განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115794410
საქმე № 1-535/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
პროკურორის _ დავით კირჩხელის
ადვოკატის _ გვანცა თურმანიძის
მონაწილეობით, განსასჯელ ბესიკ ბოლქვაძის დასწრების გარეშე _ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
განსასჯელ ბესიკ ბოლქვაძის მიმართ;
მამის სახელი : ნიაზი
დაბადებული: 1982 წლის 11 სექტემბერს,მოქალაქეობა: საქართველოს
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,განათლება: საშუალო
საცხოვრებელი მისამართი – ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქუჩა №20, ბინა №7-ში,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (2002 წლის 27 ოქტომბერს მოქმედი რედაქციით);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. საბრალდებო დასკვნების თანახმად, განსასჯელ ბესიკ ბოლქვაძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა რომან კახაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2002 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 01 საათზე, ქ. ბათუმში, მაზნიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ბესიკ ბოლქვაძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა რომან კახაძეს.
3. აღნიშნული ქმედებისთვის, ბესიკ ბოლქვაძე 2003 წლის 27 იანვარს დაუსწრებლად მიცემული იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
4. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ბესიკ ბოლქვაძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ბესიკ ბოლქვაძემ რომან კახაძეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა
5. დაზარალებულმა რომან კახაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2002 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, თავის მეგობართან ზურაბ საგინაძესთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც შეკამათება მოუვიდათ ორ უცნობ პირთან. ინციდენტის დასრულების შემდეგ იგრძნო, რომ დაჭრილი იყო, რის თაობაზეც უთხრა საგინაძეს, რომელმაც გააჩერა ტაქსი და წაიყვანა საავადმყოფოში, ჩაუტარდა ოპერაცია. არ იცის ვინ მიაყენა დაზიანება, პირები, რომლებთანაც უთანხმოება მოუხდათ, უცნობები იყვნენ. ბესიკ ბოლქვაძე მათ შორის არ ყოფილა. მას კარგად იცნობს, ნათესავები არიან, ამიტომ ბოლქვაძეს რომ მიეყენებინა მისთვის დაზიანება, აუცილებად იცნობდა.
6. მოწმე ნოშრევან საგინაძის ჩვენების თანახმად, არც მან იცის ვინ მიაყენა დაზიანება რომან კახაძეს. შემთხვევის ღამეს, ისიც იმყოფებოდა ზურაბ საგინაძესთან და რომან კახაძესთან ერთად, თუმცა ამ დროს რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. როდესაც ჭავჭავაძის და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთასთან დაემშვიდობა მეგობრებს და სახლში წავიდა, მალე შემოესმა ხმაური, რის გამოც უკან დაბრუნდა. რომან კახაძე უკვე დაჭრილი დახვდა, ის პირები, კი ვისთანაც კახაძეს და საგინაძეს კონფლიქტი ჰქონდათ, ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ.
7. მოწმე ზურაბ საგინაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2002 წლის 27 ოქტომბერს, ღამით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოძრაობისას, მას და მის მეგობარს რომან კახაძეს კამათი მოუხდათ უცნობ პირებთან, ჩხუბში კამათი არ გადაზრდილა, თუმცა ინციდენტის ამოწურვის შემდეგ კახაძე დაჭრილი აღმოჩნდა. არ იცნობს პირებს, ვისთანაც შეკამათება მოუხდათ, სიბნელე იყო და სახეები ვერ გაარჩია კარგად.
8. მოწმე ჯამბულ მგელაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2002 წელს მუშაობდა სპს "კერძო დეტექტივში". 27 ოქტომბრის ღამეს, თანამშრომელთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად პატრულირებისას შეესწრო ახალგაზრდების კამათს. სამ ახალგაზრდას ეკამათებოდა ორი პირი, რომელთაგან ერთი ბესიკ ბოლქვაძე იყო, მეორე კი სახელად - "თენგიზი", გვარი არ იცის. ახალგაზრდები უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს. ჩაერივნენ მათ კამათში და გააშველეს. არ დაუნახავს დაჭრის ფაქტი და ვერც ის შენიშნა ამ ინციდენტისას ვინმე თუ იყო დაჭრილი.
9. ვინ მიაყენა დაზიანება რომან კახაძეს 2002 წლის 27 ოქტომბრის ღამეს, ინფორმაციას არ ფლობენ არც სხვა მოწმეები - რუსლან დუმბაძე და ლია თავბერიძე, რომელთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. სასამართლო-სამედიცინო ცენტრის 2002 წლის 28 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №4/14-1697 დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმის პირველი საავადმყოფოს ავადმყოფობის ისტორიის მონაცემების შესაბამისად, რომან ბეჟანის ძე კახაძე მოთავსდა სტაციონარში 2002 წლის 27 ოქტომბერს 02:30 საათზე და მას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, განლაგებული მარჯვენა ნეკთა რკალის დონეზე ძუძუს ხაზზე შემავალი გულმ-კერდის ღრუში, მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელის საგნის და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
11. სასამართლო-სამედიცინო ცენტრის 2002 წლის 22 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №4/14-1459 დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს ავადმყოფობის ისტორიის მონაცემების შესაბამისად, მოქალაქე რომან ბეჟანის ძე კახაძე მოთავსდა სტაციონარში 2002 წლის 27 ოქტომბერს 02:30 საათზე და მას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, განლაგებული მარჯვენა ნეკთა რკალის დონეზე ძუძუს ხაზზე შემავალი გულ-მკერდის ღრუში, მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მჩხლეტავ-მჭრელი საგანი შესაძლებელია იყოს დანა.
12. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს განსასჯელი ბოლქვაძის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
13. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბესიკ ბოლქვაძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სანდო და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
14. დაზარალებული რომან კახაძე დაბეჯითებით და კატეგორიულად მიუთითებს, რომ ბესიკ ბოლქვაძეს ის არ დაუჭრია. ეს უკანასკნელი მისი ნათესავია და კარგად იცნობს, პირები კი, რომლებთანაც შელაპარაკება მოუხდა 2002 წლის 27 ოქტომბრის ღამეს და რომელთაგან ერთ-ერთმა მიაყენა დაზიანება, უცნობები იყვნენ. ის გარემოება, რომ კახაძეს ჭრილობა სწორედ ბესიკ ბოლქვაძემ მიაყენა, არ დასტურდება არც სხვა მოწმეთა ჩვენებებით. კახაძესთან ერთად კონფლიქტში მონაწილე ზურაბ საგინაძე განმარტავს, რომ სიბნელის გამო ვერ გაარჩია იმ პირთა სახეები, რომლებთანაც შელაპარაკება მოუხდათ მას და კახაძეს. მოწმე ჯამბულ მგელაძე საუბრობს კონფლიქტში მონაწილე ორ პირზე - ბესიკ ბოლქვაძეზე და ვინმე "თენგიზზე", თუმცა არ დაუნახავს დაჭრის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ გააშველა მხარეები, ვერც იმას მიხვდა ვინმე დაიჭრა თუ არა ამ კონფლიქტისას.
15. ყველა მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ბესიკ ბოლქვაძის მიერ რომან კახაძისთვის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს.
16. სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
17. სსსკ-ის 10-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასება:
18. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბესიკ ბოლქვაძის მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებაში ბესიკ ბოლქვაძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 502-ე, 504-ე, 510-512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
განსასჯელი: ბესიკ ნიაზის ძე ბოლქვაძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წლის 27 ოქტომბერს მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.
ბესიკ ბოლქვაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდეს.
გამართლებულ ბესიკ ბოლქვაძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი