გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310017001930479
№3/63-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.03.2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი, ნათია ლუტიძე
მოსარჩელე: გ--ა ნე------ძე,წარმომადგენელი: მა----მ არ----ძე;
მოპასუხე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა,წარმომადგენელი: მა-–--ზ მა---------ი;
მოპასუხე: ნ--ა ნე------ძე-წე------ლი,მოპასუხე: მა----მ წე------ლი;
წარმომადგენელი: მან--ა ბო------ძე;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 მაისის N43/3055 პასუხი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება N43 154 და 2017 წლის 10 მარტის საკუთრების მოწმობა N04/43154;
მოსარჩელის პოზიცია:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 მაისის N43/3055 პასუხი, 2017 წლის 10 მარტის ბრძანება N 43 154 და საკუთრების უფლების მოწმობა N04/43-159-ს უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მამა იყო გა------–დ ნე------ძე, რომელსაც ქ.ზესტაფონში, რუ-------–ის ქუჩა N8-ში ჰქონდა საკუთარი სახლი. 1984 წელს საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ კი მიიღო სამოთახიანი ბინა, რაზედაც გამოცემული იქნა ადმინისტრაციული აქტი, ფორმა N16 და ფორმა N17, სადაც ბინის კანონიერ მოსარგებლეებად დარეგისტრირდნენ გ--ა ნე------ძე და მამა - გა------–დ ნე------ძე, საქართველოს მთავრობის დადგენილება N189-ის მე-2 მუხლის ,,ა,, ,,ვ,, ,,ზ,, პუნქტის და მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,, პუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, ისინი ითვლებოდნენ თანამესაკუთრეებად. ბინაში ჩაწერილ იქნა მოსარჩელე და მისი მამა გა------–დ ნე------ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო დარჩა მხოლოდ ნახევარი, ანუ ბინის საერთო ფართის ნახევარი(37,5 კვ.მ), რაც უნდა განაწილებულიყო კანონისმიერ მემკვიდრეებზე. 1/2 წილი უნდა ყოფილიყო ნ--ა ნე------ძე-წე------–ის , ხოლო ½ წილი ასევე მემკვიდრეობით უნდა მიეღო მოსარჩელეს. ანუ მთლიანი ფართის მხოლოდ 25% ანუ (18.5 კვ.მ ) ეკუთვნის ნ--ა ნე------ძე-წე------ლს. ბინის ნახევრის კანონიერი მოსარგებლე თავად მოსარჩელეა, ხოლო მეორე ნახევრის გა------–დ ნე------ძე. ადმინისტრაციული წარმოების დროს, როდესაც ახდენდნენ ქონების პრივატიზებას, მოსარჩელისათვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან პირდაპირ კავშირშია მის პირად ინტერესებთან. იგი ფაქტობრივად ფლობს აღნიშნულ ქონებას. ასევე საჭირო იყო მოსარჩელის თანხმობა მისი კუთვნილი 1/2 -ის დათმობაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე მა----მ წე------ლმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2 მოპასუხე ნ--ა ნე------ძე-წე------ლმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.3 მოპასუხე-ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთ ითა , რომ N43 154 ბრძანებისა და საკუთრების მოწმობის N 04/43-154 გამოცემისას არ დარღვეულა კანონონით დადადგენილი მოთხოვნები და არც მოსარჩელის ინტერესები შელახულა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში კანონიერ მოსარგებლედ ითვლება მისი მემკვიდრე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული იქნა საქმის მასალები სრულად. სადაო ბინის ერთადერთ მფლობელს წარმოადგენდა გა------–დ ნე------ძე და მას არ ჰყავდა თანამფლობელები. კონკრეტულ შემთხვევაში გა------–დ ნე------ძის მემკვიდრეები გ--ა ნე------ძე და ნ--ა ნე------ძე-წე------ლი ითვლებიან კანონიერ მოსარგებლეებად. თუ სახეზეა რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლე მათ საცხოვრებელი ფართობი გადაეცემათ ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში ვანაიდან არ არსებობდა ამგვარი შეთანხმება ნ--ა ნე------ძე-წე------ლს საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ საერთო ქონების ½ როგორც კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრეს, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მოსარჩელესაც გააჩნდა ინფორმაცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 მარტის N 43 154 ბრძანებით, ნ--ა ნე------ძე-წე------ლს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში ქ. ზესტაფონში შ. რუ-------–ის ქ. N10 ბინა N35-ში საერთო ფართიდან 74.48 კვ.მ ½ წილი, ფართით 37,24 კვ.მ. და გაიცა საკუთრების მოწმობა N04/43-154. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 მაისის N43/3055 წერილით გ--ა ნე------ძეს უარი ეთქვა 2017 წლის 10 მარტს N 43 154 ბრძანების და N04/43-154 საკუთრების მოწმობის ბათილობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის N43/3055 11.05.2017 წ წერილი;
- N 43 154 10.03.2017 ბრძანება;
- საკუთრების უფლების მოწმობა N 04/43-159;
3.2. გა------–დ ნე------ძე გარდაიცვალა 2015 წლის 02 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა
3.3. გ--ა ნე------ძე 1984 წლის 17 მაისიდან დღემდე რეგისტრირებულია ზესტაფონში შ. რუ-------–ის N10 ბინა N35-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 08 ნოემბრის #01/306376 წერილი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.3. ხსენებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. თავის მხრივ, აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს კანონიერი მოსარგებლის ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მთავრობის დადგენილება მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას - პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“ განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა სახოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს“(საქმე №ბს-257-254(კ-12); 18.07.12).
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც გამყარებულია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, სადავო ბინაში გ--ა ნე------ძის იმ დროს არსებული „ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით. მაშინ, როცა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გ--ა ნე------ძის მიერ ამ ფართის კანონიერი სარგებლობის ფაქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ყოველმხრივ და სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გამოუკვლევია გ--ა ნე------ძის უფლებრივი მდგომარეობა სადაო ფართთან მიმართებაში.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 მაისის N43/3055 პასუხი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება N43 154 და 2017 წლის 10 მარტის საკუთრების მოწმობა N04/43154 და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს არც-ერთი პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ნ--ა ნე------ძე-წე------ლსა და მა----მ წე------ლს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის ანაზღაურება;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კონკრეტულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 32-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--ა ნე------ძის (პ.ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 მაისის N43/3055 პასუხი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება N43 154 და 2017 წლის 10 მარტის საკუთრების მოწმობა N04/43154;
1.2 დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას (ყოფილი გამგეობა) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება ნ--ა ნე------ძე-წე------–ის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ქ.ზესტაფონში, რუ-------–ის ქ.N10/35-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე;
3. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ნ--ა ნე------ძე-წე------ლსა და მა----მ წე------ლს მოსარჩელე გ--ა ნე------ძის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი