გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002115068
საქმე № 3/266-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ვ------- გ------–-–---–-
მოპასუხე: ტ------– ჭ-------–ი
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პირგასამტეხლოს - 28 000 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი ტ------– ჭ-------–ი (პირ. № 4----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; აკადემიური მოუსწრებლობის გამო მას შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, ხოლო შემდეგ დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ტ------– ჭ-------–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ტ------– ჭ-------–ი სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2013 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2013 წლის 15 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2013 წლის 09 სექტემბრის ბრძანება № 567
3.2.2. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი ტ------– ჭ-------–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2013 წლის 15 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი;
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის ბრძანება № 2568.
3.2.3. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3 და 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება, შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში;
იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
მტკიცებულება: კონტრაქტი №465.
3.2.4. აკადეემიის რექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს №1119 ბრძანებით, აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ტ------– ჭ-------–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფილდან 2017 წლის 23 აგვისტოდან
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №MOD 3 17 00003008
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ ტ------– ჭ-------–ი რექტორის 2013 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2013 წლის 15 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე, ხოლო რექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს №1119 ბრძანებით, აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ტ------– ჭ-------–ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და ტ------– ჭ-------–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მე-4 სასწავლო წლის გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც სამხედრო საქმეში არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით - აკადემიური საფუძვლით გარიცხვის გამო).
კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი ისეთ პირობებში, როდესაც დარღვეულია კონტრაქტი, არ არის გასაჩივრებული და სადაოდ გამხდარი რექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს №1119 ბრძანება, აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ტ------– ჭ-------–ისათვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტასტან დაკავშირებით და მოპასუხე ამავდროულად თავს არიდებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და საკუთარი პოზიციის წარმოდგენას შესაბამისია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
მოცემულ შემთხვევაში, 28000 ლარის 3%-ი 840 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 840 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ტ------– ჭ-------–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი.
3. მოპასუხე ტ------– ჭ-------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 840 (რვაას ორმოცი) ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული