გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-214-17 გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.01.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: ტ------– ბ-----ე,წარმომადგენელი: ზ------ ხ--------ი,მოპასუხე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია,წარმომადგენელი: ლ-------------–ი,მესამე პირი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი: მ----- ლ-------ი,დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც ტ------– ბ-----ე აღიარებული იქნება ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1290,82 კვ. მ ფართის მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ.
მოსარჩელის მითითებით 2007 წლამდე ფლობს ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1438,97 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. 2016 წლის 06 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება. 2017 წლის 16 იანვრის №5 განკარგულებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მის მიწის ნაკვეთზე გადიოდა სატრანსპორტო ზოლი და სხვა რაიმე მიზეზი არ ყოფილა მითითებული. 2017 წლის 18 მაისს ახალი განცხადებით მიმართა კომისიას, სადაც უკვე შესწორებული ჰქონდა კომისიის მიერ სატრანსპორტო ზოლისათვის განსაზღვრული ტერიტორია და მის საკუთრების აღიარების მოთხოვნა აღარ წარმოადგენს 1438,97 კვადრატულ მეტრს, არამედ წარმოადგენს 1290,82 კვ. მ. მიუხედავად იმისა, რომ კომისიას არასდროს უდავია მის მფლობელობაზე აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და აღმოფხვრილი ჰქონდა კომისიის მიერ განსაზღვრული საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის მიზეზი, 2017 წლის 24 ივლისს №1-- განკარგულებით მაინც უარი ეთქვა ახალი გაურკვეველი მიზეზით. მათი განმარტებით მიზეზს წარმოადგენს მათი განმარტებით გარკვეული სივრცითი მოწყობა, (რის ან რა ფორმით ესეც გაურკვეველია), რომელიც გამომდინარეობს 2014 წლის 25 ივნისის თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს №2-- დადგენილებიდან, მაგრამ ეს დადგენილება არამარტო არ ჩააბარეს არამედ არც კი გააცნეს ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" 2016 წლის 28 ივლისის №376 მთავრობის დადგენილების შესაბამისად. მოქალაქე ტ------– ბ-----ის სახელზე 2017 წლის 18 მაისს №1----- წერილით საჯარო რეესტრიდან გაიგზავნა მასალები მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად. 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულებით უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა - ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს ან/და აზუსტებს ცალკეულ გეგმარებითი ერთეულების განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით პარამეტრებს, აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობას, და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიას და შესაბამისად, მისი განვითარება მოწყობილ უნდა იქნას სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპით. განკარგულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სალეგალიზაციო ტერიტორიაზე მოხდება ამ მოცემულობით მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა, სამომავლოდ თვითმმართველობა ვერ უზრუნველყოფს 2014 წლის 25 ივნისის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის №2-- დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მოთხოვნების განხორციელებას. აღნიშნული გარემოება კი ეწინააღმდეგება ,, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით დაცულია აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულება კანონიერია და არ არსებობის მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მესამე პირი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოცხადებულა. სასამართლო სხდომის თარიღი წარმომადგენელს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ტ------– ბ-----ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ტ------– ბ-----ის განცხადება (ს. ფ. 40, 41);
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №1----- მიმართვით ტ------– ბ-----ის განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №1----- წერილი (ს. ფ. 38)
3.1.3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულებით - ტ------– ბ-----ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე (მდებარე ქალაქ რუსთავი, მ--------ის ქ. მ/ტერიტორია) მიწის ნაკვეთის ფართობი 1290,82 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №2-- დადგენილებით დამტკიცებულია ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია ტერიტორიების განაშენიანების მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ სალეგალიზაციო ტერიტორიაზე მოხდება ამ მოცულობით მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საკუთრებაში გადაცემა, სამომავლოდ თვითმმართველობა ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №2-- დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მოთხოვნების განხორციელებას აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-10);
- წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 29-37)
-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულება 9ს. ფ. 13-16)
3.1.4. დიმიტრი მაღრაძე, ზ------ ლ------ და ნ---- კ---–-–---–ი ადასტურებენ, რომ ტ------– ბ-----ე 1993 წლიდან ფლობს ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთს და ამ უკანასკნელმა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა ააშენა 2007 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 05 და 06 ოქტომბრის სანოტარო აქტები (ს. ფ. 55, 57)
3.1.5. ტ------– ბ-----ის მიერ ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არ არის განთავსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო, მიწისქვეშა კომუნიკაციის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობა) ობიექტები.
- შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის", სს ,, სილქნეტის", შპს ,,რუსთავის წყალის", სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას", შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია სიჯისის" აქტი (ს.ფ. 56)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია ადმინისტრაციულ ორგანოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია, შეფასება არ მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, არ გავიდა ადგილზე დასათვალიერებლად, არ გამოკითხა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, არ მოიწვია დაინტერესებული პირები, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მის მიერ გამოსწორებული იქნა მოპასუხის მიერ 2017 წლის 16 იანვრის №5 განკარგულებით უარის თქმის საფუძველი (მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზოლის არსებობა, სხვა მიზეზი არ დასახელებულა), შეამცირა ფართობი, თუმცა 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულებით გაურკვეველი მიზეზით ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად მიუთითებს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №2-- დადგენილებას რომლითაც დამტკიცებულია ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია დაინტერესებული პირი, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები), გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხოლოდ ზოგადი ფრაზებით და კანონის განმარტებებით შემოიფარგლა და არც ერთი წინადადებით არ დასახელებულა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ტ------– ბ-----ის სარჩელი მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ''; ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონ შესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები." ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება ტ------– ბ-----ის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ, ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1290,82 კვ. მ ფართის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსული ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული: ა) უფლებამოსილება–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე – ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (თუ კანონი არ ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევაში სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების აუცილებლობას. გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ყოველი წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. რაც შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მატერიალურ კანონიერებას, ეს დაკავშირებულია მის შინაასთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ საკანონმდებლო აქტებს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება გამომდინარეობს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან; გ) თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად გააჩნია მოქმედებისა და გადაწყვეტის თავისუფალი სივრცე, ის ვალდებულია შეარჩიოს ერთ–ერთი ის გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მოთხოვნის უგულებელყოფა შედეგად იწვევს ადმინისტრაციული აქტის უკანონობას; დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემის პროცესში ყურადღება უნდა დაეთმოს მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალების თანაზომიერების დაცვას; ე) უფლებამოსილება–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შინაარსი უნდა იყოს ისე ნათლად ჩამოყალიბებული, რომ მის ადრესატს ცალსახად შეეძლოს იმის გაგება, თუ რას მოითხოვს მისგან აქტის გამომცემი ორგანო.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მესამე მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
დასახელებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 13 აპრილს ტ------– ბ-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №1----- წერილით ტ------– ბ-----ის განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულებით - ტ------– ბ-----ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე (მდებარე ქალაქ რუსთავი, მ--------ის ქ. მ/ტერიტორია) მიწის ნაკვეთის ფართობი 1290,82 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ნ" პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმა არის - ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს ან/და აზუსტებს ცალკეულ გეგმარებითი ერთეულების განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით პარამეტრებს, აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობას და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს და ხელყოფს სხვათა უფლებებს. სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი დადგენილების თანდართული რუქის მიხედვით წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიას და მისი განვითარება მოწყობილ უნდა იქნას სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს არსებობა, სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოსა და პირობების შექმნა, დასახლების მრავალფეროვანი და დაბალანსებული განვითარება.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღების საჭიროების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 97-ე მუხლების შინაარსს. გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სალეგალიზაციო ტერიტორია თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს №2-- დადგენილების თანდართული რუკის შესაბამისად წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიას, შესაბამისად ტ------– ბ-----ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების ლეგალიზაციის შემთხვევაში თვითმართველობა ვერ უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებასა და განაშენების რეგულირების მოთხოვნების განხორიციელებას.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ
საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
ამავე კანონის მესამე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე კი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:
ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;
ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „ წყლის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;
დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა;
ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;
ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;
თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;
ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;
კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
მ) სასაფლაო და პანთეონი;
ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;
ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დასახელებული ნორმით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით მოსარჩელის მოთხოვნაზე უარი არ თქმულა. უფრო მეტიც ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმების განმარტებით და არ მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნის შეუსაბამობაზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანს საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშინიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №2---ე დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია ტერიტორიების განაშენიანებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
აღნიშნული პირობები ასახული უნდა იქნეს ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტებში ამ წესების საფუძველზე ხორციელდება ქალაქ რუსთავის დაგეგმარების დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავება. მითითებული წესის მეოთხე თავით კი განსაზღვრულია კონკრეტული ფუნქციური ზონები.
სასამართლო სხდომაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტმა მამედ მამედოვმა განმარტა, რომ ქალაქ რუსთავს აქვს ტერიტორიული გამოყენებისა და განაშინიანების რეგულირების გეგმა, აღნიშნულ გეგმას თან ახლავს ზონირების რუკა, რომელიც განსაზღვრას რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე როგორ არის განლაგებული საცხოვრებელი და საქმიანი ზონები. აღნიშნული ზონებით დადგენილია საპროექტო ტერიტორია და პირობითი ზონები. სპეციალისტის განმარტებით დღეის მდგომარეობით რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შემუშავებული, თუ რომელ ზონას მიეკუთვნება ის მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებად აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, თუმცა მის მომიჯნავედ დაინტერესებული პირის გიორგი დალალიშვილის მიერ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად შეთანხმებული იქნა და მოეწყო საქმიანი ტერიტორია (2018 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი, 12:23 საათი) საპროექტო ტერიტორია არის ის ტერიტორია, რომლის დაგეგმვასაც შემდგომში განახორციელებს თვითმართველობა. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში მომავალში შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს განაშენიანების რეგულირების გეგმასთან.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების ურთიერთ შეჯერების, სპეციალისტის განმარტებისა და სამართლებრივი ნორმების შეფასების შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს განშენიანების რეგულირების წესი, მას არ აქვს კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ტერიტორიული მოწყობა, შესაბამისად აღნიშნული პროექტის დაგეგმამდე არ შეიძლება მიჩნეული იქნეს, რომ ტ------– ბ-----ისათვის კონკრეტული მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარება ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 51 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია გათვალისწინებული იქნას მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, ვინაიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს განსაზღვრული, თუ რა ზონას განეკუთნება ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშინიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №2-- დადგენილების შესაბამისად დამტკიცებული ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის მეოთხე თავით განსაზღვრული კონკრეტული ფუნქციური ზონები. ამასთან, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის", სს ,,სილქნეტის", შპს ,,რუსთავის წყალის", სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას", შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია სიჯისის" უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, ტ------– ბ-----ის მიერ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1438,9 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქალაქ რუსთავში, მ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის განთავსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო, მიწისქვეშა კომუნიკაციის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობა) ობიექტები.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიქცევს 2016 წლის 05 და 06 ოქტომბრის სანოტარო აქტების შინაარსს, რომლის თანახმადაც დიმიტრი მაღრაძე, ზ------ ლ------ და ნ---- კ---–-–---–ი ადასტურებენ, რომ ტ------– ბ-----ე 1993 წლიდან ფლობს ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა ააშენა 2007 წლამდე. ზემოთხსენებული ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშინიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №2-- დადგენილების შესაბამისად დამტკიცებული ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი ძალაში შევიდა 2015 წლის 01 იანვრიდან, ე. ი. ტ------– ბ-----ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწას საპროექტო სტატუსი მიენიჭა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლის წარმოშობის შემდგომ, ამასთან აღნიშნული მიწა მასზე არსებული შენობა ნაგებობით შესაძლებელია აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" მოთხოვნებს.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში არ არის მითითებული, თუ როგორ შეიძლება იმ ტერიტორიების დაგეგმვა და განაშენიანების რეგულირების გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელზეც არსებობს შენობა ნაგებობები და აღნიშნული ტერიტორიები რეგისტრირებულია კერძო საკუთრებად. ტ------– ბ-----ის მომიჯნავედ რეგისტრირებულია ასეთი საკუთრების უფლება. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრებაშია საჯარო ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმასთან შეუთავსებლობის შემთხვევაში მათი ექსპროპრიაცია, თუმცა აღნიშნული გარემოება არ შეიძლება წინასწარ გახდეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დღეის მდგომარეობით დავის საგნის ობიექტი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს დღემდე არ მიუმართავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ქ. რუსთავი, მ--------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 1290.82 კ.მ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, თვითმართველობას არ განუხორციელებია რიმე ქმედება, რომელიც მისი მხრიდან კონკრეტულ ტერიტორიაზე საჯარო ინტერესების შესაბამისად მოწყობას განაპირობებდა. სპეციალისტის განმარტებით დღეის მდგომარეობით ქალაქის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მესაკუთრეთა მიერ თავად ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის წარდგენა და განაშენიანების რეგულირების გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტის შესაძლებელია მოვიდეს გრგ-ს პროექტთან შესაბამისობაში, თუმცა ტ------– ბ-----ე, ვინაიდან მას არ აქვს საკუთრების უფლება აღიარებული არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს ვისაც აქვს შესაბამისი პროექტის წარდგენის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც რომლის თანახმად, „ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“.
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი. ამასთან აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს კანონით იპერატიულად აქვს განსაზღვრული, რა შემთხვევაში უნდა განახორციელოს ან არ განახორციელოს საკუთრების უფლების აღიარება, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლების ფარგლებში კი არ მოქმედებს, არამედ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხეს სრულყოფილად არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასება არ მიუცია მოსარჩელის და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისთვის და არ მოუპოვებია დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას''. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს''.
სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად სპეციფიური, იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია, კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს
ამდენად, სასამართლოს მიერ მართალია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე ანუ მიწის ფართის საკუთრების უფლების აღიარებაზე. თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისი უფლებამოსილების განხილვისას დაიცვას კანონის მოთხოვნები და მოქმედებდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციუილი ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა უნდა მოხდეს ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა, შეფასების შედეგად. მოპოვებული უნდა იქნეს ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რასაც სასამართლო მიუთითებს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას შეფასება უნდა მისცეს და ასევე იხელმძღვანელოს ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის ამოცანებიდან გამომდინარე, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა („თანაბარი შესაძლებლობების სივრცე“), ფიზიკური და იურიდიული პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთშეთანხმება ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების საკითხებში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესების გათვალისწინება, რომელსაც განეკუთვნება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან, უნდა შეფასდეს მხოლოდ მას შემდეგ თუ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს და იგი გადაწყვეტს მშენებლობის განვითარებას. ამასთან, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ასეთის არსებობის შემთხვევაში სათანადო ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მოსარჩელეს არ მისცეს მშენებლობის ნებართვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს ტ------– ბ-----ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ტ------– ბ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №1-- განკარგულება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
3. მოპასუხე ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი