გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
030210017002205557
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210017002205557

N 2/1238-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.04.2018 წ. ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე ლ---- ქ------

მოპასუხე თ----- ნ------

წარმომადგენელი შ------- ც------

დავის საგანი ალიმენტის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დაკისრებული ალიმენტის - 150 ლარის შემცირება 40 ლარამდე.

 

2014 წლის 23 ივნისს თ----- ნ------მ მიმართა სასამართლოს ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მხარეები მორიგდნენ და ლ---- ქ------ს დაეკისრა თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2------ს დაბადებული მ-----– ქ------ს სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით გადახდა. 2016 წლის 0-----------ს ლ---- ქ------ს შეეძინა მეორე ვაჟი ა-–---------- ქ------. გაიზარდა მისი ხარჯები, მიუხედავად ამისა ყველანაირად ცდილობდა ბავშვისთვის საზრდოს მიწოდებას. ალიმენტის გადასახდელად იღებდა ვალს, მევალეებმა მიმართეს სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელები დაკმაყოფილდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება ერთვის სარჩელს. არის უმუშევარი და აქვს მძიმე ფ-----ური მდგომარეობა. მისი მხრიდან ყოვლად შეუძლებელია ალიმენტის გადახდის ვალდებულების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა 150 ლარი არ უნდა შემცირდეს, რადგან მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის შეცვლის დასადასტურებლად. ლ---- ქ------ დაშორდა მეორე მეუღლესაც, როცა ის ჯერ კიდევ ორსულად იყო და მეორე შვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეს დაეკისრა თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2------ს დაბადებული მ-----– ქ------ს სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით გადახდა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

3.1.2. მოსარჩელეს ლ---- ქ------ს 2015 წლის 0-----------ს შეეძინა შვილი ა-–---------- ქ------.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება 2015 წლის 05 აგვისტოს გაცემული N68156010874 დაბადების მოწმობით.

 

3.1.3. ლ---- ქ------ 2017 წლის 27 დეკემბრიდან ჩაითვალა დათხოვნილად ს----------–---------–-–---------–-------–---–-------------------------------------–---------------დან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის N51105 ბრძანება.

 

3.1.4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ლ---- ქ------ს გადასახდელი თანხა შპს ,,ო--–--- ფ-------ს“ სასარგებლოდ განისაზღვრა 2100 ლარით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით.

 

3.1.5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ---- ქ------ს შპს ,,ქ---- ფ----- ჯ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1600 ლარის გადახდა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ მოსარჩელეზე ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მისი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა - გაუარესდა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარის ახსნა-განმარტებებით, სარჩელზე დართული სასამართლო გადაწყვეტილებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ მოსარჩელეზე დაკისრებული ალიმენტი 100 ლარამდე, რადგან მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინების მიღების შემდეგ, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა - გაუარესდა, რაც წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს.

 

მოსარჩელეს ლ---- ქ------ს 2015 წლის 0-----------ს შეეძინა შვილი ა-–---------- ქ------.

 

ლ---- ქ------ 2017 წლის 27 დეკემბრიდან ჩაითვალა დათხოვნილად ს----------–---------–-–---------–-------–---–-------------------------------------–---------------დან.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ლ---- ქ------ს გადასახდელი თანხა შპს ,,ო--–--- ფ-------ს“ სასარგებლოდ განისაზღვრა 2100 ლარით.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ---- ქ------ს შპს ,,ქ---- ფ----- ჯ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1600 ლარის გადახდა.

 

შესაბამისად, განჩინებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელე ლ---- ქ------ს მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, რის გამოც სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვების ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 150 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1221-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ განჩინების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, ლ---- ქ------ს მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუარესების სახით, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, არამედ საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

მოპასუხე თ----- ნ------ (მისი წარმომადგენელი) თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი მ-----– ქ------ს რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. მ-----– ქ------ არასრულწლოვანია, მას აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, უმუშევრობის გამო შემოსავლის არქონის ფონზე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 40 ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით. მოსარჩელეს შეეძინა მეორე შვილი, მაგრამ მის კმაყოფაზე სხვა პირის ყოფნის ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, უდავოა ბავშვების ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა. ამასთან, ლ---- ქ------ს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც მის შრომისუუნარობას ადასტურებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება თ----- ნ------სთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის მარტის თვისათვის - 156.7 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის ნაწილობრივ შეცვლის, ბავშვის ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, განისაზღვროს 100 ლარით.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას ალიმენტის 40 ლარამდე შემცირების თაობაზე, რადგან მხედველობაში მისაღებია კანონით დადგენილი ორივე მშობლის მიერ შვილის რჩენის, შვილზე ზრუნვის თანაბარი ვალდებულება (სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე მუხლი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და, ამასთან, მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და იგი უნდა განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე ლ---- ქ------ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 22.72 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 07.12.2017 წელი, საგადასახადო დავალება №15089505, სს ,,ლ--------------“).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ლ---- ქ------ს სარჩელი თ----- ნ------ს მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე.

 

2. შემცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ლ---- ქ------ზე დაკისრებული ალიმენტი და ლ---- ქ------ს დაეკისროს მისი შვილის, 2--- წლის 2------ს დაბადებული მ-----– ქ------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვე 100 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. მოსარჩელე ლ---- ქ------ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 22.72 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 07.12.2017 წელი, საგადასახადო დავალება №15089505, სს ,,ლ--------------“).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე