გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-29-2018
(130310018002405420)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ივნისი 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
მოსარჩელეები - ი----- მ---------–ი, მ----- შ--------ე
წარმომადგენელი - გ---- ღ-------–---–ი
მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ი----- ფ-----ე
მე-3 პირი (ასკ-ის მე-16მ. II ნ.) - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ი----- მ---------–ის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება (2018 წლის 2 მარტის N38 სხდომის ოქმი და 21 მარტის N878 განკარგულება) ი----- მ---------–ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.2. დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ქ. ხაშური, დაბა სურამში, დ. თ------------–ის ქუჩაზე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო N69.04.61.0--) მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ 565 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი----- მ---------–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ი----- მ---------–ი უთითებს, რომ მის საკუთრებაშია ხაშური, დ. სურამში, თ------------–ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი N69.04.61.0--. მას 1998 წლიდან თვითნებურად აქვს დაკავებული და ფლობს ამ ქონების მიმდებარედ არსებულ 565კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. კომისიამ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე უთითებს, რომ არ მიეცა კომისიის სხდომაზე მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენებების წარდგენის შესაძლებელობა, ასევე, არ მოუსმინა კომისიამ მიყვანილ მოწმეებს, ადგილზე არ შეამოწმა ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
მ----- შ--------ის სასარჩელო მოთხოვნა
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება (2018 წლის 2 მარტის N38 სხდომის ოქმი და 21 მარტის N878 განკარგულება) მ----- შ--------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.4. დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ქ. ხაშური, დაბა სურამში, დ. თ------------–ის ქუჩაზე მდებარე, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ 363 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ----- შ--------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მ----- შ--------ე უთითებს, რომ ხაშური, დ. სურამში, თ------------–ის ქუჩაზე თვითნებურად აქვს დაკავებული და ფლობს 363კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც 1995 წელს აშენებული აქვს ბოსელი და საბძელი. მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. კომისიამ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე უთითებს, რომ არ მიეცა კომისიის სხდომაზე მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენებების წარდგენის შესაძლებელობა, ასევე, არ მოუსმინა კომისიამ მიყვანილ მოწმეებს და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ი----- მ---------–ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის, როგორც თვითნებურად დაკავებულის, საკუთრებაში გადაცემას 2016 წელს ითხოვდა ნ-----–- ს--------ე, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 69.04.61.3--), რომელიც შემდეგ მან გაასხვისა მ----- შ--------ეზე. ნ-----–- ს--------ეს აღიარების კომისიაში წარდგენილი ჰქონდა ი----- მ---------–ისა და მ----- შ--------ის ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, რომლითაც ისინი უდასტურებდნენ ნ-----–- ს--------ეს სადავო მიწის ნაკვეთის 2000 წლიდან თვითნებურად ფლობას. ეს გარემოება კი გამორიცხავს ი----- მ---------–ის მიერ ამ ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას 2007 წლამდე. ამიტომ კომისიამ აღარ ჩათვალა საჭიროდ დამატებით მოწმეთა ჩვენებების წარდგენა და ი----- მ---------–ს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.2. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მ----- შ--------ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, რადგან თუ არა ამ ნაკვეთის გავლით, სხვაგვარად შეუძლებელია ამ ნაკვეთის გვერდით მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთში მოხვედრა. ამიტომ კომისიამ აღარ ჩათვალა საჭიროდ დამატებით მოწმეთა ჩვენებების წარდგენა და მ----- შ--------ეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადებულა სასამართლოს სხდომაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ი----- მ---------–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ხაშური, დაბა სურამში, თ------------–ის ქ. N8-ში მდებარე 1964 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებული შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი 69.04.61.0-- (ტ.1. ს.ფ. 19-20).
4.2. ი----- მ---------–მა 2018 წლის 05 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მისი კუთვნილი ქონების მომიჯნავედ მდებარე 565 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამასთან, მიუთითა, რომ რადგან არ ჰქონდა უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, განცხადება გადაგზავნილიყო აღიარების კომისიაში. 2018 წლის 19 თებერვალს სააგენტომ განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ტ.1. ს.ფ. 16-26).
4.3. აღიარების კომისიამ საკითხი განიხილა 2018 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი N38), რა დროსაც კომისიის წევრებმა მხარის დაუჭირეს მოთხოვნის დააკმაყოფილებაზე უარის თქმას. კომისიის 2018 წლის 21 მარტის N878 განკარგულებით დამტკიცდა კომისიის 2018 წლის 2 მარტის სხდომის ოქმი N38 და ი----- მ---------–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც 22 მარტს ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო 2 აპრილს - ი----- მ---------–ს. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი არ დასტურდებოდა (ტ.1. ს.ფ. 13-15; 30-34).
4.4. მოცემულ 565კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, როგორც მისი კუთვნილი ქონების (საკ. N69.04.61.3--) მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებას 2016 წლის 16 აგვისტოს განცხადებით ითხოვდა ნ-----–- ს--------ე. მან კომისიას წარუდგინა ი----- მ---------–ის და მ----- შ--------ის ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, სადაც ისინი ადასტურებდნენ ნ-----–- ს--------ის მიერ 2000 წლიდან 565კვ.მ. ფართის ფლობას და სარგებლობას (იხ. აღიარების კომისიის შესაგებლის მე-13-32 ფურცლები). აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით ნ-----–- ს--------ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მან გადაწყვეტილების მიღებამდე გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული, საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი (იხ. კომისიის 2017 წლის 24 მარტის ოქმი N16 და 2017 წლის 31 მარტის განკარგულება N621).
4.5. სასამართლო ეთანხმება მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ ი----- მ---------–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი არ დასტურდება, რადგან ამავე მიწის ნაკვეთის ნ-----–- ს--------ის მიერ 2000 წლიდან 2016 წლამდე ფლობის და სარგებლობის ფაქტს ადასტურებდა თვითონ ი----- მ---------–ი თავის ნოტარიულად დამოწმებულ ჩვენებაში.
4.6. მ----- შ--------ემ 2018 წლის 29 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხაშური, დაბა სურამში, თ------------–ის ქუჩაზე მდებარე 363 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამასთან მიუთითა, რომ რადგან არ ჰქონდა უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, განცხადება გადაგზავნილიყო აღიარების კომისიაში. 2018 წლის 14 თებერვალს სააგენტომ განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ტ.2. ს.ფ. 15-23).
4.7. აღიარების კომისიამ საკითხი განიხილა 2018 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი N38), რა დროსაც კომისიის წევრებმა მხარის დაუჭირეს მოთხოვნის დააკმაყოფილებაზე უარის თქმას. კომისიის 2018 წლის 21 მარტის N878 განკარგულებით დამტკიცდა კომისიის 2018 წლის 2 მარტის სხდომის ოქმი N38 და მ----- შ--------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც 22 მარტს ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო 2 აპრილს - მ----- შ--------ეს. კომისიამ დაადგინა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს (ტ.2. ს.ფ. 13-15; 27-31).
4.8. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოცემული მომენტისათვის მ----- შ--------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ფართი უნდა ჩათვლილიყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთად, რადგან საქმეზე წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზების, ასევე, მხარეთა განმარტებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ თუ არა ამ მიწის ნაკვეთის გავლით, სხვაგვარად შეუძლებელია მოხვედრა ამ ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (იხ. 15.06.2018წ. სხდომის ოქმი, ასევე, სიტუაციური ნახაზი ტ.2. ს.ფ. 22).
4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის N892018313212-03 გადაწყვეტილებით დ. სურამში თ------------–ის ქუჩაზე მდებარე 899კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ეს ნაკვეთი მოიცავს ი----- მ---------–ის და მ----- შ--------ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებს (იხ. გადაწყვეტილება N892018313212-03, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 17.04.2018 საკ. N69.04.61.460 და საკადასტრო გეგმა).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
7.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად არის დაკავებული ამ კანონის ამოქმედებამდე. ეს კანონი ამოქმედდა 2007 წლის 20 სექტემბრიდან. როგორც სასამართლომ დაადგინა ი----- მ---------–ის მხრიდან მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბერამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დადასტურდა.
7.4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწა, რომელიც არის საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო).
7.5. როგორც სასამართლომ დაადგინა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მ----- შ--------ე, ამ ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა. სხვა ალტერნატიული გზა მას საჯარო გზებთან დასაკავშირებლად არ გააჩნია. ამდენად, სადავო ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს და მასზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება არ დაიშვება.
7.6. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
7.7. მოცემულ შემთხვევაში ი----- მ---------–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დადასტურდა, ხოლო მ----- შ--------ის მიერ მოთხოვნილი ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის მიწას, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებები, რომლითაც უარი ეთქვათ ი----- მ---------–ს და მ----- შ--------ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე, კანონიერია.
7.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, არსებითად არ დარღვეულა მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დავალების თაობაზე სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელეთა მიერ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე, 32-33-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გადაწყვიტა
1. ი----- მ---------–ის და მ----- შ--------ის სარჩელები არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელეთა მიერ;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი