გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
080340017002204497
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/1401-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

განმცხადებელი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

წარმომადგენელი - ი-----–- კ---–--ე, ს-------- ვ-–-----ე

დაინტერესებული პირი - შპს ,,ფ---–------’’

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - შ----- კ-----–--–---–ი

მესამე პირი - სს ,,თიბისი ბანკი’’

წარმომადგენელი - კ---- ქ------ე

მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

 

განმცხადებელი განმარტავს შემდეგს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტამობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ქ. ქუთისის ნიკეას ქუჩასა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4,093 კმ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების პროექტს. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითრება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისათვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ნიკიას ქუჩიდან გეგუთის კვანძამდე ტერიტორია მოიაზრება, როგორც ქუთაისის განაშენიანების და პერსპექტიული განვითარების ზოლი, ასევე გეოგრაფიული ცენტრი. შესაბამისად გამზადებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქუთაისის გეგმაზომიერ განვითარებას. ამასთან, გათვალისწინებული მონაკვეთი უზრუნველყოფს გეგუთში მოწყობილი სატრანსპორტო კვანძით ავტომაგისტრალთან ქუთაისში და უკან მიმავალი სატრანსპორტო ნაკადების დაკავშირებას, ასევე მოხდა სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფა სოფლებთან გეგუთი, პატრიკეთი, ოფშკვითი, საყულია და ბაში. ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4,093 კმ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ხორციელდება დეპარტამენტის და შპს „ბ-–------------“-ს შორის 2016 წლის 25 იანვარს გაფორმებული ე.ტ №7-16(spa 150031316) ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული პროექტის საწყისად მიჩნეულია ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული მოედნის, ხოლო ბოლოდ გეგუთში მშენებარე სატრანსპორტო კვანძის ოთხზოლიანი მონაკვეთის დასასრული. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას. საპროექტო მონაკვეთი წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის მომზადების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილში მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება. აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაზეც მესაკუთრის მხრიდან თანხმობა ვერ მიიღო. ნებაყოფლობით თანხმობის მისაღწევად ამოიწურა მედიაციის ყველა რესურსი, დეპარტამენტმა დაიწყო ზემოთხსენებული კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები.

 

საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპოპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის N1-1/494 ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპოპრიაციის გარდუვალობა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელის მიერ დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით, 2017 წლის 25 ნოემბერს გაზეთში საქართველოს რესპუბლიკა გამოქვეყნდა განცხადება ექსპროპრიაციის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე– 2 პუნქტის და ამავე კანონის მე–5 მუხლის შესაბამისად, განმცხადებელი მხარე მოითხოვს: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება - შპს „ფ---–------“-ს (ს/კ212673-01) საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, ნიეკას ქუჩა №27 ნაკვეთ №1-1 მდებარე 271 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 03.05.23.3--) და მასზე არსებულ შენობა- ნაგებობაზე.

 

2.დაინტერესებული პირის პოზიცია:

 

2.1. დაინტერესებული პირი შპს ,,ფ---–------ს’’ წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, არც რაიმე სახის მოსაზრება წარმოუდგენია სასამართლოში, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. მესამე პირების პოზიცია.

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს ,,ფარშევანგს’’ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რის გამოც საგადასახადო გირავნობა იპოთეკა რეგისტრირებული იყო შპს ,,ფ---–------ს’’ ქონებაზე, თუმცა დღეის მდგომარეობით გირავნობა/იპოთეკა გაუქმებულია.

 

3.2. სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენელმა განმარტა რომ შპს ,,ფარშევანგს’’ გააჩნია ფულადი ვალდებულება სს ,,თიბისი ბანკის’’ მიმართ. აღნიშნული ქონება (ს/კ 03.05.23.3--) დატვირთულია იპოთეკით სს ბანკი „რესპუბლიკა“-ს (ამჟამად სს თიბისი ბანკი’’) სასარგებლოდ.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 აპრილს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა დასკვნა, რომლის შესაბამისად ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4,093 კკმ. რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია სამუშაოების საინჟინრო ნაგებობათა საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს და შესაძლებელია მისი რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა დასკვნა, რომლის შესაბამისად შპს ,,ტრანსპროექტის’’ მიერ მომზადებული ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4,093 კკმ. რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის შედგენასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მოქმედ სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს და ის შეიძლება საფუძვლად დაედოს პროექტს გეოლოგიურ ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ივლისის N49-04 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 4,093 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის კონსტრუქციული სქემა. გაიცა მშენებლობის თაობაზე შეთანხმება ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩისა ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 4,093 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-49-04 ბრძანება

 

3.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,ფ---–------ს’’ გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების (მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის) საკომპენსაციო თანხამ ჯამში შეადგინა -89311 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-იხ .გაანგარიშება.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა შპს ,,ფარშევანგს’’, რომლითაც ეცნობა, რომ ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის შიდასახელწმიფოებრივი მნიშვნელობის გზის ქუთაუსუ-გეგუთის მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა შპს ,,ფ---–------ს’’ საკუთრებაში არსებული 271 კვ. მეტრი (ს/კ 03.05.23.3--) მიწის ნაკვეთი.

 

საკომპენსაციო ღირებულების თანხა ჯამში შეადგენს: მიწის ღირებულება - 27100 ლარი; შენობა-ნაგებობის ღირებულება 62111 ლარი. საჯარო რეესტრის (მიწის გამიჯვნის) ხარჯი -100 ლარი; ჯამში - 89 311 ლარი.

 

შპს ,,ფარშევანგს’’ ეთხოვა 5 დღის ვადაში წერილობით აცნობოს გზების დეპარტამენტს მისი პოზიცია შეთავაზებული თანხის მიღების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ამასთან განემარტა, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დეპარტამენტი მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №2-12/6522 წერილი.

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა შპს ,,ფ---–------ს’’ წარმომადგენელმა და 2016 წლის 01 აგვისტოს მიწერილობაზე განაცხადა თანხმობა.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით ექსპლოატაციაში იქნა მიღებული მშენებლობადასრულებული ობიექტი ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 4,093 კილომეტრიანი მონაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 43-05 ბრძანება.

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 სექტემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა შპს ,,ფ---–------ს’’ წარმომადგენელმა მერაბ ხურციძემ და აცნობა, რომ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა - 89311 ლარი, მიუღებელია შპს ,,ფ---–------სთვის’’ ლარის გაუფასურების პირობებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.09.2017წ განცხადება.

 

3.1.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს, აფხაზეთის ავტომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის პროექტის მენეჯრმა მედეა კვახაძემ შპს ,,ფ---–------ს’’ მინდობილ პირს მერაბ ხურციძეს აცნობა, რომ შპს ,,ფ---–------ს’’ მიწის ნაკვეთი ექცევა ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის მონაკვეთზე რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის სამუშაოების პროექტის ზემოქმედების ქვეშ. მასვე აცნობა პროექტის მნიშვნელობა და მიწის ნაკვეთის ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.09.2017წ ოქმი.

 

3.1.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბრის N1-1/494 ბრძანებით ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეკონსტრუქცია- მოდერნიზაციის პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპოპრიაციის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 16 ნოემბრის N1-1/494 ბრძანება.

 

3.1.11. დადგენილია მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №27 (ნაკვეთი №1-1) დაზუსტებული ფართობი 271,00 კვ.მ (ს/კ 03.05.23.3--) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,ფ---–------ს’’ (ს/კ 212673-01) სახელზე. აღნიშნული ქონება (ს/კ 03.05.23.3--) დატვირთულია იპოთეკით სს ბანკი „რესპუბლიკა“-ს სასარგებლოდ. ამავე ამონაწერით ირკვევა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია ბრძანება უძრავ ნივთზე (03.05.23.3--) ყადაღის დადების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.

 

მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.

საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

6.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.

 

ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.

 

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.

 

ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

6.5. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

6.6. დადგენილია და უდავო, რომ ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4,093 კმ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის საპროექტო გზის საწყისად მიღებულია ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული მოედანი, ხოლო ბოლოდ გეგუთში მშენებარე სატრანსპორტო კვანძის ოთხზოლიანი მონაკვეთის დასასრული. საპროექტო გზის სიგრძე შეადგენს 4 093 კმ-ს, მან უნდა უზრუნველყოს გეგუთში მოწყობილი სატრანსპორტო კვანძით ავტომაგისტრალთან ქუთაისში და უკან მიმავალი სატრანსპორტო ნაკადების დაკავშირება. ასევე სატრანპორტო კავშირის უზრუნველყოფა სოფლებთან: გეგუთი, პატრიკეთი, ოფშკვითი, საყულია და ბაში. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას.

 

საგზაო დერეფნის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული შპს ,,ფ---–------ს’’ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა შპს ,,ფარშევანგთან’’, რადგანაც ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია.

 

სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ავტომაგისტრალი წარმოადგენს მგზავრთა გადაადგილებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად და არსებით სოციალურ ინფრასტრუქტურას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - შპს „ფ---–------ს“ (ს/კ212673-01) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №03.05.23.3--, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი: 271 კვ.მ. პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობი 271 კვ. მეტრი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირები, ქონების მესაკუთრეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯებისაგან.

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის `უ~ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 242-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგი მიწის ნაკვეთზე:

 

- შპს „ფ---–------ს“ (ს/კ212673-01) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №03.05.23.3--, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი: 271 კვ.მ. პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობი 271 კვ. მეტრი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;

 

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი