გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
110316618002441738
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110316618002441738

N3/62-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

 

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელე - მა-–---- დე-------ძე

წარმომადგენელი - ეთ--- ტა-–---ძე

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველო;

წარმომადგენელი - გ--ა ცე--–--ძე;

 

დაინტერესებული პირი- ელ---- სვ----ე;

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--ა ცე--–--ძის მიერ 2018 წლის 06 აპრილს გამოცემული №008818 შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--ა ცე--–--ძის მიერ 2018 წლის 06 აპრილს გამოცემული №008818 შემაკავებელი ორდერი;

 

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--ა ცე--–--ძის მიერ 2018 წლის 06 აპრილს გამოცემული №008818 შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ. 2018 წლის 06 აპრილს ის საერთოდ არ ყოფილა ქ. ზესტაფონში.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ--ა ცე--–--ძე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2018 წლის 06 აპრილის №008818 შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ, თუმცა მან ხელი არ მოაწერა ორდერს, რაზეც გაკეთებულია შესაბამისი განმარტება. ამდენად, არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

დაინტერესებული პირი ელ---- სვ----ე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ 2018 წლის 06 აპრილს იგი იმყოფებოდა შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობის პირველ სართულზე, რადგან მიმართული ჰქონდა შემაკავებელი ორდერის გაცემის თაობაზე. რა დროსაც შენობაში შევიდა მა-–---- დე-------ძეც. ისინი ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან, რადგან მოერიდა მ.დე-------ძესთან შეხვედრას. მან დაინახა, რომ მ.დე-------ძე ავიდა შენობის მეორე სართულზე. იმავე დღეს გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 06 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--ა ცე--–--ძის მიერ 2018 წლის 06 აპრილს გამოცემულ იქნა №008818 შემაკავებელი ორდერი მა-–---- დე---------- მიმართ, მსხვერპლი - ელ---- სვ----ე. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადისათვის მსხვეპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 06 აპრილის №008818 შემაკავებელი ორდერი;

 

3.1.2. შემაკავებელი ორდერის შინაარსი გაეცნო მოძალადე მა-–---- დე-------ძეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, ამ უკანასკნელმა, არ მოაწერა ხელი არც შემაკავებელ ორდერს და არც შემაკავებელი ორდერის ოქმს. აღნიშნულის გამო შემაკევებლი ორდერის გამცემი პირის მიერ გაკეთდა შესაბამისი შენიშვნები, ამასთან იმავე დღეს შედგა შესაბამისი ოქმი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 06 აპრილის №008818 შემაკავებელი ორდერი;

- 2018 წლის 06 აპრილის №008818 შემაკავებელი ორდერის ოქმი;

-გ.ცე--–--ძის 2018 წლის 06 აპრილის ოქმი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს მა-–---- დე---------- მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . . ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე.სვ----ის შეტყობინებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--ა ცე--–--ძის მიერ 2018 წლის 06 აპრილს გამოცემულ იქნა №008818 შემაკავებელი ორდერი მოძალადე მა-–---- დე---------- მიმართ, მსხვერპლი - ელ---- სვ----ე. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, ამასთან, შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა შემდეგი პირობით: მოძალადისათვის მსხვეპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტებას მა-–---- დე---------- 2018 წლის 06 აპრილს ზესტაფონში არ ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი სახის მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის საპირისპიროდ კი სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 06 აპრილს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოძალადე მა-–---- დე---------- ყოფნის ფაქტს შემაკავებელი ორდერის გამცემი პირის გარდა ადასტურებს მსხვერპლი ელ---- სვ----ე, რომლის დაცვის მიზნითაც გაიცა შემაკავებელი ორდერი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 06 აპრილს გამოცემულ შემაკავებელი ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმზე ხელის მოწერაზე მოძალადე მა-–---- დე-------ძემ უარი განაცხადა, რაზეც შესაბამისი შენიშვნა გაკეთებულია ორდერის გამცემი პირის მიერ. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მა-–---- დე----------ათვის ცნობილი იყო მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების შესახებ აგრეთვე დასტურდება შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის სახელზე 2018 წ. 07 აპრილს დაწერილ განცხადებაში. კერძოდ, მა-–---- დე-------ძე უარყოფს ელ---- სვ----ესთან რაიმე სახის კონტაქტს. მიუთითებს, რომ ელ---- სვ----ის მიერ დაწერილი განცხადება არის შანტაჟი და მუქარა, მის მიმართ განხორციელებული.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--ა ცე--–--ძის მიერ 2018 წლის 06 აპრილს №008818 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ორდერის გამოცემის თობაზე ინფორმირებული იყო მოძალადე, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით და უტყუარი მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამხდარიყო შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს მა-–---- დე---------- მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მა-–---- დე---------- სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ გ--ა ცე--–--ძის მიერ 2018 წლის 06 აპრილს გამოცემული №008818 შემაკავებელი ორდერების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება საჩივრდება ერთჯერადად, სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი ნიუპორტის №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი