განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/36-18 (№041121217003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნინო ზურაბაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მერაბი გივის ძე ღვინიანიძე - დაბადებული 1979 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №53001053127, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ოფშკვითი
ადვოკატი - კობა სოხაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მერაბ ღვინიანიძემ ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: მერაბ ღვინიანიძე სისტემატიურად ცემდა თავის მეუღლეს აღათი ლობჟანიძეს, კერძოდ: 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებში ქ.ქუთაისი, ზვ.გამსახურდიას ქუჩა N39/54-ში მდებარე სახლში იძალადა მეუღლეზე აღათი ლობჟანიძეზე (სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი), რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ასევე თავის საცხოვრებელ სახლში მერაბ ღვინიანიძემ აღათი ლობჟანიძეს ძლიერად მოქაჩა თმები, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. ასევე 2017 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 12:30 საათზე ქ.ქუთაისში ყაუხჩიშვილის ქ. N1-ში მდებარე სასტუმროს ეზოში მერაბ ღვინიანიძემ აღათი ლობჟანიძეს ხელი მოუჭირა ყელში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ აღათი ლობჟანიძის ჩვენება; მოწმე თამუნა მუმლაძის ჩვენება; ბრალდებულის დაკავების ოქმი და სხვ.) ერთობლიობა მერაბ ღვინიანიძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ მერაბ ღვინიანიძემ ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მერაბ ღვინიანიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერაბ ღვინიანიძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მერაბ ღვინიანიძის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და მისი ჩათვლა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მერაბ ღვინიანიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს მერაბ ღვინიანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და იგი განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მერაბ ღვინიანიძე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 02 მარტის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მერაბ ღვინიანიძეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი