გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002010845
N2/2700-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - ქე-----ნ ცე–--–--ე
მოპასუხე - ზვ--დ ცე–--–--ე
წარ-ომადგენელი - ირ-ა ზო--ე
დავის საგანი- ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზვ--დ ცე–--–--ეს დაეკისროს, არასრულწლოვანი შვილების თიკო ცე–--–--ის, დაბადებული 2009 წლის 22 აპრილს და ნიკა ცე–--–--ის, დაბადებული 2008 წლის 7 თებერვალს, სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 400 ლარის, თითოეულზე 200-200 ლარის ოდენობით. ალიმენტის თანხა განისაზღვროს ფაქტობრივად განქორწინების დღიდან, 2016 წლის თებერვლის თვიდან.
მოსარჩელის პოზიცია
ქე-----ნ ცე–--–--ე 2007 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ზვ--დ ცე–--–--ესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი თიკო ცე–--–--ე, დაბადებული 2008 წლის 3 თებერვალს და ნიკა ცე–--–--ე, დაბადებული 2009 წლის 19 აპრილს. 2017 წლის 7 მარტს შეწყდა მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან. 2017 წლის 23 მარტს, ყოფილ მეუღლეებს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, რომლითაც არ იქნა განსაზღვრული ალიმენტის გადახდის ვალდებულება, მაგრამ განისაზღვრა ზვ--დ ცე–--–--ის სხვა ვალდებულებები არასრულწლოვანი შვილების მიმართ, კერძოდ, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას შვილების აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ ხარჯებში მიეღო მონაწილეობა, შეეძინა მათთვის საკვები და ჩასაცმელი ისე, რომ არ ექნებოდა გადასახდელი, ალიმენტი-კონკრეტული, ყოველთვიური თანხა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის. მისთვის ცნობილია, რომ მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ვაჭრობს ბათუმის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, იგი თანახმაა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 125-125 ლარი (სასამართლო სხდომის ოქმი 19/03/18წ). ამასთან, მოპასუხე არ ეთანხმება ალიმენტის დაკისრებას წარსული დროისათვის. მოპასუხე განმარტავს, რომ წარმოადგენს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და ღებულობს შემწეობას. მუშაობს ბათუმის აგრარულ ბაზარში, დღიურ მუშად და მისი ანაზღაურება დღეში შეადგენს 6-7 ლარს. მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც ვაჭრობს ბოსტნეულით. არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო სახსრების გაღების მიზნით უარი თქვა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონებიდან კუთვნილ წილზე, რათა აღნიშნული ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლით, მოსარჩელეს მიეღო შვილების რჩენისათვის საჭირო სახსრები. უფრო მეტის გადახდის შესაძლებლობა მას არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქე-----ნ ცე–--–--ე და ზვ--დ ცე–--–--ე განქორწინდნენ 2017 წლის 7 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა N77172000307 (ს.ფ 13)
3.1.2. ქე-----ნ ცე–--–--ეს და ზვ--დ ცე–--–--ეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, თიკო ცე–--–--ე (დაბადებული 03/02/08წ) და ნიკა ცე–--–--ე (დაბადებული 19/04/09წ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თიკო ცე–--–--ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ 14)
-ნიკა ცე–--–--ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 15)
3.1.3. ქე-----ნ ცე–--–--ე და ზვ--დ ცე–--–--ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N22. ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლით და საყოფაცხოვრებო პირობებით. ქე-----ნ ცე–--–--ე არ მუშაობს. ბავშვების აღზრდაში მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა- განმარტება. ( სხდომის ოქმი 02/03/18წ)
-2017 წლის 23 მარტის შეთანხმება (ს.ფ. 16)
-ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 37-59)
3.1.4. ზვ--დ ცე–--–--ე არის ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუს მქონე პირი და იღებს სოციალურ პაკეტს თვეში 70 ლარის ოდენობით. იგი მუშაობს აგრარულ ბაზარში დღიურ გამომუშვებაზე, სადაც მისი შემოსავალი შეადგენს დღეში 6-7 ლარს. ზვ--დ ცე–--–--ე პერიოდულად, დედის საშუალებით, ამარაგებს შვილებს საკვები პროდუქტებით და ტანსაცმლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 64)
-მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი 02/03/18)
3.1.5. მხარეთა შორის 2017 წლის 23 მარტს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, შეძენილი უძრავი ქონება არ გაიყო მეუღლეთა შორის და დარჩა რეგისტრირებულ მესაკუთრეებზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 60-67)
3.1.6. სარჩელის წარდგენამდე ქე-----ნ ცე–--–--ეს ზომები სარჩოს მისაღებად არ მიუღია, მან ვერ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი 02/03/18)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისი შემოსავალი და შეძლებს თვეში 200-200 ლარის გადახდას ალიმენტის სახით. მოპასუხის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოპასუხის შემოსავალი შეადგენს შემწეობის თანხას და აგრარულ ბაზარში დღიურ შემოსავალს, რომელიც დღეში შეადგენს 6-7 ლარს. მხარეები ახსნა-განმარტებებში აცხადებენ ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შეფასება სასამართლომ უნდა განახორციელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის განსაზღვრული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგადი წესის თანახმად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198–ე,1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234–ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე 1)ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2)ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ დონეს მაინც.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვის უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქე-----ნ ცე–--–--ე არ მუშაობს, მის კმაყოფაზე იმყოფება ორი არასრულწლოვანი შვილი, ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბავშვები ცხოვრობენ კეთილმოწყობილ, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვილ საცხოვრებელ სახლში. ქე-----ნ ცე–--–--ეს არ უწევს შვილების საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა და ამისათვის დამატებითი ხარჯების გაღება, ვინაიდან საცხოვრებელი პირობები მოწესრიგებულია მეუღლეთა თანაცხოვრების დროს. სასამართლო პროცესზე ქე-----ნ ცე–--–--ემ განაცხადა, რომ მოპასუხისგან და მისი დედისგან პერიოდულად იღებს ბავშვებისთვის საკვებ პროდუქტებს, ჩასაცმელს და მოპასუხე მონაწილეობს შვილების ჯანმრთელობის ხარჯების დაფინანსებაში. მოსარჩელემ სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებები არ არის საკმარისი ორი მცირეწლოვანი ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფისათვის. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიურად 200-200 ლარი, მოპასუხე აცხადებს, რომ მოცემულ პერიოდში მისი მატერიალური შემოსავლები ვერ უზრუნველყოფს თვეში 400 ლარის დაფარვას და ცნობს სარჩელს ნაწილობრივ. კერძოდ, თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 125-125 ლარი.
6.4. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზვ--დ ცე–--–--ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და ღებულობს შემწეობას 70 ლარის ოდენობით. ზვ--დ ცე–--–--ე მუშაობს აგრარულ ბაზარში, დედასთან ერთად და მისი შემოსავალი დღეში შეადგენს 6-7 ლარს. აღსანიშნავია, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების დროს შეძენილი ორი უძრავი ქონებიდან, ერთზე, რომელიც ზვ--დ ცე–--–--ის საკუთრებაა, ქ. ბათუმში, 26 მაისის და ბესიკის ქ.-ზე მშენებარე სახლის 63.98 კვმ ფართზე, რეგისტრირებულია მეუღლეთა თანაცხოვრების დროს (29/04/2015წ) გაფორმებული იპოთეკური სესხი. ასევე, მეუღლეთა თანაცხოვრების დროსაა შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქ. N22-ში, რომელიც ირიცხება ქე-----ნ ცე–--–--ის საკუთრებად და მასზე უფლებრივი დატვირთვა რეგისტრირებული არაა. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების დროს აღებული ფინანსური ვალდებულების ტვირთი იკისრა მოპასუხემ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოფილი მეუღლის განთავისუფლება ერთობლივი თანაცხოვრების დროს აღებული ფინანსური ვალდებულებებისაგან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.
6.5. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ან სიტყვიერი ვარაუდი მოპასუხის სხვა, შესაძლო ფინანსური შემოსავლების შესახებ. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს, როგორც მისი ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, გაცნობიერებული აქვს მასზე, როგორც მშობელზე დაკისრებული მოვალეობა, მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდის პროცესში და დაეხმაროს ყოფილ მეუღლეს. ასეთ პირობებში, მხარეთა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტი უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 125–125 ლარის ოდენობით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპტიმალური და ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფარვის საშუალება იქნება. სასამართლო თვლის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ალიმენტის დაკისრების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება იყოს არა მხოლოდ ბავშვის ინტერესზე მორგებული, არამედ აღსრულებადიც.
6.6. მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას წარსული დროისათვის, კერძოდ, ერთობლივი თანაცხოვრების შეწყვეტის პერიოდიდან, 2016 წლის თებერვლის თვიდან. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. სასამართლოს შეკითხვაზე თუ რა პერიოდიდან ითხოვდა ალიმენტს, მოსარჩელემ განმარტა, რომ ალიმენტის არგადახდის თაობაზე შეთანხმდნენ 2017 წლის 23 თებერვლის შეთანხმებით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მანამდე მოპასუხისთვის ალიმენტი მოთხოვნა განხორციელდა და ბუნებრივია, არც მოპასუხისგან ექნებოდა სარჩოს გადახდისაგან თავის არიდებას ადგილი.
6.7. სასამართლო, 2017 წლის 23 მარტის მხარეთა შეთანხმების, როგორც მტკიცებულების შეფასებისას, განმარტავს, რომ მოცემული შეთანხმებით მხარეებმა ნებაყოფლობით დაადგინეს ურთიერთვალდებულები და მათი პასუხისმგებლობის ფარგლები საკუთარი შვილების მიმართ. კერძოდ, ქე-----ნ ცე–--–--ემ ნებაყოფლობით თქვა უარი ფიქსირებული ალიმენტის მიღებაზე იმ პირობით, რომ ზვ--დ ცე–--–--ე სხვა ფორმით მიიღებდა მონაწილეობას შვილების აღზრდა-განვითარებაში. ქე-----ნ ცე–--–--ემ, როგორც შეთანხმების მხარემ, საკუთარი ნებითვე განაცხადა უარი შეთანხმების პირობებზე და სარჩელი შემოიტანა სასამართლოში ალიმენტის მიღების მოთხოვნით. წარსული დროისათვის ალიმენტის დაკისრების მთავარი ფაქტობრივი საფუძველია სარჩელის წარდგენამდე მხარის მოთხოვნის არსებობა და ვალდებული პირის უარი ან თავის არიდება სარჩოს გადახდაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს წარსული დროისათვის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და ალიმენტის დაკისრება უნდა მოხდეს სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
7.2. მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ა) ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე, ხოლო მოპასუხე, როგორც შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ყველა სარჩელზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ქე-----ნ ცე–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზვ--დ ცე–--–--ეს (პ/ნ 61009005568) არასრულწლოვანი შვილების თიკო ცე–--–--ის (დაბადებული 03/02/08წ) და ნიკა ცე–--–--ის (დაბადებული 19/04/09წ) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე თვეში 125-125 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 14 ივლისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე