გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2018
საქმის ნომერი
140310018002257761
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002257761

საქმე №3-9-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო გერგაული

სხდომის მდივანი - ნინო მურადაშვილი

მოსარჩელე: რ----- გ-----–---–ი

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: გ------- მ------–---–ი, გ------- ბ---------–---–ი

მესამე პირი: შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: ნ---- ს----–---–ი

დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელის მიმართ თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავად გაცემა

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიმართ გაიცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რაც მიაჩნია, რომ არის არასამართლიანი და არ შეესაბამება მანამდე არსებულ პრაქტიკას. კომპენსაცია ნიშნავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც მიიღო სამსახურიდან გათავისუფლების გამო და უნდა განხილულ იქნეს როგორც ერთჯერადი განაცემი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, შესაბამისად არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახდით.

 

2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია

 

2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერია და შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მითითებას - თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავად გაცემას, იმ საფუძვლით, რომ ამ სახით გაცემული კომპენსაცია არის სახელფასო შემოსავალი და მასზე უნდა გავრცელდეს დაბეგვრა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2014 წლის 11 აგვისტოს, რ----- გ-----–---–ი დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უ--------ს თანამდებობაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილების ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №1პ-009.

 

3.2. 2017 წლის 10 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილების ვადა შეცვალა მუნიციპალიტეტის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №1-2008.

 

3.3. 2017 წლის 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეებს, მათ შორის რ----- გ-----–---–ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობით ეცნობათ 1 თვით ადრე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №1-1803.

 

3.4. გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 2018 წლის 6 თებერვალს რ----- გ-----–---–ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება №62-კ.

 

3.5. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 26 ივნისის №2-361 ბრძანებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები გათავისუფლდნენ გორის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო და მიეცათ ორი თვის კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კომპენსაცია მიიღეს დაუბეგრავი სახით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 26 ივნისის №2-361 ბრძანება.

მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.6 რ----- გ-----–---–ს სამსახურიდან გათავისუფლების გამო მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეების ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. რაც შეეხება ერთობლივ შემოსავალს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100-ე მუხლი მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ხოლო ამავე კოდექსის 101-? ??????, ???????? ????? ??????? შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები კი მტკიცდება ??????????? ???????? ??????? „??????????? ???????????????? ???????“ შესაბამისად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად გადასახადისაგან თავისუფლდება მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

ა.ა) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;

ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;

ა.გ) მარტოხელა დედის;

ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება;

ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;

ბ1) იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;

გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

 

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

საჯარო სამსახურის შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, შემდეგნაირად განიმარტება ტერმინები:

ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო;

გ) თანამდებობრივი სარგო – საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით; ამავე კანონის მე-4-ე მუხლით დადგენილია შრომის ანაზღაურების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი. ხოლო მეხუთე მუხლით განსაზღვრულია შრომის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები:1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 3. თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე იყო საჯარო მოხელე. 2014 წლის 11 აგვისტოს, რ----- გ-----–---–ი დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უ--------ს თანამდებობაზე და გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 2018 წლის 6 თებერვალს ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. შესაბამისად, რ----- გ-----–---–ის შრომის ანაზღაურება, იგივე ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსაგან, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატისაგან, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსაგან; თავის მხრივ თანამდებობრივი სარგო, როგორც – საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებული იყო შესაბამისი საშტატო ნუსხით.

 

დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეს დანიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა, მათ შორის მისი შრომის ანაზღაურების წესი, რეგულირდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის და საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების კანონის მიხედვით, რომელიც განმარტავს თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას, როგორც თანამდებობისათვის განსაზღვრულ ყოველთვიურ ანაზღაურებას, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით. ამავე კანონით შრომის ანაზღაურება წარმოადგენს იგივე ხელფასს და მათ ერთნაირი შინაარსი აქვთ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სამსახურის კანონი არ ადგენს კომპენსაციის კონკრეტულ დეფინიციას და მხოლოდ უთითებს, რომ უნდა იყოს თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ თანამდებობრივი სარგოს მიხედვით განისაზღვრება მისი მნიშვნელობა და დაბეგვრის სახე საგადასახადო კოდექსით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ კომპენსაცია, რომელიც მიღებულია სამსახურიდან გათავისუფლების გამო, თავისთავად გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებით მიყენებული დანაკარგის ანაზღაურებას და არ უნდა იბეგრებოდეს. აგრეთვე, რადგან გაიცემა ერთჯერადად, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, როგორც ერთჯერად გასაცემელზე. ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიხედვით არ იბეგრება მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები. ერთჯერადი გასაცემელი აღნიშნულია, რომ უნდა იყოს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა მიმართ გაცემული კომპენსაცია გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტის 2017 წლის კანონით ამ სახის კომპენსაციები არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტის ასიგნებებით და არც სარეზერვო ფონდებით. ამავე დროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი მოიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი საშემოსავლო გადასახადისაგან და არ ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლებულის გამო კომპენსაციის მიმღებ პირს. თანამდებობრივი სარგო თავის მხრივ წარმოადგენს ხელფასს, რომელსაც საჯარო მოხელე იღებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

 

ვინაიდან რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის, კომპენსაცია, როგორც ხელფასის სახით მიღებული ერთობლივი შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რაც სასამართლოს მიაჩნია რომ შეესაბამება კანონს.

სასამართლო 2014 წლის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია მისი განზოგადებული გამოყენება და განსახილველ შემთხვევაზე გავრცელება. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მოქმედების ფარგლები მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისაკენ და მიუხედავად იმისა, რომ გამომდინარეობს ზოგადი ნორმის საფუძვლიდან, სწორედ ამ ნორმის სხვადასხვანაირი შეფასების და ინტერპრეტაციის გამო, სამართლებრივი შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს.

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის შესაბამისად. სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. რ----- გ-----–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ კომპენსაციის დაბეგვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული