გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2018
საქმის ნომერი
240310016001371208
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240310016001371208

(3/39-2016)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.04. 2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირი (თავმჯდომარე-ფრ------ ლო-–----ე)

წარმომადგენელი - თა---- ცე--–---ე

 

მოპასუხე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ლე-–- ჭა--------ა

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი- ნი--- ხა---------ე

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადების დავალება ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის ქ. სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ.

 

საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირმა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების, 8 ობიექტის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, თუმცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის განკარგულების შესაბამისად, გადაეცა 7 ობიექტი, ხოლო მე-8 ობიექტის, ქ. სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 17 აპრილს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უსინათლოთა კავშირისათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უსინათლოთა კავშირისათვის მე-8 ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება, თუმცა მოპასუხეს ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის ქმედება ცდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და უხეშად ლახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ამ შემთხვევაში, უსინათლოთა კანონიერ ინტერესებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის სახეს, მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას, თუმცა ამ აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონსაწინააღმდეგობა სათანადო წესით დადგენილი არ არის. ოპასუხისვე განმარტებით, მესაკუთრის მიერ მისი კუთვნილი ქონების განკარგვა მისსავე უფლებამოსილებას წარმოადგენს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქ. სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით მოსარჩელისათვის გადაცემა არ მიიჩნია მიზანშეწონილად, რის შესახებაც არაერთხელ წერილობით ეცნობა მოსარჩელე მხარეს. ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების აუქციონის გარეშე სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.

 

2.2.მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო იგივე საფუძვლებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოება დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ N1/40 ბრძანების შესაბამისად შექმნილ კომისიის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა 2013 წლის15 მარტს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების, სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ.

 

3.2.2.აღნიშნულის საფუძველზე, მითითებულ კომისიას საქართველოს უსინათლოთა კავშირმა წარუდგინა სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ მოთხოვნა 15 უძრავ ნივთზე. უსინათლოთა კავშირის მართლზომიერი მფლობელობა დადგინდა მხოლოდ 8 უძრავ ნივთზე.

 

3.2.3.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N1144 განკარგულებით ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირს“ საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობა მიეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 7 უძრავ ქონებაზე, რომლებიც აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში და შვიდივე ობიექტი 49 წლის ვადით უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირს“, ხოლო სადავო ნივთი, ქ.სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირს“ უზუფრუქტის უფლებით არ გადაცემია.

 

3.2.4.ქ.სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უზუფრუქტის უფლებით საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირმა“ წერილებით, ასევე ადმინისტრაციული საჩივრებით, მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, ამავე სამინისტროში შექმნილ „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ კომისიას, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 თებერვლისა და 2015 წლის 23 ივნისის წერილების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, აღნიშნული უძრავი ქონების საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა.

 

3.2.5.2015 წლის 17 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სხდომა წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უსინათლოთა კავშირისათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უსინათლოთა კავშირისათვის მე-8 ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მხრივ, რაიმე მოქმედების განხორციელების, რაც მიუთითებდა საკითხის შესწავლის მიზნით, მუშაობის გაგრძელებაზე, დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა და ასეთის შესახებ, არც წარმომადგენლებს მიუთითებიათ.

 

3.2.6.მოპასუხეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სადავოდ არ გაუხდიათ ქ.სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მართლზომიერად ფლობის ფაქტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ტეხურა“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაფუძნებულია საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მიერ, რეგისტრირებულია სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ (09.09.1996წ.N56/4-80) და მისი იურიდიული მისამართია-ქ.სენაკი, მშ--------ს ქ.№3--.

 

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-საქართველოს უსინათლოთა კავშირის N03/12 წერილი -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (03.02.2015წ);

-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის წერილი (23.06.2015 წ);

-კომისიის სხდომის N1 ოქმი (15.03.2013 წ);

-საქართველოს მთავრობის N1144 განკარგულება „საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (26.06.2014 წ.);

-უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია;

-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმი (17.04.2015წ);

-ადმინისტრაციული საჩივარი (23..03.16);

-მხარეთა განმარტებები

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; 24-ე, 331-ე, მუხლებით; „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N391-ე დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6 მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. (24.06.2005. N1800).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.2. მუხლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, არამედ მოიცავს ადმინისტრაციულ რეალაქტსაც. რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ისეთი, რეალური მოქმედების განხორციელების დავალების შესაძლებლობას, რაც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან. სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სწორი კვალიფიკაცია პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის.

 

მოსარჩლემ აღძრა რა, სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დავალება იმისა, რომ მოამზადონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მთავრობის წინაშე წარდგინება ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის ქ. სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ.

 

მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადების დავალება ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის ქ. სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ, წარმოადგენს ფაქტობრივ რეალაქტს, რომლის განხორციელებითაც არ დგება სამართლებრივი შედეგი, თუმცა მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ-მოქმედება, რომლის შესრულებასაც მოსარჩელე ითხოვს მიმართულია იქითკენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელის კონკრეტული ფაქტობრივი მიზნის მისაღწევად.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ისეთი, რეალური მოქმედების განხორციელების დავალებისკენ, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან, არამედ მიმართულია ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით დაცული სამართლებრივი ინტიტუტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

კანონის აღნიშნული ნორმა ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

 

სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შეძლო იმ გარემოებების დასაბუთება და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მის მიერ მითითებული გარემოებების პირდაპირ ან თუნდაც ირიბად დადასტურება. კერძოდ:

 

სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით, ხოლო იმავე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო, ქონების მმართველის თანხმობით, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნითა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არაუმეტეს 49 წლის ვადით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული ნორმების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, გადაცემა ქონების მმართველის თანხმობით, ხორციელდება იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, ხოლო თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2012 წლის 17 სექტემბერს და მისი საქმიანობის მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. (18.03.2016. N4910)

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N391-ე დადგენილების მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კერძო სამართლის სუბიექტისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემას. იგივე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გარეშე სახელმწიფო ქონების ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მართვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იგი სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის N390-ე დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას.

 

მითითებული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტისათვის სახელმწიფო ქონების მართვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის კომპეტენციას, ხოლო ქონების გადაცემა- საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას.

 

დადგენილია, რომ მითითებული კანონების მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N1144 განკარგულებით ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირს“ საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობა მიეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 7 უძრავ ქონებაზე, რომლებიც აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში და შვიდივე ობიექტი 49 წლის ვადით უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირს“.

 

ასევე დადგენილია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ ითხოვდა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ქ.სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემას, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, კანონით დადგენილი წესით დოკუმენტაცია არ მომზადებულა და შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობის წინაშე შესათანხმებლად წარდგინებით არ მიუმართავს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობის ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

 

საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 17 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც მთავრობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობდა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უსინათლოთა კავშირისათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უსინათლოთა კავშირისათვის მე-8 ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს გაუჩნდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, წარმოეშვა მოლოდინი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მომზადდებოდა დოკუმენტაცია და უძრავი ქონების გადაცემაზე თანხმობის მისაღებად, სათანადო წესით, წარედგინებოდა საქართველოს მთავრობას, რაც მისთვის ქონების გადაცემის საფუძველი გახდებოდა, თუმცა ასეთი ქმედება, მიუხედავად უსინათლოთა კავშირის არაერთი მოთხოვნისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან და რომლის დაცვაც სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1.მუხლის ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებისაგან თავის შეკავება ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, შესაბამისად, არსებობს ქმედების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ქმედების განხორციელების თაობაზე საფუძვლიანია და მოპასუხეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უნდა დაევალოს ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადება ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის ქ. სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისმე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.

 

დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირისათვის ქ.სენაკში, მშ--------ს ქ.№3---ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მთავრობის წინაშე წარდგენა.

 

2.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია