განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/368-18 (№041290318001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯა-- გო-----ს ძე ბე----- - დაბადებული 1--- წლის 1------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, ჭა-------- ქ. N3-, ბინა N1-- მცხოვრები (ფაქტობრივად): ქუთაისი, 9 აპ----–-ს ქ. N-- ბინა N6--
ადვოკატი - მე---- წუ-–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე ირ---–- ა--–---ს გამზირ N1-----ში მდებარე სახლში ჯა-- ბე-----მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს სა-–---- გო-------–---ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების სა-–---- გო-------–---ს, ნა----–- ხა--------ს, თო------ თე----------ს გამოკითხვის ოქმები) ერთობლიობა ჯა-- ბე-----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯა-- ბე-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯა-- ბე-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ჯა-- ბე-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და სინანულს, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ჯა-- ბე-----ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რაც მისი გავრცელების მასშტაბების და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, რომელთაგან მა----- ბე----- დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია), ჯა-- ბე-----ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულის პოზიციას, რომელიც შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ჯა-- ბე-----ს წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ჯა-- ბე-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯა-- ბე----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ჯა-- ბე-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით.
ჯა-- ბე-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ჯა-- ბე-----ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური