განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002297850
№1-41/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05.03.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - ა------- ფ---------ე
ადვოკატი - მამუკა ზოიძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №174130118001
ბრალდებულ ა------- ფ---------ის მიმართ,მამის სახელი: ზია
დაბადებული: 01.04.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქედის რაიონი, სოფელი კ---–----------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ა------- ფ---------ემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გამავალ სასოფლო საავტომობილო გზაზე, სახის არეში ხელის დარტყმით, რ----- ს------ეს და ს------ ს------ეს სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც რ----- და ს------ ს------ეებისათვის გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
2. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის №000535818 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, რ----- ს------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით შავის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
5.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის №000536018 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, ს------ ს------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. დაზარალებულების, რ----- და ს------ ს------ეების ჩვენების თანახმად ა------- ფ---------ემ მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადეს ტკივილი.
7. ა------- ფ---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მოწმეების ს------ ს------ის, რ----- ს------ის, ნ-----–- ს------ის, რ----–-- დ------, გ---–------- ფ---------ის, გ------–- ფ---------ის ჩვენებები, დათვალიერები ოქმი, ამოღების ოქმი.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ა------- ფ---------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------- ფ---------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. ა------- ფ---------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
11. ა------- ფ---------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------- ფ---------ემ, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს და მის პიროვნებას-არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, დანაშაულის შემდგომ ქცევას-აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო და სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას. აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
13. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად ა------- ფ---------ეს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს ა------- ფ---------ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ა------- ფ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
2.გაუქმდეს ა------- ფ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე დართული CD დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი