გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.05.2018
საქმის ნომერი
240210016001358706
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210016001358706

(2/181-16)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.05.2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - შპს“ბა--------------------------–------–---------ა“

წარმომადგენელი -თე----- ყუ---–---–ი

მოპასუხე - შპს „ხა----“

წარმომადგენელი - ზუ---- გა---–-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ხა----“-სათვის 44785.20 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე შპს“ბა--------------------------–------–--------ის“ სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შპს „ხა----“-ს დირექტორის გ. მი----–---–ის 1998 წლის 11 მაისის მოთხოვნის შესაბამისად შპს „ხა----“-ს გადაეცა 240 ტონა მაზუთი, რომლის ღირებულება- 44785.20 ლარი, მიუხედავად ორგზის გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ დღემდე გადაუხდელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ”შპს „ხა----“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს არ უდავიათ იმ გარემოებაზე, რომ ”შპს „ხა----“ არის კომერციული ფირმა „ხა----“-ს უფლებამონაცვლე, ხოლო შპს “ბა--------------------------–------–---------ა“ -ბა--------------------------–------–--------ის უფლებამონაცვლე.

 

3.1.2.სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოება არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს“ბა--------------------------–------–---------ა“ რეგისტრირებულია 2000 წლის 1-ლი აპრილიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი-24-------, ხოლო ”შპს „ხა----“ რეგისტრირებულია 1996 წლის 23 აგვისტოდან სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი-23-------;

 

3.2.2.1998 წლის 11 მაისს კომერციული ფირმა „ხა----“-ს გენერალურმა დირექტორმა გ. მი----–---–მა წერილობით მიმართა ბა--------------------------–------–--------ის გენერალურ დირექტორს ზვ---- ცე–--–--ეს და შესაბამისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, თხოვა ჩაის ფაბრიკისათვის 240 ტონა მაზუთის გამოყოფა.

 

3.2.3.აღნიშნული წერილის საფუძველზე, 1998 წლის 13 მაისს ბა--------------------------–------–--------ის მიერ კომერციული ფირმა „ხა----“-სათვის მიწოდებულ იქნა 240 ტონა მაზუთი, რომლის ღირებულება შეადგენს- 44785.20 ლარს.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამ ნორმების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო -სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გაჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას შედეგად მოყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დადგენილია, რომ მოცემული დავა შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას.

 

მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლით სარჩელის აღძვრის პირობებში სწორედ მოსარჩელეს ეკისრება ნასყიდობის საგნის მხარისათვის გადაცემის ვალდებულება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

შესაბამისად,ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. ხოლო გამყიდველის მიზანს წარმოადგენს ნივთის გასხვისებით სარგებლის მიღება. ამასთან,იგი განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და ეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მხარეები ასეთზე შეთანხმდებიან. ამასთან, სამოქალაქო სამართლით აღიარებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც.

 

დადგენილია, რომ კომერციული ფირმა „ხა----“-ს დირექტორმა წერილობით მიმართა ბა--------------------------–------–--------ის დირექტორს ჩაის ფაბრიკისათვის 240 ტონა მაზუთის შესყიდვის მოთხოვნით.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საგადასახადო N027151(ბ) ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც დგინდება, რომ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ კომერციულ ფირმა „ხა----“-ს 1998 წლის 13 მაისს მიაწოდა 240 ტონა მაზუთი, რომლის ღირებულება დღგ-სა და აქციზის ჩათვლით, იმავე ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შეადგენს 46456.28 ლარს.

 

საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ამ მტკიცებულების სისწორის ვარაუდს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიჩნევს 1998 წლის 13 მაისს ბა--------------------------–------–--------ის მიერ კომერციული ფირმა „ხა----“-სათვის ნასყიდობის საგნის 240 ტონა, მაზუთის გადაცემის ფაქტს.

 

3.2.4. ნასყიდობის საგნის ღირებულება მოპასუხის მიერ დღემდე გადაუხდელია. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულება 44785.20 ლარის ოდენობით.

 

3.2.5.1998 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით შპს “ბა--------------------------–------–--------ის“დირექტორმა შპს „ხა----ს“ დირექტორს პირველად წერილობით მიმართა 2015 წლის 17 აგვისტოს. წერილში აღნიშნული იყო, რომ შპს „ხა----“ ირიცხებოდა შპს “ბა--------------------------–------–--------ის“ დებიტორთა სიაში თანხით -44785.20 ლარი და ითხოვა დავალიანების დაფარვა.

 

3.2.6. დავალიანების დაფარვის მოთხოვნით შპს“ბა--------------------------–------–--------ის“ დირექტორმა შპს „ხა----ს“ დირექტორს ასევე მიმართა 2015 წლის 12 ნოემბერს და 2016 წლის 17 თებერვალს, თუმცა აღნიშნულზე პასუხი არ მიუღია.

 

3.2.7. შპს “ბა--------------------------–------–--------ის“დირექტორმა შპს „ხა----ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლოში სარჩელი აღძრა 2016 წლის 13 მაისს, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

-ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-კომერციული ფირმა „ხა----“-ს დირექტორის წერილი (11.05.1998 წ)

-შპს“ბა--------------------------–------–--------ის“ დირექტორის წერილები (17.08.2015 წ; 12.11.2015 წ;17.02.2016 წ);

-საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

-მხარეთა განმარტებები.

-სარჩელი, თანდართული მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე, 137-ე-138-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვით ყველას აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (მ.42.).

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე და ისეთ დროს, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კრედიტორის უფლებამოსილება, მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესრულება, არ არის აბსოლუტური უფლება და იგი კანონმდებლის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწესებით გარკვეულწილად შეზღუდულია. ანუ კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა, ხოლო ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მას შესაძლოა წაერთვას დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია საგამონაკლისო წესები იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებით კანონით განსაზღვრულია სპეციალური ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა, ამასთან, ამგვარი მითითების მიმართ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან თავისი ინიციატივით ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარეთა უფლებები, მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპები.

 

გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე. ანუ მხარე უფლებამოსილია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, როგორც სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებაზე, მიუთითოს საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მითითება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ არსებობდა საპატიო მიზეზი, რომლის გამოც ეს გარემოება მითითებული ვერ იქნა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.

 

შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე (შესაგებელშივე) მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის მოთხოვნის წარდგენის უფლება ქონდა ამ უფლების წარმოშობიდან (1998 წლიდან) სამი წლის ვადაში, რაც მას არ განუხორციელებია.

 

მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას სასამართლო სრულად იზიარებს და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. კერძოდ:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 1998 წლის 13 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, რომლის მიმართებითაც მოქმედებს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტით დადგენილია, რომ მოსარჩელის ბა--------------------------–------–--------ის მიერ 1998 წლის 13 მაისს კომერციული ფირმა „ხა----“-სათვის მიწოდებულ იქნა 240 ტონა მაზუთი, რომლის ღირებულება შეადგენს- 44785.20 ლარს.

 

გაყიდული საქონლის ღირებულების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა საქონლის მიწოდებისთანავე, 1998 წლის 13 მაისიდანვე, შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენაც დაეწყო ამავე პერიოდიდან-1998 წლის 13 მაისიდან, როცა უნდა მიეღო და ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის საფასური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

კანონით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა, რაც გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, სახეზე არ გვაქვს, ხანდაზმულობის ვადა აითვლება მოსარჩელის უფლებათა დარღვევის მომენტიდან - 1998 წლის 13 მაისიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 1998 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებას პირველად შეეცადა 2015 წლის 17 აგვისტოს, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხოლო უფლების დასაცავად სასამართლოს მომართა უფრო მოგვიანებით, 2016 წლის 13 მაისს. შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადა, რომელიც მოსარჩელეს ანიჭებს მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობას, მის მიერ გაშვებულ იქნა, რაც თავის მხრივ, იწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგს-მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს მეშვეობით პირის მოთხოვნის საფუძველზე მისი დარღვეული უფლების დაცვის შესაძლებლობა, თუ ვალდებული პირი უარს განაცხადებს ვალდებულების შესრულებაზე.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხემ არ ცნო სარჩელის მოთხოვნა, ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, უარი განაცხადა მოსარჩელისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52.1. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი-1343.56 ლარი უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე - შპს “ბა--------------------------–------–--------ის“ სარჩელი, მოპასუხე შპს „ხა----“-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია