განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/93-18
№012010118008
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ნუგზარ მახათაძე
ბრალდებული კ---------------, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----------------------–------------------–--
ადვოკატი არჩილ ცაგურია,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.რუსთავში, ტ----------------–----------ე მდებარე კორპუსის სადარბაზოში, კ---------------მ მუშტების და ფეხის დარტყმით ცემა გ----–---------ე, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა კ---------------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა გ----–---------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი მეზობელია, ერთ კორპუსში ცხოვრობენ და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მის ოჯახთან. კონფლიქტის მიზეზი მასა და ბრალდებულს შორის გახდა ის, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს ზეთის სათხოვნელად მისულს უარი უთხრა, რადგან მანამდე სხვა პროდუქტიც სთხოვა. მეორე დღეს, ტკბილეული თეფშზე დაალაგა და კ----ს ცოლთან ახალი წლის მისალოცად მივიდა, სადაც კ----მ აგინა და პასუხი მოსთხოვა ზეთზე უარი როგორ მითხარიო. იგი გამოვიდა კ----ს სახლიდან, იჩხუბეს და კ---- გამოეკიდა, სახლში შესვლა ვერ მოასწრო, რომ სახეში მუშტი ძლიერად ჩასცხო, შემდეგ წიხლი დაარტყა ფეხზე. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ და გააშველეს. მათვე შეატყობინეს პოლიციას. სახეში დარტყმის შედეგად სახის ძვალი ტკიოდა, კ----მ მუშტი ოთხჯერ დაარტყა, ფეხი კი გადაქერცილი ჰქონდა.
დაზარალებულის ჩვენების გარდა, კ--------------ის მხრიდან გ----–---------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტი საქმეზე ასევე დასტურდება სხდომაზე დაკითხული შემდეგ მოწმეთა ჩვენებებით:
მოწმე ნ------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი ბრალდებულის და დაზარალებულის მეზობელია. 2017 წლის 31 დეკემბერს გ----–ისთან იმყოფებოდა სახლში, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, გ----–ი რომ მობრუნდა განერვიულებული იყო, თქვა კ---- იყო და ზეთი მთხოვაო, ამბობდა მოხუცი ქალი ვარ, რამდენჯერ უნდა შემაწუხოსო. მეორე დღეს სახლში იყო, ძმა ჰყავდა სტუმრად. ატყდა ყვირილი, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ კ---- იგინებოდა, ასევე დაინახა როგორ ურტყამდა კ---- გ----–ის. კ----მ ჯერ მუშტები სახეში დაარტყა გ----–ის და შემდეგ ფეხით სცემა და ოთახის კარი შეუნგრია. მან და მისმა ძმამ გააშველეს. დარტყმის შემდეგ გ----–ი მაგიდას დაეყრდნო, კ----მ მასაც აგინა და სხვა მეზობელმა შეიყვანა სახლში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ს---------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ დასთან სტუმრად ყოფნისას, სადარბაზოდან ყვირლის ხმა გაიგონა, ოთახიდან ჯერ ნ--- გავიდა და შემდეგ თვითონაც გაჰყვა. დაინახა, რომ კ--------------- ურტყამდა გ----–---------ეს, როგორც ახსოვს ორჯერ დაარტყა, მაგრამ სად არ იცის.
მოწმე ბ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ბრალდებულის მეზობლად. 2018 წლის 1 იანვარს სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც გაიგონა ყვირილის და ჩხუბის ხმა სადარბაზოდან. როდესაც გავიდა, დაინახა, რომ კ--------------- და გ----–---------ე პირისპირ იდგნენ და კამათობდნენ. კ----ს აჩერებდა მისი მეუღლე, ხოლო გ----–ის ნ------------ე. მან მოკიდა კ----ს ხელი და სახლის კარამდე მიიყვანა. უშუალოდ ცემა თუ არა მან ვინმე არ დაუნახავს.
2018 წლის 1 იანვრის ალკოჰოლური შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, კ---------------ს ალკოჰოლურ შემოწმებაზე დაუდინდა 0,984 % სიმთვრალე.
მოწმეებმა ს--------–----------ემ და ზ---------–---ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.
რაც შეეხება წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პროცესში მათი უტყუარობის ხარისხს, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება, დაზარალებულმა მოახდინა პროვოცირება ბრალდებულზე და მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა გ----–---------ეს, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ კ---------------სა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულის და ფაქტის შემსწრე მეზობლების ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება და არ არსებობს მათი ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი. ყველა მოწმე, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა, არიან როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის მეზობლები და მათი მხრიდან რაიმე ფორმით კ--------------ის მიმართ დაინტერესებაზე მითითება შეუძლებელია ასეთი გარემოების არარსებობის გამო. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულის მხრიდან პროვოცირებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----–---------ე თავის ქმედებაში კეთილსინდისიერია და გულწრფელი, მიუხედავად იმისა, რომ შეწუხებული იყო ხშირად სხვადასხვა პროდუქტის მოთხოვნით, მან თავად მოინდომა და მიულოცა ახალი წელი მეზობლის ოჯახს, სადაც განაწყენებული დახვდა სწორედ კ--------------- და გაუსწორდა წინა დღის მისთვის უსიამოვნო ამბის გამო.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულს დაზარალებული არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ასევე ვერ გაიზიარებს მოსაზრებას მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეულ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს კ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლოს არ აქვს დაზარალებულისა და დაკითხული მოწმეების ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად აღწერენ მომხდარი ინცინდენტის დროს განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტულად უთითებენ თუ როგორ ურტყამდა კ--------------- გ----–---------ეს, რისი საპირისპირო არგუმენტები ან მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
კ---------------ს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია. ამასთან სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, იგი გამოირჩეოდა აგრესიულობით როგორც გ----–---------ის, ისე იმ მოწმეების მიმართ, რომლებმაც ამხილეს იგი დანაშაულის ჩადენაში, სასამართლო სხდომაზე ცდილობდა გ----–---------ისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და მოითხოვა მისგან, რომ არ მიკარებოდა მისი ოჯახის წევრებს, მაშინ როდესაც კონფლიქტის მიზეზი სწორედ მისი მხრიდან პროდუქტის არაერთგზის მოთხოვნა და მასზე უარი გახდა.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კერძოდ - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
კ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კ---------------ს დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ივნისიდან.
3. კ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე