განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2018
საქმის ნომერი
130100117002336694
დავის ტიპი
151
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/88-2017

(g/ნ 027090617002)

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 იანვარი 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------ ე-–-----ას ძე ლ-----ე, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4---------5. დაბადებული 1974 წლის 05 მარტს, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ აბისში.

ადვოკატი - ემზარ ზურაბაშვილი

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2. მ------ ლ-----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმ პირს, ვისაც დაემუქრა გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: - 2017 წლის 08 ივნისს მ------ ლ-----ე თავისი მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო სანომრე ნიშნებით HEH-920, მივიდა ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში მდებარე საჯარო სკოლასთან, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ვ----–-----------–--ლი. მ------ ლ-----ემ, რომელიც მასზე განაწყენებული იყო საგზაო მოძრაობის დროს შექმნილი სიტუაციის გამო, ავტომანქანიდან ამოიღო 12 კალიბრის მქონე გლუვლულიანი სანადირო თოფი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ----–-----------–--ლს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

1.2. ე.ი. მ------ ლ-----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

3. ბრალდებულის პოზიცია:

 

3.1. ბრალდებულმა მ------ ლ-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის დროს და აჩვენა რომ 2017 წლის 08 ივნისს დილიდან იმყოფებოდა სახლში და თანასოფლელებთან მიიღო მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი. ტელეფონით დაუკავშირდა სოფელ ქვიშხეთში მყოფ მის მეუღლეს და უთხრა რომ ტაქსით არ წასულიყო სოფელში, აგარასთან შეხვდებოდა თავისი მანქანით და წაიყვანდა სახლში. დაახლოებით საღამო ხანს იგი თავის საკუთრებაში მყოფი ა/მანქანით სოფელ აბისიდან გაემგზავრა აგარის მიმართულებით, სადაც უნდა შეხვედროდა თავის მეუღლეს. სოფელ ქვენატკოცის ტერიტორიაზე მოძრაობისას სამანქანო გზაზე არსებულ ღრმულს აარიდა ა/მანქანა და გადავიდა საპირისპირო ზოლში, რის შემდეგ ისევ გადმოვიდა თავის სამოძრაო ზოლში. ამ დროს მას გვერდიდან გაუსწორდა საპირისპიროდ მოძრავი მანქანა, რომელშიც იჯდა ოთხი პირი. ერთერთმა მათგანმა შეაგინა, რის გამოც მან მოაბრუნა ა/მანქანა და გაჰყვა მათ უკან, იმის გასარკვევად თუ რატომ შეაგინეს. სოფელ ქვენატკოცის გზაზე გაჩერდა აღნიშნული ა/მანქანა, მანაც გააჩერა და ისე რომ მანქანიდან არ გადმოსულა ჰკითხა მათ თუ რატომ შეაგინეს, რა დროსაც იმ მანქანიდან გადმოსულმა პირებმა, რომელთაგან არცერთს არ იცნობს, კვლავ შეაგინეს და მანქანაში მჯდომს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, -კიდევ პრეტენზიები გაქვსო? რის შემდეგ დაანებეს თავი. მან მოძრაობა განაგრძო აგარის მხარეს მეუღლესთან შესახვედრად, მაგრამ სოფელ ქვენატკოცასთან გავლისას კვლავ გადაწყვიტა გაერკვია მის შეურაცხმყოფლებთან ურთიერთობა, თუ რატომ მოექცნენ ასე და გაემართა მათთან შესახვედრად. ქვენატკოცის სკოლასთან ე.წ. ბირჟაზე მისვლისას, სადაც რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, მან გააჩერა მანქანა, გააღო კარი და ისე რომ მანქანიდან არც გადმოსულა, იკითხა ვინ იყვნენ მის მიერ მითითებული ა/მანქანით. იმავდროულად მასთან მივიდა ერთი მამაკაცი და დაარტყა სახეში და დაკარგა გონება, ამის შემდეგ თუ რამდენი ადამიანი ურტყამდა არ იცის. გონზე რომ მოვიდა შემთხვევის ადგილზე მისული მისი მეუღლე ასულიერებდა.

მანვე აჩვენა, რომ იარაღით იგი არავის დამუქრებია, სანადირო თოფს ფლობდა კანონიერად და იყენებდა ფრინველზე ნადირობისას. თოფი მოთავსებული ჰქონდა ა/მანქანის უკანა სალონში, ისე რომ არ ჩანდა. შემთხვევის დროს თოფში ვაზნები არ იდო. ვაზნებს ინახავდა ა/მანქანაში.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივაციას ბრალდებულ მ------ ლ-----ის უდანაშაულობის შესახებ, რომ იგი დაზარალებულს არ დამუქრებია ცეცხლსასროლი იარაღით, რადგან ასეთი არ შეესაბამება სინამდვილეს და მოგონილია დაცვის მხარის მიერ ბრალდებულის სს პასუხისმგებლობისაგან დაცვის მიზნით. მ------ ლ-----ის ბრალი მოცემული დანაშაულის ჩადენაში სავსებით არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ,დაზარალებულ ვ----–-----------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ივნისს დაახლოებით 18:30 საათზე სოფელ ქვენატკოცაში არსებული დარბაზის წინ მოძრაობდა ა/მანქანა ნისან ნოტე სახ.N II492JJ -თი, მის ბიძაშვილებთან ერთად. საჭესთან იჯდა მისი ბიძაშვილი ჯონი ჩუტკერაშვილი, მის გვერდით სავარძელში შოთა ჩუტკერაშვილი, უკანა სალონში კი თვითონ და ვეფხია ჩუტკერაშვილი. მგზავრობისას მან დაინახა, რომ სოფელ აბისის მხრიდან მოძრავმა მერსედეს ც კლასის ავტომანქანამ, რომელშიც მარტო მძღოლი იჯდა, მოულოდნელად მოძრაობა დაიწყო მთი მანქანის მიმართულებით და ლამის დაეჯახა, ჯონი ჩუტკერაშვილმა შეჯახების თავიდან აცილების მიზნით მანქანა გადაიყვანა მოძრაობის მარჯვენა მხარეს. იმავდროულად მათი მანქანის სიახლოვეს გაჩერდა ხსენებული მანქანა და დაიწყო მობრუნება. მათ ჩათვალეს რა, რომ მძღოლი მთვრალი იყო, არ ისურვეს მასთან საუბარი და განაგრძეს სვლა, მაგრამ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ დაინახეს რომ აღნიშნული ა/მანქანა მისდევდა მათ. ქვენატკოცაში საჯარო სკოლასთან მისულებს უცნობმა მძღოლმა მათ კვლავ შეუქმნა საავარიო სიტუაცია, რა დროსაც ჯონი ჩუტკერაშვილმა გააჩერა მანქანა, გაჩერდა მერსედესიც საიდანაც მძღოლი არ გადმოსულა, ისინი კი გადმოვიდნენ მანქანიდან. ვ----–-----------–--ლი მივიდა მერსედესის მძღოლთან და ჰკითხა: ვინ იყო და რა უნდოდა. მან უპასუხა რომ იყო სოფელ აბისიდან და აინტერესებდა თუ რატომ უსიგნალებდნენ. მან უპასუხა რომ ეჯახებოდა და აფრთხილებდნენ რომ არ დაჯახებოდა. მან ამღვრეული თვალებით შეხედა და როცა გაიგო რომ ქვენატკოცელები იყვნენ, უთხრა 10 წუთი დამელოდეთ და პასუხს გაგებინებთო, მიატრიალა მანქანა და გაემართა სოფელ ქვენატკოცის გასასვლელისკენ. ისინიც ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და გაემართნენ სოფლისაკენ. სოფელში მისვლისას ვ----–-----------–--ლი დარჩა ე.წ.ბირჟასთან, სადაც მისი თანასოფლელები თ----------------ე, ომარ თურმანიძე და ზაურ ჩუტკერაშვილი იყვნენ, მანქანაში მსხდომი პირები კი წავიდნენ თავიანთ სახლებში. დაახლოებით 10 წუთში მათ სიახლოვეს გაჩერდა იგივე ა/მანქანა მერსედესი ც კლასის, სადაც იჯდა იგივე მძღოლი, რომელმაც გააღო მანქანის კარი და იკითხა იმ ა/მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელსაც იგი ეძებდა და სად შეიძლებოდა მისი ნახვა. ვ----–-----------–--ლმა შენიშნა რა მძღოლის ზურგის მხარეს გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი და მიიჩნია ავტომატად, იგრძნო საშიშროება და სწრაფი სვლით გაემართა მისკენ. იმავდროულად უცნობმა მძღოლმა ცალი ფეხი გადმოდგა მანქანიდან, თან იარაღმომარჯვებული ცდილობდა სასხლეტისათვის ხელის მოკიდებას, დაიძახა „მე შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, მოგკლავო“ და მიმართა თოფის ლულა მისკენ, მაგრამ ვიდრე სასხლეტს მოკიდებდა ხელს, ვ----–-----------–--ლმა მოასწრო, წაავლო ხელი თოფის ლულას და გადაწია საპირისპირო მხარეს, რათა იარაღი არ გავარდნილიყო. ბრალდებული კვლავ ცდილობდა ლულის მისკენ მიმართვას, მაგრამ იგი უძალიანდებოდა. იფიქრა რა იარაღს ვერ ართმევდა მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ ბრალდებული განაგრძობდა რა კვლავ მუქარას, მარცხენა ხელი მოკიდა თოფს და მარჯვენა ხელი კიდევ რამნდენჯერმე დაარტყა სახის არეში. ამ დროს შოთა ჩუტკერაშვილიც მივიდა ა/მანქანის მარჯვენა მხრიდან და იქიდან ცდილობდა თოფის წართმევას. გარკვეული დროის შემდეგ შეძლეს მისი განიარაღება. თოფში აღმოჩნდა 6 ცალი ვაზნა, რომელთაგან ერთი უშუალოდ ლულაში იყო მოთავსებული. ამ დროს მათთან გაჩერდა ოპელის მარკის ა/მანქანაც, საიდანაც გადმოვიდა ერთი ქალბატონი (მ------ ლ-----ის მეუღლე) და ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი, ჯ------- ლ-----ე, რომელიც აღმოჩნდა ვ----–-----------–--ლის ნაცნობი. მანვე უთხრა რომ ნაცემი მძღოლი იყო მ------ ლ-----ე. ვ----–-----------–--ლმა იქვე აჩვენა ჯ------- ლ-----ეს იარაღი რომლითაც მ------ ლ-----ე ემუქრებოდა მოკვლით, რის შემდეგ მის თვალწინ ამოიღო სანადირო თოფიდან 6 ცალი ვაზნა და გადასცა მას. თოფი კი დაიტოვა თავად, პოლიციაში წარსადგენად. აღნიშნულის შემდეგ მ------ ლ-----ე შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეს დაბანეს სახე და იქ მყოფი პირების მიერ გადაყვანილი იქნა ჯერ თავის საცხოვრებელ სახლში, სოფელ აბისში, შემდეგ კი საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

ანალოგიური ჩვენება მისცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მოწმე შოთა ჩუტკერაშვილმა, რომელიც იმავე მანქანაში იჯდა სადაც ვ----–-----------–--ლი, ასევე ვეფხია და ჯონი ჩუტკერაშვილები, სოფელ ქვენატკოცის ტერიტორიაზე მ------ ლ-----ის მიერ შექმნილ საავარიო სიტუაციის და მათ შორის მომხდარ შეკამათებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ კი რაც ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და დასახელებული პირები მივიდნენ სოფელ ქვენატკოცაში, ვ----–-----------–--ლი დატოვეს სკოლასთან არსებულ ე.წ. ბირჟაზე, თვითონ კი წავიდნენ სახლებში. რომ სახლში მისულს დაახლოებით თხუთმეტი წუთის გასვლის შემდეგ სკოლის მხრიდან მოესმა ხმამაღალი ყვირილის ხმა და მიამსგავსა აღნიშნული ხმა ვ----–-----------–--ლისას, იფიქრა რომ მერსედესის მძღოლი დაბრუნდა, რაიმე უბედურება არ მოხდეს და გაიქცა ხმის მიმართულებით. ადგილზე მისულს მაღაზიასთან დახვდა იგივე ა/მანქანა მერსედესი. მანქანის კარი იყო ნახევრად ღია, ვ----–-----------–--ლი ცდილობდა მძღოლისათვის თოფის წართმევას, თან რამდენჯერმე დაარტყა სახეში, მძღოლი კი აგინებდა მას და იმუქრებოდა მოკვლით. თოფის წართმევის მიზნით მან მეორე მხრიდან მოუარა მანქანას, წინა მგზავრის კარის მხრიდან შევიდა ა/მანქანაში მოკიდა ხელი იარაღს ტარზე და თავისკენ ქაჩავდა წართმევის მიზნით. მოულოდნელად იარაღის კონდახი გატყდა. ამ დროს მძღოლი დაიბნა და ხელი გაუშვა მას რის შემდეგ წაართვა იარაღი და გადავიდა მანქანიდან. ვ----–-----------–--ლმა მიმართა ხალხს რომ წყალი მიეტანათ და დახმარებოდნენ ნაცემი მძღოლის მოვლაში. თოფის გახსნისას მასში აღმოჩნდა 6 ცალი ვაზნა, რომელიც ვ----–-----------–--ლმა გადასცა შემთხვევის ადგილზე მისულ აბისისთაველ ჯ------- ლ-----ეს.

მოწმე ჯ------- ლ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს საღამო ხანს იმყოფებოდა დაბა აგარის გადასასვლელზე და ელოდებოდა ტრანსპორტს, რომ წასულიყო სახლში. ამ დროს მის წინ გაჩერდა ოპელის მარკის ა/მანქანა, რომელშიც იჯდა მისი თანასოფლელის, მ------ ლ-----ის მეუღლე მადონა ჩადუნელი და დაემგზავრა მათ. გზაში მსვლელობის დროს სოფელ ბერძენაულთან მათ შემოხვდათ დაბა აგარის მიმართულებით სწრაფად მოძრავი მ------ ლ-----ის ა/მანქანა. მადონა ჩადუნელის თხოვნით მ------ ლ-----ის მოსაძებნად წავიდნენ სოფელ ქვენატკოცის მიმართულებით. სკოლასთან მისულებს ადგილზე დახვდათ მერსედესიის მარკის ა/მანქანა, რომელშიც იჯდა ნაცემი მ------ ლ-----ე. იქვე იმყოფებოდნენ სოფლის მცხოვრებლები, რომელთაგან მისმა ნაცნობმა ვ----–-----------–--ლმა უთხრა მას, რომ მძღოლი აღნიშნული თოფით დაემუქრა მას მოკვლით და ამიტომ ცემა. სანადირო თოფი იქვე იყო აყუდებული, იქიდან ამოღებული 6 ცალი გილზა გადასცა მას თოფი კი დაიტოვა ვ----–-----------–--ლმა. ჯ------- ლ-----ემ აღნიშნული ვაზნები ჩაყარა მ------ ლ-----ის ა/მანქანის მარჯვენა სავარძლის ქვეშ. მ------ ლ-----ე იქ მყოფი პირების მიერ თავისივე ა/მანქანით იქნა გადაყვანილი სოფელ აბისისთავში.

მოწმეების: თ----------------ის და ზ-----------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ისინი ისხდნენ სოფელ ქვენატკოცაში არსებულ მაღაზიათან სკამზე მათ თანასოფლელ თ----------------ესთან ერთად და საუბრობდნენ. ამ დროს მათ წინ გაჩერდა მათივე თანასოფლელის ჯონდო ჩუტკერაშვილის ა.მანქანა საიდანაც გადავიდა ვ----–-----------–--ლი შეუერთდა მათ და ჩაერთო საუბარში. ჯონდო ჩუტკერაშვილი კი წავიდა. რამდენიმე წუთში დაინახა სკოლის წინ დიდი სისწრაფით მოძრავი მერსედესის მარკის ა/მანქანა, რომელმაც დაამუხრუჭა მათ წინ. მძღოლმა გააღო კარი და იკითხა N II492JJ მანქანის ნახვა სად შეიძლებოდა და ვისიაო. ვ----–-----------–--ლი მაშინვე წავიდა მისკენ, თან დაიძახა იარაღი აქვსო და აუჩქარა ნაბიჯს. იმავდროულად აღნიშნულმა პიროვნებამ ფეხი გადმოდგა მანქანიდან და თოფის ლულა მიმართა ვ----–-----------–--ლისკენ, ცდილობდა სასხლეტში თითის შეტანას, თან დაიძახა: „შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ“. ვ----–-----------–--ლი მივარდა მას თოფიან ხელში და დაუწყო წართმევა, თან აიძულა მანქანის სალონში შესულიყო. იაღარის წართმევის მცდელობის მომენტში ვ----–-----------–--ლმა რამდენჯერმე დაარტყა მუშტი მას სახის არეში, მაგრამ მძღოლი მაინც არ თმობდა იარაღს და კვლავ მოკვლით იმუქრებოდა. საბოლოოდ იარაღის წართმევა შესაძლებელი გახდა შემთხვევის ადგილზე მისული შოთა ჩუტკერაშვილის მიერ, რის შემდეგ მძღოლს დაანებეს თავი. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სხვა პირები, რომელთაგან ერთერთი აღმოჩნდა მათი ნაცნობი, სოფელ აბისისთავში მცხოვრები ჯ------- ლ-----ე. მას ვ----–-----------–--ლმა აუხსნა საქმის ვითარება, აჩვენა სანადირო თოფი, რომლითაც მერსედესის მძღოლი მას მოკვლით დაემუქრა, თოფიდან ამოღებული 6 ცალი გილზა გადასცა ჯ------- ლ-----ეს. კონდახთან გატეხილი თოფი კი დაიტოვა თვითონ.

შემთხვევის ადგილზე მისული, საქმეზე დაუინტერესებელი მოწმის ლაშა თურმანიის ჩვენებით დადგენილია, რომ ადგილზე მისულს მას დახვდა ლურჯი ფერის მერსედესის მარკის ა/მანქანა, რომელშიც იჯდა მხოლოდ მძღოლი, ნაცემ მდგომარეობაში. იქვე სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ----–-----------–--ლიც, რომელსაც ხელში ეჭირა კონდახთან გადატეხილი სანადირო თოფი და ამბობდა ამ თოფით მემუქრებოდაო. ვ----–-----------–--ლმა მის თვალწინ ამოიღო სანადირო თოფიდან 6 ცალი ვაზნა და გადასცა იქ მყოფ სხვა პირს.

ბრალდებულის თანასოფლელი მოწმეების: მალხაზ ღონღაძის და მირიან ღონღაძის ჩვენებებით დადგენილია, რომ მ------ ლ-----ე შემთხვევის თავისი მანქანით ნამდვილად გაემგზავრა აგარის მიმართულებით მეუღლის დასახვედრად. ამ უკანასკნელმა ამასთან აჩვენა, რომ ამ დროს მ------ ლ-----ე ნასავამი იყო და აგარის მხრიდან ორჯერ ნახა სოფელში მიბრუნებული.

მ------ ლ-----ის ა/მანქანის, ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკის დამსწრე პირების, მოწმეების: ანტონ გელაშვილის და გიორგი თოთლაძის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივნისს დაახლოებით 16:50 საათზე ქარელის რაიონის სოფელ აბისისთავში ჩატარდა ხსენებული ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ა/მანქანის წინა მარჯვენა მგზავრის სავარძლის ქვემოდან ამოღებული იქნა 12 კალიბრის 6 ცალი ვაზნა , მათ შორის 2 ცალი შავი ფერის, 2 ცალი თეთრი ფერის და 2 ცალი ლურჯი ფერის ვაზნა, რაც დაილუქა ადგილზე, კანონით დადგენილი წესით. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულ მ------ ლ-----ის მამა ე-–-----ა ლ-----ე, რომელსაც ჩხრეკის გარემოებების შესახებ რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს.

სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 16 ივნისის N 46/ბ დასკვნით და ექსპერტ ტარიელ ჩიხლაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრის მქონე გლუვლულიანი, თვითდამმუხტავი სანადირო თოფი“ ATA ARMS“ N15/DO1941, მიეკუთვნება სანადირო, გლუვლულიან, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და წარდგენილი სახით (გატეხილი სახით) უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

ექსპერტიზაზე წარდგენილი 6 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი, 12 კალიბრის ვაზნა, რომლებიც დამუხტულია სხვადასხვა ნომერი საფანტით და ფინდიხით, წარმოადგენს 12 კალიბრის სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 27 ივნისის N003616417 დასკვნით და ექსპერტ მ--–--------------ანის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ლ-----ეს დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების ფრაგმენტირებული მოტეხილობა, სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები და ნაჭდევები, სუბკონიუნქტივური სისხლჩაქცევები ორივე თვალში, ტრავმული კონიუნქტივიტი, კიდურების მრავლობითი დაჟეჟილობები, ნაჭდევები და ექსკორაციები, რაც განვითარებულია, მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

აღნიშნული მტკიცებულებებით სავსებით არის უარყოფილი ბრალდებულის ჩვენება იმის შესახებ რომ იგი თოფით არავის დამუქრებია, თოფი იდო მანქანის უკანა სალონში, საიდანაც იგი არ ჩანდა და რომ თოფში გილზები საერთოდ არ იყო მოთავსებული, რომ გილზები მანქანაში ჰქონდა შენახული და ა.შ.-, რადგან ბრალდებულის მიერ აღწერილ ვითარებაში, რომლის შესაბამისად შემთხვევის ადგილზე მისვლისას თოფი იდო მანქანის უკანა სალონში, ისე რომ არც ჩანდა, ვ----–-----------–--ლი მას არ ამოიღებდა და არც თოფის წართმევის პროცესი გაიმართებოდა მათ შორის (რაც მოწმეთა ჩვენებით დასტურდება). შესაბამისად არც ცემდა დაზარალებული მას მხოლოდ იმის გამო რომ მათი ადგილსამყოფელი იკითხა. ასევე უტყუარი დადასტურება ჰპოვა ნეიტრალური მოწმეების: ლაშა თურმანიძის და ჯ------- ლ-----ის ჩვენებით იმ გარემოებამ, რომ გილზები ხსენებული თოფიდან ამოღებული და ამ უკანასკნელზე გადაცემული იქნა ბრალდებულისათვის თოფის წართმევის შემდეგ ვ----–-----------–--ლის მიერ, რითაც იმავდროულად დასტურდება დაზარალებულის ჩვენების სისწორე რომ თოფის წართმევის შემდეგ იქნა ამოღებული იქიდან გილზები და გადაცემული ჯ------- ლ-----ისათვის, რაც ამ უკანასკნელმა მ------ ლ-----ის მანქანაში ჩაყარა. (გილზები რომ ნამდვილად მანქანაში იყო, დადასტურდა მ------ ლ-----ის ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით).

3.2.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ლ-----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც დაემუქრა გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ ლ-----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც დაემუქრა გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------ ლ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ ხასიათდება დადებითად, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ჰყავს ოჯახი, აქვს სამსახური. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მნიშვნელობად კი ითვლება პირის მიერ დანაშაულის ჩადენა სიმთვრალის მდგომარეობაში, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმთვრალის ფაქტი უტყუარად არ არის დადასტურებული, რის გამოც სასამართლო მ------ ლ-----ის ნასვამობას (მისი ჩვენებით დალეული ჰქონდა ერთი ბოთლი ლუდი) ვერ მიანიჭებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მნიშვნელობას.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ------ ლ-----ის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

7.ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულება,-თურქული წარმოების 12 კალიბრიანი სანადირო თოფი და 6 ცალი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნა, რომელიც ინახება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს N1 აგარის განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ლ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. გაუქმდეს მ------ ლ-----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ივლისის განჩნებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

მოეხსნას ყადაღა მ------ ლ-----ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ე-–-----ა ლ-----ის ( პირადი N43---------), ლ-------------–---–ის, (პ/ნ 4---------2) და მ------ ლ-----ის (პ/ნ 4---------5) სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 10 000 (ათი ათასი ) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქარელის რაიონის სოფელ აბისში (საკადასტრო კოდი 68.03.41.108).

3.ნივთიერი მტკიცებულება,-თურქული წარმოების 12 კალიბრიანი სანადირო თოფი და 6 ცალი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნა, რომელიც ინახება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს N1 აგარის განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქუჩა N 7ა) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა N 15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი