გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
190310016001564420
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-271-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აპრილი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - თ------- ბ-–---ე,წარმომადგენელი - ქ------- ხ--------ი, ს------- ჩ------ე,მოპასუხე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი - ს------- დ--------ე, ბ----------–---–ია,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე მოითხოვს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ივლისის №1--- ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც მოხდება ქ. რუსთავში თ------- ბ-–---ის იზოლირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება გონივრულ ვადაში.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ თ------- ბ-–---ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ის 2013 წლის 27 დეკემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საბჭოს №060----- გადაწყვეტილების თანახმად ჩაირიცხა დ--–---ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში. თ------- ბ-–---ე დღემდე აღნიშნული პანსიონატის ბენეფიციარია. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, თ------- ბ-–---ეს დ--–---ის შშმ პირთა პანსიონატში ცხოვრებით წართმეული აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. მას ჩამორთმეული აქვს უფლება იცხოვროს თავის 18 წლის ვაჟთან, დ----- ბ-–---ესთან ერთად, რომელიც სრულწლოვანების ასაკამდე, 2015 წლის 22 აგვისტომდე იმყოფებოდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მინდობით აღზრდაში შ------- ა------სთან, ხოლო ამჟამად, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს საცხოვრებელი ბინა, იძულებულია მეგობართან იცხოვროს. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ თ------- ბ-–---ეს პანსიონატში ცხოვრებით წართმეული აქვს უფლება იცხოვროს თემში, ჩართული იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დარღვეულია მისი თავისუფალი არჩევანის უფლება თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურს ცხოვრება და არ იყოს ვალდებული დასახლდეს საცხოვრებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სადაც იძულებული იქნება იცხოვროს წინასწარ დადგენილი რეჟიმით, წესებით, აკრძალვებით, რასაც პანსიონატი სთავაზობს და რაც, მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ცხოვრებას უთანაბრდება. გამომდინარე იქიდან, რომ თ------- ბ-–---ე 2000-2010 წლებში ცხოვრობდა რუსთავში და მისი სურვილია, კვლავ რუსთავში გააგრძელოს დამოუკიდებლად ცხოვრება შვილთან ერთად, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის 2016 წლის 24 მარტს მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას. კოალიცია რუსთავის მერისგან ითხოვდა თ------- ბ-–---ე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით რუსთავში, სადაც ის შვილთან ერთად ცხოვრებას შეძლებდა სხვათა თანასწორად, ღირსებისა და პატივის შეულახავად. 2016 წლის 12 აპრილის წერილით მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა თ------- ბ-–---ისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემეზე იმ მოტივით, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნდა საბინაო ფონდი. 2016 წლის 15 აპრილს, კოალიციამ კვლავ მიმართა რუსთავის მერიას დამატებითი კითხვებით. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2016 წლის 19 მაისს რუსთავის მერიის მიერ გაცემული პასუხიდან ნათელი გახდა, რომ მერია არ გეგმავდა თ------- ბ-–---ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. აღნიშნული მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა თ------- ბ-–---ის საჩივარი 2016 წლის 14 ივლისის №1--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, აქტი როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით კანონის მოთხოვნის შესაბამისადაა გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილობის წინაპირობები. მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 05 ივლისს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში გაიმართა ზეპირი მოსმენა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იქნა დაინტერესებული პირის - თ------- ბ-–---ის წარმომადგენლის - ქ------- ხ--------ის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლის დასწრება და მათი მოსაზრებების მოსმენა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყო საქმის სრულად შესწავლა და გადაწყვეტილება მიიღო საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეების მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წერილობითი შესაგებლის მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 მაისის №02/----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის არც ერთი წინაპირობა. მოსარჩელის მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შემოტანის მომენტისთვის მიმდინარეობდა და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს უსახლკაროდ მცხოვრები პირების ადაპტაციისთვის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებლად შესარჩევი კრიტერიუმების შემუშავების, წესის მიღებისა და ფაქტების შერჩევის პროცესი. ვინაიდან ჯერ არ არის დადგენილი საცხოვრისში შესახლებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმები, არ არის დაწყებული შერჩევასთან და შემდეგ შესახლებასთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებები. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური მოქალაქის განცხადების მარტივი ადმინისტრაციული წესით განხილვისას მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა განმცხადებლის მდგომარეობა და ისე მიეღო სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად აღნიშნული სამსახურის პასუხი წარმოადგენდა ინფორმაციული ხასიათის წერილს და არა უარს ქმედების განხორციელებაზე, სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს უსახლკარო მოსახლეობის სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის მოცემულ პერიოდში არ გააჩნდა სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსი, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს განეხორციელებინა კონკრეტული ქმედებები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თ------- ბ-–---ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. ამასთან, თ------- ბ-–---ე მისი მოთხოვნიდან გამომდინარე აღრიცხულია, საცხოვრისით სარგებლობის მსურველთა ბაზაში, თუმცა მისი, როგორც ბენეფიციარის კანდიდატურის განხილვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობისა და კონვენციების ფარგლებში შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ, საბოლოოდ დადგენილი კრიტერიუმებისა და შემუშავებული წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისი არც უსახლკაროთათვის და არც კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არ გააჩნია, თუმცა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო გეგმავს კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, თავისუფალი ფართების მოძიებას, შესაბამისი რეგულაციების შემუშავებითა და ფინანსური უზრუნველყოფით აღნიშნული ქმედებების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს უსახლკაროთა თავშესაფრით დახმარება, რომელთა კატეგორიაშიც უპირატესი სარგებლობის უფლებით მოიაზრებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების (უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება) განხორციელების მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. აღნიშნულს ადასტურებს ის, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 10 აგვისტოს №1343 ბრძანებით შექმნილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის და რეგისტრაციის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ადაპტაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა (სოციალურ საცხოვრისში შესასახლებლად შესარჩევი კრიტერიუმების განსაზღვრა და შესაბამისი წესის შემუშავება), წინადადების შემუშავება, სოციალური საცხოვრისისთვის შერჩეული შენობა-ნაგებობების შესწავლა მათი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 14 ივლისის №1--- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ვინაიდან ჯერ არ არის დადგენილი საცხოვრისში შესახლებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმები, არ არის დაწყებული შერჩევასთან და შემდეგ შესახლებასთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს განმცხადებლის მდგომარეობა და იმსჯელოს სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება/ არ დაკმაყოფილების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თ------- ბ-–---ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 1-17)

-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 61-74)

-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 17 ივნისის ცნობა №04/4---- (ტომი I, ს.ფ. 19)

 

3.1.2. თ------- ბ-–---ე განთავსებულია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ფილიალ - დ--–---ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე, სრული სახელმწიფო დაფინანსებით. თ------- ბ-–---ეს საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 1-17)

-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 61-74)

-- 2013 წლის 27 დეკემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საბჭოს №060----- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 20)

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 ოქტომბრის №26---- წერილი (ტომი I, ს.ფ. 21)

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 თებერვლის №37--- წერილი (ტომი II, ს.ფ. 3)

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №36---- წერილი (ტომი II, ს.ფ. 44)

 

3.1.3. თ------- ბ-–---ის შვილი 1997 წლის 22 აგვისტოს დ----- გელას ძე ბ-–---ე, 2014 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია იმყოფებოდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მინდობით აღზრდაში შ------- ა------სთან ქ. ქობულეთი, დ----- აღმაშენებლის გამზირი №290.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 1-17)

-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ.61-74)

-დ----- ბ-–---ის დაბადების მოწმობა (ტომი I, ს. ფ. 22)

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2014 წლის 31 იანვრის №04-1------- ცნობა (ტომი I, ს. ფ. 23)

 

3.1.4. თ------- ბ-–---ე 1998 წლიდან 2002 წლებში ცხოვრობდა ქ. რუსთავი, ფ--–--–--ლის ქ. №1-----ში, რომელზეც საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა კ-----ა მ----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ვახტანგ გორგასლის ერთეულში 2017 წლის 07 თებერვლის აქტი (ტომი II, ს. ფ. 9)

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 სექტემბრის №36---- წერილი (ტომი II, ს.ფ. 44)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განცხადება (ტომი II, ს.ფ. 45-47)

 

3.1.5. თ------- ბ-–---ის დიაგნოზია დაუზუსტებელი პოლინეიროპათიის მყარი ნარჩენი მოვლენები, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი დარღვევით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის მოშლით. თ------- ბ-–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმეა და საჭიროებს მომვლელს. საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას, რომლის სახის განსაზღვრა უნდა მოხდეს უშუალოდ იმ სპეციალიზირებული სამედიცინო დააწესებულების მიერ, სადაც ჩატარდება აღნიშნული მკურნალობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 ივნისის №0031----- დასკვნა. (ტომი II, ს.ფ. 22-30)

 

3.1.6. 2016 წლის 24 მარტს თ------- ბ-–---ის წარმომადგენელმა გ------- ძ---–--ემ განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს თ------- ბ-–---ის ქალაქ რუსთავში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, რომელზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 აპრილის №02/---- წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია საბინაო ფონდი, თუმცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №172 განკარგულებით შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სავარაუდო კრიტერიუმების შესამუშავებლად, ქალაქ რუსთავის საზღვრებში შენობა-ნაგებობების მოსაძიებლად, ადგილის მოსაძიებლად სადაც შეიძლება აშენდეს საცხოვრისი. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2016 წლის 15 აპრილს მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსს კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემის მიზნით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 მაისის №02/----- წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სოციალური საცხოვრისები განკუთვნილი იქნება ყველა ტიპის ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით არ გააჩნია დარეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება; სოციალური საცხოვრისის სარგებლობის რიგითობა განისაზღვრება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგული და მარტოხელა დედები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ცხოვრებისა და რეგისტრაციის სულ მცირე 10 წლიანი პერიოდი. თ------- ბ-–---ის მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისას და რეალურად გარემონტებული ან ახალაშენებული სოციალური საცხოვრისის არსებობისას თ------- ბ-–---ე დაკმაყოფილდება სოციალური საცხოვრისით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თ------- ბ-–---ის წარმომადგენლის 2016 წლის 24 მარტის №180 განცხადება (ტომი I, ს. ფ. 106)

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 აპრილის №02/---- წერილი (ტომი I, ს. ფ. 114)

-თ------- ბ-–---ის წარმომადგენლის 2016 წლის 15 აპრილის №211 განცხადება (ტომი I, ს. ფ. 115)

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 მაისის №02/----- წერილი (ტომი I, ს. ფ. 117)

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, კერძოდ მოპასუხეს არ გამოუკვლევია ის გარემოება საჭიროა თუ არა მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებაში ყოფნა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი არის შშმ პირი, არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, ცხოვრობს დ--–---ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში, იძულებულია იცხოვროს პანსიონატში არსებული წესებითა და რეჟიმით, აღნიშნულით კი ირღვევა მისი პირადი ცხოვრების უფლება.

 

მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში გაიმართა ზეპირი მოსმენა, უზრუნველყოფილი იქნა დაინტერესებული პირის წარმომადგენლის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლის დასწრება და მათი მოსაზრებების მოსმენა; მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან განცხადების შეტანისას და მის შემდეგაც აქტიურად მიმდინარეობს უსახლკაროდ მცხოვრები პირების ადაპტაციისათვის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებლად შესარჩევი კრიტერიუმების შემუშავების, წესის მიღების და ფართების შერჩევის პროცესი. ვინაიდან დადგენილი არ არის საცხოვრისში შესახლებისათვის გათვალისწინებული კონკრეტული კრიტერიუმები, არ არის დაწყებული შერჩევასთან და შემდეგ შესახლებასთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებები.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, სრულად არ გამოიკვლია მასალები, სრულყოფილად არ შეაგროვა ცნობები რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;

- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონი;

-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ივლისის №1--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" პირველი მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში, მათ შორის უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ უფლებას თავად შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურთ მათ ცხოვრება და არ იყვნენ ვალდებულნი, დასახლდნენ საცხოვრებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

 

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირითა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებეში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართით, მათ შორის ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს - სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------- ბ-–---ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, განთავსებულია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ფილიალ - დ--–---ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე, სრული სახელმწიფო დაფინანსებით. თ------- ბ-–---ეს საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია. თ------- ბ-–---ის დიაგნოზია დაუზუსტებელი პოლინეიროპათიის მყარი ნარჩენი მოვლენები, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი დარღვევით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის მოშლით. თ------- ბ-–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმეა და საჭიროებს მომვლელს. საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას, რომლის სახის განსაზღვრა უნდა მოხდეს უშუალოდ იმ სპეციალიზირებული სამედიცინო დააწესებულების მიერ, სადაც ჩატარდება აღნიშნული მკურნალობა.

 

განსახილველ შემთხვევაში არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებაში მოსარჩელის ყოფნა საჭირო აღარ არის არ წარმოდგენილა. აღნიშნული საკითხი მოპასუხეს არ შეუსწავლია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე. უფრო მეტიც, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 ივნისის №0031----- დასკვნით, თ------- ბ-–---ის დიაგნოზია დაუზუსტებელი პოლინეიროპათიის მყარი ნარჩენი მოვლენები, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის მკვეთრი დარღვევით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის მოშლით. თ------- ბ-–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმეა და საჭიროებს მომვლელს. საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას, რომლის სახის განსაზღვრა უნდა მოხდეს უშუალოდ იმ სპეციალიზირებული სამედიცინო დააწესებულების მიერ, სადაც ჩატარდება აღნიშნული მკურნალობა.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ფ" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

 

წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, რომ მოსარჩელე საჭიროებს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებაში ყოფნას, მით უფრო, რომ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურ დახმარებას უწევენ სახელმწიფო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამსახურების /სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები, საექიმო-საკონსულტაციო კომისიები, სპეციალიზებული საექსპერტო სამსახურები/ დასკვნის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, მოსარჩელე საჭიროებს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებაში ყოფნას.

 

რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენელთა მითითებას იმ გარემოების შესახებ, რომ მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოსარჩელის სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მერიაში განცხადების შეტანის დღიდან აქტიურად მიმდინარეობს უსახლკაროდ მცხოვრები პირების ადაპტაციისათვის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებლად შესარჩევი კრიტერიუმების შემუშავების, წესის მიღების და ფართების შერჩევის პროცესი არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი გახდეს ვინაიდან, იგი ეწინააღმდეგება ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიზანს სახელმწიფომ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა და შეუქმნას მათ საჭირო პირობები ინვალიდური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ასევე წინააღმდეგობაში მოდის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" მიზანთან, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ნორმა უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და რეგისტრაციის შესახებ ამოქმედებულია 2014 წლის 15 ივნისიდან, ხოლო მოპასუხეს საქმის განხილვის ეტაპამდე არ დაუდგენია სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელ პირთა შესარჩევი კრიტერიუმები, არ მოუძიებია და გაურემონტებია ფართები რაც მოპასუხის არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს და ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეასრულოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებებები.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, კერძოდ კი მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც მოხდება ქ. რუსთავში თ------- ბ-–---ის იზოლირებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება გონივრულ ვადაში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------- ბ-–---ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 14 ივლისის №1--- ბრძანება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. მხარეები განთავისულფებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი