გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.02.2018
საქმის ნომერი
140310017002098371
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310017002098371

საქმე № 3/253-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ---- ს------–---–ი

 

მოპასუხე: შ----- ჭ--------ე

წარმომადგენელი: გ---–- ი-----

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

პირგასამტეხლოს - 28 000 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი შ----- ჭ--------ე (პირ. №0----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; აკადემიური მოუსწრებლობის გამო მას შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, ხოლო შემდეგ დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ იგი თავისი სურვილით ჩაირიცხა სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში”, მე-4 კურსიდან მოხდა მისი დათხოვნა, რადგან ვერ ჩააბარა შემაჯამებელი გამოცდა ინგლისურ ენაში, მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ----- ჭ--------ე გერმანულ ენას ფლობდა და მისთვის ინგლისური ენის სწავლა საკმაოდ რთული აღმოჩდა, მას მისცეს გამოცდის გადაბარების საშუალება, მაგრამ პერიოდი განუსაზღვრეს ერთი კვირის ვადით, რა ვადაც არ იყო საკმარისი საგამოცდო მასალის მოსამზადებლად და გამოცდის გადასაბარებლად, მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2800 ლარის ოდენობით, ძალიან დიდი თანხაა, იმის გათვალისწინებით, რომ თუ მისი სწავლის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა გარკვეული თანხები, შ----- ჭ--------ეც თავის მხრივ ამ პერიოდის მანძილზე იყო ქვეყნის სამსახურში და უფრო მეტიც მან თვითონაც განიცადა ზიანი, რადგან მისი სამომავლო გეგმები სწორედ სამხედრო სამსახურში კარიერის გაგრძელებით შემოიფარგლებოდა და არ მიეცა ამის საშუალება, შ----- ჭ--------ე მას შემდეგ რაც აკადემიიდან დაითხოვეს იძულებული გახდა სხვა უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა, სადაც თავისი სწავლის საფასურის გადახდაც კი უჭირს, რადგან ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია და ამ ფონზე მისთვის შეუძლებელია პირგასამტეხლოს თანხის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით კონტრაქტზე ხელმოწერისას იუნკერებს არ ეძლევათ საშუალება ისე ჩამოაყალიბონ პუნქტები, როგორც მათთვის სასურველია და ისინი მას შემდეგ რაც ჩააბარებენ გამოცდას იძულებულები არიან თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ შაბლონურ კონტრაქტს მოაწერონ ხელი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ----- ჭ--------ე სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2013 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2013 წლის 15 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2013 წლის 9 სექტემბრის ბრძანება N567 და საქართველოს თავდაცვის მინისტრის N2568 ბრძანება.

 

3.1.2. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი შ----- ჭ--------ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2013 წლის 15 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი;

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის ბრძანება № 2568, 2013 წლის 15 სექტემბრის კონტრაქტი № 426.

 

3.1.3. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში;

 

იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.

 

მტკიცებულება: 2013 წლის 15 სექტემბრის კონტრაქტი № 426.

 

3.1.4. შ----- ჭ--------ემ 2016-2017 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის გამოცდების შემდგეგ მიიღო უარყოფითი შეფასება, მათ მიეცათ გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება, გადაბარებისას შ----- ჭ--------ემ კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება № 61.

 

3.1.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მე-4 კურსის იუნკერი შ----- ჭ--------ე დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება № MOD 3 17 00003008

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა კონტრაქტით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა შ----- ჭ--------ემ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;

 

დადგენილია, რომ შ----- ჭ--------ემ 2016-2017 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის გამოცდების შედეგად მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო გამოცდის გადაბარებისას შ----- ჭ--------ემ კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა;

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მე-4 კურსის იუნკერი შ----- ჭ--------ე დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

 

ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და შ----- ჭ--------ესთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მე-4 სასწავლო წლის დასკვნით გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც ინგლისურ ენაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით - აკადემიური საფუძვლით გარიცხვის გამო).

 

კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა შესაბამისი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული; მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, მოპასუხე დათხოვნისას იყო მეოთხე კურსის იუნკერი, მას ოთხი წლის განმავლობაში ჩაბარებული აქვს ყველა გამოცდა და სურდა, რომ დაემთავრებინა აკადემია და გაეგრძელებინა სამხედრო კარიერა. სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე იმ გარემოებას, შ----- ჭ--------ეს ინგლისური გამოცდის (რაშიც მიიღო უარყოფითი შეფასება) გადაბარების საშუალება მიეცა გაუმართლებლად მცირე დროში, ერთ კვირაში, რის გამოც ვერ შეძლო სათანადოდ მომზადება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შმთხვევაში როცა საქმე ეხება მეოთხე კურსუს იუნკერს, რომელმაც ამ პერიოდამდე ყველა გამოცდა ჩააბარა და მისი აკადემიური მოსწრების დონე ცნობილი იყო, აკადემიას მეტი ყურადღება და დაინტერესება უნდა გამოეჩინა, რომ მსგავსი შედეგი არ დამდგარიყო. რადგან აკადემიამ უნდა შეასრულოს მთავარი მიზანი, რისთვისაც არის დაარსებული -მოამზადოს სამხედრო მოსამსახურეები და ყოველ მხრივ შეუწყოს ხელი მათ პროფესიულ მომზადებას. რაც პირველ რიგში გულისხმობს რეალური შესაძლებლობის მიცემას ცოდნის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ცოდნის გაუმჯობესება კი შეუძლებელია მცირე დროში.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 3 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე შ----- ჭ--------ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შ----- ჭ--------ეზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 25 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შ----- ჭ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 100 (ასი) ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული