გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
160210017002171880
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002171880

N2/1100-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - აი----------------ა

მოპასუხე - რა------------–ი

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა

აღწერილობითი ნაწილი

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე რა------------–ისათვის მისი არასრულწლოვანი შვილების: 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ისა და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გაზრდა და თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100-100 ლარის გადახდის დაკისრება, 2018 წლის 25 იანვრიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12, 25.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 17:14:28).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე რა------------–ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ისა და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 70-70 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა დღეის მდგომარეობით არ არის საკმარისი ბავშვების ნორმალური აღზრდისათვის. აი----------------ა არის უმუშევარი, ხოლო მოპასუხე მუშაობს კერძო სამუშაოებზე, ბინების სარემონტო სამუშაოებზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი მოსარჩელის ინფორმაციით შეადგენს 1500 ლარს (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12).

 

2.1. მოპასუხე რა------------–ის პოზიცია

 

მოპასუხე რა------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო აი----------------ას სარჩელი და განმარტა, რომ არის უმუშევარი და დაკისრებულ ალიმენტსაც იხდის გაჭირვებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის შემოსავალს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 35-43).

 

2018 წლის 25 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე რა------------–მა განმარტა, რომ ალიმენტის დაკისრების დროს იყო უმუშევარი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თუ------ის რესპუბლიკაში დადის სამუშაოდ, წელიწადში 5-6 თვეს მუშაობს და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 აშშ დოლარს. მისივე მითითებით, მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან (იხ. 25.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 17:07:56-17:12:49).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. აი----------------ა და რა------------–ი 2008 წლიდან - 2012 წლამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ი და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 13-14);

- 15.02.2013 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-21).

 

3.1.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე რა------------–ს არასრულწლოვანი შვილების, 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ისა და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70-70 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2013 წლის 14 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.02.2013 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-21).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ი და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ი აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან აი----------------ასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ.2-12).

 

3.2.2. მოპასუხე რა------------–ს არ შეუქმნია სხვა ოჯახი და მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების დროს რა------------–ი იყო უმუშევარი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი პერიოდულად, წლის განმავლობაში 5-6 თვე მუშაობს თუ------ის რესპუბლიკაში და მუშაობის პერიოდში მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 25.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 17:07:56-17:12:49).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აი----------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე რა------------–ს არასრულწლოვანი შვილების, 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ისა და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70-70 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2013 წლის 14 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს,ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ალიმენტის დაკისრების დროს იყო უმუშევარი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი პერიოდულად, წლის განმავლობაში 5-6 თვე მუშაობს თუ------ის რესპუბლიკაში და მუშაობის პერიოდში მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 აშშ დოლარს. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მას არ შეუქმნია სხვა ოჯახი და მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაიზარდოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 100-100 ლარამდე და ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით, 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ისა და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად,სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; კერძოდ, მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი 70-70 ლარის ოდენობით გაიზარდა ჯამში 60 ლარით და მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით, სულ 200 ლარის ოდენობით, რის გამოც, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გაზრდილი ალიმენტის თანხის პროპორციულად. კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ღირებულება შეადგენს 720 ლარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესით. სარჩელისათვის გადასახდელი ბაჟის ოდენობა კი განისაზღვრება დასახელებული თანხის 720 ლარის 3%-ით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (21,60 ლარი) ნაკლებია 50 ლარზე, რა------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აი----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. გაიზარდოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე რა------------–ისათვის არასრულწლოვანი შვილების, 2010 წლის 18 იანვარს დაბადებული მუ--------–----------–ისა და 2011 წლის 26 აპრილს დაბადებული ფა----------------------–ისათვის გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 60 ლარით და ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100-100 ლარით, 2018 წლის 25 იანვრიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე.

3. მოპასუხე რა------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე ია ლაბაძე