განაჩენი

სისხლის სამართლის 04.01.2018
საქმის ნომერი
190100115000793588
თარიღი
04.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

(№2-------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

04 იანვარი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ქეთევან სონიძე,დაცვის მხარე: ადვოკატი - მარინა კაკაურიძე,განსასჯელი ი------------–------–---------ი (დაბადებული 1----–-–-----------------ს, ა------------ის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი - წინააღმდეგობა, ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წარმომადგენლების მიმართ, ესეიგი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალად შერაცხული ქმედების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ი-------------მა ტ--–-------------------–----------თან ერთად ჯგუფურად, 2005 წლის 16 სექტემბერს წინააღმდეგობა გაუწია გ--------ის პოლიციის თანამშრომლებს, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მითითებას გარდაბანი-ვ---------ის საავტომობილო გზის გათავისუფლების შესახებ, რა დროსაც ი-------------მა შუბლის არეში ქვა ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს ნ-----–------------–---–ს, იმ დროს როცა ამ უკანასკნელს ხელს უჭერდა ტ--–------------ი. ნ-----–------------–---–ისთვის მიყენებული დაზიანება შეესაბამება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ი-------------ს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის საბოლოოდ ბრალი წარედგინა 2015 წლის 28 აპრილს. გ--------ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 05 სექტემბრის ბრძანებით, ბრალდებულ ი-------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით გ--------ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 05 სექტემბრის ბრძანებით, ბრალდებულ ი-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებული პატიმრობა შეიცვალა გირაოთი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ ი-------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა განსასჯელის დამნაშავედ ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებები და სამართლებრივი შეფასება, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. დაზარალებულის ნ-----–-----------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი-------------ს არ იცნობს. 2005 წლის 16 სექტემბერს სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა არ ახსოვს. იმ პერიოდში მუშაობდა გ--------ის რაიონში, პოლიციის განყოფილებაში და სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი იყო. არ ახსოვს დღის რა მონაკვეთი იყო და რა შეტყობინება შევიდა, რაზეც შემთხვევის ადგილზე გასვლა გახდა საჭირო, ვინ იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, თანამშრომლები ვინც გვერდით ედგნენ ვერ იხსენებს. როგორც ახსოვს გზის გადაკეტვას ჰქონდა ადგილი, ვინ გადაკეტა და რას ითხოვდნენ არ ახსოვს ზუსტად. იმ ფაქტის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახსოვს, რომ ქვების სროლა იყო და ამ ქვების სროლის შედეგად თავი გაუტყდა. დეტალები ზუსტად არ ახსოვს, ვერც იმას იხსენებს შემთხვევით გასროლილი ქვა მოხვდა თუ ვიღაცამ მიზანმიმართულად დაარტყა. ი-------------ს რომ უყურებს ვერ იხსენებს ამ პიროვნებას, სახელით და გვარითაც არ ახსოვს. ეს ფაქტი უფრო 2004 წელს ეგონა. 2006 წელს დააპატიმრეს, 7 წელი მოიხადა. ქრთამის აღების ფაქტზე. ი-------------ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, არც მის დასჯას არ ითხოვს. წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ტყუილს არ იტყოდა, თუმცა არ ახსოვს რა ის გარემოებები, რაც მაშინ მოხდა. (ტ.1. ს.ფ. 133-136).

 

3.1. მოწმე ი-----------------------–---------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი-------------ს ბავშვობიდან იცნობს. სკოლის დამთავრების შემდეგ ი-----ი ა------------ში ცხოვრობს. ნ-----–------------–---–ს არ იცნობს. 2005 წელს მუშაობდა საკრებულოში აპარატის ხელმძღვანელად. იმ პერიოდში ი-------------ის ძმისშვილი იყო მოკლული, გამგეობიდან დარეკეს, რომ მათ სოფელში არეულობა იყო, წასულიყვნენ და ენახათ რაში იყო საქმე. რომ მივიდნენ გზაზე მაგიდა ნახეს, რაზეც სურათი იდო, ხალხი იყო შეგროვილი, ტ--–------------იც იქ იყო, გარდაცვლილი ბიჭის ნათესავებიც იყვნენ და მეზობლებიც; ტ--–------------მა დაიწყო რომ ავტონომია უნდოდათ, ქართველები არ უყურებდნენ, მათ ბავშვებს კლავდნენ. მათ ვერ შეძლეს სიტუაციის დაწყნარება, წივილ-კივილი იყო, მერე პოლიცია მოვიდა. რომელი განყოფილებიოდან იყვნენ არ იცის, ალბათ გ--------ის პოლიცია იქნებოდა. პოლიცია ეუბნებოდათ, რომ დაშლილიყვნენ, მერე ჩხუბი და არეულობა იყო. ჩხუბი სიტყვიერიც იყო, ქვის დარტყმა არ უნახავს და არც ახსოვს. გადმოცემით იცის სხვებისგან, რომ ერთ პოლიციელს ი-----მა ქვა დაარტყა, პირადად არ დაუნახავს. ჩხუბი იყო პოლიციას და შეკრებილ ხალხში. სიტყვიერი დაპირისპირება იყო, გინება. დაზარალებული არ უნახავს. პოლიციელებს სახელით და გვარით ვერ იხსენებს, არ იცის. ადასტურებს წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას.

 

3.2. მოწმე მ-------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს გ--------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამსახურის სპეციალისტად. ი-------------ს იცნობს, როგორც თანასოფლელს. როგორც ახსოვს, 2005 წლის სექტემბერში მუშაობდა ვ---------ის საკრებულოს თავჯდომარედ. იმ პერიოდში ახლად მომხდარი იყო ი-------------ის ძმისშვილის მკვლელობა სოფელ ლემშვენიერაში. 18 წლის ბიჭი, მწყემსი, ლემშვენიერაში სტუმრად მყოფმა სვანმა ტელეფონის გამო მოკლა გადაჭრილი თოფით. გასვენების დღეს და იმის მერე ხშირად სოფელში ჩადიოდა ხოლმე ტ--–------------ი. დაიწყეს საჩივრების წერა, განცხადება იყო შეტანილი, დაკითხვებზე გამოიძახეს. იმ დღეს, როდესაც ეს ამბავი მოხდა იყო გარდაცვლილი ძმისშვილის ორმოცი. წინა დღეებში და ორმოცამდე როდესაც მიმდინარეობდა გამოძიება, ხანდახან ტ--–------------ი აიძულებდა კიდეც და არიგებდა რომ არასწორად იყო ძიება, ა------------ელი რომ იყო იმიტომ არ იძიებდნენ. მ-------------–---–ი ურჩევდათ, რომ არ მიემართათ საელჩოებში. ორმოცის დღეს ძალიან ბევრი ნათესავი იყო ა------------იდან. წინა დღეებში ტ--–------------ი ჩადიოდა ვ---------ში, მას გაკრული ჰქონდა განცხადებები და ხალხს ეძახდა რომ გასცნობოდნენ. მოთხოვნები იყო არასწორი, რა თქმა უნდა. მ------ი შემთხვევით იყო მისული, ორმოციდან რომ გამოვიდნენ, ხალხი იშლებოდა, ტ--–------------იც მისული იყო ორმოცზე, კიდევ ვიღაცები ჰყავდა ჩამოყვანილი და გადაკეტა გზა. შუაში იდგა ტ--–------------ი, იქით-აქეთ ძმები დაიყენა. მოწოდებები იყო სხვადასხვა, არაჯანსაღი. მოწოდება იყო, რომ ისინი ა------------ელები იყვნენ და მათ არ იცავდნენ, მკვლელი რატომ დადიოდა და რატომ არ იჭერდნენ. განცხადებაში ჰქონდა ტ--–------------ს ერთ-ერთი პუნქტი, რომ ა------------ელი ეროვნების მოქალაქეები რატომ არ უნდა მუშაობდნენ საბაჟოზე, სასაზღვრო ჯარში, სამართალდამცავ ორგანოებში, უპატივისმცემლოდ ექცეოდნენ ქართველები ა------------ელებს ამ კუთხით. ი-------------ი და მისი ოჯახის წევრები არ ეთანხმებოდნენ ტ--–------------ს, ჰქონდათ მასთან შელაპარაკება. ყველამ იცოდა, რომ ტ--–------------ი იყენებდა ამ ოჯახს, ისინი გამწარებულები იყვნენ, უნდოდათ, რომ მკვლელი დაესაჯათ და ამას ითხოვდნენ. პოლიციამ შესთავაზა, რომ გზა გაეხსნათ, უკვე დღის მეორე ნახევარი იყო ბაქოში წამსვლელი ხალხი აგვიანებდა მატარებელზე, ტ--–------------ი არ აძლევდა თითქოს უფლებას და საშუალებას, რომ გზიდან გასულიყვნენ. პოლიციამ რომ მოუწოდა, იმ დროს მივიდა მ-------------–---–ი, სთხოვა ტ--–------------ს, რომ გზა გაეხსნათ უკვე მანქანების ნაკადი იყო, საზღვართან ახლოს ხდებოდა გზის შეფერხება. მ-------------–---–მა სთხოვა შეიძლება ი-------------ი გაცლილიყო, მაგრამ ტ--–------------მა არ მისცა საშუალება. პოლიციელები ახსოვს მ-------------–---–ს, დიდი ხნის თანამშრომლები იყვნენ, ერთი ახსოვს ქ------–---–ი. სახეზე ყველას იცნობს. პოლიცია სიტყვიერად მიმართავდა, რომ გზა გაეხსნათ. ი-------------ი ემორჩილებოდა იმ სიტუაციას, მაგრამ ტ--–------------ი არ აძლევდა საშუალებას. რამდენჯერმე შეთავაზების შემდეგ, მ-------------–---–მაც უთხრათ, რომ გზა გაეხსნათ არადა იძულებული გახდებოდა პოლიცია, სამართალდამცავი ორგანოები, რომ ძალით გაეხსნათ, ტ--–------------მა უშვერი სიტყვებით დაიწყო ლანძღვა. პოლიციამ რომ შესთავაზა გზის გახსნა და არ გახსნა, ტ--–------------თან მივიდნენ რომ ხელი დაეკავებინათ და გამოეყვანათ მერე დაიწყო არეულობა. ქვების სროლა იყო, ლანძღვა, გინება ა------------ულ ენაზე. ტ--–---ი რომ ჩასვეს მანქანაში ოჯახის წევრები უცებ დაიშალნენ. ტ--–------------ს ჩამოყვანილი ჰყავდა მომხრეები. როდესაც ტ--–------------ს აკავებდნენ ქვების სროლა იყო, თითქოს მოსახლეობას უნდოდა, რომ ტ--–------------ი დაეცვა პოლიციისგან. ზოგი ქვას ისროდა, ზოგი ილანძღებოდა, არეულობა იყო. ი-------------ის თავდასხმა არ ახსოვს მაგრამ ქვების სროლის მომენტი თვალწინ უდგას. ი-------------ი, ძმები და ყველა გაიქცნენ, ადგილზე აღარ იყვნენ. ქ------–---–ი დაინახა, რომელსაც თავში ჰქონდა მოხვედრილი ქვა, დაზიანებული ჰქონდა თავი. ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ მგონი სისხლიც ჰქონდა. გონზე იყო თუ არა არ ახსოვს მ-------------–---–ს. ამ ფაქტის შემდეგ ი----- მ------ი არ უნახავს. დანამდვილებით იცის, რომ ი-------------ი ცხოვრობს განჯაში, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, 2 შვილი, გაჭირვებული ოჯახია. საქართველოში ჰყავს ი-------------ს დედა და ნათესავები. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ოჯახის უბედურება ტ--–------------მა გამოიყენა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. პირველ მწკრივში იდგა ტ--–------------ი, მარჯვნივ და მარცხნივ ედგნენ ი-------------ი და ძმები. სხვები არ აქტიურობდნენ თავიდან ისე, როგორც ესენი. ტ--–------------თან და მ------ის ოჯახის წევრებთან პოლიცია ახლო მანძილზე იყო. სასწრაფო იყო, პოლიციის მანქანები იყო, არეულობა იყო. როგორც კი ტ--–---ის დაკავება მოხდა, მ-------------–---–იც იქ იდგა, იმ მომენტში ისე აირია ყველაფერი წინ ვინ იდგნენ უკან გაიქცნენ პოლიციას რომ არ დაეჭირა. მ------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შეურაცხმყოფელ ფრაზეოლოგიას და მოწოდებას.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ იცნობს ი-------------ს, ერთ სოფელში ცხოვრობენ. ნ-----–------------–---–ს არ იცნობს. 2005 წელს და იმ პერიოდში მუშაობდა სოფელ ვ---------ში საკრებულოში, ბუღალტერია თანამდებობით. ამ საქმესთან დაკავშირებით იცის, რომ ი-------------ის ძმისშვილი რომელიც მწყემსად მუშაობდა, მოკლული იქნა ქართველის მიერ ტელეფონის გამო. ეს იყო სარჩულად დადებული ოჯახის გაჭირვება და ტ--–------------მა გამოიყენა ამ ოჯახის დამწუხრება და ავტონომიის მოთხოვნის მიზნით შეკრიბა ხალხი, მოუწოდებდა ხალხს ვითომ დაჩაგრულები იყვნენ, ავტონომია რომ გამოცხადდებოდა ა------------ელი ხალხით იქნებოდა დაკომპლექტებული, ასეთი ამბები აღარ მოხდებოდა, აღარ დაიჩაგრებოდნენ. გამოიტანეს მაგიდა, სურათი დადეს, ხალხს მოუწოდებდნენ, გზა გადაკეტეს, ა------------ის მხარეს არ უშვებდნენ. თავადაც იყო შემთხვევის ადგილზე, მაგრამ უშუალოდ ახლოს არ ყოფილან, მოშორებით იყვნენ. მასთან ერთად იყო თანამშრომელი გალია ცარკოვა, ახლო-მახლო მაცხოვრებლებიც იყვნენ. რაიონიდან პოლიცია იყო ჩამოსული. ა------------ელი მამაკაცები ახლოს იყვნენ მისულები ამ სიტუაციას შორიდან აკვირდებოდა. მოხდა ჩოჩქოლი. ერთ- ერთ პოლიციელს ტ--–------------მა ხელები დაუკავა, მერე იძახდნენ, რომ ი-------------ს ქვა ჩაურტყამს თავში. ეს ყველაფერი შორიდან დაინახა ნ--------------ემ. პოლიციელები ზოგი ფორმით იყვნენ, ნ-----–------------–---–ს ეცვა თუ არა ფორმა არ იცის.

ნ--------------ემ დაინახა, რომ ი-------------ი დაიხარა, მაგრამ არ დაუნახავს აიღო თუ არა ქვა, ალბათ აიღებდა, იმ პოლიციელს სასწრაფო გამოუძახეს და რბილის საგნის დარტყმით არ დასჭირდებოდა სასწრაფოს გამოძახება. სხვის ხელში არ დაუნახავს ქვა, შორს იყო.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–------------–---–ის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს შსს გ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. ი----- მ------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. ნ-----–------------–---–ს იცნობს, სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდა მასთან. 2005 წლის სექტემბერში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ტ--–------------ი უკმაყოფილი იყო. მისი აზრით საქართველოში იჩაგრებოდა ა------------ელი მოსახლეობა, მათ არ იღებდნენ სამსახურში ან უშვებდნენ სამსახურებიდან. პოლიციაში, პროკურატურაში თუ სასამართლოებში ა------------ელების საქმე სათანადოდ არ იხილებოდა, არაობიექტურად მიმდინარეობდა მათი საქმეების განხილვა. ეს ტალღა ააგორა ტ--–------------მა და მოუწოდებდა ხალხს, რომ ავტონომია ჩამოეყალიბებინა და გამოყოფოდნენ საქართველოს, შეერთებოდნენ ა------------ს. ეს დაემთხვა ი----- მ------ის ძმისშვილის მკვლელობის ფაქტს. გამოძიება მიმდინარეობდა, შემდეგ მკვლელი დაკავებულიც იქნა, უბრალოდ ეს დროის ფაქტორიც იყო, დროში გაიწელა ცოტა მკვლელის დაკავება. ტ--–------------მა ეს ფაქტი გამოიყენა, თავისი ბოროტი ზრახვებისთვის. ტ--–------------ს აქტიურად უჭერდა მხარს ი-------------ი. ტ--–------------მა ხალხს მოუწოდა და სოფელ ვ---------ში გადაკეტეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა. იქ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები გაისმოდა. პოლიციელები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, აუხსნეს მოსახლეობას, მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ გზა. ტ--–------------ი აქტიურობდა ძალიან, ი-------------იც გვერდით იყო, პირიქით მოუწოდებდნენ ხალხს, რომ არ დამორჩილებულიყვნენ პოლიციელების მოთხოვნას. პოლიციელების თხოვნა და მოთხოვნა რამდენჯერმე განმეორდა და შემდეგ იძულებულები გახდნენ გამოეყენებინათ კანონით მინიჭებული უფლებები და ძალის გამოყენებით გაეხსნათ გზა. ამ დროს იყო ჩხუბი, გაწევ-გამოწევა პოლიციელების მიმართ. ი-------------მა ქვა ჩაარტყა თავში ნ-----–------------–---–ს, ისარგებლა არეულობით და გაიპარა, გაიქცა. თავში ქვის ჩარტყმის უშუალო თვითმხილველი ახსოვს მ---------------ი, ერთ ერთი თანამშრომელი, რომელიც პ------–---–ის გვერდით იყო. ნ-----–------------–---–მა ჩარტყმის შემდეგ გონება დაკარგა, ცუდად გახდა, როგორც ახსოვს. მ--–------------–---–ი და მ---------------ი პირველები მივიდნენ და უნდოდათ აღმოეჩინათ დახმარება. ი-------------ი ამ მომენტში გაიქცა, პოლიციელები ქ------–---–ზე გადაერთნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზე დააკავებდნენ. ი-------------ს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე. სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა ი-------------ი უკვე აქტიურობდა, დადიოდა გამგეობაში, პოლიციაშიც რამდენჯერმეა მისული, რაღაც პრეტენზიები ჰქონდა და აქედან უკვე იცოდა რომ აღნიშნული პიროვნება იყო ი-------------ი. ნ-----–------------–---–ს ხელები თავისუფალი ჰქონდა თუ გაკავებული არ ახსოვს. ქვის სროლა ახლო მანძილიდან მოხდა. ი-------------ის მხრიდან რაიმე პოლიტიკური შინაარსის მოწოდება პირადად მას არ გაუგია. მთელი პოლიცია, მორიგე ჯგუფი, ყველა იქ იყო.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------------ს ჩვენების მიხედვით იგი სისხლის სამართლის საქმიდან იცნობს ი-------------ს, ნ-----–------------–---–ს იცნობს, როგორც თანამშრომელს, მეგობრობდნენ. 2015 წლის 16 სექტემბერს დილის საათებში სამსახურში იმყოფებოდა. მუშაობდა ქვემო ქართლის სამმართველოში, კერძოდ უბნის ინსპექტორი იყო. ნ-----–------------–---–იც იქ მუშაობდა. ხელმძღვანელობისგან შეიტყვეს, რომ სოფელ ვ---------ში რაღაც ხდებოდა, არეულობა იყო და წაიყვანა სამსახურებრივად ყველა ერთად წავიდნენ, მიიღეს შეტყობინება, გავიდნენ ადგილზე, გზაშიც დააწიეს ინფორმაცია რომ გზა იყო გადაკეტილი რაღაც ჯგუფის მიერ. ადგილზე რომ მივიდნენ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ცდილობდნენ ხმაურიანად რაღაც გამოეთქვათ ზოგი ა------------ულ, ზოგი რუსულ ენაზე. როგორც ახსოვს დ------------ს, ერთ-ერთი მათთან მყოფის ძმისშვილი იყო დაღუპული და საქმის განხილვას ითხოვდნენ. რამდენიმე ადამიანი აქტიურობდა და არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და ითხოვდნენ გზის გადაკეტვას. მათ შორის იყო ასევე გ-------ი ტ--–---ი. ესენი განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ, მოუწოდებდნენ ხალხს გადაეკეტათ გზა, არ დამორჩილებოდნენ პოლიციას. მერე მოხდა შეხლა-შემოხლა. ტ--–------------მა ქ-----–---–ი შეაკავა, შებოჭა, არ უშვებდა გამოსულიყო ამ შებოჭვისგან და ი-----მა აიღო ქვა და ჩაარტყა თავში, დააზიანა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენჯერ მოხდა დარტყმა ეს არ ახსოვს დ------------ს, ახსოვს რომ ძალიან ცუდად იყო. როცა ტ--–------------ი იჭერდა ქ------–---–ს და ი-------------ი თავში ქვას ურტყამდა შორიახლოს, ძალიან ახლოს იდგა ამ დროს დ------------ და თავისი თვალით დაინახა. ამ დროს თვითმხილველები იყვნენ თანამშრომლები, მ------ის დაჭერა ვერ მოახერხეს, ისე გაიქცნენ.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----------–--–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მ-----------–--–-–---–ი არ იცნობს ი-------------ს, როცა შემთხვევა მოხდა მაშინ გაიგო, რომ ი-----ი ერქვა და მ------ი იყო გვარად; ნ-----–------------–---–ს იცნობს თანამშრომლები იყვნენ. 2005 წლის სექტემბერში გარდაბანში მუშაობდა პოლიციაში, შეტყობინებაზე გავიდნენ, ვ---------ში იყო ცენტრალური გზა დაკეტილი. ვ---------ი საქართველო ა------------ის დამაკავშირებელი გზაა. ჩავიდნენ აღნიშნულ ადგილზე, გზა იყო დაკეტილი. ტ--–------------ი იყო გამოსული, ბავშვის სურათი ჰქონდა, ხალხი ჰყავდა გამოყვანილი. მ-----------–--–-–---–მა არ იცის ა------------ულად ტ--–---ი რას მოუწოდებდა ხალხს. ტ--–---თან ერთად აქტიურობდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც შემდეგ გაირკვა იყო ი-------------ი. პოლიციამ მოუწოდა რომ გაეხსნათ გზა, იყო გინება. შეხლა-შემოხლა, იცის, რომ ვიღაცამ, მაშინ არ იცოდა კონკრეტულად ვინ, ქ-----–---–ს ჩაარტყა ქვა. მერე გაირკვა, რომ ეს ი-------------ი იყო. ვისგან გაიგო, რომ ი-------------ი იყო სწორედ ის პირი, ვინც ქვა ჩაარტყა ქ-----–---–ს, არ ახსოვს.

 

3.7. ექსპერტის მ--------–----------ის ჩვენების მიხედვით ნ-----–-----------–---–ი წარდგენილი იყო საექსპერტო გამოკვლევის მიზნით 2005 წლის 16 სექტემბერს. შემოწმებით შემოწმდა, მაგრამ დასკვნა არ შედგენილა მაშინვე, რადგან პაციენტი გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას. დაუცადეს ამბულატორიული მკურნალობის დასრულებას, რის შემდეგ უკვე სრულყოფილი დასკვნა დაიწერა. სამედიცინო საბუთების მონაცემებით და პირადი გასინჯვით ნ-----–------------–---–ს აღენიშნებოდა მარჯვნივ მოწითალო ფერის უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით 2x0,3, აღენიშნებოდა გულის რევა, თავბრუსხვევა, ტკივილი კეფის მიდამოში, მიეცა რეკომენდაცია ნერვოპათოლოგთან საკონსულტაციოდ.

 

2005 წლის 21 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა თბილისის 3--- პოლიკლინიკის ფორმა №27 ავადმყოფობის ამბულატორიული ბარათი ნომრით 3---, რომლის მონაცემებითაც ქ------–---–ს პოლიკლინიკისთვის მიუმართავს 19 სექტემბერს, 30 სექტემბრის ჩათვლით მკურნალობდა ნერვოპათოლოგთან. წარმოებულია შრომისუუნარობის ფურცელი, რომელიც გაცემულია ხელზე. ავადმყოფის გადმოცემით 16.09.05 წელს გ--------ის რაიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კონფლიქტის დროს თავში მოხვდა ქვა. დაკარგა გონება ხანმოკლე დროით, აღენიშნებოდა პირღებინება, მოგვიანებით იგრძნო ძლიერი ტკივილი საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითების ეპიზოდები და პაციენტი გადაყვანილი იქნა გ--------ის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. ეცნობა სათანადო სამართალდამცავ ორგანოებს.

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პაციენტს ობიექტურად მარჯვნივ შუბლის აღენიშნებოდა ექსკორიაცები, მარჯვნივ თხემ-კეფის მიდამოში შეშუპებული უბანი. ნევროლოგიური სტატუსი - უმაღლესი ქერქოვანი ფუნქციები შენახული, ფოტო რეაქციები დუნე, ორმხრივ ნისტაგმი არ ვლინდება, ძალის დეფიციტი არ ვლინდება, მყესთა რეფლექსები ზომიერი სიცხოველის. მარჯვენა ხელით საკონტროლო ცდებს ასრულებს დისმეტრით, რომბერგის პოზაჟი არამდგრადი. მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. 20.09.05 წელს დაიხურა შრომისუნარიანობის ფურცელი. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევის შემდგომი პერიოდი.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.9. საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

3.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.12. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

3.13. განსახილველ შემთხვევაში საბრალდებო დასკვნის მიხედვით ი-------------ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება წინააღმდეგობა, ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წარმომადგენლების მიმართ, ესე იგი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

3.14. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს საბრალდებო დასკვნის ფორმულირებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამარის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 409-ე მუხლის შესაბამისად საბრალდებო დასკვნა არის ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობითი აღწერა და განსასჯელის სამართალში მიცემის საფუძველი. საბრალდებო დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი, გვარი და მამის სახელი; სქესი; დაბადების ადგილი და დრო; საცხოვრებელი ადგილი; ნასამართლობა; სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), მუხლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) ქმედება; დანაშაულის გარემოებანი – ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგი; მტკიცებულებათა ნუსხა, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას; პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

 

3.15. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------ის მიმართ შედგენილი საბრალდებო დასკვნა თითქოსდა მოიცავს ი-------------ის ქმედების ორ ნაწილს, წინააღმდეგობას და ძალადობას, შესაბამისად სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს სწორედ ამ მოცემულობის ფარგლებში და უნდა აღინიშნოს, რომ საბრალდებო დასკვნა არ შეიცავს კონკრეტულად იმ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას პოლიციის თანამშრომლებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, კერძოდ ქმედების ფორმულირება ,,წინააღმდეგობა გაუწია გ--------ის პოლიციის თანამშრომლებს, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მითითებას გარდაბანი-ვ---------ის საავტომობილო გზის გათავისუფლების შესახებ“, არ არის საკმარისი მოცემულობა იმისათვის, რომ დადგინდეს კონკრეტულად რა ქმედებებში გამოიხატებოდა მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ანუ არ შეიცავს საბრალდებო დასკვნა მითითებას რა ფორმით, რა ხერხებით და საშუალებებით ცდილობდა ი-------------ი პოლიციის მუშაკებისადმი წინააღმდეგობის გაწევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან სხვა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, იგი პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, კერძოდ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს იგი. კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიქტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიც არის მიზანი, კერძოდ ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელისშეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას.

 

3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეებიდან უმრავლესობამ ვერ დაადასტურა ი-------------ის მიერ პოლიციის მუშაკებისადმი (მუშაკისადმი) წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ ნ-----–-----------–---–ისთვის მიმართ განხორციელებული ძალადობა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიდან ნ--------------ე, მ-------------–---–ი, ისიმხან მ------ი, ნ-----–-----------–---–ი და მ-----------–--–-–---–ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ი-------------ი ნამდვილად მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც უკავშირდებოდა მისი ძმისშვილის მკვლელობას, თუმცა ვერცერთი მოწმე კონკრეტულად ვერ იხსენებს ი-------------ის მხრიდან ისეთი ხასიათის ქმედებების ჩადენას, რომელიც მიუთითებდა პოლიციის მუშაკებისადმი ხელის შეშლას, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, ყველა დასახელებული მოწმე აღნიშნავს, რომ პოლიციის მუშაკებისადმი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა ტ--–------------ი,ის მოუწოდებდა ხალხს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ, ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას, იყო ქვების სროლაც, მაგრამ კონკრეტულად ვინ ისროდა ქვებს არ ჩანდა, იყო თუ არა ი-------------ი ის პირი, რომელმაც უშუალოდ ნ-----–-----------–---–ს ჩაარტყა ქვა არ ახსოვთ, ნ--------------ე და მირიან ახლაკაციშვილი ამ ფაქტის არსებობას უშვებენ ვარაუდის დონეზე, უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ი-------------ი იმ ოჯახს წარმოადგენდა, რომელიც აწყობდა საპროტესტო აქციას. მნიშვნელოვანია ამ კუთხით თავად დაზარალებულის ჩვენება, რომელიც კონკრეტულად ვერ იხსენებს უშუალოდ ი-------------მა ჩაარტყა ქვა თუ სხვისგან ნასროლი ქვა მოხვდა, საქმეზე არ არის მოპოვებული არც დანაშულის იარაღი - ქვა.

 

3.17. სასამართლო კრიტიკულად შეაფასებს პოლიციელი მოწმეების მ--–------------–---–ის და დ------------ს ჩვენებებს, ვერ გაიზიარებს მათ და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ეს ორი მოწმე თითქოსდა ადასტურებს ი-------------ის მიერ ძალადობით წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის სხვა მოწმეების ჩვენებებთან და ტოვებს არაობიექტურობის განცდას, რაც მათი ჩვენების არასანდოობაზე მიუთითებს. კერძოდ: მოწმე დ------------ განმარტავს, რომ შემთხვევამდე ი-------------ს არ იცნობდა და მას იცნობს სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, პირადად არ უნახავს და გადმოცემით იცის, რომ ის პირი, ვინც ქ-----–---–ს ქვა ჩაარტყა იყო ი-------------ი. ერთადერთი მოწმე, ვინც ამბობს, რომ იცნობდა ი-------------ს ამ შემთხვევამდე და დაინახა როგორ დაარტყა მან ქვა ნ-----–-----------–---–ს არის მ--–------------–---–ი. თუმცა მისი ჩვენება არ არის თანხვედრაში არცერთ სხვა მოწმის ჩვენებასთან. ყურადღებაა გასამახვილებელი იმ გარემოებაზე, რომ არცერთი ბრალდების მხარის მოწმე არ ასახელებს ი-------------ს, როგორც არეულობის ინიციატორ პირს. რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ არ იკვეთება ი-------------ის მხრიდან მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მიზანი.

 

3.18. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს ისეთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, როგორიც არის პირის წარდგენა ამოსაცნობად (სსსკ-ის 347-ე მუხლი, 1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია). არცერთ ბრალდების მოწმეს ი-------------ი ამოსაცნობად არ წარდგენია.

 

3.19. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ისეთ მტკიცებულებებს, როგორიც არის ფოტოსურათები და ვიდეო-კასეტების გაშიფვრის ოქმი შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეს არ ერთვის ვიდეოფაილები და შესაბამისად ვიდეოფაილების გაშიფვრის ოქმი, ამ ვიდეოების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა შესწავლის გარეშე, კარგავს მტკიცებულებით ძალას. რაც შეეხება ფოტოებს, არცერთ ფოტოზე არსებული გამოსახულებებით არ არის დადგენილი, რომელი პირია ი-------------ი, არის მხოლოდ ერთი ფოტო, რომელიც აღებულია ვიდეოსიუჟეტიდან და ჩანს წარწერა ი-------------ი, ფოტოზე კი ასახულია მხოლოდ პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერის პროცესი.

 

3.20.საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

3.21. სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------ი სარგებლობდა რა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, გამოთქვამდა თავის პროტესტს საჯაროდ და ბრალდებამ ვერ დაადასტურა მისი ბრალეულობა 2005 წლის 16 სექტემბერს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობაში წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

3.22. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

3.24. მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

3.25. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

3.26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

3.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

3.28. საქართელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მიხედვით გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს განსასჯელის სრულ უდანაშაულობას მისთვის წაყენებულ ბრალდებაში. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის სახელის გამტეხ ფორმულირებებს. გამამართლებელი განაჩენის საფუძვლებია: ა) განსასჯელს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება; ბ) განსასჯელის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ განსასჯელ ი-------------ს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება და იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

6.1. ი------------–------–---------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

6.2. სისხლის სამართლის საქმეს ნივთმტკიცება არ ერთვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-277-ე, 279-281-ე, 292-293-ე მუხლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია).

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი------------–------–---------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ი------------–------–---------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. ი-------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ე. პართენიშვილი