განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002160774
#1/297-17 (№035010616003)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აპრილი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ-----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–-----------–---–ი - დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–----------------------–-----------
ადვოკატი - ნათელა ჯაშიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2016 წლის 11 თებერვალს, თელავის რაიონის სოფელ ლ----------ში, საავტომობილო გზაზე, პირადი წყენის გამო ი-–-----------–---–მა ქვა ჩაარტყა ხ-----------------–---–ს თავის არეში, რის შედეგადაც ხ-----------------–---–მა შუბლ-თხემ-საფეთქლის არეში მიიღო ტრავმა და განუვითარდა ქრონიკული სუბდურალური ჰემატომა, რაც წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2016 წლის 11 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ ლ----------ში, ი-–-----------–---–მა ხ-----------------–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს დილის საათებში მეუღლესთან ერთად ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც ლ----------ში მას დაუძახეს ბიჭებმა, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა, რის გამოც გაჩერდა. გაჩერების შემდეგ მასთან მივიდა ოთხი ბიჭი მათ შორის ი-–-----------–---–ი, რომელმაც უთხრა მანქანიდან გადმოსულიყო. გადმოსვლის შემდეგ ი-–-----------–---–მა კითხა თუ რა უთხრა მის რძალს, რაზეც უპასუხა, რომ მას არაფერი არ ქონდა ნათქვამი, რის შემდეგ ი-–-----------–---–მა დაარტყა. ამის შემდეგ მას ფეხი დაარტყა ბ-----------–-----მა, ასევე მასთან მივიდა ე-–-------–---–ი და სამივემ დაუწყო ცემა, ამის შემდეგ მივიდა ლ--------–--------–ი, რომელმაც ასევე დაუწყო ცემა. მოწმის განმარტებით მას სცემდა ოთხივე პირი მათ შორის სახის არეში და ეს გაგრძელდა მანამ სანამ იგი არ დაასისხლიანეს, ამასთან ცემისას განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, რაც გაგრძელდა სამი თვის განმავლობაში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ე-–-------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მათ საჩივარი პოლიციაში არ შეუტანიათ ვინაიდან აღნიშნული პირები ემუქრებოდნენ სიციცხლის მოსპობით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან დაინახა ი-–-----------–---–მა მის მეუღლეს დაარტყა ერთხელ, ამის შემდეგ კი ცდილობდა გაშველებას, რის გამოც აღარ დაუნახავს თუ რამდენჯერ დაარტყა ი-–-----------–---–მა მის მეუღლეს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ხუცურაული თავიდან იდგა მოშორებით, შემდეგ კი მივიდა მის მეუღლესთან ჩაარტყა შუბლის არეში, რაზეც ამ უკანასკნელს მაშინვე წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით ყველა პირი ხ-----------------–---–ს ურტყამდა თავში და ცემის შედეგად მის მეუღლეს მთლიანად ჩალურჯებული და დასიებული ქონდა თავი.
თ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სოფელ ლ----------ში პაპასთან შეშის დასაჩეხად. სახლში დაბრუნების შემდეგ ნახა, რომ მამამისი ხ-----------------–---–ი იყო ნაცემი და როგორც შემდგომ გაიგო იგი დედამისის თანდასწრებით უცემიათ მათივე თანასოფლელებს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ლ-------------–-–---–ის ოჯახს დაკრძალვასთან დაკავშირებით იგი ხ-----------------–---–თან ერთად ეხმარებოდა ოჯახს, მათ შორის წასული იყვნენ ტყეში შეშის მოსატანად, რა დროსაც მამამისს არანაირი დაზიანებები არ მიუღია. მოწმემ ასევე აჩვენა, როგორც ხ-----------------–---–ისგან იცის იგი სცემა ოთხმა პირმა.
ლ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილი იყო პაპამისი, რომლის დაკრძალვასთან დაკავშირებით ეხმარებოდა მეზობლები, ასევე თანასოფლელებმა მათ სახლში მიუტანეს შეშა. მოწმის განმარტებით ტყიდან დაბრუნების შემდეგ მას ხ-----------------–---–ისთვის არანაირი დაზიანებები არ შეუმჩნევია, რადგან იგი მას ახლოდან არ უნახავს და ამის შესახებ არც არავის უთქვამს რაიმე, ასევე ხ-----------------–---–ი ნახა მეორე დღესაც და არც მაშინ შეუმჩნევია მისთვის დაზიანებები.
გ--–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2015 წლის დეკემბრის ბოლოს ლ-------------–-–---–ის გასვენების დღეებში, მათ შორის გასვენების მეორე დრეს ხ-----------------–---–ი იყო იქ, რომლისთვისაც არანაირი დაზიანებები არ შეუმჩნევია.
ხ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებში იგი მისული იყო ხ-----------------–---–თან სახლში, სადაც ეს უკანასკნელი იწვა საწოლზე და ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი, რადგან სახე ქონდა დალურჯებული, რაზეც ჰკითხა თუ რა მოუვიდა, ხოლო ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ იგი ცემა ოთხმა პირმა.
თ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მამამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი თანასოფლელები მათ შორის ხ-----------------–---–ი წასული იყვნენ ტყეში შეშის მოსატანად. დაბრუნებისას ერთერთმა უთხრა, რომ ხ-----------------–---–ს ტყეში თავში დაეცა ხე, რის შემდეგაც მან ნახა იგი პირადად და თავზე ეტყობოდა დაზიანება. მოწმის განმარტებით ხ-----------------–---–ს შეშის დაცლაში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ტყეში შეშის მოსატანად წასულები იყვნენ დ-------------–---–ი, ბ-----------–-----ი, ხ-----------------–---–ი და მისი შვილი გ--–----------ის მანქანით, რომელიც ასევე იქ იმყოფებოდა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ტყიდან დაბრუნების დროს ლ--------------–---–ი წასული იყო ყარაჯალაში ხორცის მოსატანად და იგი ხ-----------------–---–ს ვერ შეხვდებოდა, რადგას სოფელ ყარაჯალიდან დაბრუნდა გვიან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შეშის მოტანის დროს მას გ--–-----------–---–ი ადგილზე არ უნახია.
ზ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ ლ----------ში „ბირჟაზე“, რა დროსაც ავტომანქანით ჩამოიარა ხ-----------------–---–მა, რომელსაც დაუძახა ი-–-----------–---–მა, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა და გადმოსულიყო. დაძახებაზე ხ-----------------–---–მა გააჩერა ავტომანქანა და გადმოვიდა, ხოლო ი-–-----------–---–ი მიუახლოვდა მას და კითხა თუ რაზე ეპატიჯებოდა მის რძალს თელავში, რაც ხ-----------------–---–მა უარყო, ხოლო ი-–-----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაშლილი ხელი ერთხელ გაარტყა სახეში. მოწმის განმარტებით ი-–-----------–---–ს ხელში არაფერი არ ჭერია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ადგილზე გარდა ი-–-----------–---–ისა იყვნენ ბ----------–-----ი, ბ-----–---–-----ი და ბ-------–--------–---–ი, რომლებსაც ხ-----------------–---–ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ბ----------–---–-----მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის შემდეგ ხ-----------------–---–ი დაჯდა ავტომანქანის საჭესთან და წავიდა, ამასთან სამი-ოთხი დღის შემდეგაც მას ხედავდა სოფელში.
გ--–----------მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში თანასოფლელ ლ-------------–-–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ავტომანქანით, ბ-----------–-----თან, დ-------------–---–თან, ხ-----------------–---–თან და თ---------------–---–თან ერთად წასულები იყვნენ ტყეში შეშის მოსატანად, სადაც შეშის ჭრის დროს ხ-----------------–---–ს თავში დაეცა ხე, რაზეც იგი წაიქცა და თავიდან წამოუვიდა სისხლი.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ-------------–---–მა და ბ-----------–-----მა, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ ხის დაცემის შემდეგ ხ-----------------–---–მა დაკარგა გონება. ბ-----------–-----მა ასევე განმარტა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში ი-–-----------–---–თან ერთად იმყოფებოდა სოფელ ლ----------ში „ბირჟაზე“, სადაც ხ-----------------–---–მა გაიარა მანქანით, ი-–-----------–---–მა დაუძახა და გააჩერა. ამის შემდეგ ხ-----------------–---–ის მიმართულებით წავიდა ი-–-----------–---–ი, რომელსაც ასევე გაყვა თვითონ. მიახლოებისას ი-–-----------–---–მა კითხა თუ რატომ მიაყენა მის რძალს შეურაცხყოფა, რის შემდეგ შეაგინა და გაარტყა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ ი-–-----------–---–მა ხ-----------------–---–ს სახეში გაარტყა გაშლილი ხელი, რის შემდეგ ხ-----------------–---–ის ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ ი-–-----------–---–ს ხელში რაიმე საგანი არ ჭერია და მან მხოლოდ ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი, ასევე ხ-----------------–---–ისთვის გარდა ი-–-----------–---–ისა სხვას არ დაურტყია.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბ-------–--------–---–მა.
ლ--------–--------–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მისთვის უცნობია ი-–-----------–---–სა და ხ-----------------–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ი-–-----------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ან რამაც უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანოს მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება კავშირი ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულს სასამართლო ეფუძნება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასამართლო სხდომაზე, როგორც დაზარალებულმა ისე მისმა მეუღლემ განმარტეს, ხ-----------------–---–ს დაზიანებებს აყენებდა ოთხი პირი, რომლებიც დაზარალებულს ურტყავდნენ სახისა და თავის არეში, ამასთან მოწმის განმარტებით „ხუცურაულმა“ ხ-----------------–---–ს შუბლის არეში ჩაარტყა რაღაც საგანი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს შუბლიდან წამოუვიდა სისხლი. ამასთან სასამართლო სხდომაზე შემთხვევის უშუალო შემსწრე მოწმეებმა განმარტეს, რომ ი-–-----------–---–მა დაზარალებულს მხოლოდ ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში და მას რაიმე საგანი არ ჭერია. შესაბამისად თავად ბრალდების მხარე ნაწილობრივ იზიარებს დაზარალებულისა და მისი მეუღლის ჩვენებას, იმ ნაწილში, რომ ხ-----------------–---–ს ი-–-----------–---–მა თავში ჩაარტყა ქვა, ხოლო მათ ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ მას სცემდა ოთხი პირი საერთოდ არ იზიარებს. ამასთან ბრალდების მხარე იზიარებს მოწმეთა ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ ხ-----------------–---–ს მხოლოდ ი-–-----------–---–მა დაარტყა და მის მიმართ სხვას არ განუხორციელებია ძალადობა, ხოლო მათ ჩვენებებს არ იზიარებს იმ ნაწილში, რომ ი-–-----------–---–მა მხოლოდ ერთხელ გაარტყა ხ-----------------–---–ს გაშლილი ხელი სახეში. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმეები, რომლებმაც განმარტეს, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში ხ-----------------–---–ს ტყეში, შეშის მოჭრის დროს თავში დაეცა ხე, რომლის შედეგადაც წამოუვიდა სისხლი და დაკარგა გონება. გარდა ამისა საგულისხმოა ის გარემოება, რომ ი-–-----------–---–ისთვის წარდგელი ბრალდებით დანაშაულის ჩადენა ედება 2016 წლის 11 თებერვლის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხ-----------------–---–მა სამედიცინო დახმარებას მიმართა 2016 წლის 3 მაისს, ანუ შემთხვევიდან ორ თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს 2016 წლის 16 მაისს. ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაგვიანებით მიმართვის მიზეზი იყო ის, რომ დაზარალებულს ემუქრებოდნენ ამას საქმეში არსებული მტკიცებულებებით თავად ბრალდების მხარეც არ იზიარებს, ვინაიდან არათუ ვინმესთვის არის წარდგენილი ბრალდება მუქარასთან დაკავშირებით, არამედ ფაქტთან დაკავშირებით ცალკე წარმოებად სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის გამოყოფილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ ლ----------ში, ი-–-----------–---–მა ხ-----------------–---–ის ხელი გაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-–-----------–---–ის მიერ ქმედება ჩადენილია 2016 წლის 11 თებერვალს. სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ი-–-----------–---–ის ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ი-–-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-----------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-–-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი-–-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-–-----------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-–-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ი-–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 (ასსამოცდაათი) საათის ვადით.
ი-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ი-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით 4000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ლ--------–--------–ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზვიად შარაძე