გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-322-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - კ--–---- ო-------ი,წარმომადგენელი - გ------- ო----ი,მოპასუხე - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო,წარმომადგენელი - ნ----ა ახ------–ი, გ---- მ-------–---–ი, მ------ ს----–-–---–ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 20 ნოემბერს №MOC 1 17 0------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის მუდმივმოქმედი კომისიისათვის შუამდგომლობით მიმართვის დავალებას, კერძოდ კი, კ--–---- ო-------ის პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართვას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის ნოემბრის თვეში მიმართა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს და მოითხოვა სააგენტოს შუამდგომლობით მიემართა პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისთვის მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ. მოსარჩელის განცხადებით, მისთვის 2014 წლის 2-------------ის განაჩენით შეფარდებული 5 წლიანი პირობითი მსჯავრისა და ამავე განაჩენით დანიშნული 6 წლიანი გამოსაცდელი ვადის ნახევარზე მეტი გასულია, რაც პრობაციის ბიუროსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. 2017 წლის 20 ნოემბრის №MOC 1 17 0------- წერილით, რომელიც კ--–---- ო-------ს 2017 წლის 28 ნოემბერს ჩაბარდა, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ქვემო ქართლის პრობაციის ეროვნულ ბიუროს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მიმართოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას მოსარჩელის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი სამი წლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა მოვალეობას, კერძოდ, დანიშნულ დროს ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში, ხოლო ქვემო ქართლის პრობაციის ეროვნული ბიუროს პასუხი დაუსაბუთებელია, რადგან მასში არ არის მითითებული განცხადებაზე უარის მიზეზი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქვემო ქართლის პრობაციის ბიურომ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლის თანახმადაც განმცხადებელი მსჯავრის გაუქმებას ითხოვდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი უნდა გაბათილდეს, რაც აღადგენს მის კანონიერ უფლებებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, პრობაციის ბიუროს უფროსი არ არის ვალდებული მიმართოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მასზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროებების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისთვის ხელის შეწყობით და დახმარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრობაციის ბიურო გადაწყვეტილებას აღძრავს თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ იღებს გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ქცევიდან გამომდინარე, აფასებს მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. ამდენად, შუამდგომლობის აღძვრა მაკონტროლებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, ანუ მოცემულ საკითხში მოქმედების თავისუფლება და იგი არ არის ვალდებული მსჯავრდებულს განუმარტოს შუამდგომლობაზე უარის თქმის მიზეზი. მოპასუხის განცხადებით ,, ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით გულისხმობს უფლებამოსილებათა დელეგირებას. საკანონმდებლო ორგანო ადმინისტრაციულ ერთეულს, ქცევის წესის მკაცრი განსაზღვრის ნაცვლად, ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს ოპტიმალური ქცევა. ერთი შეხედვით, აღნიშნული კოლიზიაში მოდის სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპთან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით წარმოუდგენელია კანონმდებელმა ხელისუფლების სხვა შტოთა კონკრეტული ინსტიტუტების მოქმედების ფარგლები სკრუპულოზური სიზუსტით გაწეროს. ამასთან, ნებისმიერი შემთხვევისა და პრობლემისთვის მოქმედების ინსტრუქციის ზედმიწევნით გაწერა, მისი პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაშიც კი შეზღუდავდა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების თავისუფლებას, ადმინისტრაციული პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულირებისთვის მისადაგებას და შესაბამისად, საჯარო ხელისუფლების განხორციელების ეფექტურობას. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები, ზოგადად ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტილება. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, პრობაციის ბიუროს უფროს აქვს უფლებამოსილება უარი თქვას შუამდგომლობის განხორციელებაზე და არ არის ვალდებული განუმარტოს მსჯავრდებულს უარის თქმის მიზეზი, რადგან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე პრობაციის ბიუროს უფროსის შუამდგომლობა ნიშნავს იმას, რომ ბიუროს უფროსმა კომპეტენციის ფარგლებში შეაფასა მსჯავრდებული და ჩათვალა, რომ ვინაიდან კ--–---- ო-------მა დანაშაული ჩაიდინა მისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, (ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე) მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა ამ ეტაპზე არ არის მიღწეული და აქედან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიიჩნია შუამდგომლობით მიემართა მუდმივმოქმედი კომისიისთვის. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელე ვერ უთითებს მისი უფლებების დარღვევის სამართლებრივ საფუძვლებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2-------------ის განაჩენით მოსარჩელე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 06 (ექვსი) წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი-(ს. ფ. 2-12);
- დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 30-40);
-მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 93-101)
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2-------------ის განაჩენი (ს. ფ. 15-20);
3.1.2. მოსარჩელე კ--–---- ო-------ს 2017 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით, როდესაც განცხადებით მიმართა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიაში შუამდგომლობის აღძვრის მოთხოვნით, გამოსაცდელი ვადის ნახევარი დამთავრებული ჰქონდა. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 20 ნოემბრის №MOC 1 17 0------- აქტის საფუძველზე ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი-(ს. ფ. 2-12);
- დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 30-40);
-მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 93-101)
- სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 20 ნოემბრის №MOC 1 17 0------- აქტი; (ს. ფ. 41);
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი 16:45:59)
-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი 17:02:39)
3.1.3. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში 2017 წელს შევიდა 282 განცხადება პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით. აქედან ბიურომ შუამდგომლობა გაუწია 26 მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრის საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ დააკმაყოფილა 26 შუამდგომლობა. აღნიშნულ მსჯავრდებულთაგან არცერთს არ ჰქონია ჩადენილი სამოხელეო დანაშაული. ამასთან, 26 მსჯავრდებულიდან მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს 10 პირი იხდიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 28 მარტის №MOC 9 18 00277029 სამსახურებრივი ბარათი და დანართი (ს. ფ. 148-149)
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1 სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 20 ნოემბრის №MOC 1 17 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია სრულყოფილად, არ გამოიკვლია მასალები, არ დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შეფასება არ მისცა კ--–---- ო-------ის პიროვნულ მახასიათებლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სამი წლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა მოვალეობას, კერძოდ, დანიშნულ დროს ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ახალი დანაშაულის ჩადენას ან ვალდებულების შეუსრულებლობას.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ შუამდგომლობის აღძვრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, კ--–---- ო-------მა დანაშაული ჩაიდინა მისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, (ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე) მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა ამ ეტაპზე არ არის მიღწეული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი და თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არ განუხილავს ერთობლიობაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, სრულად არ გამოიკვლია მასალები, არ დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სრულყოფილად არ შეაფასა მოსარჩელის პიროვნული თვისებები, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი; ,არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 20 ნოემბერს №MOC 1 17 0------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 20 ნოემბრის №MOG1 17 0------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.
დასახელებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და დაიცვას კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2-------------ის განაჩენით მოსარჩელე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 06 (ექვსი) წელი.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის 211-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
,,არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირობითი მსჯავრის გაუქმების მიზნით, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის განცხადების განხილვის ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირობით მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, პრობაციის ბიურო შუამდგომლობით მიმართავს მუდმივმოქმედ კომისიას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ. ამასთან იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადება შეტანილი აქვს პირობით მსჯავრდებულს (წარმომადგენელს) კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისათვის - აღძრას თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე, განსაზღვრული აქვს 30 დღის ვადა.
სასამართლო განმარტავს, რომ კონტროლის განმახორციელებელი ორგანო - პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით. შესაბამისად სააგენტო გადაწყვეტილებას აღძრას თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ იღებს გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ქცევიდან გამომდინარე, აფასებს მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და ა.შ. ანუ შუამდგომლობის აღძვრა მაკონტროლებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 02 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს და მოითხოვა ამ უკანასკნელს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიაში ეშუამდგომლა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ, რაზეც 2017 წლის 20 ნოემბრის №MOC 1 17 0------- აქტის საფუძველზე ეთქვა უარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები." ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია მასალები სრულყოფილად, არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუსმენია დაინტერესებული პირის მოსაზრება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების საკითხს აღძრას თუ არა შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ უკავშირებს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებას, საკითხზე ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში 2017 წელს შევიდა 282 განცხადება პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით. აქედან ბიურომ შუამდგომლობა გაუწია 26 მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრის საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ დააკმაყოფილა 26 შუამდგომლობა. აღნიშნულ მსჯავრდებულთაგან არცერთს არ ჰქონია ჩადენილი სამოხელეო დანაშაული. ამასთან, 26 მსჯავრდებულიდან მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს 10 პირი იხდიდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული
ორგანოს სამართლებრივი შეფასება (სასამართლო სხდომაზე განმარტებული) საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას, მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული აქტის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიღების ფაქტი, შესაბამისად, არსებობს ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები. არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი გახდეს მოპასუხის წარმომადგენელთა მითითება იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია სამოხელეო და მძიმე კატეგირიის დანაშაული ვინაიდან, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები არ ზღუდავენ აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობის აღძვრის უფლების საკითხებს. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ გასაჩივრებული აქტით საერთოდ არ არის მითითებული მოსარჩელის მოთხოვნის უარის თქმის საფუძველი. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა მოპასუხის წარმომადგენელთა ახნა-განმარტებით დაეზუსტებინა აღნიშნული ვერც სასამართლო სხდომაზე მოხერხდა ვინაიდან, მოპასუხეთა წარმომადგენლები მიუთითებდნენ მხოლოდ კანონის მოთხოვნების შესახებ პიროვნების ფაქტორის და დანაშაულის ხასიათის შესახებ. (2018 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი 16:57:29; 17:02:26; 17:08:35; 17:02:39) საგულისხმოა მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტების ის მონაკვეთი სადაც ისინი მიუთითებენ მოსარჩელის მოპასუხესთან მუშაობის ფაქტის და მოპასუხის მხრიდან მხარდაჭერის, ხოლო მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის შესახებ. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არ შეიძლება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, მოსარჩელე სწორედ რომ ჩადენილის გამო იხდის სასჯელს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოიწვია დაინტერესებული პირები, არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის ერთობლიობაში არ შეამოწმა და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ თუ რატომ არ შეიძლება კ--–---- ო-------ის მიმართ შუამდგომლობის წარდგენა პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიაში პირობითი მსჯავრის და ნასამართლობის მოხსნის შესახებ, კერძოდ რა პიროვნული მახასიათებელი წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, რატომ არ შეიძლება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება მაშინ როდესაც მოპასუხემ ოცდაექვსიდან ათ შემთხვევაში შუამდგომლობა აღძრა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, არ მიიწვია მოსარჩელე ადმინისტრაციულ წარმოებაში მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისათვის მიმართვის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. კ--–---- ო-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 20 ნოემბრის №MOG1170------- გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
3. მოპასუხე სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მოსარჩელე კ--–---- ო-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ( ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი