გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002260999
N2/43-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - მა----–------ე
წარმომადგენელი - ნა----------–---–ი
მოპასუხე - დე-------------ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - ირ--------–-–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე დე-------------ისათვის არასრულწლოვანი შვილების: 2007 წლის 15 დეკემბერს დაბადებული და------------ისა და 2009 წლის 21 თებერვალს დაბადებული ლუ----------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მხარეები 2006 წლის 10 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 15 დეკემბერს დაბადებული და------------ი და 2009 წლის 21 თებერვალს დაბადებული ლუ----------ი. დაახლოებით 6 წლის წინ, დე-------------ი სამუშაოდ გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში, თუმცა ოჯახისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია. მოსარჩელე არის უმუშევარი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მათი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 170 ლარს. არასრულწლოვანი ბავშვები არიან სკოლის მოსწავლეები და კვების გარდა ბავშვებს ესაჭიროებათ სეზონური ტანსაცმელი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
2.1. მოპასუხე დე-------------ის პოზიცია
მოპასუხე დე-------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა ორივე შვილს ალიმენტის სახით გადაუხადოს 100 ლარი, რომლის გადახდაშიც დაეხმარებიან ნათესავები, ვინაიდან, თვითონ არის უმუშევარი და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ახლო მომავალში ვერ შეძლებს მუშაობას. მოპასუხის მითითებით, იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა პატიმრობაში, დაკავებამდე უწევდა შვილებს მატერიალურ დახმარებას, თუმცა პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ მკურნალობს, არის ინვალიდი და არ შეუძლია მარჯვენა მკლავის მოძრაობა. აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაპატიმრების დროს, რადგან მძიმედ იყო დაჭრილი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 30-39).
2018 წლის 15 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დე-------------ის წარმომადგენელმა ირ--------–-–---–მა განმარტა, რომ მოპასუხე თანახმაა თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი. წარმომადგენლის მითითებით, მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება სამკურნალოდ (იხ. 15.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2006 წლის 10 დეკემბრიდან, მა----–------ე და დე-------------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17).
3.1.2. მა----–------ესა და დე-------------ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 15 დეკემბერს დაბადებული და------------ი და 2009 წლის 21 თებერვალს დაბადებული ლუ----------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18-19);
3.1.3. 2007 წლის 15 დეკემბერს დაბადებული და------------ი და 2009 წლის 21 თებერვალს დაბადებული ლუ----------ი აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან მა----–------ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი).
3.1.4. მოსარჩელე მა----–------ე არის უმუშევარი, იგი არასრულწლოვან შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 50710 და ყოველთვიური დახმარება შეადგენს 170 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 22).
3.1.5. 2007 წლის 15 დეკემბერს დაბადებული და------------ი არის მა-------–--------–----–----------------–-–-------–ის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე, ხოლო 2009 წლის 21 თებერვალს დაბადებული ლუ----------ი - ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე.
- ცნობა (ს.ფ. 20-21).
3.1.6. მოპასუხე დე-------------ი იმყოფება საზღვარგარეთ, საქართველოში მის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 75).
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (იხ. 15.05.2018წ. სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე დე-------------ს აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომლის გამოც მას მუშაობა არ შეუძლია და საზღვარგარეთ წასულია სამკურნალოდ. აღნიშნულ გარემოებას არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე, ხოლო მოპასუხეს, მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა----–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის დიდი მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია შემოსავალი და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულის შესაბამისად, იკვეთება რა ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულების სოციალური მნიშვნელობა, ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, უფლების რეალიზაცია არ არის დამოკიდებული რაიმე სახის სამართლებრივ აქტსა თუ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდება გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებისაგან თავის არიდებას, არამედ ბავშვის რჩენაზე უარის თქმას საამისო საჭიროებაზე ცნობების მიღების პირობებში.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ასევე ბავშვების ასაკისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სასამართლო ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 180-180 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში, მა----–------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180-180 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ღირებულება შეადგენს 4320 ლარს (36*12), ამასთან, მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 47-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე დე-------------ს, მოსარჩელე მა----–------ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: 2007 წლის 15 დეკემბერს დაბადებული და------------ისა და 2009 წლის 21 თებერვალს დაბადებული ლუ----------ის რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 180-180 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 16 იანვრიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე დე-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.
მოსამართლე ია ლაბაძე