გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
101210018002260352
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 101210018002260352

N2/10-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20.02.2018 წელი ჭ---------

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში

დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი: თამარ წერეთელი

 

მოსარჩელე - მ---------------–---–ი

მოპასუხე - გ------------–---–ი

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელის განმარტებით 2008 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა ძმის ბინაში, ჭ--------- ჭ----------ს ქუჩა 4-ში; ძმა და ძმის ცოლი გარდაიცვალნენ მანამდე, ვიდრე გადავიდოდა ბინაში საცხოვრებლად; ძმისშვილი მოპასუხე გ------------–---–ი წასული იყო რუსეთში და მშობლების დაკრძალვაზეც არ ჩამოსულა; ჩამოვიდა 2015 წელს და ჩამოსვლიდან სამი-ოთხი თვის შემდეგ გამოაგდო ბინიდან და არ მისცა საშუალება წამოეღო კუთვნილი ნივთები: მაცივარი და ჭურჭელი; ბინაში ცხოვრების პერიოდში გააკეთა ოთხი მეტალოპლასტმასის ფანჯარა, შემოსასვლელი კარები, ავტოფარეხის სახურავი; მოპასუხისგან ითხოვს მხოლოდ მაცივრისა და ჭურჭლის დაბრუნებას, ხოლო დანარჩენს რაც გააკეთა საჩუქრად უტოვებს მოპასუხეს; არის მარტოხელა მოხუცი და ამჟამად დროებით ცხოვრობს მამიდაშვილის ბინაში, ვინაიდან არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე გ------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი და ჭურჭელი, რომლებიც განლაგებულია ჭ--------- ჭ----------ს ქუჩა 4-ში მდებარე კორპუსის ბინაში და ისინი გადაეცეს მოსარჩელეს.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ---------------–---–მა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით, რაც სარჩელშია მითითებული; მაცივარი თავისი სახსრებით იყიდა, მაგრამ გაფორმდა ძმისშვილზე; განვადებით მას არ მიცეს ასაკის გამო; ჭურჭელი 30 წლის წინაა შეძენილი ქალაქ თბილისში და მისი საკუთრებაა; მაცივრისა და ჭურჭლის დასახელება სარჩელში აღარ მიუთითა; მაცივარი " ჰიტაჩის" ფირმისაა; ჭურჭლის ერთი დასახელებაა "მადონა";

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიაჩნია, რომ მის მიმართ შემოტანილი სარჩელი ცილისწამებაა, იგი იმყოფებოდა მოსკოვში და მშობლების დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა ობიექტური მიზეზების გამო, მოსარჩელე 2010 წლიდან ნებართვის გარეშე ცხოვრობდა კუთვნილ ბინაში და სარგებლობდა 2017 წლამდე, სადაო ნივთები შეძენილია მოპასუხის გამოგზავნილი ფულით დის მიერ, რისი დადასტურებაც შეიძლება ბანკში არსებული გზავნილებით; მოსარჩელემ, რაც ნივთები ეკუთვნოდა, ყველაფერი გაიტანა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, კომპორებიც კი წაიღო; აღნიშნულის გამო სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე მ---------------–---–ი არის მოპასუხის მამიდა, რომელიც 2010 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრობდა მოპასუხე გ------------–---–ის ბინაში და სარგებლობდა მისი კუთვნილი ნივთებით, მდებარე ჭ--------- ჭ----------ს ქუჩა 4-ში მდებარე კორპუსის ბინაში;

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

სარჩელი

შესაგებელი

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.

 

3.2. მოსარჩელის მიერ დასახელებული სადაო ნივთები: მაცივარი და ჭურჭელი რომლებიც განთავსებულია მოპასუხის ბინაში, მდებარე ჭ--------- ჭ----------ს ქუჩა 4-ში, წარმოადგენს მოპასუხე გ------------–---–ის საკუთრებას;

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

შესაგებელი

მოპასუხის ახსნა-განმარტება სხდომაზე.

საგარანტიო ტალონი;

მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სადაც ვერ დაასახელა მაცივრისა და ჭურჭლის ინდივიდუალური მახასიათებელი ნიშნები ( სახელწოდება, ოდენობა, ღირებულებზა და სხვა);

 

3.3. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

სარჩელი

მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომაზე.

ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე, 427-ე, 568-ე 581-ე და 254-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები წარმოადგენენ მოძრავ ნივთებს და ივარაუდება, რომ მისი მფლობელი მისი მესაკუთრეა. მფლობელი კი გ------------–---–ია;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს. მესაკუთრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158.2 მუხლის და 170-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს ფლობდეს ან არ ფლობდეს, სარგებლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით, ნება დართოს ან აუკრძალოს მესამე პირებს ისარგებლონ მესაკუთრის ქონებით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება. თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლი, აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ მესამე პირების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს და შემოწმდეს შემდეგი წინაპირობები: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ნივთის მფლობელი-მპყრობელი; 3) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ რაც დადგინდება სამივე წინაპირობის ერთობლივად არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არ დადასტურდა მოპასუხე გ------------–---–ის მფლობელობაში არსებული მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტობრივი გარემოება;

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო ვინდიკაციური სარჩელის ისეთი სავალდებულო ნიშნის არსებობის დადასტურება, როგორიცაა მოპასუხის მიერ მოძრავი ნივთების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი, ასევე მოსარჩელის მიერ კუთვნილი მოძრავი ქონების ფლობის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან; მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მ---------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე მ---------------–---–ს (პ/ნ 0---------5) უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე გ------------–---–ის( პ/ნ 5---------7) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე;

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების გამოტანიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მეშვეობით ( ჭ--------- გ.თხელიძის ქუჩა N 41).

 

მოსამართლე დავით კეკენაძე