გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
160210018002345916
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 2/269-18

160210018002345916

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ტა---–----------ა

წარმომადგენელი - ვალერიან ასპანიძე

მოპასუხე - მუ---------–---ი

წარმომადგენელი - ეს-------–-–-გი

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე მუ---------–---ისთვის არასრულწლოვანი შვილის: 2010 წლის 9 აგვისტოს დაბადებული აი-------–----ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე (იხ. სარჩელი).

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მხარეები 2009 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი: 2010 წლის 9 აგვისტოს დაბადებული აი-------–----. მხარეთა შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში იყო დაძაბული, მოპასუხე არ ზრუნავდა ცოლ-შვილზე, აღნიშნულის გამო 2018 წლის თებერვალში მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის ოჯახი და საცხოვრებლად თავის მშობლებთან გადასულიყო. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მუშაობს კერძო სამუშაოზე და აქვს სოლიდური შემოსავალი. მოსარჩელემ რამდენჯერმე სთხოვა მოპასუხეს, რომ თავისი შვილისთვის გაეწია მატერიალური დახმარება, თუმცა უშედეგოდ.

2. მოპასუხე მუ---------–---ის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს აი-------–----სთვის (დაბადებული 2010 წლის 9 აგვისტოს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე მუ---------–---ი არასრულწლოვან აი-------–----ზე ზრუნვას თავს არ არიდებს, მისი სურვილია, რომ მხარეები შერიგდნენ და ერთად განაგრძონ მათი მცირეწლოვანი შვილის აღზრდა. მოპასუხეს ასევე ჰყავს ორი შვილი და მოხუცი დედა. აღნიშნული პირები არიან მოპასუხის კმაყოფაზე, შესაბამისად მისთვის შეუძლებელია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობით ალიმენტის გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2009 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 2018 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი);

 

3.1.2. ტა---–----------ას და მუ---------–---ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: 2010 წლის 9 აგვისტოს დაბადებული აი-------–----.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი (აქტის ჩანაწერის ნომერი 37-----1443);

 

3.1.3. აი-------–---- მისი მშობლების უთანხმოების შემდეგ აღსაზრდელად იმყოფება დედასთან ტა---–----------ასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი).

 

3.1.4. ტა---–----------ა არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვის აღზრდით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 2018 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მუ---------–---ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, 2002 წლის 17 მაისს დაბადებული ფიდ-----–---ა და 2007 წლის 26 ნოემბერს დაბადებული იუ-------–---ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლები (აქტის ჩანაწერის ნომერი 7- და 0---514);

 

3.1.6. მუ---------–---ს ჰყავს დედა, 1943 წლის 20 იანვარს დაბადებული მა-----–--ვა, რომელიც არის პენსიონერი და დაავადებულია გულის უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N100/ა;

 

3.1.7. მუ---------–---ი წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, 2018 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე ტა---–----------ას განმარტებით, არასრულწლოვან აი-------–----ს ყოველთვიურად ესაჭიროება კვებისთვის, სამოსისთვის და სხვა სოციალური, კულტურული თუ შემეცნებითი აქტივობებისათვის - 150 ლარი.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 100 (ასი) ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ტა---–----------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი აი-------–----, რომელიც დაიბადა 2010 წლის 9 აგვისტოს (3.1.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ტა---–----------ა და მოპასუხე მუ---------–---ი 2018 წლის თებერვლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი აი-------–---- ცხოვრობს მოსარჩელესთან ტა---–----------ასთან ერთად. მხარეთა განმარტებით, არასრულწლოვანი სწავლობს სკოლაში და საჭიროებს გარკვეულ საგნებში პედაგოგთან ინდივიდუალურ მომზადებას. დადგენილია, რომ მოპასუხე მუ---------–---ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხე მუ---------–---ის სტაბილურად დასაქმებას დაადასტურებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მშობლის თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და ა.შ. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვისათვის აუცილებელი საჭიროებებით. ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან). კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მოპასუხე მუ---------–---ი თანახმაა, არასრულწლოვანი აი-------–----ს ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარი, რაც მოპასუხის მოსაზრებით საკმარისია არასრულწლოვნის ხარჯის დასაფარად.

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 (ასი) ლარით.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ტა---–----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე მუ---------–---ს (პირადი N28--------4) დაეკისროს 2010 წლის 9 აგვისტოს დაბადებული აი-------–----სთვის ალიმენტის სახით - ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, 2018 წლის 12 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი