გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2018
საქმის ნომერი
190310017002046138
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-196-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ელ--- ო----ე

მოსარჩელე - გ--- ყ---–---------ი,წარმომადგენელი - დ----- ბ-------–---–ი,მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი ---–-------------–-,მესამე პირი: ნ-----–- წ---–-----ი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,მესამე პირის ნ-----–- წ---–-----ის წარმომადგენელი: მ------ა მ--–-----ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 ივლისის №0------- საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემის დავალებას, კერძოდ ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, ქალაქ რუსთავში, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე ბინის პრივატიზაციის მიზნით, 2017 წლის 01 მარტს №5------ განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას. აღნიშნული განცხადების საფუძველი იყო 1977 წლის 03 თებერვალს გ. ყ---–---------ზე გაცემული ორდერი. რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის №0------ გადაწყვეტილებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, რომელიც მოსარჩელემ 2017 წლის 17 მარტს წარდგენილი დოკუმენტით შეავსო. ქ. რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის 2017 წლის 11 აპრილის №0------ წერილით მოსარჩელე მიწვეული იქნა ზეპირ მოსმენაზე, რომელსაც დაინტერესებული მხარის სახით ასევე ესწრებოდა ნ-----–- წ---–-----ის წარმომადგენელი მ------ა მ--–-----ი. ზეპირი მოსმენის დროს, მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, მ--–-----მა განაცხადა, რომ ბინის პრივატიზების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, რადგან გ. ყ---–---------მა ბინა მიჰყიდა ნ. წ---–-----ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გადასცა ბინის ორდერის დედანი და ჩაწერა მითითებულ ბინაში. დაინტერესებული მხარის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ გ. ყ---–---------ი გარდაიცვალა ერთი წლის წინ და ეჭვქვეშ დააყენა მოსარჩელის წარმომადგენლის მარწმუნებლის ვინაობა. აღნიშნულის პასუხად, დ----- ბ-------–---–მა მერიის თანამშრომლებს განუმარტა, რომ 1990-იან წლებში მიმდინარე ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს გ. ყ---–---------ი იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა საქართველო, ხოლო ხსენებული ბინა რომ არ წაერთმიათ ეგრეთ წოდებულ ,,არაფორმალებს", შეასახლა თავისი მეუღლის მამიდაშვილი ვ--–--ო ქ---------ე (ნ. წ---–-----ის მეუღლე), რომელსაც დაუტოვა ბინის ორდერის დედანი. ამრიგად, მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, გ. ყ---–---------ის მიერ ქ---------ე-წ---–-----ებზე მითითებული ბინის მიყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულს ისიც ადასტურებდა, რომ საამზომველო კომპანიის მუშაკთან ერთად შიდა აზომვითი ნახაზის გასაკეთებლად მისულს, ნ. წ---–-----ის ქალიშვილმა უპრობლემოდ დართო ნება აეზომათ ბინა, რა დროსაც მობილურზე განუმარტა მისი ვიზიტის მიზანი ვ. ქ---------ესაც. რაც შეეხება გ. ყ---–---------ს, იგი ცოცხალი იყო და მზად იყო სკაიპით ჩართულიყო ზეპირ მოსმენაში. მერიის თანამშრომლებმა მ. მ--–-----ს მოთხოვეს წარმოედგინა ჩაწერის ბარათი ხსენებულ ბინაში და შინაურული ხელწერილი ბინის შესაძლო ნასყიდობის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენელს დაევალა გ. ყ---–---------ის პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და საინფორმაციო ბარათის წარმოდგენა, რაც შეასრულა. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ორდერი და საინფორმაციო ბარათი უდაოდ ადასტურებდნენ 1977 წლიდან ყ---–---------ის მითითებულ ბინაში რეგისტრაციისა და კანონიერი სარგებლობის ფაქტს, 2017 წლის 12 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელს ოფიციალურად ეცნობა, რომ ზემოხსენებული ბინის პრივატიზაციაზე ქ. რუსთავის მერიის 2017 წლის 11 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადგინა გ. ყ---–---------ის კანონიერი სარგებლობის ფაქტი ხსენებულ ბინაზე, ხოლო მ. წ---–-----ის წარმომადგენელმა წარმოადგინა სასამართლო გადაწყვეტილება (საქმე № 1903----------- საქმე №3/ბ-308-14; 30.05.2014წ), როგორც სასამართლო პრეცედენტი საცხოვრებელ ბინაზე ფაქტობრივი ფლობის ნიადაგზე განხორციელებულ პრივატიზებისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულიდან გაცემული აქტი ხსენებულ ბინაში 1992 წლიდან ნ. წ---–-----ის ცხოვრების ფაქტის დადგენის შესახებ (№2887-02-10 28.03.2017). მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, რუსთავის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილებით გ. ყ---–---------ის საკუთრების უფლება ზემოხსენებულ ბინაზე უხეშად დაირღვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. მერიის წარმომადგენლის მითითებით, წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ მოქალაქე გ--- ყ---–---------ი 1998 წლიდან რეგისტრირებულია რსფსრ-ის ჩრდილო ოსეთში - ალანიაში. ხოლო სადავო ფართით (ქ. რუსთავი მ----–---–ის ქ. №9----) 1992 წლიდან დღემდე სარგებლობს წ---–-----ი ნ-----–-. მოსარჩელე საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში საცხოვრებლად გადავიდა ოსეთში, იგი საცხოვრებელი ფართით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად იქნა ცნობილი, იგი არ წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს და, შესაბამისად, არ აქვს ბინის პრივატიზების მოთხოვნის უფლება. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში დაცულია აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, აღნიშნული აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1- უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1-1- ქალაქ რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1977 წლის 3 თებერვალს გ--- ყ---–-------–-ილის სახელზე გაიცა ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საცხოვრებელ ბინაში შესახლების ორდერი №99.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-13);

-ქალაქ რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1977 წლის 3 თებერვლის ბინაში შესახლების ორდერი №99 (ტომი I, ს. ფ. 15-17);

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 24 თებერვლის საარქივო ცნობა №1/243 (ტომი I, ს. ფ. 14-16);

 

3.1-2. 1999 წლის 16 მარტს გ--- გ------ის ძე ყ---–-------–-ილმა შეიცვალა გვარი ყ---–---------ზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გვარის, სახელის, მამის სახელის შეცვლის შესახებ მოწმობა (ტომი I, ს. ფ. 49-51);

 

3.1-3. გ--- ყ---–---------ი 1999 წლის 16 დეკემბრიდან არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და რეგისტრირებულია მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. ა-------ი, კ--–----ის ქ. სახლი №22ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი (ტომი I, ს. ფ. 29);

 

3.1-4. გ--- გ------ის ძე ყ---–---------ი 1998 წლიდან აღიარებულია იძულებით გადაადგილებულად მს ჩორ-ალანიას გადაწყვეტილების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 236-237);

 

3.1-5. მოსარჩელეს 1992 წლიდან ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში არ უცხოვრია და აღნიშნულ ბინაში 1992 წლის 07 აპრილიდან ჩაწერილია, ცხოვრობს და იხდის გადასახადებს მესამე პირი ნ-----–- წ---–-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №01/362593 წერილი (ტომი I, ს. ფ. 253-254);

-შპს ,,რუსთავის წყალის" აბონენტის ბარათი (ტომი I, ს. ფ. 96-102);

-სოკარგაზის აღმოსავლეთ რეგიონული ოფისის წარმომადგენლის მიმართვა და გადახდის მასალები (ტომი I, ს. ფ. 105-112);

-სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას" აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორის მიმართვა (ტომი I, ს. ფ. 117);

 

3.1-6. 2017 წლის 01 მარტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა გ--- ყ---–---------ის წარმომადგენელმა ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე იმ საფუძვლით, რომ 1992 წლიდან დღემდე მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მოქალაქე ნ-----–- წ---–-----ი და ირიცხება გადასახადის გადამხდელად, ამასთან ადმინისტრაციული ორგანო წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით ვერ ადგენს გ--- გ------ის ძე ყ---–---------ის კანონიერი სარგებლობის ფაქტს მითითებულ საცხოვრებელ ბინაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 ივლისის №0------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 73-75);

 

4.1- დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1-1- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 ივლისის №0------- გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. მოსარჩელე არ წარმოადგენს ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე საცხოვრებელი ბინით მოსარგებლეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი 1990-იან წლებში იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო, ხოლო საცხოვრებელი ბინა დაუტოვა ნ-----–- წ---–-----ს, რომელიც არის მისი მეუღლის მამიდაშვილის მეუღლე.

 

მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელე 1998 წლიდან რეგისტრირებულია ჩრდილოეთ ოსეთში - ალანიაში, ხოლო საცხოვრებელი ფართით 1992 წლიდან სარგებლობს ნ-----–- წ---–-----ი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსა და ვერც სასამართლოში ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ უძრავი ნივთით სარგებლობა შეწყვიტა მისი ნების საწინააღმდეგოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, სსსრ საბინაო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 ივლისის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, რის გამოც მისი კანონიერების შემოწმება გარდა ,,კანონიერი მოსარგებლისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2014 წლის №189 დადგენილებისა უნდა მოხდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. შესაბამისად დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, არის თუ არა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლე და სადავო ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლების მქონე სუბიექტი, შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს, მოსარჩელემ ნებით მიატოვა ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე საცხოვრებელი ფართი თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ. სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს და ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი." მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. საკითხი იმის შესახებ, ვინ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტში. აღნიშნული პუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ ჩაითვლება ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე; ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ფიზიკური პირის მხრიდან საპრივატიზაციო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ორი პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც. ნივთი შეიძლება არამარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, არამედ არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც. აღსანიშნავია, რომ მფლობელობითი კონფლიქტის ვითარებაში უპირატესობა ენიჭება პირდაპირ მფლობელობას. პირდაპირი მფლობელობა დაცულია თვით არაპირდაპირი მფლობელობისგან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება -დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე. ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს 1977 წლის 3 თებერვალს ორდერის საფუძველზე გამოეყო ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე ერთოთახიანი ბინა, რომელშიც მუდმივად არასოდეს უცხოვრია, 1992 წლიდან კი აღნიშნულ ფართს იკავებს მესამე პირი ნ-----–- წ---–-----ი. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე დასახელებული უძრავი ნივთით სარგებლობდა ან სარგებლობს მოსარჩელეს არც ადმინისტრაციულ ორგანოსა და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო მესამე პირი ნ-----–- წ---–-----ი 1992 წლის 07 აპრილიდან ჩაწერილია და ცხოვრობს დასახელებულ ბინაში, იხდის გადასახადებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 29 ოქტომბრის №ბს-180-177(კ-15 გადაწყვეტილებით, განმარტა, რომ „ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე 60-წლიანი რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეული უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში. ამავე გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე №ბს-257-254(კ-12); 18.07.12 განჩინება). კერძოდ, საკასაციო პალატამ მითითებული განჩინებით განმარტა, რომ: „საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“ განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს“. იმ პირობებში, როდესაც ნ-----–- წ---–-----ი 1992 წლის 07 აპრილიდან (ტომი I, ს. ფ. 253-254) ჩაწერილია საცხოვრებელ ბინაში და სარგებლობს ამ ბინით, იხდის გადასახადებს აღნიშნული ფაქტი მიჩნეული უნდა იქნეს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე აღნიშნული ბინის კანონიერ მოსარგებლეს არ წარმოადგენს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის 107-ე დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მესამე პირის ნ-----–- წ---–-----ის სადავო ბინაში ჩაწერის განხორციელებამდე მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეხდინა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია, რაც გამორიცხავს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას მესამე პირისათვის როგორც ნათესავისათვის საცხოვრებელი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემას, თუმცა მიუხედავად სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოთხოვისა აღნიშნული უტყუარად არ დადასტურდა. მოსარჩელეს არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ მის მიერ გაცემულია რწმუნებულება ნ-----–- წ---–-----ისთვის სადავო ფართის პრივატიზაციის უფლების მინიჭების შესახებ, რის უფლებამოსილებასაც დასახელებული დადგენილება ითვალისწინებდა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მესამე პირი ნ-----–- წ---–-----ი 1992 წლიდან -26 წელია ფაქტიურად იკავებს და სარგებლობს ქ. რუსთავში, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე ბინას, თანაც ისე, რომ ნივთის ნამდვილი მესაკუთრე და არც სხვა მესამე პირებს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნულ მფლობელობა, არ მოუთხოვიათ მფლობელობის შეწყვეტა, ნივთის მის ფაქტიურ ბატონობაში გადაცემა; 2017 წლის 01 მარტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა გ--- ყ---–---------ის წარმომადგენელმა ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე იმ საფუძვლით, რომ 1992 წლიდან დღემდე მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მოქალაქე ნ-----–- წ---–-----ი და ირიცხება გადასახადის გადამხდელად, ამასთან ადმინისტრაციული ორგანო წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით ვერ ადგენს გ--- გ------ის ძე ყ---–---------ის კანონიერი სარგებლობის ფაქტს საცხოვრებელ ბინაზე მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ, №9----. 2017 წლის 30 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში ა-–---------ე ზ-----ის მიერ შედგენილი აქტით დგინდება, რომ ქ. რუსთავში, მ----–---–ის ქ. №9-----ში, 1992 წლიდან ცხოვრობს ნ-----–- წ---–-----ი. მეზობლები გ--- ყ---–-------–-ილის ცხოვრების ფაქტს ვერ იხსენებენ და არ ადასტურებენ. ამასთან ასევე დადგენილია, რომ საპრივატიზაციო ქონებაზე კომუნალური გადასახადების აბონენტად აღრცხულია წ---–-----ი, სახელი არ ფიქსირდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 20 ოქტომბრის №01/285643 წერილის თანახმად, დგინდება, რომ ნ-----–- წ---–-----ი 1992 წლის 07 აპრილიდან ჩაწერილია მისამართზე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. №9-----ში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №01------- წერილის თანახმად, დგინდება, რომ სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება 1950 წელს დაბადებული გ--- გ------ის ძე ყ---–-------–-ილი, რომელსაც მიღებული აქვს სსრკ სიმბოლიანი პასპორტი III-ტი №549891(გაცემ. 22.02.1977 წელს რუსთავის შს განყოფილების მიერ) და 1977 წლის 05 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ. 9-----ში, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ--- ყ---–---------ი 1999 წლის 16 დეკემბრიდან წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს და რეგისტრირებულია მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. ა-------ი, კ--–----ის ქ. სახლი №22ა, ამასთან მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა და თვითონაც არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 1992 წლიდან მას სადავო ბინაში არ უცხოვრია. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--- ყ---–---------ი არ არის საპრივატიზაციო ბინის მოსარგებლე და მართლზომიერი მფლობელი 1992 წლიდან, ე. ი. ორდერის გაცემიდან მან ნებით დატოვა სადავო ფართი, ამასთან დადგენილია, რომ 1992 წლიდან სადავო ფართში ცხოვრობს მესამე პირი ნ-----–- წ---–-----ი. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე კანონის მესამე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დანაწესიდან გამომდინარე, გ--- ყ---–---------ს საქართველოს მოქალაქეობა მიღებული აქვს დაბადებით, თუმცა წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით, ანუ მას შემდგომ რაც მისი საცხოვრებელი ადგილი 1998 წლის 26 მაისიდან არის ქ. ა-------ი, ხოლო 1999 წლის 16 დეკემბრიდან წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს და რეგისტრირებულია მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. ა-------ი, კ--–----ის ქ. სახლი 22ა-ში. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მან თავისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა საქართველო, კერძოდ კი სადავო საცხოვრებელი ბინა აღნიშნულის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის შვილი 1983 წელს დაბადებულია ჩრდილოეთ ოსეთში, ქ. ა-------ში. ე. ი. მოსარჩელეს აღნიშნულ ქალაქთან გააჩნდა მუდმივი კავშირი. მოსარჩელე 1992 წლიდან დავის განხილვის მომენტამდე არ ფლობს სადავო ბინას. მას ამ პერიოდის განმავლობაში არ მიუმართავს არც ერთი ორგანოსათვის იმის თაობაზე, რომ ხელი ეშლება საცხოვრებელი ფართით სარგებლობაში და რომ მესამე პირი მის ქონებას დაუფლებულია მისი ნების საწინააღმდეგოდ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არც პრივატიზაციის მოთხოვნის და არც მის მოთხოვნამდე პერიოდში არ წარმოადგენდა ბინის მოსარგებლეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ვერ იქნა ორდერის დედანი იმ საფუძვლით, რომ სადაო ბინის ორდერი მოსარჩელემ საქართველოდან წასვლის დროს გადასცა ,,მეუღლის ალალ მამიდაშვილს ვ--–--ო ქ---------ეს", რათა არ წაერთმიათ ხსენებული ბინა, ამავე დროს მესამე პირის წარმომადგენელი უთითებს, რომ მხარეთა შორის შედგა ზეპირი გარიგება ბინის ნასიყიდობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ბინის ორდერის დედნის ნ-----–- წ---–-----ზე გადაცემა. აღნიშნულს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი არ უარყოფს და განმარტავს, რომ მხარეთა შორის ნამდვილად შედგა მოლაპარაკება საპრივატიზაციო ბინის ნასყიდობის შესახებ, თუმცა თანხის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებს. კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთვრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189-ე დადგენილების მეხუთე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ წარუდგინა აღნიშნულ ფართში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, აღნიშნული გახდა პრივატიზაციაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1- მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოკვლეული იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ გარემობათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთანავე სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოსარჩელის წარმომადგენლის პრივატიზების შესახებ განცხადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. რის გამოც არ არსებობს გ--- ყ---–---------ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1- გ--- ყ---–---------ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი