გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
160210018002358887
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 2/299-18

160210018002358887

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - აის--–-------–--ვა

ადვოკატი- დი----------–--–-–--ლი

მოპასუხე - ჯამ----–-------------–--ვი

თარჯიმანი - ნა--–------------ვა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ჯამ----–-------------–--ვისთვის არასრულწლოვანი შვილის: 2017 წლის 3 იანვარს დაბადებული ან-------------------–--ვას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 300 ლარის, ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე (იხ. სარჩელი).

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მხარეები 2016 წლის გაზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი: 2017 წლის 3 იანვარს დაბადებული ან-------------------–--ვა. ბავშვის დაბადებიდან მალევე მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. მოსარჩელის მითითებით, ის და მისი შვილი იმყოფებიან მისი მშობლების კმაყოფაზე. აის--–-------–--ვა არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი, მოპასუხე კი უარს აცხადებს შვილის დახმარებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს აქვს საკმაოდ კარგი შემოსავალი, დაკავებულია სოფლის მეურნეობით, არის ტრაქტორის მძღოლი, მის ოჯახს კი ჰყავს უამრავი შინაური საქონელი.

2. მოპასუხე ჯამ----–-------------–--ვის პოზიცია

 

მოპასუხე ჯამ----–-------------–--ვმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უმუშევარია, არ გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი, შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და არ გააჩნია შესაძლებლობა მატერიალურად დაეხმაროს მოსარჩელეს შვილის რჩენაში. რაც შეეხება შინაურ პირუტყვს, რაც მოსარჩელეს სარჩელში აქვს აღნიშნული, არის მისი მამის საკუთრება და ვინაიდან, მას მამასთან არ აქვს ახლო ურთიერთობა ვერ იღებს აღნიშნულიდან შემოსავალს. შესაბამისად, გამო სასამართლოს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მოპასუხე გადახდისუნარიანია და შეძლებს მისი მცირეწლოვანი შვილისთვის ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის გაზაფხულიდან მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

 

3.1.2. აის--–-------–--ვას და ჯამ----–-------------–--ვს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: 2017 წლის 3 იანვარს დაბადებული ან-------------------–--ვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა;

 

3.1.3. ან-------------------–--ვას დაბადების შემდეგ იგი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან აის--–-------–--ვასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

 

3.1.4. აის--–-------–--ვა არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვის აღზრდით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

 

3.1.5 ჯამ----–-------------–--ვი ცხოვრობს სოფელ ჩო-–----ნში და მისი ოჯახის შემადგენლობაში ირიცხება მეუღლე - სამ----------ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.24.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ჯამ----–-------------–--ვი პერიოდულად მუშაობს ტრაქტორის მძღოლად, მის მშობლებს საკუთრება აქვთ როგორც უძრავი ქონება, ასევე სხვადასხვა სახის და რაოდენობის შინაური ცხოველები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 24.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს აქვს სოლიდური შემოსავალი. აღნიშნული გარემოება მოპასუხემ სადავოდ გახადა, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებლად რაიმე მტკიცებულება, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აის--–-------–--ვას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

ბავშვთა უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია შემოსავალი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დკამაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის დაცული უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული ბალანსი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს 150 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, აის--–-------–--ვას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ღირებულება შეადგენს 1800 ლარს (120*12), ამასთან, ვინაიდან, სარჩელის ღირებულების (1800 ლარი) სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 54 ლარს (1800 ლარის 3%) და საქმე არის რაიონული სასამართლოს განსჯადი, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აის--–-------–--ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ჯამ----–-------------–--ვს პირადი N5--------58 მოსარჩელე აის--–-------–--ვას სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის: 2017 წლის 3 იანვარს დაბადებული ან-------------------–--ვას (პ/ნ 2----------) რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, 2018 წლის 19 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე ჯამ----–-------------–--ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი