განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/931-17.წ
გამოძიების ნომერი N046081117001
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლი-–---–---–ი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---- სი-–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მე----ი და-------–--ე
მამის სახელი: გი--
პირადი ნომერი: N4----------
დაბადების თარიღი: 11.08.1957 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: უმაღლესი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ტყიბული, სოფ. გე-–---ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ტყიბული, სოფ. გუ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 08 ნოემბერს დაახლოებით 12 სთ-ზე ტყიბულის რაიონის სოფელ გუ----ში მცხოვრებმა, მე----ი და-------–--ემ ორ ლულიანი სანადირო თოფის გამოყენებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ვალის ამოღების მიზნით გამოცხადებულ სააქციო საზოგადოება ,,კრედო“ ბანკის თანამშრომელ, ნი----------ის მიმართ, დანაშაულებრი-- ქმედების შედეგად ნი----------ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ მე----ი და-------–--ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ მე----ი და-------–--ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ბა---- წუ-–---ს, გუ---- ლი-–---–---–ის, გი-- გუბელაძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნი----------ის გამოკითხვის ოქმი, თავად მე----ი და-------–--ის გამოკითხვის ოქმი.
სამართლებრივი შეფასება:
წარდგენილ კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად მე----ი და-------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მე----ი და-------–--ემ ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
მე----ი და-------–--ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს, მისი წარსული შებღალული არ ყოფილა რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცელი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნება და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რადგან, იგი თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან, მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით გამოისყიდოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ასევე, ის გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მე----ი და-------–--ის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული, მე----ი და-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.
2. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მსჯავრდებულ მე----ი და-------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო - გაუქმდეს.
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,TOЗ-Б“ საქარხნო ნომრით 18173, (ინახება შს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში) - გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
5. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მე----ი და-------–--ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე