გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2018
საქმის ნომერი
080210018002253325
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210018002253325

№2/91-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.03.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს „კ---–-----ი აბ---–---ი“;

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე;

მოპასუხე - ფ-------ა ს----------ოს შ-------ლების სა--------ი;

წარმომადგენელი - მადონა გეწაძე;

მოპასუხე - საქართველოს ე---------ის და მდგრადი განვითარების ს----------ო;

წარმომადგენელი - ნინო ხაჭაპურიძე;

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ პენსიონერი კრედიტორები.

წარმომადგენელი - ალექსანდრე ჭანტურიძე;

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „სილკიმპექსჯორჯია“;

წარმომადგენელი - გოჩა კუპრაშვილი;

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 2 ივნისს დადებული სამმხრივი ხელშეკრულება;

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 15 აპრილიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების საქმის წარმოება. 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, საქმის გარმოებების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2010 წლის 17 იანვარს და 16 თებერვალს ძველი გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას ორგანიზებით ჩატარდა ორი აუქციონი სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით. აუქციონების უშედეგოდ დასრულების შემდეგ გაკოტრების მმართველმა, სხვა კრედიტორების გვერდის ავლით, უძრავი ქონება ნატურით გადასცა შ-------ლების სა--------ს, რაზედაც 2010 წლის 2 ივნისს გაკოტრების მმართველს, შ-------ლების სა--------ს და ე---------ის ს----------ოს შორის დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, უძრავი ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე. უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ახალი მესაკუთრის სახელზე ვერ განხორციელდა, კრედიტორების მიერ ქონებაზე 2001 და 2003 წლებში დადებული ყადაღის გამო. 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან სს „კ---–----- აბ---–---ს“ ჰყავს 40-მდე კრედიტორი, რომელთა უმრავლესობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინებით, შ-------ლების სა--------თან ერთად, აღიარებულია კრედიტორად მეორე რიგში, შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ქონების ნატურით გადაცემა უნდა შეეთანხმებინა ყველა ახალი (მეორე რიგის) კრედიტორისათვის. ამასთან, 2010 წლის 2 ივნისის სამმხრივ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ქონების ღირებულება და მისი გადაცემის შემდეგ შ-------ლების სა--------ს არ შეუმცირებია თავისი კრედიტორული მოთხოვნა, რაც დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინებით დამტკიცებული რეესტრით, სადაც შ-------ლების სა--------ის მოთხოვნა მეორე რიგში შეადგენს 1 141 288.41 ლარს, ხოლო მეოთხე რიგში 1722864.56 ლარს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობით ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ვინაიდან გადაცემული ქონების რეგისტრაცია არ განხორციელდა და იგი დღესაც „კ---–-----ი აბ---–---ის“ საკუთრებაში ირიცხება, 2010 წლის 2 ივნისს ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხე ფ-------ა ს----------ოს შ-------ლების სა--------მა არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის განმარტებით, გაკოტრების მმართველის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის სრული დაცვით განხორციელდა აუქციონის პროცედურა. ვინაიდან მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება (საკადასტრო კოდით 0------------------) ვერ გაიყიდა, იგი ნატურით გადაეცა შ-------ლების სა--------ს, აღნიშნული ცნობილი იყო სხვა კრედიტორებისთვისაც. რაც შეეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, იგი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და ვალდებულია შეასრულოს წინა გაკოტრების მმართველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, კრედიტორული მოთხოვნა კი ვერ შემცირდა, გადაცემული ქონების სახელმწიფო საკუთრებად დაურეგისტრირებლობის გამო.

2.2. საქართველოს ე---------ის და მდგრადი განვითარების ს----------ომ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის განმარტებით, გაკოტრების მმართველი არ წარმოადგენს კრედიტორთა ინტერესების დამცველ პირს, მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს კრედიტორთა სასარგებლოდ მოქმედება. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა უნდა შეფასდეს, სსიპ „აღსრულების ერვნული ბიურო“ არის თუ არა სათანადო მოსარჩელე. დაუსაბუთებელია ხელშეკრულების ბათილობის მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლებიც: ის, რომ უძრავი ქონება არაა დარეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებად არ ნიშნავს, რომ მისი უფლება საკუთრებაზე ქარწყლდება, ხელშეკრულების მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია განახორციელოს რეგისტრაცია და იგი არ არის შეზღუდული დროში. მოსარჩელე მხარე ასევე უთითებს, რომ ერთი რიგის კრედიტორებიდან მხოლოდ შ-------ლების სა--------ს გადაეცა ქონება, თუმცა გადაცემის დროისათვის და სარჩელის აღძვრის დროისათვის კრედიტორთა რიგი სხვადასხვანაირად წესრიგდებოდა. ამასთან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს გაკოტრების მმართველის შეცვლის შემთხვევაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია მოთხოვნის ხანდაზმულობის დადგენასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან იგი ხელშეკრულების დადების მომენტიდან უნდა აითვალოს.

2.3. მესამე პირების წარმომადგენლებმა სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ მიმართ. სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა დავით ჯიქია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება (ს.ფ.16-18);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სსამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. დადგენილია, რომ 2010 წლის 19 თებერვალს გაკოტრების მმართველმა დავით ჯიქიამ წერილობით მიმართა ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპეცია) უფროსს და შესთავაზა სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონების ნატურით მიღება, ვინაიდან 2010 წლის 16 თებერვალს განმეორებით ჩატარებულ აუქციონზე მითითებული ქონება ვერ გაიყიდა, მსურველთა განცხადებების არარსებობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავით ჯიქიას განცხადება (ს.ფ.79);

3.1.3. დადგენილია, რომ 2010 წლის 2 ივნისს ერთი მხრივ, სსიპ შ-------ლების სა--------ის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს) და საქართველოს ე---------ური განვითარების ს----------ოს (ქონების მიმღები), ხოლო მეორე მხრივ სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეურვეო ქონების კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ე---------ური განვითარების ს----------ოსათვის გადაცემის თაობაზე.

იმავე დღეს იგივე მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონების ( გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880 კვ.მ (საკადასტრო კოდით 0------------------) გადაცემის შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტს ერთვოდა 2009 წლის 29 დეკემბრის N7372/19-2009 ექსპერტიზის დასკვნა, შესრულებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რომლის მიხედვითაც სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1 კვ.მ საწარმოო ფართის (მიწის გარეშე) საბაზრო ღირებულება განისაზღვრ 200 ლარით, ხოლო 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ღირებულება 900 ლარით.

დადგენილია, რომ სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონებას, რომლის გადაცემაც მოხდა კრედიტროზე ნატურით, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვის საფუძველზე N04/05, 19--------- ასევე N3------------1, ედო ყადაღა.

დადგენილია, რომ ნატურით გადაცემული ქონება კვლავ ირიცხება სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.22-23);

- ხელშეკრულება (ს.ფ.24-26);

- მიღება_ჩაბარების აქტი (ს.ფ. 26);

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.74-75)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველი დავით ჯიქია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 28 დეკემბრის გაჩინება (იხ.ს.ფ.16-18);

- -ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.19-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ დავით ჯიქია გაკოტრების მმართველად დაინიშნა 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, რომელიც გამოტანილი იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე. მისი გაკოტრების მმართველად დანიშვნის შემდეგ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2010 წლის 20 სექტემბერს, სადაც განხილული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საკითხი, მითითებულ სხდომაზე 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების შესახებ არც სასამართლოსთვის და არც კრედიტორებისთვის ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა.

მოპასუხე შ-------ლების სა--------მა შესაგებელს დაურთო გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიში ქუთაისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ, ჩატარებული აუციონების და ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, თუმცა საბოლოო ანგარიშზე არაა მითითებული თარიღი, არ აქვს სასამართლოს შტამპი. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალებში საბოლოო ანგარიშის ასლი, ასევე აუქციონების ჩატარების და ქონების ნატურით გადაცემის შესახებ მასალები მოთავსებული არაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ.24).

- გადახდისუუნარობის საქმის მასალები (ტ.4.5.6.)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს შრომის კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით (2010 წლისათვის მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს აუქციონის ჩატარების და შემდგომი პროცედურები, აღნიშნული მუხლის მეთორმეტე ნაწილის მიხედვით, თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს. 121. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. სამეურვეო ქონება უნდა გაიყიდოს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში. თუ მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში სამეურვეო ქონება არ გადავიდა კრედიტორების საკუთრებაში ნატურით ან არ განხორციელდა ქონების განსაზღვრული წესით რეალიზაცია, გაკოტრების მმართველი სთავაზობს კრედიტორებს ქონების ნატურით მიღებას. ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება მოთხოვნაზე უარის თქმად და ქონება ნატურით განაწილდება შესაბამის რიგში დარჩენილ კრედიტორებს შორის. ყველა რიგის კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღებაზე უარი წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. ერთიანი კომპლექსის სახით არსებული ქონება კრედიტორებს გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.

განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 2 ივნისს ერთი მხრივ, სსიპ შ-------ლების სა--------ის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს) და საქართველოს ე---------ური განვითარების ს----------ოს (ქონების მიმღები), ხოლო მეორე მხრივ სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეურვეო ქონების კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ე---------ური გავითარების ს----------ოსათვის გადაცემის თაობაზე.

იმავე დღეს, იგივე მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონების ( გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880 კვ.მ (საკადასტრო კოდით 0------------------) გადაცემის შესახებ.

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც გაირკვევა იცოდნენ თუ არა აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე სხვა კრედიტორებმა და როგორი იყო მათი პოზიცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროისათვის კრედიტორთა მოთხოვნები ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაზუსტებული, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ კრედიტორთა კრება მოწვეული იყო 2010 წლის 20 სექტემბერს და ამ კრებაზე განიხილებოდა კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საკითხი, ასეთი კრება შემდგომშიც არაერთხელ ჩატარდა და დღის წესრიგით ქონების ნატურით გადაცემის საკითხიც იყო გათვალისწინებული. ამდენად, ხელშეკრულება გაფორმდა ყველა სხვა კრედიტორის და მათი პოზიციების გარკვევის გარშე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამ გარიგების ბათილობის საფუძველია. მიუხედავად ამისა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოთხოვნის წარმოშობის დროდ კი უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების გაფორმების დრო, რადგან სს „კ---–-----ი აბ---–---ი“ თავად იყო ხელშეკრულების მხარე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ახალი გაკოტრების მმართველის მიერ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის მიღების პერიოდიდან. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. ამდენად, გაკოტრების მართველი ახორციელებს მხოლოდ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და როდის მიიღო მან ინფორმაცია წინა გაკოტრების მმართველის საქმიანობის შესახებ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამდენად, ვინაიდან გასულია ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა, სასარჩელო მოთხოვნა ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შ-------ლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დაანგარიშებული იქნა სადავო ხელშეკრულებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნის მიხედით, სს „კ---–----- აბ---–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასაგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სს „კ---–----- აბ---–---ს“ სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე