გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2018
საქმის ნომერი
820310018002248655
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310018002248655

№3-03/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.03.2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე - ნ-----–- ჯ-------ე

წარმომადგენელი - ი-----–- ჯ-------ე

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილება

მოპასუხის წარმომადგენელი - დ-------- ბ-----ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილობითი მომართვა.

სარჩელში მოსარჩელე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2017 წლის 05 მაისს მოპასუხის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილებამ მოსარჩელეს წარუდგინა მოთხოვნა 2016 წლის 1 დეკემბრის შემდგომ პერიოდში სოციალური პაკეტის სახით მიღებული ბენეფიტის (ფულადი თანხა 840 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენის შესახებ.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მის მიერ მიღებული სარგებლის უკან მოთხოვნა შეუსაბამოა კანონმდებლობის დანაწესთან.

მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილობითი მომართვა.

2.მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალში და მასში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა საქმეები. ნ-----–- ჯ-------ის პირადი საქმის შემოწმების შედეგად კომისიამ აღმოაჩინა, რომ 2003 წლის 19 აგვისტოს სსე ბიუროს №037852 აქტით დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, უვადოდ. ხოლო სამედიცინო საქმეში განთავსებული, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტით 2/69 (გაცემული 19.08.2003წ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა ერთი წლით. აქედან გამომდინარე კომისიამ 2017 წლის 05 მაისის ოქმი №1 მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვი8ს შეწყვეტის შესახებ.

17.08.2017 წლის №04/53198 სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის წერილის თანახმად ნ-----–- ჯ-------ეს ეცნობა ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტის შესახებ, შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენამდე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილის თანახმად ნ-----–- ჯ-------ეს ეცნობა, რომ 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი, რომელმაც შეადგინა 840 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ არსებობს 2012 წლის 11 მაისის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2017 წლის 05 მაისის ოქმი №1 მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303/ო ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 05 მაისის მიიღო გადაწყვეტილება ნ-----–- ჯ-------ის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 05 მაისის ოქმი №1, მხარეთა ახსნა განმარტება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება ნ-----–- ჯ-------ის არ გაუსაჩივრებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარეთა ახსნა განმარტება.

 

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილით მოსარჩელეს ეცნობა აღნიშნულის გადაწყვეტილების და მისი გასაჩივრების უფლების შესახებ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–- ჯ-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასარჩელო მოთხოვნის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლები (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე). კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმის საფუძველზე აღძრული სარჩელი დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას; პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზიანი უნდა ადგებოდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს ან უკანონოდ იზღუდებოდეს მისი რომელიმე უფლება. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩელეს მოითხოვოს საქმის განხილვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით.

 

მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, თუკი ასეთი ზიანი პირდაპირი და უშუალოა მოსარჩელისათვის. საკითხის სწორად გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე და მეორე მხრივ, შეცდომით არ მოხდეს სარჩელზე მოსარჩელის არარსებული უფლების განხორციელება და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოპასუხის ინტერესები და სამართლიან სასამართლოზე მისი შესაბამისი უფლება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, მათ მიმართ ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. ამავე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვალა აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო-ადმინისტრაციული აქტის ავტორი; სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან; ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი შეცვლისკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას; საჯარო დაწესებულების ნების შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიება მიმართული უნდა იყოს უშუალო სამართლებრივი შედეგის ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით, უცილობლად წარმოშობისკენ.

 

სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იგი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აღნიშნული დოკუმენტით დამოუკიდებლად არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №04-15-03/1036 წერილი არის ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული პროცესულაური დოკუმენტი და ცალკე არ იწვევს სამართლებრივ შედეგს. კერძოდ, მოსარჩელეს ეცნობა რა მიღებული გადაწყვეტილება, განემარტა მისი გასაჩივრების წესი და შედეგი. და აღნიშნული წერილით მოსარჩელე მხარის ინტერესები არ შეზღუდულა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა. სარჩელის არ დაკმაყოფილების პირობებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ეკისრება მოსარჩელე მხარეს. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე და 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–- ჯ-------ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი