გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2018
საქმის ნომერი
080210017002210900
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/3790-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე - ნ----- ძ---–--ე

 

მოპასუხე - ლ-–- დ---–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ----- შ--–--------ე

 

დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილების მკურნალობის ხარჯების დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს ლ-–- დ---–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების მკურნალობის და მედიკამენტების დანახარჯების ანაზღაურება 1224.35 ლარის ოდენობით.

1.2. დაეკისროს ლ-–- დ---–-–---–ს არასრულწლოვანი შვილებისათვის ნ--- და ლ---- ტ------ეებისათვის ყოველთვიურად დაზღვევის თანხის 50-50 ლარის გადახდა.

სარჩელში აღნიშნულია: 2001-2014 წლებში მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ლ-–- დ---–-–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2002 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ--- ტ------ე და 2007 წლის 12 ივლისს დაბადებული ლ---- ტ------ე. 2014 წლის ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ თითოეულისათვის 100-100 ლარის ოდენობით, მაგრამ არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას, არ ზრუნავს და არ ეხმარება შვილებს.

ბავშვებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. კერძოდ, ნ--- ტ------ის დიაგნოზია: სქოლიოზი გულ-მკერდის, წელის კიფოზი და ბრტყელტერფიანობა. რის გამოც 2017 წლის მარტში ჩაუტარდა მკურნალობა: სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში, ფიზიოპროცედურა, რომლის ღირებულება შეადგენს 470 ლარს, მედიკამენტებში კი გადახდილია 174.35 ლარი. ანალოგიური დიაგნოზი აქვს ლ---- ტ------ეს, მასაც ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 425 ლარი, ხოლო მედიკამენტებში გადახდილია 155 ლარი. ამ ხარჯების გაწევა უწევს მხოლოდ მას, რადგან მოპასუხე თავს არიდებს შვილებზე ზრუნვას.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ლ-–- დ---–-–---–ი სასარჩელო მოთხოვნას წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობს და მიუთითებს, რომ მას მართალია დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა, მაგრამ ამ ვალდებულებას არ კი არა, ვერ ასრულებს, რადგან არ აქვს არც სამსახური, არც სხვა შემოსავალი და შეძლებისდაგვარად ეხმარება შვილებს.

ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მკურნალობის და მედიკამენტების ღირებულების გათვლა და არა ქვითარი.

ამასთან მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მისთვის ცნობილია, რომ ნ----- ძ---–--ე მუშაობს თბილისში სტილისტად და აქვს შემოსავალი, თავად მოპასუხე კი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ინსულინდამოკიდებული, არ მუშაობს, აქვს მხოლოდ პენსია 100 ლარი და შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნილი მკურნალობის თანხები არ გაუღია პირადად, საკუთარი შემოსავლიდან, თანხები გაიღო ქ. თბილისის მერიამ, რის გამოც მოთხოვნა უსაფუძვლოა, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხისათვის ყოველთვიური დაზღვევის თანხის დაკისრების თაობაზე 50-50 ლარის ოდენობით. რადგან მოსარჩელე ვერ მიუთითებს რა პაკეტს ითხოვს, ან რომელი სადაზღვევო კომპანიიდან.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნ----- ძ---–--ე და ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2001 წლიდან, ხოლო 2014 წელს განქორწინდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს/ფ 2-14) ,-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)

 

3.2. ნ----- ძ---–--ეს და ლ-–- დ---–-–---–ს (ტ------ე) შეეძინათ ორი შვილი: 2002 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ--- ტ------ე და 2007 წლის 12 ივლისს დაბადებული ლ---- ტ------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობები (ს/ფ 15-20 )

 

3.3. 2014 წელს მეუღლეები ნ----- ძ---–--ე და ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) განქორწინდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს

(2018 წლის 18 მარტის სასამ.სხდომის ოქმი).

 

3.4. მხარეთა შვილების - ნ--- ტ------ის და ლ---- ტ------ის დიაგნოზი წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა #100/ა) თანახმად არის: კიფოსქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა. ნ--- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1. ბონექსი, 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 30 დღე, 2. რეიტოელი, 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 30 დღე. ხოლო ლ---- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1.კალციფორი, 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, 30 დღე; 2. დოპელჰერცი ომეგა 3, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, 30 დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს/ფ 23-24)

 

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 11/12/2017წ. გაცემული ამონაწერის თანახმად, ძ---–--ე ნ----- მის შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ყოველთვიურად იღებს დახმარებას 200 ლარის ოდენობით. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქ.თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ახალი არსენალის ქ. #6.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი ბაზიდან (ს/ფ -22 ),3.6. ლ-–- ტ------ემ შეიცვალა გვარი და გახდა დ---–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 მარტის სასამ.სხდომის ოქმი)

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოსარჩელემ წარმოადგინა შპს ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის’’ სახელით გაცემული ჩასატარებელი პროცედურების და მასზე გაწეული ხარჯების გაანგარიშება და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების- ნ--- და ლ---- ტ------ეების მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის- 1224.35 ლარის დაკისრება მოპასუხისადმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-წერილობითი გაანგარიშება (ს/ფ 16-19),-სარჩელი (ს/ფ 2-14),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 18 მარტის სასამ.სხდომის ოქმი)

 

4.2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2017 წლის 15 აპრილს ნ----- ძ---–--ემ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ნ--- და ლ---- ტ------ეების თერაპიული მკურნალობისთვის მხარდაჭერა. ამ განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის მერიამ ნ--- და ლ---- ტ------ეების საჭიროებისთვის გამოყო თანხა და შეიძინა მათთვის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. მოსარჩელის განმარტებით, მერიამ დაუფინანსა ბავშვების ექიმის კონსულტაციის, სამკურნალო მასაჟის, სამკურნალო ვარჯიშის და ფიზიოპროცედურის ხარჯები (895 ლარი). თანხა ჩაურიცხეს ასევე ნათესავებმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განცხადებები (ს/ფ 84-86-89 ; 92-93),-გასავლის ზედდებულები (ს/ფ -87-88 ; 90- 91),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა და სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უშუალოდ მის მიერ შვილების მკურნალობისათვის და მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. პირიქით დაადასტურა, რომ ეს ხარჯები გაღებული იქნა ქ.თბილისის მერიის და ახლობლების მიერ. რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ----- ძ---–--ის სარჩელი ლ-–- დ---–-–---–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი,1212-ე, 1215-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ-–- დ---–-–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების ნ--- და ლ---- ტ------ეების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტი ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ----- ძ---–--ის შვილების დიაგნოზი არის: კიფოსქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა. ნ--- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1. ბონექსი, 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 30 დღე, 2. რეიტოელი, 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 30 დღე. ხოლო ლ---- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1. კალციფორი, 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, 30 დღე; 2. დოპელჰერცი ომეგა 3, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, 30 დღე.

 

სამედიცინო ცნობაში არაა მითითებული, რომ ბავშვებს ესაჭიროებათ უწყვეტი თერაპია, სისტემატური მკურნალობა ან სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები, ან/და რა პერიოდულობით.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წელს ქ. თბილისის მერიამ და ნათესავებმა გაიღო მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილების მკურნალობის და მედიკამენტების შეძენის ხარჯები, საიდანაც ის ითხოვს გაწეული ხარჯის ნახევარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის’’ მიერ გაცემული დოკუმენტაციით, რომელიც არაა დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის ბეჭდით და არც მისი დედანია წარმოდგენილი, გაწერილია მხოლოდ ნ--- და ლ---- ტ------ეებისთვის ჩასატარებელი პროცედურები და მათი ღირებულება, ხოლო არ არის წარმოდგენილი მითითებულ მომსახურებაზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი), რაც დაადასტურებდა ვის მიერ, როდის და რა ოდენობის თანხის გადახდა განხორციელდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული მიიღოს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა, თუმცა ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ფაქტობრივი საფუძველი. მოსარჩელეს კი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მან პირადად, უშუალოდ გაიღო არასრულწლოვანი შვილებისათვის დანიშნულ მედიკამენტებსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე ფულადი თანხა. შესაბამისად, მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მოპასუხე ლ-–- დ---–-–---–ს (არასრულწლოვანთა მამას) ვერ დაეკისრება ის ხარჯი, რაც გაიღო სხვა პირმა და არ გადაუხდია თავად მოსარჩელეს, მოცემულ შემთხვევაში, ნ--- და ლ---- ტ------ეების დედას, ნ----- ძ---–--ეს.

 

7. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, - დაეკისროს მოპასუხე ლ-–- დ---–-–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის ყოველთვიურად დაზღვევის თანხა 50-50 ლარის ოდენობით, - უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის #36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ით ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ საფუძველზე შექმნილია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით. მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. გარდა ამისა, არსებობენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომელთა არჩევანის თავისუფლება აქვს ყველა ადამიანს. სადაზღვევო სქემაში ჩასართავად საჭიროა პირმა გააკეთოს განაცხადი შერჩეულ კომპანიაში, სასურველ სადაზღვევო პაკეტზე. არსებობს საოჯახო და ასევე ,,საბავშვო დაზღვევაც’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია დაიცვას შვილების ჯანმრთელობა, თავად აირჩიოს სასურველი სადაზღვევო პაკეტი, კომპანია და მიმართოს მას შესაბამისი განცხადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოსარჩელემ კი ვერ წარმოუდგინა სასამართლოს სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. ვინაიდან მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

9. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----- ძ---–--ის სასარჩელო მოთხოვნა ლ-–- დ---–-–---–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების მკურნალობის და მედიკამენტების დანახარჯების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ----- ძ---–--ის სასარჩელო მოთხოვნა ლ-–- დ---–-–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილებისათვის ყოველთვიურად დაზღვევის თანხის 50-50 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11);

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე