გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002285041
# 2/35-2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02.03.2018წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
მოსარჩელე: თ-----ი ნ------ე
მოპასუხე: ი----ი ჩ-----–--ე
დავის საგანი: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - თ----- ნ------ემ (პ.ნ.5----------) მოპასუხე - ი----ი ჩ-----–--ის (პ.ნ.5----------) მიმართ, განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ი----ი ჩ-----–--ესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი 2005 წლის 14 მარტს დაბადებული ნ---- ჩ-----–--ე და ლ---- ჩ-----–--ე დაბადებული 2011 წლის 18 დეკემბერს. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის არაერთხელ მომხდარა კონფლიქტი ხასიათების შეუთავსებლობის გამო, მოპასუხის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერიც, რის გამოც მოსარჩელე ცხოვრობს შვილებთან ერთად და მოპასუხესთან შერიგებას და მასთან თანაცხოვრებას შეუძლებლად მიიჩნევს. მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო რეესტრში გამოცხადებაზე რათა ნებაყოფლობით განხორციელდეს განქორწინება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, მათზე დამოუკიდებლად ზრუნავს მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე არ იჩენს არანაირ ყურადღებას თავისი შვილების მიმართ.
სარჩელის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს მოხდეს მასსა და მოპასუხეს შორის ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით და მოპასუხე - ი----ა ჩ-----–--ეს თავისი შვილების - ნ---- და ლ---- ჩ-----–--ის რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, ჯამში 300 ლარის გადახდა.
საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ალიმენტის ნაწილში და განმარტა, რომ მოპასუხეს დაეკისროს თითოეულ ბავშვზე 50 ლარის გადახდა ყოველთვიურად, ჯამში 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის მიერ მოცემულ სარჩელზე შემოტანილი არ ყოფილა შესაგებელი. საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი ეთანხმება მოთხოვნას განქორწინების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება ალიმენტის გადახდას, ამ ნაწილში სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ არ აქვს შესაძლებლობა რაიმე თანხა გადაუხადოს შვილებს. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ არის ჯანმრთელი აქვს სოფელი, სახლი და მიწის ნაკვეთები - 6000 მ2, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში, მეურნეობა არ აქვს, თუმცა შეუძლია რომ ჰქონდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ მცდელობა მორიგებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ვერ შეთანხმდნენ თანხაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1. დადგენილია, რომ თ-----ი ნ------ე (პ.ნ.5----------) და მოპასუხე ი----ი ჩ-----–--ე (პ.ნ. 5----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2012 წლის 07 თებერვლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2005 წლის 14 მარტს დაბადებული ნ---- ჩ-----–--ე (პ.ნ.5----------) და ლ---- ჩ-----–--ე (პ.ნ.0----------) დაბადებული 2011 წლის 18 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქორწინების მოწმობა სერია მნ № 405271 (ს.ფ.15)
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 16-17);
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ცხოვრობდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში შვილებთან - ნ---- და ლ---- ჩ-----–--ეებთან ერთად. რამოდენიმე თვეა სარჩელის შემოტანამდე, რაც დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზი იყო მოპასუხის მიერ სხვა ოჯახის შექმნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.3. დადგენილია, რომ ამჟამად მოსარჩელე - თ-----ი ნ------ე დასაქმებულია დროებით, მას სტაბილური სამსახური არ გააჩნია, იგი შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ჭიათურაში, თორღვაშვილის ქ.N6-ში ნაქირავებ ბინაში და მათ ძირითად საარსებო წყაროს შეადგენს სოციალური დახმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.4. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხე - ი----ი ჩ-----–--ე ეთანხმება მოთხოვნას განქორწინების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება ალიმენტის გადახდას, ამ ნაწილში სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ არ აქვს შესაძლებლობა რაიმე თანხა გადაუხადოს შვილებს. მოპასუხის განმარტებით მას ყავს არაოფიციალურად მეუღლე. დადგენილია, რომ მოპასუხე არის ჯანმრთელი, რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში, აღნიშნულ მისამართზე მას გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-- ქორწინების მოწმობა სერია მნ № 405271 (ს.ფ.15)
3.2.5. დადგენილია, რომ თ-----ი ნ------ე და ი----ი ჩ-----–--ე რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შესაბამის შემწეობას, მათთვის მინიჭებული მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 21130-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარ:01.02.2018 წელი) (ს.ფ.19;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს თ-----ი ნ------ეს (პ.ნ. 5----------) და ი----ი ჩ-----–--ეს (პ.ნ. 5----------) შორის არსებული ქორწინება (რეგისტრირებული 2012 წლის 07 თებერვალს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭიათურის სამსახურის მიერ. სააქტო ჩანაწერის ნომერი 62201230021) განქორწინებით.
ი----ი ჩ-----–--ეს (პ.ნ. 5----------) სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 01 თებერვლიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების ნ---- ჩ-----–--ის (პ.ნ.5----------) და ლ---- ჩ-----–--ის (პ.ნ.0----------) სარჩენად თ-----ი ნ------ის (პ.ნ. 5----------) სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის, ჯამში 100 (ასი) ლარის გადახდა, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1212-ე , 1213-ე, 1214-ე ,1122-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის1106 მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
სამოქალაქო კოდექსის1122-ე მუხლის შესაბამისად ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.
სამოქალაქო კოდექსის1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო,როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა ორივე მხარე თანახმაა შეწყდეს ქორწინება განქორწინებით. აღნიშნული გარემოება დადგენილია სასამართლოს სხდომაზე.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
გარდა ამისა „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ნაქირავებ ბინაში, დედას სტაბილური სამსახური არ გააჩნია და მათ ძირითად საარსებო წყაროს შეადგენს სოციალური დახმარება. მოცემულ შემთხვევაში მამა არ მუშაობს, მაგრამ არის ჯანმრთელი, საკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოსაზრებით თანხა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იყოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, არის 50 ლარი (ჯამში - 100 ლარი), რომელიც უნდა გადაიხადოს მამამ. სასამართლო თვლის , რომ ამ რაოდენობით ალიმენტის მოთხოვნა საფუძვლიანია.
სასამართლო ასევე მიუთითებს , რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მეტი მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს გონივრული შეფასების ფარგლებში და ი----ი ჩ-----–--ეს უნდა დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა -აღზრდისათვის ალიმენტი. მხარეთა შორის უნდა შეწყდეს ქორწინება განქორწინებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ1 ქვეპუნქტის შესაბამისად: „საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-----ი ნ------ე და ი----ი ჩ-----–--ე რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შესაბამის შემწეობას, მათთვის მინიჭებული მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 21130-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-----ი ნ------ის სარჩელი ი----ი ჩ-----–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს, შეწყდეს თ-----ი ნ------ეს (პ.ნ. 5----------) და ი----ი ჩ-----–--ეს (პ.ნ. 5----------) შორის არსებული ქორწინება (რეგისტრირებული 2012 წლის 07 თებერვალს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭიათურის სამსახურის მიერ. სააქტო ჩანაწერის ნომერი 62201230021) განქორწინებით.
1.1. ი----ი ჩ-----–--ეს (პ.ნ. 5----------) სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 01 თებერვლიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების ნ---- ჩ-----–--ის (პ.ნ.5----------; დაბ: 14.03.2005 წ) და ლ---- ჩ-----–--ის (პ.ნ.0----------; დაბ: 18.12.2011 წ.) სარჩენად თ-----ი ნ------ის (პ.ნ. 5----------) სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის, ჯამში 100 (ასი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჩხერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5(ხუთი) დღის ვადაში.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი