გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110310017001796624
№3/21-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.02.2018წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი მარინა კვინიკაძე, ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: გ-------------–-,წარმომადგენელი: კ----–----------;
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი: ა---------–---------;
მოპასუხე: ა--------------;
წარმომადგენელი: ნ---------------;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ით ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს.კ. 3----------- მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის, 2016 წლის 24 ივნისის N882016386743-3 გადაწყვეტილება, ჩრდილოეთით-38კვ.მ. და დასავლეთით-15 კვ.მ. (სულ 53 კვ.მ.) ნაწილში.
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს ექსპერტიზის 2016 წლის 18 აპრილის N002172816 დასკვნაზე დაყრდნობით ახალი გადაწყვეტილების მიღება.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელისა და მოპასუხის ა--------------ს შორის წარმოებული სასამართლო დავისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით “ საკითხის გადაუჭრელად ბათილად იქნა ცნობილი სადაო სარეგიტრაციო ჩანაწერი და ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ხელახალი გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი ჩანაწერების განხორციელების შედეგებით. სასამართლო დაეყრდნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 24/04/2014 წლის დასკვნას.
მოპასუხე ზესტაფონის სარეგიტრაციო სამსახურში შესაბამის საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია გ-------------–- მათი მხრიდან შეუტყობინებლობის გამო და საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგები არ არის ადეკვატური. ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში ქვემდებარე საქმის წარმოების საქმის შედეგად, იმავე ექსპერტიზის ბიუროს მიერ იმავე ნაკვეთებზე და იმავე სარეგისტრაციო დოკუმენტებზე დაყრდნობით, დამზადებულ იქნა ექსპერტიზის ახალი 2016 წლის 18 აპრილის N002172816 დასკვნა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წინარე დასკვნასთან და თითქმის სრულყოფილად აწესრიგებს სადაო საკითხს, ვინაიდან ახალი (პროკურატურის დაკვეთით მომზადებული) ექსპერტიზის დასკვნა აბათილებს წინარე დასკვნის სამართლებრივ შედეგებს; ამასთან, მოსარჩელისათვის უცნობი იყო სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი გადაწყვეტილებისა და შედეგების თაობაზე - ახალი დასკვნა გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში მოსარჩელემ წარუდგინა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება - იმავე დასკვნის შესაბამისად. რეგისტრატორმა გ-------------–- ჯერ მიუთითა, რომ უნდა განეახლებია დავა -”ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო” თუმცა, ვინაიდან სასამართლომ საკითხის გადაუჭრელად დაავალა სარეგისტრაციო სამსახურს ახალი გადაწყვეტილების მიღება- მოსარჩელემ დასკვნა წარუდგინა რეგისტრატორს და თხოვა კორექტირების მოხდენა, რაზეც სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელეს მისცა საქმის წარმოების მიმდინარეობის გადაწყვეტილება და თხოვა თავისი მოთხოვნის დაზუსტება, რაც დააზუსტა კიდეც შესაბამისი განცხადებით, ხოლო შემდეგ საკითხის განუხილველად, მისცა საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ თითქოს მოსარჩელემ არ შეავსო ხარვეზები. ამდენად მოპასუხე ა--------------- სახელზე უკანონოდ რეგისტრირებული ჩანაწერით და მოპასუხე სამსახურის მოქმედებით (უმოქმედობით) იზღუდება მოსარჩელის უფლებები და ადგება ზარალი.
2. მოპასუხის პოზიცია
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გ-------------–-- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: ზესტაფონი სოფელი ზ------------. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა განცხადება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზები. გამომდინარე იქედან, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და უკვე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება (საკადასტრო კოდზე 3----------- მესაკუთრე ა--------------) განმცხადებელს დაევალა მესაკუთრის ა--------------- თანხმობის ან კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ზემოთაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით 2016 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882016784480-09 გადაწყვეტილება და გ-------------–- განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა საკადასტრო კოდი 3----------- ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელების ანდა მედიატორ ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ: განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან : 1. გასაჩივრებული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს. 2. არ არის დარღვეული კანონის მომზადება და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთოვნები. მხარის მიერ სადაოდ ქცეული გადაწყვეტილების მიღებისას ყოველმხრივ და სრულად არის გამოკვლეული და შესწავლილი საქმის მასალები ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე ა--------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელესა და ა------- გ-–--- შორის წარმოებული სასამართლო დავის , ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ” გ---- გ------ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური ს №882010770979 და №882010770822 გადაწყვეტილებები №3----------- და №3----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების (დაზუსტებული ფართობი 1430 და 721 კვ.მ. მის: ზესტაფონის რაიონის სოფ. ზ------------, მესაკუთრე გ-------------–-) გ---- გ------ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთთან საკადასტრო ზედდების ნაწილში და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სადავო მიწის ნაკვეთზე გ--------------–-- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით; საკითხის გადაუჭრელად ბათილად იქნა ცნობილი სადაო სარეგისტრაციო ჩანაწერი და საჯარო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ხელახალი გადაწყვეტილების მიღება- შესაბამისი ჩანაწერების განხორციელების შედეგებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება ;
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტი) :
2007 წლის 05 ივნისიდან გ---- გ------ საკუთრებად რეგისტრირებულია 4 787 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა - ზესტაფონი, კოდი - 32, სექტორი - ზ------------ 09, კვარტალი - 03, ნაკვეთის ნომერი - 903 , მისამართი სოფელი ზ-------------). რეგისტრაციის საფუძველი - ნასყიდობა, დამოწმებული ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 05.06.07 წ.
2007 წლის 05 ივნისის გარიგებით ირკვევა, რომ ნი--- სა-------–-ძემ (მცხ. ქ. თბილისი, გ-------------- ქუჩა №17 პ/ნ. 1---------- ) მინდობილობის საფუძველზე 6800 ლარად მიჰყიდა გ---- გე–--ეს (მცხ. ქ. ზესტაფონი, უ------- ქუჩა №31) ნ--ი სა-------–-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საცხოვრებელ სახლთან ერთად, სახლის ფართობი 53 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 0.48 ჰა, მდებარე სოფელი ზ------------ .
საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის №1539 მიღება-ჩაბარების სახელწიფო აქტითა და მასზე დართული ექსპლიკაციით ნ--ი სა-------–-ძეს მიღებული აქვს სახლი, ეზო - 3 487 კვ.მ.; ყანა - 1300 კვ.მ.; სულ 4787 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ექსპლიკაციაზე არის აღნიშვნა №1 - კაკლის ხე, №2 - საკანალიზაციო ჭა, №3 - სასმელი წყლის ჭა.
2007 წლის 05 ივნისის მარტივი წერილობითი გარიგებით ირკვევა, რომ ნი--- სა-------–-ძემ (პ/ნ. 1----------) გ-------------–- (პ/ნ. 1----------) მიჰყიდა მიწის ნაკვეთები ს/კ. 3----------- ფართობით - 1435 კვ.მ; ს/კ 3----------- - ფართობით - 1496 კვ.მ. ს/კ 3----------- - ფართობით - 720 კვ.მ. შენობა -ნაგებობა 93 კვ.მ. (საცხოვრებელი 70 კვ.მ, დამხმარე - 23 კვ.მ.). 05.06.07წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ-------------–-- სახელზე დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა 1 430.00 კვ.მ. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------), 721.00 კვ.მ. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 93.00 კვ.მ. შენობა -ნაგებობა ს/კ. 3----------- (მიწის ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------). მითითებულ მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია განხორციელდა №882010770979, 02/09/2010 განაცხადისა და 882010770822, 02/09/10 განაცხადის საფუძველზე .
გ--------------–-- საკუთრების უფლება მოიპოვა ნი--- სა-------–-ძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელს კი თავის მხრივ საკუთრება მიღებული ჰქონდა შ----ა სა-------–-ძისაგან 30.06.1999 წელს .
15.11.1990 წლის ტექ.პასპორტით ირკვევა, რომ შ----ა სა-------–-ძის (შემდეგში ნი--- სა-------–-ძის) ფაქტობრივ სარგებლობაში იყო 2 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) 162 კვ.მ. განაშენიანების ფართობი. გრუნტი შეადგენდა - 662 კვ.მ., ხოლო ბოსტანი - 1 340 კვ.მ.
საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტით №1515 (21.12.1998 წ.) ირკვევა, რომ შ----ა ნ-----–------ ძე სა-------–-ძეს სოფელ ზ------------ში გააჩნდა სახლი, ეზო ფართობით - 720 კვ.მ.; ვენახი - 1435 კვ.მ. (მიწის რეფორმამდე არსებული) და დამატებით გამოყოფილი ე.წ. ,,ე--–----” ტერიტორია გო-- სა-------–-ძის ეზოს აღმოსავლეთით 1496 კვ.მ.
ამდენად, შ----ა სა-------–-ძეს, რომლისგანაც უძრავი ქონება მიიღო ნი--- სა-------–-ძემ, მიწის რეფორმამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ვენახი გააჩნდა 2164 კვ.მ.-ის ფარგლებში (162+662+1340) (ტექ.პასპორტით ), ხოლო №1515 მიღება-ჩაბარების აქტით - 2155 კვ.მ. (720+1435), რაც 9 კვ.მ.-ით ნაკლებია ტექ.პასპორტში აღნიშნულ ფართობზე. იმავე მიღება -ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ შ----ა სა-------–-ძეს, დამატებით, რეფორმის წესით, გამოეყო 1 496 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. როგორც საქმის მასალები ადასტურებს ნი--- სა-------–-ძეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა შ----ა სა-------–-ძისაგან შეძენილი მიწის ნაკვეთები მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე იმ ფართობებით, რაც ამ აქტში იყო აღნიშნული - საკადასტო კოდით: 3----------- – 720 კვ.მ. მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლით, საკადასტრო კოდით: 3----------- – 1435 კვ.მ. და საკადასტრო კოდით 3----------- - 1496 კვ.მ. (ს.ფ. 229-231, ტ-1), სწორედ ეს საკადასტრო კოდები და შესაბამისი ფართობებია მითითებული გო-- ყა-----ლთან დადებულ 05.06.07წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში. საქმეში წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებით დასტურდება, რომ №3-----------, №3----------- და №3----------- მიწის ნაკვეთების მესაკუთრე გახდა გ-------------–- .
3.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის #882016386743-3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა--------------- მოთხოვნა უძრავი ნივთის (ს.კ. 3----------(მიწის ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) რეგისტრაციის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის #882016386743-3 გადაწყვეტილება;
3.4. 2016 წლის 14 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გ-------------–-- და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა განცხადება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზები და 2016 წლის 18 აპრილის N002172816 ექსპერტიზის დასკვნა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #882016784480-09 (26.12.2016) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 18 აპრილის N002172816 დასკვნა;
3.5. საჯარო რეესტრის ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ #882016784480-09 (26.12.2016) გადაწყვეტილება და გ-------------–- განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ს.კ.3----------- ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების ანდა მედიატორ ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- #882016784480-09 (26.12.2016) გადაწყვეტილება წარმოების მიმდინარეობის შესახებ;
- #882016784480 (27.01.2017) გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ;
3.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადაო 53 კვ.მ. ფართობში განლაგებულია მიწის ნაკვეთის #1539 მიღება-ჩაბარების აქტზე დართულ ექსპლიკაციაში მითითებული კაკლის ხე, საკანალიზაციო ჭა და სასმელი წყლის ჭა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-------------–-- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულება;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
7.2. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის #882016386743-3 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”.
7.4. ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ან თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას. (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები).
მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი).
7.5. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მესამე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ პუნქტებში მოცემულია საკუთრების უფლების და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი: საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია – ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებს წარმოადგენს – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
7.6. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა.
გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ.
7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გ-------------–-- და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა განცხადება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზები და 2016 წლის 18 აპრილის N002172816 ექსპერტიზის დასკვნა. საჯარო რეესტრის ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ #882016784480-09 (26.12.2016) გადაწყვეტილება და გ-------------–- განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ს.კ.3----------- ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების ანდა მედიატორ ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლების დამდგენ დოკუმენტს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
7.8. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის #882016386743-3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა ა--------------- მოთხოვნა უძრავი ნივთის (ს.კ. 3----------) რეგისტრაციის თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–-- სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------–-- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი