გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002431598
საქმე № 3/112-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ლ---- პ----–---–ი
მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: მ------- დ------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00216 ოქმის ბათილად ცნობა.
1.2. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ კასპში, ვ--------ის დასახლებაში მდებარე 996 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და კასპის არქივის 2016 წლის 15 სექტემბრის № AA2016069891-03 საარქივო ცნობით დადასტურებული მიწის განაწილების სიით ვ-–-------- პ----–---–ზე განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ლ---- პ----–---–ის (პირ. № 2----------) მამას - ვ-–-------- პ----–---–ს საკუთრებაში ჰქონდა 992 მ2 მიწის ნაკვეთი; მამის ქონება მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელემ; მან ადრე მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ არ დადასტურდა საარქივო ცნობაში აღნიშნული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული აქტი ბათილად იქნა ცნობილი და საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევა დაევალა კასპის მუნიციპალიტეტის მერიას.
მიუხედავად ამისა, მერიამ კვლავ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, პირები, ვისგანაც ახსნა-განმარტება მიიღეს, დაიბარეს მერიაში, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ადგილზე დათვალიერება; ამავე დროს, მერიამ არ მიიღო გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრულ 1 თვიან ვადაში და მხოლოდ სარჩელის სასამართლოში აღძვრის შემდეგ წარმოადგინა აქტი მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის არაიდენტურობის შესახებ; მერია ვერ ასახელებს ტერიტორიას, თუ არა მის მიერ მითითებულ ადგილზე, სხვაგან სად მდებარეობს 992 მ2 მიწა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას ითხოვს ისეთ ადგილზე, სადაც მიწის ნაკვეთები არ განაწილებულა, რადგან ეს ადგილი არის საავტომობილო გზის მოსაზღვრედ, რაც ადრე წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს, და მიწის რეფორმის პერიოდში მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა კომისიის მიერ არ მომხდარა; მერიის წარმომადგენელმა, სასამართლოს დავალების შესაბამისად, დამატებით და სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, გამოკითხა მოსახლეობა, ყოფილი მიწის რეფორმის კომისიის წევრები, და მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უარი უთხრა მოსარჩელეს იდენტურობის დადგენაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ კასპის 1998 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით ვ-–-------- პ----–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: არსებული - 992 მ2, პრივატიზებული - 0,15 ჰა; ქალაქ კასპის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით (დათარიღებული არ არის) მას პირად საკუთრებაში ერიცხება 0,10 ჰა მიწის ფართობი.
მტკიცებულება: კასპის არქივის 2016 წლის 15 სექტემბრის № AA2016069891-03 საარქივო ცნობა.
3.2.2. ვ-–-------- პ----–---–ის მემკვიდრე ლ---- პ----–---–ია;
მტკიცებულება: 2012 წლის 4 მაისის № 120461983 სამკვიდრო მოწმობა.
3.2.3. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00216 ოქმის თანახმად, ადგილზე დათვალიერების, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა და ლ---- პ----–---–ის მეზობლების გამოკითხვის შედეგად, არ დასტურდება 2016 წლის 15 სექტემბრის № AA2016069891-03 საარქივო ცნობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია.
მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 21 მაისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00216 ოქმი.
3.2.4. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მერის წარმომადგენლისადმი მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით, ზ----- მ-----–-–---–ი, თ----- ნ-----–-–---–ი, გ------- შ--------ე არიან ლ---- პ----–---–ის მეზობლები, რომლებიც ხედავდნენ მის მამას სადავო ტერიტორიაზე მიწის დამუშავებისას; იგივეზე მიუთითებენ დ----- ქ--------–-–---–ი და ვ-–- მ--–--ე;
მტკიცებულება: ახსნა-განმარტებები.
3.2.5. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მერის წარმომადგენლისადმი მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით, ზ----- ჩ-----–სა და ი---- ბ---------ს ქალაქ კასპში, ა-----–ის ტერიტორიაზე, მიწის რეფორმის კომისიამ გადასცათ 0,20 - 0,20 ჰა მიწის ნაკვეთები; იმ ტერიტორიაზე, გზის მხარეს არავისთვის გადაუციათ მიწის ნაკვეთი; მათ არ ახსოვთ, გადასცეს თუ არა ვ-–-------- პ----–---–ს რაიმე მიწის ნაკვეთი სადავო ტერიტორიაზე და არც ეს პირი დაუნახავთ იქ მომუშავე;
მტკიცებულება: ახსნა-განმარტებები.
3.2.6. ა------- ბ-------ის, ვ-–- მ--–--ისა და ტ------– ბ--------ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილების თანახმად, ისინი ადასტურებენ, რომ 2016 წლის 15 სექტემბრის № AA2016069891-03 საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მათი ნაკვეთების მომიჯნავედ და მიმდებარედ, ქალაქ კასპში, ვ--------ის დასახლების მიმდებარედ (ა-----–ა) არსებული 996 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1992 წლიდან ეკუთვნოდა და ფლობდა ვ-–-------- პ----–---–ი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მის შვილს ლ---- პ----–---–ს.
მტკიცებულება: სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილები.
3.2.7. სოფელ ვ--------ის მკვიდრთათვის ქალაქ კასპში, ე. წ. ვ--------ის დასახლებაში მიწის განაწილების სიის მიხედვით, 0,20 - 0,20 ჰა მიწის ნაკვეთები, სხვა პირების გარდა, მიიღეს ა----- ბ-------მა და ზ----- ჩ-----–მა;
მტკიცებულება: მიწის ნაკვეთების განაწილების სია.
3.2.8. ა----- ბ-------ისა და ზ----- ჩ-----–ის მიწის ნაკვეთებსა და კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზას შორის, სადაც ლ---- პ----–---–ის მითითებით მისი მამის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწაა, განთავსებულია სახელმწიფო მიწა.
მტკიცებულება: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვ-–-------- პ----–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა, რაც მითითებულია საარქივო ცნობაში, არ მდებარეობს მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილზე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
მოცემულ შემთხვევაში, დავის არსებითად გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ადგილზე.
ამ საკითხის გარკვევის მიზნით, საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნენ ლ---- პ----–---–ის მხრიდან: ტ------– ბ--------ე, გ------- შ--------ე, თ----- ნ-----–-–---–ი, დ----- ქ--------–-–---–ი, ა------- ბ-------ი, ა-–---------- ჩ--–------ი და ზ----- მ-----–-–---–ი, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან: თ------ გ----–--ე, ნ-----–---- შ----–-–---–ი და გ------- ბ----–---–ი.
ლ---- პ----–---–ის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებით, ისინი მოსარჩელის მეზობლები არიან (ტ------– ბ--------ე და გ------- შ--------ე - ასევე მეგობრები); ხედავდნენ, რომ ვ-–-------- პ----–---–ი კასპი-კავთისხევის გზასთან ახლოს მდებარე ნაკვეთში იმყოფებოდა, თუმცა ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა მათთვის უცნობია; ნაკვეთი შემოღობილი არ იყო; ეს ნაკვეთი რომ ვ-–-------- პ----–---–ს ეკუთვნოდა იციან მხოლოდ მისივე გადმოცემით; რეალურად გაუნაწილეს თუ არა ეს ნაკვეთი მას, ან რის საფუძველზე გადასცეს, მათთვის უცნობია.
ა------- ბ-------ის ჩვენებით, ნაკვეთი მიწის განაწილებით მიიღო მისმა დედამ - ა----- ბ-------მა; მის მომიჯნავედ ჰქონდა ნაკვეთი ვ-–-------- პ----–---–ს, თუმცა რის საფუძველზე ფლობდა ამ ნაკვეთს, მისთვის უცნობია.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასახელებული მოწმეების ჩვენებით, ისინი იყვნენ მიწის რეფორმის კომისიის წევრები (თ------ გ----–--ე - კომისიის თავმჯდომარე, ნ-----–---- შ----–-–---–ი - მოადგილე), გ------- ბ----–---–ი - კომისიის წევრი); სადავო მიწა წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს, რომელიც მდებარეობდა კასპი-კავთისხევის გზის გასწვრივ, სოფელ ვ--------ის მოსახლეობისათვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემულ მიწებსა და ამ გზას შორის; მითითებული ქარსაფარი ზოლი კომისიას არ გაუნაწილებია და კერძო საკუთრებაში არავისთვის გადაუცია; ნაკვეთები განაწილდა მხოლოდ 20-20 მეასედი თითოეულ მოსახლეზე კასპი-კავთისხევის გზის ნაპირიდან დაახლოებით 16-32 (30-35) მეტრის მოშორებით, რადგან ამ მონაკვეთში იყო ქარსაფარი ზოლი; ამ ადგილზე შემდგომში მოსახლეობამ გაჩეხა ხეები, თუმცა გარკვეულ ადგილებზე დღესაც შემორჩენილია ქარსაფარი ზოლისათვის განკუთვნილი ხეების ძირები; ვ-–-------- პ----–---–ი არ იყო სოფელ ვ--------ის მკვიდრი და ამიტომ მასზე იმ ადგილზე მიწის ნაკვეთი არ განაწილებულა; იმ უბანმა, სადაც ვ-–-------- პ----–---–ი ცხოვრობდა, მიიღო მიწის ნაკვეთები რეფორმის პერიოდში, თუმცა არა სადავო ადგილზე, არამედ სრულიად სხვაგან - რკინიგზის გადაღმა. უშუალოდ კასპი-კავთისხევის გზის ნაპირზე მიწის ნაკვეთები არ გაცემულა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ დასახელებული მოწმეების ჩვენებები, მოცემულ დავის საგანთან მიმართებაში, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილზე.
მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმეები ძირითადად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ვ-–-------- პ----–---–ი კასპი-კავთისხევის გზასთან ახლოს მდებარე ნაკვეთში იმყოფებოდა, თუმცა ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა მათთვის უცნობია; ამავე დროს, იმ ადგილზე რეალურად გაუნაწილეს თუ არა ეს ნაკვეთი მას, ან რის საფუძველზე გადასცეს, მათთვის უცნობია.
მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის კი არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ ფაქტის გარკვევას, სადავო ადგილზე მიეკუთვნა თუ არა ვ-–-------- პ----–---–ს 992 მ2 მიწა.
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენება, რომლებიც დეტალურად, დამაჯერებლად და ზუსტად ხსნიან იმ ფაქტს, თუ რატომ არ შეიძლება, სადავო ადგილზე ჰქონოდა ვ-–-------- პ----–---–ს მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის უფლება;
საქმეზე წარმოდგენილია სადავო ტერიტორიის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რომ ა----- ბ-------ისა და ზ----- ჩ-----–ის მიწის ნაკვეთებსა და კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზას შორის, სადაც ლ---- პ----–---–ის მითითებით მისი მამის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწაა, განთავსებულია სახელმწიფო მიწა.
ამ მონაცემებთან სრულ თანხვედრაშია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენება, რომ სადავო მიწა წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს, რომელიც მდებარეობდა კასპი-კავთისხევის გზის გასწვრივ, სოფელ ვ--------ის მოსახლეობისათვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემულ მიწებსა და ამ გზას შორის; მითითებული ქარსაფარი ზოლი კი კომისიას არ გაუნაწილებია და კერძო საკუთრებაში არავისთვის გადაუცია;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ფიზიკურ პირებს, მათ შორის ბ---- ჯ------ს, ზ----- ჩ-----–ს, ა----- ბ-------სა და ი---- ბ---------ს გადაცემული აქვთ ერთი და იგივე ოდენობის მიწის ნაკვეთები (სავარაუდოდ 0,20 - 0,20 ჰა), ხოლო, მოსარჩელის მითითებით, მის მამკვიდრებელს იმ ადგილზე მიწის რეოფრმის კომისიის მიერ გადაეცა 992 მ2 მიწა.
იმ შემთხვევაში, თუკი გაზიარებული იქნება მოსარჩელის მითითება, რომ მის მამკვიდრებელს სწორედ სადავო ადგილზე გადასცა კომისიამ მიწის ნაკვეთი, აღმოჩნდება, რომ ა----- ბ-------ს თავის საკუთრებასთან მისასვლელი გზა საერთოდ არ ექნება; მიწის რეფორმის პერიოდში კი ნაკვეთებთან მისასვლელი გზის გათვალისწინება წარმოადგენდა რეფორმის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საპილოტო პროექტის ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენა სადავო მონაკვეთთან მიმართებაში მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
იმავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ოქმის მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას კანონმდებლობის მოთხოვნების იმგვარი სახის დარღვევას ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, ადგილი არ ჰქონია.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ საარქივო ცნობაში მითითებული 992 მ2 მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სადავო ტერიტორიაზე არ მდებარეობს; მისი მამკვიდრებელი არ წარმოადგენდა ამ სადავო ტერიტორიის მართლზომიერ მფლობელს, და შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი კანონიერია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---- პ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. ლ---- პ----–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00216 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.2. ლ---- პ----–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულების შესახებ, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ კასპში, ვ--------ის დასახლებაში მდებარე 996 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და კასპის არქივის 2016 წლის 15 სექტემბრის № AA2016069891-03 საარქივო ცნობით დადასტურებული მიწის განაწილების სიით ვ-–-------- პ----–---–ზე განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე ლ---- პ----–---–ის მიერ 2018 წლის 3 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (რეფერენსი 6570094605) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი