განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N1/43-18
(012140917001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული კ-----------------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------------–-----------------------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
კ-----------------–---–ი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შვილს - გ------- ფ----------–--ლს სისტემატურად - კვირაში ორჯერ ან სამჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას: აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით იმის გამო, რომ გ-------ს აქვს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებuლად იცვამს და გამოიყურება, არის ე.წ. „გოთი“. კ-----------------–---–ი აღნიშნული მოტივით ფიზიკურადაც ძალადობდა გ------- ფ----------–--ლზე. მამის ქმედება გ------- ფ----------–--ლისათვის არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, რის გამოც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა, კ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ------- ფ----------–--ლის, კ-----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ი----–----ას გამოკითხვის, ვ--–-----------------–---–ის და დაკითხვის ოქმებს, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას N0--------, შეტყობინებას N2------, შეტყობინებას N2------, შემაკავებელი ორდერს N------ და შემაკავებელი ორდერის ოქმს N------, ამონაწერს შსს საინფორმაციო ბაზიდან (14.09.2017წ. კონფლიქტის ფაქტზე), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თანდართული ფოტომასალით, შეტყობინებას N2------, შემაკავებელი ორდერს N0----- და შემაკავებელი ორდერის ოქმს N0----- და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 2 თებერვალს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118 და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით. სისტემატური შეურაცხყოფა არის დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, მაშინ როდესაც პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, მაგრამ შეურაცხყოფისას დამცირება უფრო უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა, ასევე დამამცირებლად ითვლება პირის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ცემა.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული გ------- ფ----------–--ლის გამოკითხვის ოქმების მიხედვით, ირკვევა, რომ მას აქვს სხვა მოზარდებისგან განსხვავებული ცხოვრების წესი, რაც გამოიხატება მის ჩაცმულობაში, ქცევებში და ვიზუალური კუთხით. კერძოდ არის ე.წ ,,გოთი“ , რაც არ მოსწონს მამამისს და სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას. 2017 წლის 13 სექტემბერს, მამამ, მის ცხოვრების წესთან დაკავშირებით დაუწყო ლანძღვა-გინება, შემდგომ მიუახლოვდა, მარჯვენა მხარზე მოკიდა ხელი და უბიძგა გასასვლელი კარისკენ და შეაგინა, რაც მან აღიქვა ფიზიკურ შეურაცხყოფად და მაშინვე დატოვა საცხოვრებელი სახლი. ანალოგიურად მოექცა ბრალდებული 2017 წლის 21 სექტემბერს, რა დროსაც შეუვარდა სახლში, მოკიდა მაისურზე ხელი და ხელით უბიძგა მკერდზე. მამამისი მის მიმართ განწყობილია აგრესიულად მხოლოდ იმის გამო რომ, არ მოსწონს მისი ჩაცმის სტილი და ვიზუალური მხარე, რაშიც იგულისხმება საყურეები, გრძელი თმები, ფრჩხილების მოხატვა და ასე შემდეგ. გ------- ფ----------–--ლის განმარტებით, მამის ასეთი დამოკიდებულება ხელს უშლის იცხოვროს თავისუფლად და არ სურს, რომ მამა ჩაერიოს მის ცხოვრებაში.
ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2017 წლის 14 დეკემბრის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, მამის - კ-----------------–---–ის ქმედებით გ------- ფ----------–--ლმა განიცადა ფსიქოლოგიური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ოჯახშიძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრამვული სტრესის რეაქციებს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.
განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ-----------------–---–ი დისკრიმინაციის შემცველი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შვილს - გ------- ფ----------–--ლს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით იმის გამო, რომ გ-------ს აქვს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებულად იცვამს და გამოიყურება. მამის ქმედება გ------- ფ----------–--ლისათვის არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, რის გამოც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
კ-----------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს არ აქვს მის მიმართ პრეტენზია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენა დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------------–---–ის მიერ შვილის - არასრულწლოვან გ------- ფ----------–--ლის მიმართ ძალადობა ჩადენილია დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მისი განსხვავებული ცხოვრების სტილის გამო, რაც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ კ-----------------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილი ქმედება გამომდინარეობს საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციებისა და შვილის აღზრდის მკაცრი წესების გავლენით, რაც ცხადია არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს და მიაჩნია, რომ კ-----------------–---–ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის დაწესებული მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, რაც მას პირობითად უნდა ჩაეთვალოს, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კი უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, კ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა სანქციით დადგენილ ფარგლებში და დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
კ-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. კ-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით
მოსამართლე მ.მაისურაძე