გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-2400-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი მაგდა შენგელია
მოსარჩელე- თ--------------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი- გ--------------ე
მოპასუხე- ს----–-–-------------------------–----------ო
მოპასუხის წარმომადგენელი- თ-----–---–ი
დავის საგანი: კანონიერ მოსარგებლედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
თ--------------–---–ი ცნობილი იქნეს გარდაბნის რაიონის სოფელი მ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ვ------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი #-------------- კანონიერ მოსარგებლედ.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ თ--------------–---–ი 1990 წლიდან ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფელი მ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ვ------ში კორპუსი 1, ბინა 2--ში. 1993 წლის 6 იანვრიდან მოსარჩელე რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე და იხდის კომუნალურ გადასახადს.
მოსარჩელის განმარტებით, მართალია საინფორმაციო ბარათში თ-------------–---–ის რეგისტრაციის მისამართად მითითებულია მ----------ი, მაგრამ ვ------ი შედის მ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, თუმცა სოფელი ვ------ი დამისამართებული არ არის, რის გამოც თ-------------–---–ის საცხოვრებელ ადგილს მისამართი არ გააჩნია.
2016 წლის 19 სექტემბერს თ-------------–---–მა ბინის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი ფართზე უფლების დამდგენი დოკუმენტი.
თ-------------–---–მა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 189 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზაციის მიზნით განცხადებით მიმართა გარდაბნის გამგეობას, რაზეც მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ განცხადებას თან არ ერთვოდა კანონიერი მოსარგებლის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორიცაა ბინის ორდერი, აღმასკომის გადაწყვეტილება და აშშ. თუმცა, თ-------------–---–ი განმარტავს, რომ მას სახელმწიფოს მიერ შეპირებული ბინის ორდერი არ გადასცემია, რის გამოც ვერ მოახერხა აღნიშნული ბინის პრივატიზება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, რომ ცნობილი იქნეს გარდაბნის რაიონის სოფელი მ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ვ------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი #-------------- კანონიერ მოსარგებლედ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს----–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა 2018 წლის 28 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილ სარჩელს თან არ ერთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც თ-------------–---–ს კანონიერი მოსარგებლის სტატუსს მიანიჭებდა. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ--------------–---–ი 1993 წლის 06 იანვრიდან რეგისტრირებულია გარდაბანში, სოფელ მ----------ში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ინფორმაცია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან (ს.ფ. 17)
3.1.2. 2016 წლის 19 სექტემბერს თ-------------–---–მა გარდაბნის რაიონის სოფელ ვ------ში მდებარე ბინის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას სარეგისტრაციო ფართზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 32).
3.1.3. თ--------------–---–ი 2007 წლის 05 ივლისიდან 2017 წლის 12 ოქტომბრამდე გარდაბნის რაიონის სოფელ ვ------ში მდებარე სახლში იხდიდა ელექტრო-ენერგიის გადასახადს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
აბონენტის ბარათი (ს.ფ. 19-30)
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არა-იზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი”.
ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლის განცხადებას, რომელიც შეეხება არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემას, თან უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არა-იზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართვა, რომლის თანახმად, თ-------------–---–ს უარი ეთქვა ბინის პრივატიზაციაზე იმ მოტივით, რომ განცხადებას თან არ ერთვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნული უარის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს, რომ ცნობილი იქნეს გარდაბნის რაიონის სოფელი მ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ვ------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი #-------------- კანონიერ მოსარგებლედ.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების განსაზღვრის პროცესში არ შემოიფარგლება დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალით და მიუთითებს იმ სხვა დოკუმენტების დაშვების შესაძლებლობაზე, რომელთა მეშვეობითაც დგინდება, რომ განმცხადებელი ფართს დაუფლებულია არა თვითნებურად, არამედ გარკვეული სამართლებრივი საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან თ--------------–---–ის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, როგორიცაა შესაბამისი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და აშშ, რითაც მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ სადაო უძრავ ქონებას დაეუფლა არა თვითნებურად, არამედ გარკვეული სამართლებრივი საფუძვლით.
თ--------------–---–ი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათის მიხედვით, იგი 06.01.1993 წლიდან რეგისტრირებულია გარდაბნის რაიონის სოფელ მ----------ში, თუმცა აღნიშნული დოკუმენტიდან არ ირკვევა კონკრეტულად რომელ მისამართზეა რეგისტრირებული მოსარჩელე, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ თ--------------–---–ი რეგისტრირებულია სოფელ ვ------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კორპუსი # 1, ბინა 2--ში.
სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რითაც დაადასტურებდა, რომ უძრავ ქონებას იგი ფლობს მართლზომიერად.
სასამართლო მოსარჩელის მიერ ნივთის მართლზომიერად ფლობის შესაფასებლად, ვერ დაეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ აბონენტის ბარათს, რომლის თანახმად, თ-------------–---–ი ელექტრო-ენერგიის გადასახადს იხდიდა 2007-2017 წლებში გარდაბნის რაიონის სოფელ ვ------ში მდებარე სახლში, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდება, კონკრეტულად რომელ ბინის კომუნალურ გადასახადს იხდიდა მოსარჩელე.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ-------------–---–ის მიერ აღნიშნული ფართობის კანონიერი სარგებლობის ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის გამოც საქმეზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ს----–-–-------------------------–----------ოს მიმართ კანონიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი