განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002301973
№1/26-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- გ------ის ძე ბ------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), ა---------–- ს-–----–-- გ------–---- მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ფ---–----–-;
ადვოკატი- ნ----- ც---–----
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ი-----–- ბ------ე არასრულწლოვანი დისშვილების - ა-----– და ა-------- ი------–---–---- თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ნ------- ბ------ეს. ამავე დროს ი-----–- ბ------ემ, სათვალე და საფერფლე ესროლა ნ------- ბ------ეს, რომელსაც ნასროლი ნივთები არ მოხვდა. ამის შემდეგ, ი-----–- ბ------ე ცდილობდა ტელევიზორის ხელში აღებას, რა დროსაც თ-- ბ------ე შეეცადა მის შეჩერებას, რის გამოც, განაწყენებულმა ი-----–- ბ------ემ ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავებზე დას - თ-- ბ------ეს. დის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ნ------- ბ------ემ უსაყვედურა ი-----–- ბ------ეს, რის შემდეგაც, ი-----–- ბ------ემ, განაწყენების ნიადაგზე ხელი მოუჭირა კისერში ნ------- ბ------ეს, რა დროსაც თ-- ბ------ე შეეცადა ი-----–- ბ------ის დაწყნარებას, თუმცა ამ უკანასკნელმა განაგრძო რა ძალადობა, ხელი დაარტყა კისერში თ-- ბ------ეს. აღნიშნული ქმედებებით თ-- ბ------ემ და ნ------- ბ------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ი-----–- ბ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- ბ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულების - ნ-------ი და თ-- ბ------ეების ჩვენებები; მოწმეების - გ------ი ბ------ის, მ------- ბ------ის, ს------- ჩ---------, გ------ი დ-----------, რ----- ბ------ის, ვ------- ბ------ის, დ----- ბ------ის, ე----- მ---------, ი---- ფ---------- ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნა ი-----–- ბ------ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ი-----–- ბ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის ან/და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
10. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. ასევე, დამამძიმებელი გარემოებაა, იგივე ქმედების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ, ამისათვის აუცილებელია, რომ ეს პირები (როგორც მსხვერპლი, ისე ამსრულებელი) იყვნენ ოჯახის წევრები. მაგალითად შვილმა ერთდროულად სცემა როგორც მშობელი, ისე დედმამიშვილი (ორი პირის მიმართ).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ი-----–- ბ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. ი-----–- ბ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
14. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- ბ------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულებთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნიათ, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას. ი.ბ------ე დასაქმებულია კერძო სამუშაოებით და ოჯახის დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოდგენს მისი ხელფასი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ი-----–- ბ------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2018 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 26 იანვრის ჩათვლით) ი-----–- ბ------ეს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისასთვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2----–-–----------------------–-–---------------------–---), საბოლოოდ ი-----–- ბ------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით;
ი-----–- ბ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის N12/1-2018 განჩინებით გ------ი ბ------ის (პ/ნ 5----------), თ-- ბ------ის (პ/ნ 5----------), ი-----–- ბ------ის (პ/ნ 5----------), მ------- ბ------ის (პ/ნ 5----------) და ნ------- ბ------ის (პ/ნ 5----------) საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ხარაგაულის რაიონი სოფელი ფ---–----–-, საკადასტრო კოდით N------------);
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სათვალე და საფერფლე, რომლებიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-ის აუდი ჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე