გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-124-2017
(130310517002233202)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „ნ------------“
წარმომადგენელი - ხ------- მ-–-------ე, ნ----- ჯ-----–---–ი
მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ--- შ--------ე, ი----- ფ-----ე, მ------- ძ-------ე,მესამე პირი (ასკ-ის მე-16მ. მე-2 ნ.) - ნ---- ლ-----ე
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 8 თებერვლის N7 დადგენილება ნ---- ლ-----ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.2. დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ნ---- ლ-----ის მიერ ქ. ხაშურში, ი-------ის ქ. N10-ში მდებარე მისივე კუთვნილ უძრავ ნივთზე (საკადასტრო ნომერი 69.08.60.113) მოწყობილი საჩრდილობლის დემონტაჟის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც გადასულია შპს „ნ-------------ის“ კუთვნილ ტრიტორიაზე (საკადასტრო ნომერი 69.08.60.376). (იხ. განცხადებები ხარვეზის შევსების შესახებ, ასევე, 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 15:35:36-15:25:58).
მოსარჩელე, ასევე, ითხოვდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ნოემბრის N06/12327 წერილის ბათილად ცნობას. ამ ნაწილში სასამართლოს საოქმო განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო (2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 15:33:11-15:34:46).
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 69.08.60.376. ამ ნივთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი 69.08.60.113) მესაკუთრეს ნ---- ლ-----ეს ისე აქვს მოწყობილი შენობის სახურავი და დამატებითი მიშენება - საჩრდილობელი, რომ იგი გადმოსულია შპს „ნ-------------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ასევე, გადმოდის ატმოსფერული ნალექი.
2016 წლის დეკემბერში აღნიშნულის თაობაზე მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 2017 წლის 11 ოქტომბერს, ნ---- ლ-----ემ კვლავ განახორციელა ახალი უკანონო მშენებლობა იგივე შენობა-ნაგებობაზე, რის გამოც მოსარჩელის მიერ გამოძახებულ იქნა პოლიცია.
2017 წლის 21 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოსარჩელეს ჩაბარდა მის მიერ 2016 წლის დეკემბერში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 8 თებერვლის დადგენილება ნ---- ლ-----ის მიემართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ აღმოფხვრილი იყო სამართალდარღვევა.
2017 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელეს შსს ხაშურის რაიონული სამმართველოდან ჩაბარდა ამ ორგანოსთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს გაგზავნილი წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ნ---- ლ-----ეს მიშენება ან დაშენება არ უწარმოებია, მის მიერ მოხდა მხოლოდ უკვე არსებული გადახურვის გოფრირებული თუნუქის ფურცლის ამოცვლა, რაც სამშენებლო სამართალდარღვევას არ წარმოადგენს.
მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხემ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, რომელიც ადასტურებდნენ ნ---- ლ-----ის მხრიდან უნებართვო მშენებლობის ფაქტს და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „ნობათის“ 2016 წლის დეკემბერში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან შესწავლილ იქნა საკითხი და დადგინდა, რომ ნ---- ლ-----ეს თავისი უძრავი ნივთის სამხრეთ-დასავლეთ მხრიდან ნაწარმოები ჰქონდა უნებართვო მშენებლობა (მოწყობილი ჰქონდა საჩრდილობელი მიწასთან მყარად დაკავშირებულ რკინის ბოძებზე), რაც დასრულდა საჩრდილობლის დემონტაჟით.
შსს ხაშურის რაიონული სასამართლოდან მიღებული წერილის შემდეგ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა მიერ ადგილზე იქნა გამოკვლეული საკითხი და მერიის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს პოლიციის შეკითხვაზე გაცემულ იქნა პასუხი, რომ ნ---- ლ-----ეს მიშენება ან დაშენება არ უწარმოებია, მის მიერ მოხდა მხოლოდ უკვე არსებული გადახურვის გოფრირებული თუნუქის ფურცლის ამოცვლა, რაც სამშენებლო სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, თანახმად საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. მესამე პირმა ნ---- ლ-----ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას და მოსარჩელეს შორის 2016 წლის ბოლოს წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა დახურული ტიპის კონსტრუქციის და ღია გადახურვის მოშლას, ზედამხედველობის სამსახურიდან 2016 წლის დეკემბერში მიიღო მითითება, რომ მოეხდინა მისი დემონტაჟი. მის მიერ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოხდა კონსტრუქციის მოშლა, რის შემდეგად ზედამხდებელობის სამსახურმა შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება. სხვა ტიპის მშენებლობა მას არ უწარმოებია. არსებული გადახურვა არსებობს 2012 წლიდან. 2017 წლის ოქტომბერში მან მხოლოდ სახურავის თუნუქის გოფრირებული ფურცელი ამოცვალა, რაც არ საჭირეობდა მშენებლობის ნებართვას.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. შპს „ნ-------------ის“ საკუთრებას წარმოადგენს ქ. ხაშურში, ი-------ის ქ. N10-ში მდებარე 205კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 69.08.60.376 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1. ს.ფ. 271-273).
4.2. ნ---- ლ-----ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. ხაშურში, ი-------ის ქ. N10-ში მდებარე 136კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 69.08.60.113) განთავსებული 23.24კვმ. ფართის მქონე N2 შენობიდან 12,6კვ.მ. ფართობი (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1. ს.ფ. 17-18).
4.3. შპს „ნ-------------ის“ და ნ---- ლ-----ის კუთვნილი უძრავი ნივთები უშუალოდ ემიჯნება ერთმანეთს (მხარეთა განმარტება, ასევე, იხ. ექსპერტის დასკვნა, ტ.1. ს.ფ. 197-207, სიტუაციური ნახაზი, ტ.2. ს.ფ.70).
4.4. შპს „ნ-------------ის“ დირექტორმა 2016 წლის 1 დეკემბერს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მიუთითა, რომ ნ---- ლ-----ემ ისე აწარმოა მშენებლობა თავის კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე (მდებარე ქ. ხაშურში, ი-------ის ქ. N10-ში), რომ სახურავი („ნავესი“), დახლი და რკინის ბოძები ჩასმულია შპს „ნ-------------ის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად მოთხოვნისა იგი უარს ამბობდა რკინის ბოძებისა და მასზე დამაგრებული სახურავისაგან მოსარჩელის ქონების გათავისუფლებაზე და მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან შესაბამისი რეაგირება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შპს „ნ-------------ის დირექტორმა დამატებითი განცხადებით მიმართა გამგებელს 2016 წლის 6 დეკემბერს და წარუდგინა ფაქტის ამსახველი ფოტომასალა და წერილი შსს ხაშურის რაიონული სამართველოდან (ტ.1. ს.ფ. 76-80).
4.5. 2016 წლის 8 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა მითითება N17 და ნ---- ლ-----ეს მიეცა 7 დღის ვადა მის მიერ ხაშურში, ი-------ის ქუჩა N10-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი 69.08.60.113) მიშენებული საჩრდილობლისათვის შესაბამისი ნებართვის და პროექტის წარსადგენად (ტ.1. ს.ფ. 126-127).
4.6. მითითების ჩაბარების შემდეგ, 2016 წლის 9 დეკემბერს ნ---- ლ-----ემ მიმართა გამგეობას განცხადებით და წარადგინა სამოქალაქო საქმის მასალები დავაზე მას და შპს „ნ-------------ს“ შორის (ტ.1. ს.ფ. 140).
4.7. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 22 დეკემბერს აცნობა შპს „ნ-------------ს“, რომ, ვინაიდან, მხარეთა შორის დავა სასამართლოს წამოებაში იყო, მას განცხადების განხილვაზე ეთქვა უარი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ტ.1. ს.ფ. 22).
4.8. შპს „ნ-------------ის“ დირექტორმა 2016 წლის 26 დეკემბერს და 20 იანვარს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის სასამართლოში არსებული დავა არ ეხებოდა საჩრდილობლის უნებართვო მშენებლობას, წარუდგინა სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების განახლება (ტ.1. ს.ფ. 142-149).
4.9. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 24 იანვარს შედგენილ იქნა N2 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ნ---- ლ-----ემ არ შეასრულა 2016 წლის 8 დეკემბრის მითითებით განსაზღვრული პირობა, კერძოდ, არ წარადგინა მშენებლობის ნებართვა და პროექტი (ტ.1. ს.ფ. 152).
4.10. შპს „ნ-------------ის“ განცხადებასთან დაკავშირებით ნ---- ლ-----ის მიმართ არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზეპირი მოსმენა გაიმართა 2017 წლის 6 თებერვალს და 8 თებერვალს. სხდომაზე დადგინდა, რომ ნ---- ლ-----ის მიერ განხორციელდა უნებართვოდ მოწყობილი საჩრდილობლის დემონტაჟი (ს.ფ. 155-160).
4.11. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 8 თებერვლის N7 დადგენილებით ნ---- ლ-----ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქმეზე დადგენილების მიღებამდე დამრღვევის მიერ სამართალდარღვევის გამოსწორების - ნ---- ლ-----ის მიერ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის გამო (ს.ფ. 73-74). ეს დადგენილება მოსარჩელეს, მისივე მოთხოვნით, გაეგზავნა 2017 წლის 21 დეკემბერს (ს.ფ. 19).
4.12. 2017 წლის 11 ოქტომბერს შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება („112-იდან“), რომ შპს „ნ-------------ის“ წარმომადგენელი ითხოვდა პოლიციის დახმარებას, რადგან სასამართლოს მიერ ქ. ხაშურში ი-------ის ქ. N10-ში შეჩერებული მშენებლობა ისევ მიმდინარეობდა (ტ.1. ს.ფ. 23).
4.13. შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმე, გამოკითხულ იქნენ მხარეები, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო (ტ.1. ს.ფ. 22-32; 81-86).
4.14. საქმეზე დართული ექსპერტის დასკვნის მიხედვით (25.04.2017), ნ---- ლ-----ის კუთვნილი შენობის (69.08.10.113) დასავლეთ ნაწილის (ნახევარზე) სახურავზე დამატებით მოწყობილი საჩრდილობელი მოქცეულია შპს „ნ-------------ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (69.08.10.376) საზღვრებში. იგი წარმოადგენს მშენებლობის სახეობას და მიეკუთვნება პირველი კლასს (ს.ფ. 196-210).
4.15. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---- ლ-----ის მიერ განხორციელებულია მისი კუთვნილი შენობის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს არსებული საჩრდილობლის (რომელიც მოწყობილი იყო მიწაზე დასმულ ბოძებზე) დემონტაჟი. ჩრდილო-დასავლეთ მხარეს სახურავზე მოწყობილი დამატებითი საჩრდილობელი კი არ არის რკინის ბოძებზე დასმული, არამედ უშუალოდ სახურავის კონსტრუქციაზეა დამაგრებული და მის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გარემოება სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოპასუხისა და მესამე პირის, ასევე, ნაწილობრივ მოსარჩელის განმარტებების, ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე, საქმეზე დართული ფოტოსურათების ურთიერთშეპირისპირებით, რომლებშიც ასახულია მდგომარეობა მოსარჩელის საჩივრის შეტანამდე (2016 წლის დეკემბერი) არსებული და საჩივრის განხილვის შემდგომ არსებული მდგომარეობით (ტ. 1. ს.ფ. 77-79 და 83-86).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, „მშენებლის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ნებართვების ერთერთი სახეა მშენებლობის ნებართვა. იმავე კანონის 264-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
7.2. „მშენებლის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩრდილობლის მოწყობა პირველი კლასის მშენებლობას მიეკუთვნება. ამავე დადგენილების მიხედვით, ყველა სახის მშენებლობა საჭიროებს ნებართვას, გარდა პირველი კლასის მშენებლობისა. თუმცა დადგენილების 66-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების თანახმად: I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები; I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს; მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას; თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა; ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
7.3. დადგენილია, რომ ნ---- ლ-----ემ მისი კუთვნილი შენობის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, შპს „ნ-------------ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე დასვა რკინის ბოძები და მოაწყო საჩრდილობელი ისე, რომ მთავრობის N57 დადგენილების მოთხოვნები არ დაუცვია - არ აცნობა მშენებლობის დაწყების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისად, დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან გამომდინარე ითვლება, რომ მან აწარმოა უნებართვო მშენებლობა.
7.4. მთავრობის N57 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
7.5. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართადარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითების ვადის გასვლის შემდეგ ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი, სადაც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, შემოწმების აქტის საფუძველზე ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
7.6. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
7.7. ამდენად, მართალია, ნ---- ლ-----ემ მითითებით დადგენილ ვადაში არ გამოასწორა დარღვევა, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ზეპირი განხილვის დროს (გამგებლის მიერ დადგენილების მიღებამდე) დადგინდა, რომ მან აღმოფხვრა სამართალდარღვევა (მოშალა შენობის სამხრეთ დასავლეთ მხარეს გაკეთებული საჩრდილობელი, რაც მხარეებს შორის დავას არ იწვევს), შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო იმავე კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.10. ვინაიდან, არ დადგინდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 8 თებერვლის N7 დადგენილების კანონთან წინააღმდეგობა, ასევე, მისი მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა - ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამიტომ ადმინისტრაციული აქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
7.11. რაც შეეხება ნ---- ლ-----ის კუთვნილი შენობის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს სახურავზე წარმოებულ სამუშაოს და შპს „ნ-------------ის“ მოთხოვნას მერიის მხრიდან ახალი ადმინისტრაციიული აქტის გამოცემის შესახებ მისი დემონტაჟის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ნ---- ლ-----ემ მოცემულ მხარეს მოაწყო დამატებითი საჩრდილობელი, რომელიც გადასულია მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ნ---- ლ-----ის განმარტებით კი სახურავი ამგვარად იყო მოწყობილი მაშინაც, როდესაც მან შენობა შეიძინა მოსარჩელისგანვე. მან მხოლოდ დაზიანებული თუნუქის ფურცელი ამოცვალა.
7.12. ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ნ---- ლ-----ის შენობის სახურავზე ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მოწყობილი დამატებითი საჩრდილობელი გადასულია შპს „ნ-------------ის“ ტერიტორიაზე. საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მოძიებული უტყუარი მტკიცებულება იმისა, ნ---- ლ-----ის მიერ ნივთის შეძენამდე არსებობდა ასეთი მდგომარეობა თუ არა და შეესაბამება თუ არა ეს დამატებითი საჩრდილობელი შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს გაცემულ მშენებლობის ნებართვას და სამშენებლო პროექტს.
7.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკითხის გარკვევას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქმისათვის, რადგან, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ 2016 წლის დეკემბერში შეტანილი განცხადებებით, შპს „ნ------------“ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან ითხოვდა რეაგირებას მის კუთვნილ ტერიტორიაზე დასმულ რკინის ბოძებთან და მასზე განთავსებულ საჩრდილობელთან დაკავშირებით. ამ ნაწილში გამგეობამ განახორციელა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც საბოლოოდ საჩრდილობლის დემონტაჟით დასრულდა. რაც შეეხება შენობის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს სახურავზე დამატებულ გადახურვას, შპს „ნ-------------ის“ განცხადებებიდან არ ირკვეოდა, რომ იგი ამ ნაწილშიც ითხოვდა რეაგირებას გამგეობისაგან. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება სასამართლოს მიერ, რომ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი მოცემულ ნაწილში მშებელობის დემონტაჟის თაობაზე კანონშეუსაბამო იქნება.
7.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, სავალდებულოა, სასამართლოსათვის მიმართვამდე დაინტერესებულმა პირმა უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება. სასამართლოს შეფასებით, ნ---- ლ-----ის შენობის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს სახურავზე გაკეთებული დამატებითი საჩრდილობლის დემონტაჟის მოთხოვნით შპს „ნ-------------ს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ მიუმართავს. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე, 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „ნ-------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი