განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002266472
№1/15-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი, აკაკი კვინიკაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ---- ი------ ძე ჩ-----ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), ს-–----–----------–--ის მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ჩ---–-----------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი); სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. არასრულწლოვანი მ---- ს------ე (დაბადებული 0----.2--- წელს), დედასთან - ნ---- შ---–--ესთან, მამობილთან - კ---- ჩ-----ესთან, ძმასთან - 12 წლის გ------- ს------ესთან, დებთან - 10 წლის ქ--------- და 8 წლის ბ-------- ს------ეებთან, ასევე, მცირეწლოვან ტყუპებთან - ჯ--- და თ------- ჩ-----ეებთან ერთად ცხოვრობს ზესტაფონში, ჩ---–---- ქუჩა N---–ი. მიმდინარე წლის 28 ნ---------, მ---- ს------ეს, შეყვარებულთან სეირნობის შემდეგ სახლში გვიან მისვლის გამო, მამობილმა - კ---- ჩ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მ---- ს------ეს ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში, მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტყა ხელი ზურგის არეში. აღნიშნულზე, მ---- ს------ის შეყვარებულმა - ვ-–- მ----–--------ემ კ---- ჩ-----ეს მოუწოდა დაწყნარებულიყო, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ვ-–- მ----–--------ე გავიდა მათი სახლიდან. კ---- ჩ-----ე განაგრძობდა რა ძალადობას, გერს - მ---- ს------ეს მარცხენა მხარეს სახის არეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მ---- ს------ის არასრულწლოვანი დედ-მამიშვილები. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ---- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. არასრულწლოვანი მ---- ს------ე (დაბადებული 0----.2--- წელს), დედასთან - ნ---- შ---–--ესთან, მამობილთან - კ---- ჩ-----ესთან, ძმასთან - 12 წლის გ------- ს------ესთან, დებთან - 10 წლის ქ--------- და 8 წლის ბ-------- ს------ეებთან, ასევე, მცირეწლოვან ტყუპებთან - ჯ--- და თ------- ჩ-----ეებთან ერთად ცხოვრობს ზესტაფონში, ჩ---–---- ქუჩა N---–ი. მიმდინარე წლის 1 დ---------, მ---- ს------ეს, შეყვარებულთან სეირნობის შემდეგ სახლში გვიან მისვლის გამო, მამობილმა - კ---- ჩ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მ---- ს------ეს ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში, მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტყა ხელი მხარზე. აღნიშნულზე, მ---- ს------ის შეყვარებულმა - ვ-–- მ----–--------ემ კ---- ჩ-----ეს მოუწოდა დაწყნარებულიყო, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ვ-–- მ----–--------ე გავიდა მათი სახლიდან. კ---- ჩ-----ე განაგრძობდა რა ძალადობას, გერს - მ---- ს------ეს ერთხელ დაარტყა ქამარი ზურგში, ასევე მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა ლოყისა და ცხვირის არეში, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მ---- ს------ის არასრულწლოვანი დედ-მამიშვილები. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ---- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
3. 2017 წლის 28 ნ---------ა და 2017 წლის 1 დ---------, კ---- ჩ-----ეს, არასრულწლოვანი მ---- ს------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.
4. კ---- ჩ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი თავს ცნობს დამნაშავედ მასში, რომ 2017 წლის 18 ნ---------, ღამის საათებში, ძველ ბაზართან თმებში მოქაჩა მ---- ს------ეს და წაიყვანა სახლში.
5. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
6. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კ---- ჩ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმ----სი არ არის ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმ----სად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს კ---- ჩ-----ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს კ---- ჩ-----ის განმარტების გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს კ.ჩ-----ის განმარტებას მისი უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა კ---- ჩ-----ის მხრიდან დაზარალებულ მ---- ს------ეზე ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ---- ჩ-----ეს არასრულწლოვან მ---- ს------ის მიმართ 2017 წლის 28 ნ--------- და 2017 წლის 1 დ--------- ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
10. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, ხელის ჩარტყმა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა - სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
11. დანაშაულის (სსკ 1261-ე მუხლი) ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის ასაკი, მისი მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისადმი. ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელია სრულწლოვანი, რადგან სწორედ მას მოეთხოვება იყოს მეტად მიმტევებელი და შემწყნარებელი არასრულწლოვნის მიმართ.
12. ასევე, დანაშაულის (სსკ 1261-ე მუხლი) ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
15. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პლატის 2014 წლის 14 ივლისის N12აპ-14 გადაწყვეტილება, პარაგრაფი N4.6.11) სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა „საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მითითებაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმიდან არ გამომდინარეობს ის, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის შეიძლება საჭირო იყოს ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ფაქტის შემსწრე, სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიდანაც პირდაპირ არ გამომდინარეობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, წარმოადგენს მხოლოდ პირდაპირი მოწმეების ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების დადასტურებისა და შემოწმების საშუალებას და მათ საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ფაქტების დადგენა უმეტეს შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია“.
17. მოცემულ შემთხვევაში, კ---- ჩ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ არასრუწლოვანი დაზარალებულის მ---- ს------ის და ვ-–- მ----–--------ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა 2017 წლის 28 ნ--------- და 2017 წლის 1 დ--------- კ---- ჩ-----ის მიერ მ---- ს------ის მიმართ ძალადობის განხორციელებას, საქმეში არ მოიპოვება. პირიქით, საქმეში წარმოდგენილია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებზეც მ.ს------ე მიუთითებდა, რომ ისინი (დედა და მისი და-ძმები) შეესწრნენ კ---- ჩ-----ის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მოწმეთა (ქ--------- ს------ის, გ------- ს------ის, ბ-------- ს------ის (და-ძმები), ნ---- შ---–--ის (დედა)) ჩვენებებში კი მითითებულია, რომ ისინი არასდროს შესწრებიან კ---- ჩ-----ის მხრიდან მ---- ს------ის არამცთუ ძალადობის, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტსაც. კატეგორიულად მიუთითებენ და გამორიცხავენ კ.ჩ-----ის მიერ მ.ს------ის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, როგორც დეკემბრის თვეში, ასევე სხვა დროს. ასევე, მოწმეები ნ--- ტ------–- (მ.ს------ის პედაგოგი) და რუსუდან წერეთელი (მეზობელი, ვ.მ----–--------ის დედა) აცხადებენ, რომ მათ არასდროს სმენიათ არც მ----სგან და არც სხვა პირისგან, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, მ----ს აყენებდა რაიმე სახის შეურაცხყოფას. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49). ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, კ---- ჩ-----ე მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---- ჩ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი);
კ---- ჩ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის N1-----2017 განჩინებით, ჯ--- მ-------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ---–----, საკადასტრო კოდით №3-----------), დადებული ყადაღა;
გამართლებულ კ---- ჩ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოთეთრო ფერის ქამარი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ---- ს------ისგან ამოღებული შავი ფერის დუტის ქურთუკი, რომელსაც აქვს თეთრი ფერის ბეწვის საყელო, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი „CD“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
მ---- ს------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე