 თებერვალს, როდესაც დილით სამსახურში მივიდა, ჯიხური გატეხილი დახვდა, როგორც დარაჯებისგან შეიტყო, ორი პირი ცდილობდა ღამით ჯიხურის გაქურდვას. წაღებული აღმოჩნდა გახარჯული მონო-ბარათები, რომლებიც არანაირი ღირებულებას არ წარმოადგენდა, ზიანი მიადგა მხოლოდ ფანჯრის დაზიანების შედეგად სულ 40 ლარის ოდენობით.
8. მოწმე გ---- ა--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ წლების წინ მუშაობდა შს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურში პოლიციელად. 2004 წლის 11-12 თებერვლის ღამეს მორიგეობდა თანამშრომლებთან ერთად, პატრულირებდნენ ავტომანქანით სამოქმედო ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ავტოსადგურის მხრიდან გაიგონეს ხმაური და ყვირილი, ვიღაც შველას ითხოვდა. ავტოსადგურიდან რკინიგზის მიმართულებით გარბოდა ორი პირი, ამ დროს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებიც მივიდნენ მათთან და ყველა ერთად დაედევნა გაქცეულებს. დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე დევნის შემდეგ, ზებურ შაქარაძესთან ერთად დააკავა ერთ-ერთი გაქცეული.
9. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა მოწმე ზებურ შაქარაძემაც სასამართლო გამოძიებისას.
10. გ------ ს---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. ს---------ემ დაადასტურა ს---–---- ს---------ესთან ერთად ავტოსადგურის ჯიხურში უკანონოდ შეღწევის და მონობარათების ქურდობის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა თავდასხმა მცველზე, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა.
11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ჯიხურის ფანჯარა დაზიანებულია.
12. 2004 წლის 12 თებერვალს შედგენილი ს---–----- (და არა ს---–----) ს---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ს---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, წელის არეში შარვლის საქამრიდან ამოღებული იქნა ფანარი მუშა მდგომარეობაში, ე.წ. ”კუსაჩკა” ლურჯი ტარით, სამოცი ცალი ათლარიანი ”ლაი-ლაის” ფირმის მონო-ბარათები , საკეცი დანა.
13. საქმეში წარმოდგენილია გამომძიებლის დადგენილება ს---–---- ს---------ის დაკავების თაობაზე. დაკავების ოქმი მასალებში არ მოიპოვება.
14. 2004 წლის 16 თებერვლით დათარიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №52 დასკვნის თანახმად, მოქალაქე მ--–---- შ--–--ს ძე უ-----–---–ს აღენიშნებოდა კეფის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობა. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით (მკურნალობა 6-დან 21 დღემდე). დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
15. საქმეზე საგამოძიებო და საპატიმრო ვადის არაერთგზის გაგრძელების შემდეგ, 2004 წლის 9 ივნისს ს---–---- ს---------ე საპყრობილედან გაიქცა ოთხ სხვა პატიმართან, მათ შორის გ------ ს---------ესთან ერთად. ს---–---- ს---------ის გარდა, ყველა გაქცეული დაკავებულ იქნა.
16. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს განსასჯელი ს---------ის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
17. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს---–---- ს---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო სანდო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
18. დაზარალებულმა უ-----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ თავდამსხმელების ამოცნობა არ შეუძლია. თავდამსხმელები ვიზუალურად არ დაუნახავს არც გ------ უ-----–---–ს, მხოლოდ გაქცეულებს მოჰკრა თვალი. ს---–---- ს---------ის და გ------ ს---------ის დაკითხვა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა, გ------ ს---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება საჯაროდ გამოქვეყნდა საქმის განხილვისას, თუმცა სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ ასეთი ჩვენება საფუძვლად არ შეიძლება დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ჩვენებაშიც გ------ ს---------ე გამორიცხავს ს---–---- ს---------ესთან ერთად ყაჩაღობის ჩადენას ფაქტს. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, მოხდა თუ არა გ------ ს---------ის მსჯავრდება აღნიშნული ბრალდებით და რა ბედი ეწია მის მიმართ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს. იმსჯელა და დაადგინა თუ არა სასამართლომ მითითებულ საქმეზე მაინც შემთხვევის დროს არსებული ობიექტური ვითარება და ფაქტები. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ 12 თებერვლის ღამით დააკავეს გაქცეულები, გასათვალისწინებელია, რომ საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი ბრალდებულის (ეჭვმიტანილის) დაკავების ოქმი. ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკა ჩატარებულია არა ს---–----, არამედ ს---–----- ს---------ის მიმართ. მასალებში წარმოდგენილია დადგენილებები ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ, რომელთაგან დადგენილება გ------ ს---------ის მიმართ თარიღდება 2004 წლის 12 თებერვალის 15:00 საათით, ხოლო ს---–---- ს---------ის მიმართ - იმავე დღის 17:00 საათით. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების თანახმად კი აღნიშნული პირები 12 თებერვლის ღამის პირველ საათზე არიან დაკავებულები.
19. ყველა მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ს---–---- ს---------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. ნაცვლად დამაჯერებლობისა, მტკიცებულებებში ასახული გარემოებები იწვევენ მხოლოდ გაურკვევლობასა და ეჭვს, რაც არ არის საკმარისი ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით განსასჯელმა ს---------ემ ჩაიდინა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
20. სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
21. სსსკ-ის 10-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასება:
22. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ს---–---- ს---------ის მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებაში ს---–---- ს---------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 502-ე, 504-ე, 510-512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
განსასჯელი: ს---–---- ი-----ს ძე ს---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქ/პუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.
ს---–---- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდეს.
გამართლებულ ს---–---- ს---------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - სამოცი ცალი გამოყენებული ”მონო-ბარათი” და დანა, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი