გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2018
საქმის ნომერი
190370017002220945
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-317-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.02.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - გ------- ტ-----–--ე,წარმომადგენელი - ზ---- ბ------ე,მოპასუხეები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,წარმომადგენელი: გ------- მ-------–--ლი, მ--- წ-–--–-–-ილი,დავის საგანი: ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელე მოითხოვს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბ---- ტ-------ს 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილების და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2017 წლის 04 აგვისტოს №4-- ბრძანების ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 28 აპრილს შსს მომსახურების სააგენტოს სამსახურეობრივი ბარათით მიმართა ხარაგაულის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსმა, რომლითაც ითხოვა მოსარჩელის მიმართ 2014 წლის 14 აპრილს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ,,ბ" კატეგორიის მართვის უფლების პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების და 2014 წლის 22 აპრილის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გამოცემული მართვის უფლების მისაღები შეფასებების - გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განიხილა სამსახურებრივი ბარათი და 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილებით ბათილად ცნო 2014 წლის 14 აპრილის მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ,,ბ" კატეგორიის მართვის უფლების პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების და 2014 წლის 22 აპრილის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გაცემული მართვის უფლების მისაღები შეფასებები- გადაწყვეტილებები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არის უკანონო იმ საფუძვლით, რომ ავტომობილის მართვის ,,ბ" კატეგორიის უფლება მან აიღო კანონის სრული დაცვით სამედიცინო ცნობების წარდგენით და გამოცდაზე მიღებული შედეგების საფუძველზე, ამიტომ არავითარ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მიუთითებს პოლიციის მხრიდან მისი პიროვნების ინტერესთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის №13---85 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი გ------- ტ-----–--ის მიმართ ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების, მართვის უფლების მისაღები გამოცდების შეფასებების, ამავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებები. მითითებული გადაწყვეტილების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს 2017 წლის 28 აპრილის №100---- სამსახურებრივი ბარათის ბათილად ცნობის მოთხოვნით 2017 წლის 11 ივლისს გ------- ტ-----–--ემ №16----- ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა მომსახურების სააგენტოში, საიდანაც 2017 წლის 20 ივლისს №173---- სამსახურებრივი ბარათით გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმის მასალებით იკვევა, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 14 აპრილს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქუთაისის განყოფილებას თეორიულ გამოცდაზე დაშვების მიზნით, წარუდგინა შპს ,,ქუთაისის №2 პოლიკლინიკის" მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის მიხედვითაც გ------- ტ-----–--ე იმყოფებოდა პრაქტიკულად ჯანმრთელი. მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 მაისის №10----- წერილით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გ------- ტ-----–--ის აღრიცხვაზე ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით და ასევე დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ხომ არ იყო უკუჩვენებები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის პასუხადაც ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა" ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობა, რომ გ------- ტ-----–--ე 2012 წლის 10 თებერვლიდან იმყოფება აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის №01-6/ნ №134 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნული დიაგნოზის შემთხვევაში უკუჩვენებებია ყველა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. გ------- ტ-----–--ეს არ უცნობებია მომსახურების სააგენტოსათვის მისი შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" ყოფნის ფაქტი. შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" მონაცემებით გ------- ტ-----–--ე 2012 წლის 10 თებერვლიდან იმყოფება აღრიცხვაზე. დიაგნოზის მიხედვით დგინდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს.

 

მოპასუხის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან მიუთითა, რომ შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" 2017 წლის 8 მაისის №109---- წერილის თანახმად, გ------- ტ-----–--ე 2012 წლის 10 თებერვლიდან აღრიცხვაზე იმყოფება შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" დიაგნოზით: პარანოიდული შიზოფრენია. მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას და აღნიშნული გამოცდების შეფასებისას, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემისას მომსახურების სააგენტოში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია გ------- ტ-----–--ის შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" აღრიცხვაზე ყოფნის თაობაზე. ამასთან, 2014 წლის 14 აპრილს ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისას და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემისას მოსარჩელე მხარეს მომსახურების სააგენტოსათვის არ უცნობებია მისი შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში"აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2014 წლის 22 აპრილს გ------- ტ-----–--ის სახელზე გაიცა ,,B" კატეგორიის მართვის მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჩივარი (ს. ფ. 1);

- დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 26-37);

-წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 68-76; 144-152);

- მართვის მოწმობის ასლი ( ს.ფ. 114);

 

3.1.2. 2017 წლის 28 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების განყოფილების უფროსმა შემდგომი რეაგირების მიზნით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და აცნობა, რომ გ------- ტ-----–--ის სახელზე 2014 წლის 22 აპრილს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულია ,,B" კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელიც 2012 წლიდან აღრიცხვაზეა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჩივარი (ს. ფ. 1);

- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 26-37);

-წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 68-76; 144-152);

- 2017 წლის 28 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების განყოფილების უფროსის წერილი (ს. ფ. 159-160);

 

3.1.3. გ------- ტ-----–--ე შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" აღრიცხვაზეა 2012 წლის 10 თებერვლიდან, დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია F20.0, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვალის №01-6/ნ-№134 ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნების გათვალისწინებით, აღნიშნული დიაგნოზის შემთხვევაში უკუნაჩვენებია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" 2017 წლის 03 მაისის №85 წერილი (ს. ფ.170);

 

3.1.4. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი გ------- ტ-----–--ის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების 2014 წლის 14 აპრილის მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების და ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების 2014 წლის 22 აპრილის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების 2014 წლის 14 აპრილის და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გ------- ტ-----–--ის 2014 წლის 22 აპრილის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების შეფასებები, ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გ------- ტ-----–--ის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების და მის სახელზე ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შესახებ 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი გ------- ტ-----–--ის სახელზე 2014 წლის 22 აპრილს გაცემული ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა KH0------, ბათილად ცნობის დღიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჩივარი (ს. ფ. 1);

- დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 26-37);

- წერილობითი შესაგებელი ( ს.ფ. 68-76; 144-152);

-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილება (ს. ფ. 8-13);

 

3.1.5. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2017 წლის 04 აგვისტოს №4-- ბრძანებით გ------- ტ-----–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2017 წლის 04 აგვისტოს №4-- ბრძანება (ს. ფ. 2-6);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2017 წლის 04 აგვისტოს №4-- ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გ------- ტ-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მოსარჩელის, მისი წარმომადგენელის, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- ტ-----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვალის №01-6/ნ-№134 ბრძანება; სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს №598 ბრძანება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მიერ 2014 წლის 22 აპრილს გ------- ტ-----–--ის სახელზე გაიცა ,,B" კატეგორიის მართვის მოწმობა KH0------. მართვის მოწმობის გაცემის საფუძვლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა შპს ,,ქუთაისის №2 პოლიკლინიკის" მიერ 2014 წლის 14 აპრილს გაცემული №659 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა, ხოლო შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის" 2017 წლის 15 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, გ------- ტ-----–--ე დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით, ექიმთან მიმართვის თარიღია 17.02.03; შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორის 2017 წლის 3 მაისის №85 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" გ------- ტ-----–--ე აღრიცხვაზეა 2012 წლის 10 თებერვლიდან, დიაგნოზით: პარანოიდული შიზოფრენია F20.0, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვალის №01-6/ნ-№134 ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნების გათვალისწინებით, აღნიშნული დიაგნოზის შემთხვევაში უკუნაჩვენებია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

 

,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს;

 

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს №598 ბრძანების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქეპუნქტის თანახმად, ამ წესით განსაზღვრულ, წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად პირი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა: „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის ან „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

 

,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვალის №01-6/ნ-№134 ბრძანების №1 დანართის მე-19 პუნქტის თანახმად, ფსიქოზური ან არაფსიქოზური ფსიქიკური დაავადებები და ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობები, მყარი რემისიის ფარგლებში უკუნაჩვენებია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- ტ-----–--ე შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" აღრიცხვაზეა 2012 წლის 10 თებერვლიდან, დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია F20.0, აღნიშნული დიაგნოზით კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვლის №01-6/ნ-№134 ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნების გათვალისწინებით, უკუნაჩვენებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე 2014 წლის 14 აპრილს, როდესაც მიმართა მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს ქ. ქუთაისის განყოფილებას ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების მიზნით იმყოფებოდა შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" აღრიცხვაზე დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია, F20.0, თუმცა ამ უკანასკნელმა სსიპ მომსახურების სააგენტოში წარადგინა 2014 წლის 14 აპრილს შპს ,,ქუთისის №2 პოლიკლინიკის" მიერ გაცემული ცნობა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გრაფაში მითითებულია, რომ გ------- ტ-----–--ე იმყოფება პრაქტიკულად ჯანმრთელი. აღნიშნული გახდა საფუძველი ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისა და ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემისა, რითაც დაირღვა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები, ვინაიდან მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა. ე. ი. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; უფრო მეტიც დასახელებული კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას. მოსარჩელის მიერ ავტომანქანის მართვა დასახელებული დიაგნოზის არსებობის პირობებში არღვევს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს, საფრთხეს და დაბრკოლებას შეუქმნის საგზაო მოძრაობას. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მისი შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი მართვის მოწმობის გაცემის და საქმის სასამართლო განხილვის მიმდინარეობის პერიოდშიც და რომ ამ უკანასკნელს აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. (2018 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი 15:35:05; 15:45:53); არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველი გახდეს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მართავდა ავტომანქანას და იხდიდა ჯარიმებს დარღვევისათვის და მისი შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი ხელს არ უშლის მართვის მოწმობის არსებობას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო 2014 წლის 14 აპრილის №659 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა, რომლითაც იგი პრაქტიკულად ჯანმრთელია ვინაიდან მოსარჩელის შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" აღრიცხვაზე ყოფნა 2012 წლის 10 თებერვლიდან, დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია F20.0, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვლის №01-6/ნ-№134 ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნების გათვალისწინებით, უკუნაჩვენებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ივნისის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს №MIA 917-------5 გადაწყვეტილებით: ბათილად იქნა ცნობილი გ------- ტ-----–--ის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების 2014 წლის 14 აპრილის მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების და ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების 2014 წლის 22 აპრილის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების 2014 წლის 14 აპრილის და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გ------- ტ-----–--ის 2014 წლის 22 აპრილის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების შეფასებები, ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გ------- ტ-----–--ის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების და მის სახელზე ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შესახებ 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი გ------- ტ-----–--ის სახელზე 2014 წლის 22 აპრილს გაცემული ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა KH0------ ბათილად ცნობის დღიდან, იმ საფუძვლით, რომ გ------- ტ-----–--ე 2012 წლის 10 თებერვლიდან აღრიცხვაზეა შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში", დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია, რისთვისაც ამავე ცენტრის 2017 წლის 8 მაისის №109---- წერილის თანახმად, უკუნაჩვენებია ყველა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ------- ტ-----–--ის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ქონა და მის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე უკუნაჩვენებია სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილებით სწორად ცნო ბათილად გ------- ტ-----–--ის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების 2014 წლის 14 აპრილის მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების და ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების 2014 წლის 22 აპრილის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების გადაწყვეტილებები; მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების 2014 წლის 14 აპრილის და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გ------- ტ-----–--ის 2014 წლის 22 აპრილის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების შეფასებები; მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების მიერ გ------- ტ-----–--ის ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების და მის სახელზე ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შესახებ 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და მის სახელზე 2014 წლის 22 აპრილს გაცემული ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა KH0------. ამასთან, ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს №598 ბრძანების 24-ე მუხლის მეოთხე პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით; მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მართვის უფლების მიღების პერიოდში აღრიცხვაზე იმყოფებოდა შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" დიაგნოზით, პარანოიდული შიზოფრენია F20.0, მის მიერ აღნიშნულის შესახებ არ ეცნობა მოპასუხეს და არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ცნობა. პირიქით მის მიერ წარდგენილი ცნობის შინაარსი არ ასახავდა მისი ჯანმრთელობის რეალურ, ნამდვილ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2017 წლის 04 აგვისტოს №4-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი. გადაწყვეტილება დაფუძნებულია საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმადაც ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვალის №01-6/ნ-№134 ბრძანების №1 დანართის მე-19 პუნქტის თანახმად, ფსიქოზური ან არაფსიქოზური ფსიქიკური დაავადებები და ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობები, მყარი რემისიის ფარგლებში უკუნაჩვენებია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ------- ტ-----–--ის სარჩელი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის №MIA 917-------5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და კანონიერად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2017 წლის 04 აგვისტოს №4-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2012 წლის 21 თებერვალის №01-6/ნ-№134 ბრძანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ტ-----–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- ტ-----–--ის სარჩელი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №MIA917-------5 გადაწყვეტილების და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2017 წლის 04 აგვისტოს №4-- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი